როგორ გააშუქა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის მოხსნა "იმედმა"
17.02.2021
16 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმე განიხილა და სადეპუტატო მანდატი შეუჩერა. ამბავი დილიდან ტელეკომპანია “იმედისთვის”, ისევე როგორც სხვა ყველა მედიასაშუალებისთვის, დღის მთავარი თემა იყო. მთელი დღის განმავლობაში “იმედი” იმგვარად აშუქებდა ნიკა მელიას საქმეს, რომ ტოვებდა შთაბეჭდილებას, თითქოს, მთავარი მიზანი ამბის არა ობიექტურად გაშუქება, არამედ პროკურატურისა და “ქართული ოცნების” პოზიციების გამყარება იყო.

“ქრონიკის” დღის ყველა გამოშვებაში ნიკა მელიას დეპუტატობის მანდატის შეწყვეტის საკითხი ერთი და იმავე მესიჯებით, აქცენტებით და რესპონდენტებით შუქდებოდა. მაყურებელი თავდაპირველად პროკურორისა და მმართველი პარტიის რამდენიმე წუთიან ვრცელ მონოლოგებს ისმენდა. შიგადაშიგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების კომენტარებიც გადიოდა ეთერში, თუმცა, ყველა კრიტიკულ შეფასებას კვლავ “ქართული ოცნების” წარმომადგენლების საპასუხო განცხადებები მოსდევდა, რომლებიც ერთი მხრივ აბათილებდა გაჟღერებულ საწინააღმდეგო აზრს და მეორე მხრივ - ამყარებდა პროკურატურის ბრალდებებს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის წინააღმდეგ.

მთელი დღის განმავლობაში “იმედის” მაყურებელი ან საერთოდ ვერ იღებდა ინფორმაციას ამბის მთავარი მოქმედი გმირის - ნიკა მელიას პოზიციის შესახებ, ან მხოლოდ პროკურორისა და მმართველი პარტიის პოზიციების გაცნობის შემდეგ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მელიას განცხადებებიდან კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზები მოესმინა.

უფრო კონკრეტულად, დილის 11:00 და 12:00 საათიან გამოშვებებში “იმედმა” ისე მოამზადა სიუჟეტები, რომ ნიკა მელიას კომენტარები ეთერში არ გასულა (მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელია დილიდან საჯარო განცხადებებს აკეთებდა, მათ შორის, ახსენებდა "იმედსაც" და, როგორც შემდეგი გამოშვებებიდან ჩანს, “იმედის” კორესპონდენტიც “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში იმყოფებოდა). 14:00, 17:00 და 20:00 საათიან გამოშვებებში კი მაყურებელმა რამდენიმე წამიანი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზები მოისმინა. ძირითადად, ნიკა მელიას კომენტარებიდან მაყურებელმა მხოლოდ ის გაიგო, რომ იგი “მუქარის ტონს ინარჩუნებს” ,ამბობს, რომ ვერ დაიჭერენ და რომ იგი “ალეკო ელისაშვილს დაუპირისპირდა და დაემუქრა”.

ამბის გაშუქებისას, გადაცემის წამყვანები, ისევე როგორც ჟურნალისტები, შეფასებითი კომენტარებით და მოსაზრებების გაჟღერებით პოზიციონირებდნენ როგორც მხარე. რეპორტიორები აქცენტს აკეთებდნენ იმაზე, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ნიკა მელიას “ფიზიკურად დაცვას” აპირებენ და ამტკიცებდნენ, რომ “არ არის გამორიცხული, რომ ამან მათი მხრიდან კანონის დარღვევაც გამოიწვიოს”. გარდა ამისა, ამბის წარდგენისას ჟურნალისტები იყენებდნენ მსგავს ფრაზებს: “მელიას შოუ გრძელდება”, “ურჩი ბრალდებული”, “მელია მუქარის ტონს ინარჩუნებს” და ა.შ.

დღის მთავარ 20:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში ამბის გაშუქებას თითქმის ნახევარი საათი დაეთმო და ამ დროის განმავლობაში აქცენტი ბრალდების მხარის პოზიციების დაცვაზე კეთდებოდა, ნიკა მელია კი წარმოჩენილი იყო, როგორც არაკანონმორჩილი და “ურჩი” ბრალდებული. პარალელურად ოპოზიციის პროტესტი შეფასებული იყო, როგორც “სააკაშვილის სცენარი - პროვოკაცია, შეტევა პოლიციაზე და დესტაბილიზაცია”.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ