“მედიას შეუძლია, შეცვალოს ადამიანის ცნობიერება და, რაღაც
ნაწილში, საზოგადოებრივი მაუწყებლის მისიაც ეს არის”, - ეს
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა 8 მარტს,
მისივე არხს უთხრა რეპორტაჟში, რომელშიც ხაზგასმული იყო,
რომ გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა საქართველოს პირველი არხის
ერთ-ერთი პრიორიტეტია.
არხმა ამ დღეს მაყურებელს აუწყა, რომ 8 მარტს, ქალთა საერთაშირისო
დღეს, ევროპის მაუწყებელთა კავშირის მიერ ორგანიზებული ვებინარი
მაუწყებლის დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა გახსნა, რომელიც
2019 წლიდან ამავე ალიანსის
გენდერული თანასწორობის ჯგუფის ხელმძღვანელია.
ამ ვებინარიდან და სიუჟეტიდან რამდენიმე დღეში, საზოგადოების
ყურადღების ცენტრში მოექცა ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი,
რომელიც ოჯახურ ძალადობაშია ბრალდებული. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა
5 დღის განმავლობაში, 11-15 მარტის პერიოდში, ნიკოლოზ ბასილაშვილის
სპორტული წარმატებები ისე გააშუქა, რომ მაყურებელს თუ მკითხველს მისი
მხრიდან ყოფილ ცოლზე სავარაუდო ფიზიკური ძალადობის ფაქტის შესახებ
ინფორმაცია არ მიაწოდა.
“წარმატებები ვუსურვოთ ნიკას” - ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის ცალმხრივი და უკონტექსტო გაშუქება
ნიკოლოზ ბასილაშვილზე მედიაში, სოციალურ ქსელებსა თუ საზოგადოებაში
საჯარო განხილვები და ვნებათაღელვა 11 მარტს განახლდა, როდესაც
ქართველმა ჩოგბურთელმა დოჰას ტურნირის მეოთხედფინალში როჯერ ფედერერი
დაამარცხა. მედიასაშუალებების ნაწილი ბასილაშვილის გამარჯვებას
რამდენიმე წინადადებით, მშრალად აშუქებდა, ნაწილი კი აუდიტორიას იმის
შესახებაც აწვდიდა ინფორმაციას, რომ მას ყოფილ ცოლზე ფიზიკურ
ძალადობაში ედება ბრალი და გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.
12 მარტს, “მოამბეს” მთავარი საინფორმაციო გამოშვების დასკვნით
ნაწილში, ბასილაშვილის წარმატებული ასპარეზობები მაყურებელს
სპორტული სიახლეების წამყვანმა დავით ბანანაშვილმა გააცნო. ამ დროს
დოჰას ტურნირის ნახევარფინალი მიმდინარეობდა და წამყვანმა წარმატება
უსურვა ბასილაშვილს - “წარმატებები ნიკას ამ ძალიან პრინციპულ
დაპირისპირებაში” - თქვა და მაყურებელს ყოველგვარი ახსნის გარეშე,
უკონტექსტოდ, აცნობა, რომ მის გამარჯვებას მცირე რაოდენობით ნეგატიური
შეფასებები მაინც მოჰყვა:
“აი, ამ ყველაფრის ფონზე კი, გუშინ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი
გამოხმაურება მოჰყვა სუპერვარსკვლავის, როჯერ ფედერერის დამარცხებას,
ზოგადად, სოციალურ ქსელებში და ჩვენს ქვეყანაში, თუმცა, იყო მცირე
რაოდენობა, მაგრამ მაინც იყო ნეგატიური შეფასებები და ამასთან
დაკავშირებით, სწორედ, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ
მოიწვია ბრიფინგი და ჟურნალისტების შეკითხვებს გასცა პასუხი.
ბასილაშვილის ადვოკატმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქართველი
ჩოგბურთელის კონსტიტუციური უფლებები დაირღვა. ირმა ჭკადუას
განცხადებით, იგი მიმართავს სახალხო დამცველს და აცხადებს, რომ ისინი
ცალსახად არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას და კონსტიტუციურ
უფლებებს”.
წამყვანს არ აუხსნია მაყურებლისთვის, რამ გამოიწვია ვნებათაღელვა
სოციალურ ქსელებში, რატომ მიიჩნევენ, რომ ბასილაშვილის კონსტიტუციური
უფლებები დაირღვა ანდა კონკრეტულად რას მოჰყვა მის მიმართ უარყოფითი
შეფასებები წარმატებული მატჩის შემდეგ.
აღნიშნული შესავლის შემდეგ, მაუწყებლის ეთერში, ასევე უკონტექსტოდ,
ბასილაშვილის ადვოკატის 38 წამიანი კომენტარი გავიდა, სადაც იგი
არასამთავრობო ორგანიზაციებს “ქვეყნის ყველაზე წარმატებული
სპორტსმენის” უფლებების დარღვევაში ადანაშაულებდა:
“მოიხსენიებენ ნიკოლოზ ბასილაშვილს, როგორც მოძალადეს, რაც, ცალსახად,
ადასტურებს იმას, რომ ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს უწოდებენ
უფლებადამცველებს, ცალსახად არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას და
კონსტიტუციურ უფლებას. ვინაიდან, არცერთ სასამართლოს არ დაუდგენია,
რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი გახლავთ მოძალადე ან დამნაშავე. სამწუხაროდ,
ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ყველაფერს იყენებენ საგრანტო
პროგრამების მისაღებად და მე მინდა, მივმართო სახალხო დამცველს, რომ
მან დაიცვას მისი ქვეყნის ყველაზე წარმატებული სპორტსმენი - ბატონი
ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლის მიმართაც ირღვევა უდანაშაულობის
პრეზუმფცია და მის მიმართ გამოყენებულ იქნა არაერთხელ სიძულვილის
ენა.”
ამ დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ნიკოლოზ ბასილაშვილთან
დაკავშირებული ამბების გაშუქება მხოლოდ ადვოკატის აღნიშნული მცირე
კომენტარით შემოიფარგლა. ამის შემდეგ, მაუწყებელმა ეს ცალმხრივი
ვნებათაღელვაც დაივიწყა და დღის საინფორმაციო გამოშვებებში მაყურებელს
მშრალად აუწყებდა ბასილაშვილის მორიგი გამარჯვებების შესახებ.
შედარებით ვრცელი, შემაჯამებელი სიუჟეტი არხზე 13 მარტს გავიდა, როდესაც ნიკოლოზ
ბასილაშვილი დოჰას ტურნირის გამარჯვებული გახდა. ამ დღეს “მოამბეს”
დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება ქართველი ჩოგბურთელის ისტორიული
გამარჯვებით დაიწყო. ამბავს 4 წუთამდე დრო დაეთმო. მაუწყებელი
მატჩების მიმოხილვით შემოიფარგლა, ეთერში გავიდა ბასილაშვილის
სიტყვაც, რომელითაც მან ტურნირის მოგების შემდეგ თავის შვილს მიმართა.
თუმცა საზოგადოებრივ მაუწყებელს მაყურებლისთვის არც ამჯერად
უცნობებია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე
გასულ წელს დააკავეს, ბრალი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ
ცოლზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა და რომ სასამართლომ
წინასწარი პატიმრობიდან 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ
გაათავისუფლა.
გარდა საინფორმაციო გამოშვებებისა, 11-15 მარტის პერიოდში,
საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველ არხის” ვებგვერდზეც, “სპორტის”
კატეგორიაში, აქტიურად ქვეყნდებოდა მასალები ნიკოლოზ ბასილაშვილის
წარმატებული ასპარეზობების შესახებ. თუმცა, მაუწყებლის მკითხველიც,
ისევე როგორც მაყურებელი, არაინფორმირებული დარჩა იმის შესახებ, რომ
საქართველოში ყველაზე წარმატებული ჩოგბურთელი ყოფილ ცოლზე ძალადობაშია
ბრალდებული და მისი სასამართლო პროცესები ახლაც მიმდინარეობს.