27 წლის ექთნის გარდაცვალების გაშუქება, რამაც ანტივაქსერული განწყობები წაახალისა
22.03.2021

სათაურები და ტექსტები მტკიცებით ფორმაში, Live საავადმყოფოს ეზოდან, ახლობლების გლოვის მძიმე კადრები - ასე, არაფრთხილად, კონტექსტისა და საზოგადოების განწყობების გათვალისწინების გარეშე და სენსაციის შემცველი ელფერით გაშუქდა კოვიდის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას”ვაქცინით აცრის შემდეგ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტი საქართველოში, რამაც ანტივაქსერული განწყობების წახალისებას შეუწყო ხელი.

18 მარტს ახალციხეში, კლინიკა „იმედში“, 27 წლის ექთანს, მეგი ბაქრაძეს, კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინის გაკეთების შემდეგ, პირველადი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და გონება დაკარგა. მოგვიანებით მისი ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანა გახდა საჭირო.

მომხდარის შესახებ ამბავი თავდაპირველად რეგიონულმა მედიასაშუალებებმა გააშუქეს. ერთ-ერთი პირველი ადგილობრივი გამოცემა “სამხრეთის კარიბჭე” იყო. პირველი მასალა, რომელიც ამბავს შეეხებოდა, “სამხრეთის კარიბჭემ” იმ დროისთვის ჯერ კიდევ ოფიციალურად დაუდასტურებელი, მტკიცებითი სათაურით გამოქვეყნა: - “ახალციხეში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა”.

alt“სამხრეთის კარიბჭემ” პირველი სტატია 15:18 საათზე გამოაქვეყნა. (როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამ დროს შემთხვევა უკვე რამდენიმე საათის მომხდარი იყო, ვინაიდან, ფორმა 100-ის მიხედვით, ექთანს აცრა 12:15 საათზე გაუკეთდა და აცრიდან რამდენიმე წუთში გახდა შეუძლოდ). ტექსტის მიხედვით, მტკიცება ექიმებს ეყრდნობოდა ("როგორც ექიმები საუბრობენ"). ახალ ამბავში არ ჩანდა ვინ იყვნენ ეს ექიმები, რამდენად საფუძვლიანი შეიძლებოდა ყოფილიყო მათი მტკიცება აცრისა და კომაში ჩავარდნის კავშირზე, რის საფუძველზე შეიძლებოდა სცოდნოდათ მათ ეს, ანუ, რამდენად სანდო წყაროებად ითვლებოდნენ ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მტკიცებით ფორმაში დასაწერად და რას ამბობდნენ მომხდარზე დაავადებათა კონტროლის ცენტრში, ან საერთოდ, სცადა თუ არა გამოცემამ მათთან დაკავშირება.


ამ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან მალევე, გამოცემის ჟურნალისტმა იმ საავადმყოფოს ეზოდან, სადაც შემთხვევა მოხდა, პირდაპირი ეთერიც ჩართო. ამ ეთერში მაყურებელი 27 წუთის განმავლობაში თვალს ადევნებდა მძიმე ემოციურ მდგომარეობაში მყოფ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, რომლებიც ექთნის ნახვას ითხოვდნენ და დროდადრო კლინიკის თანამშრომლებს უპირისპირდებოდნენ. შიგადაშიგ პირდაპირ ეთერში ისმოდა გინება და ახლობლების ტირილიც. სტატიისგან განსხვავებით, პირდაპირ ეთერში ჟურნალისტი გამუდმებით უსვამდა ხაზს, რომ ახალგაზრდა ექთანი “სავარაუდოდ” აცრის შემდეგ გახდა ცუდად, ამბობდა მხოლოდ ფაქტს, რომ ახალგაზრდა ექთანი აცრის შემდეგ ცუდად გახდა, სხვა ინფორმაციას ეს ეთერი არ შეიცავდა და შესაბამისად, სპეკულაციებისთვის ტოვებდა სივრცეს.

მოგვიანებით კლინიკის ეზოდან პირდაპირ ეთერში ჩაერთო რეგიონული მაუწყებლის TOK.TV-ის ჟურნალისტიც, რომელიც ასევე ამბობდა, რომ სავარაუდოდ ეს იყო აცრის შემდგომი გართულება. იმ დროს, როდესაც ეს მაუწყებელი ჩაერთო პირდაპირ ეთერში, სიტუაცია შედარებით დამშვიდებულიც იყო.

ამ დროისათვის, იგივე ამბავი, ასევე მტკიცებითი სათაურით, უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა ადგილობრივ ტელევიზია “მეცხრე არხსაც” და არამხოლოდ - სხვადასხვა გამოცემებისა და მაუწყებლების საიტებსა თუ ფეისბუქის გვერდებზე უკვე ვირუსულად ვრცელდებოდა ტექსტური და ფოტოინფორმაციები, ასევე მტკიცებითი ფორმულირებით, ახალციხეში მომხდარი შემთხვევის შესახებ, მათი ნაწილი “სამხრეთის კარიბჭეს” ეყრდნობოდა.

პარალელურად, სოციალურ ქსელში უკვე დაწყებული იყო ერთი მხრივ, იმ ადგილობრივი მედიების კრიტიკა, რომლებმაც მომხდარი ამ ფორმით გამოაქვეყნეს, და მეორე მხრივ, უკვე წახალისებული იყო ანტივაქსერული დისკუსიები, ეს განსაკუთრებულად მძაფრად, პირდაპირი ეთერების, ე.წ. Live-ების კომენტარების ველში იგრძნობოდა.

მასალის გამოქვეყნებიდან დაახლოებით 2 საათში, “სამხრეთის კარიბჭემ”, შესწორების სტანდარტის დაცვით, სტატიის სათაური შემდეგნაირად ჩაასწორა: “შესწორება: ახალციხეში ექთანი სავარაუდოდ აცრის შემდეგ ცუდად გახდა, ექიმების თქმით ის ხელოვნურ სუნთქვაზეა”. ცოტა მოგვიანებით, დარედაქტირდა პირდაპირი ეთერის ვიდეოც, რომელიც ახლა არის 11-წუთიანი და აღარ შეიცავს ახლობლების მძიმე ემოციების კადრებს.

მიუხედავად იმისა, რომ საქმე არაზუსტ ინფორმაციასთან არ გვქონია და მოგვიანებით ფაქტი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა (ამბის გავრცელებიდან 2 საათში, 17:00 საათიან ბრიფინგზე), მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულმა პირველადმა ინფორმაციამ, მტკიცებით ფორმაში დაწერილმა სათაურებმა და არაფრთხილმა, სენსაციურმა გაშუქებამ საზოგადოებაში პანიკა გამოიწვია.

ახალციხეში მომხდარი ფაქტი მედიას რომ უნდა გაეშუქებინა, ცხადია, ეს დავის საგანი არ არის. მაგრამ, აქ რამდენიმე დეტალი იყო გასათვალისწინებელი:

  • კონტექსტი - საზოგადოებაში ისედაც გამძაფრებული ანტივაქსერული განწყობები, მაღალი საჯარო ინტერესი ვაქცინაციისადმი, რომელიც სულ რამდენიმე დღის დაწყებული იყო და ბოლო დღეების მოვლენები “ასტრაზენეკას” ვაქცინასთან დაკავშირებით (მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის გამოცდილება, რომელთაც ვაქცინაცია დროებით შეაჩერეს და ეს იმ დღეებში იყო აქტიური განხილვის თემა).

  • ფაქტის მნიშვნელობა და ეფექტი - რამდენად მძიმე შემთხვევა იყო სავარაუდოდ, ვაქცინაციის ასეთი მძიმე გვერდითი მოვლენა, რამდენად შოკის ეფექტი ექნებოდა საზოგადოებაზე და ამიტომ, რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ამბის წყარო, ან წყაროები, ყოფილიყო ძალიან სანდო და რელევანტური.

  • საზოგადოების ინფორმირებულობა ვაქცინაციაზე - იმ პერიოდისათვის (და ფაქტობრივად, დღესაც) საზოგადოების ინფორმირებულობის დონე კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინებზე, პროცესზე, გვერდით ეფექტებზე და ა.შ. ძალიან დაბალია, ვაქცინაციის ეფექტის მოლოდინი კი (საზოგადოების მცირე ნაწილში მაინც) ძალიან მაღალი და სწორედ ამიტომ ჰქონდა ამ პირველად ინფორმაციას ძალიან დიდი შოკის ეფექტი.


უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მიუხედავად მაღალი საჯარო ინტერესისა, ეს არ იყო ის ამბავი, რომლის გამოქვეყნებისას უპირატესი სისწრაფე და ოპერატიულობა უნდა ყოფილიყო. (ასეც მოიქცა მაგალითად რამდენიმე ონლაინ გამოცემა, (მაგ.: ნეტგაზეთი, პუბლიკა, რადიო თავისუფლება), მათ პირველი ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ გამოაქვეყნეს, რაც მომხდარი ამირან გამყრელიძემ დაადასტურა).

“ვაქცინაციის და ვაქცინის თემის გაშუქებისას გაიღეთ მაქსიმალური ძალისხმევა ზუსტი, უტყუარი და გადამოწმებული ინფორმაციის მისაღებად”, - ვკითხულობთ გზამკვლევში ვაქცინაციის გაშუქების შესახებ, რომელიც ერთ-ერთი თავია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებული კოვიდის გაშუქების ვრცელი გზამკვლევიდან.

მას შემდეგ რაც ახალგზრდა ექთანი გარდაიცვალა, ამბავი კიდევ უფრო პრობლემურად გაშუქდა.

მაგალითად, “მთავარმა არხმა”, გარდა იმისა, რომ ეთერში აჩვენა მძიმე ემოციურ მდგომარეობაში მყოფი, სასოწარკვეთილი ოჯახის წევრების და ახლობლების გლოვა, ყველაზე მძიმე კადრები შეკრიბა და ცალკე ვიდეოებად გამოაქვეყნა ფეისბუქის გვერდზე. ახლობლების გლოვის ამსახველი მძიმე კადრები ნახა ტელეკომპანია “პირველის” მაყურებელმაც. არცერთ შემთხვევაში ამ მძიმე კადრებსა და მასალებს არანაირი დამატებითი ინფორმაციული ღირებულება არ ჰქონია, გარდა იმისა, რომ მანიპულირებდა ადამიანების ემოციებით, ზეგავლენას ახდენდა მოწყვლად ჯგუფებზე და კიდევ უფრო ახალისებდა იმ ჯგუფების განწყობებს, რომლებიც ანტივაქსერული, ან ვაქცინებისადმი სკეპტიკური განწყობებით გამოირჩევიან.

ანტივაქსერები და ვაქცინის სკეპტიკოსები - სწორედ ამ ორ ჯგუფზეა საუბარი ქარტიის მიერ მომზადებულ ვაქცინაციის გაშუქების გზამკვლევში. ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალების არაფრთხილმა გაშუქებამ ანტივაქსერული განწყობები რომ წაახალისა, ამაზე ზემოთ უკვე ვთქვით, მაგრამ ამ შემთხვევამ, როგორც სოციალურ ქსელებზე დაკვირვებით ირკვევა, ვაქცინის სკეპტიკოსთა რიცხვიც მკვეთრად გაზარდა.

“Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით, გაზრდილია, სწორედ, ვაქცინის სკეპტიკოსთა რაოდენობა. ესენი არიან ადამიანები, რომელთა პოზიცია შეიძლება ჟღერდეს ამგვარად: „ვაქცინაციის მოწინააღმდეგე არ ვარ, მაგრამ ჯერ დაველოდები, სხვებზე როგორ იმოქმედებს ვაქცინა და მერე ავიცრები მეც“, - ვკითხულობთ გზამკვლევში ვაქცინაციის გაშუქების შესახებ.

ასეთი ადამიანების რიცხვი რომ გაიზარდა, შეიძლება ითქვას, რომ ეს მომხდარიდან მომდევნო დღეებში ვაქცინაციის მსურველთა რიცხვის მკვეთრმა შემცირებამაც დაადასტურა.

 


შენიშვნა: სტატიიდან ამოღებულია შემდეგი აბზაცი: "ტექსტში არც ის ჩანდა, რომ გამოცემა ფაქტის დაფიქსირებიდან ტექსტის გამოქვეყნებამდე, რამდენიმე საათის განმავლობაში, სხვადასხვა წყაროსთან ცდილობდა ამბის გადამოწმებას (რაც შემდეგ გამოცემის რედაქტორმა “მედიაჩეკერთან” თქვა) და ახალი ამბავი მხოლოდ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც შემთხვევა 4-მა სხვადასხვა ექიმმა დაადასტურა (საუბარია არამხოლოდ იმ კლინიკის, არამედ ქალაქში მომუშავე სხვა ექიმებზეც)", - ვინაიდან გამოცემის რედაქტორს ეს არ უთქვამს როგორც კომენტარი, მან ამის შესახებ პირად საუბარში თქვა. 


ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ