15.04.2021
მთელი გადაცემის განმავლობაში, მაყურებელს არ ჰქონია შესაძლებლობა, რომ ნამახვანი ჰესის ათასობით მოწინააღმდეგიდან ერთის არგუმენტი მაინც მოესმინა. საათნახევრის განმავლობაში “იმედის” მაყურებელი მხოლოდ მთავრობის 5 წარმომადგენლის (მათ შორის ორი მინისტრის), მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელობის და სპეციალისტისა თუ ექსპერტის სტატუსით მიწვეული, ჰესის მშენებლობის მომხრე ადამიანების აზრებს ისმენდა.
სტუდიაში ჰესის მოწინააღმდეგეების არყოფნა მაგდა ანიკაშვილმა ასე განმარტა: “მაყურებელმა უნდა იცოდეს, რომ, როგორც წესი, დებატების დროს ძალიან ჭირს ხოლმე მაყურებლისთვის აზრის გამოტანა, საგნობრივი მსჯელობა სხვადასხვა მნიშვნელოვან და საკვანძო საკითხზე, რომელიც ამ თემას უკავშირდება”, მაყურებელს კი დაჰპირდა, რომ გადაცემაში მოასმენინებდნენ აქტივისტების “ყველა მნიშვნელოვან პრეტენზიასა თუ არგუმენტზე საქმიან პასუხებს”.
იმ დროს, როდესაც “იმედის” ეთერში მინისტრები და მიწვეული რესპონდენტები “ნამახვან ჰესის სიკეთეებზე” საუბრობდნენ, სოფელ გუმათში ამ პროექტის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობდა. აქტივისტები და პოლიცია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც შსს-მ 6 პირი დააკა. მიუხედავად იმისა, რომ “იმედის ფაქტორი” სწორედ ამ დროს გადიოდა ეთერში, მაყურებელს საპროტესტო აქციისა და იქ მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია “იმედისგან” არ მიუღია.
რა (ვერ) მოვისმინეთ “საქმიანი პასუხების” ნაცვლად
გადაცემაში მიწვეული ყველა რესპონდენტი ნამახვანი ჰესის პროექტის სიკეთეებზე საუბრობდა და ამტკიცებდა, რომ “სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტის” მშენებლობას “ანგაჟირებული პირები აპროტესტებენ და მათ უკან პოლიტიკური ინტერესი დგას.”
წამყვანები ფრაგმენტულად, არგუმენტების გარეშე აჟღერებდნენ აქციის მონაწილეების პოზიციებს, შემდეგ კი ეთერს უთმობდნენ რესპონდენტებს, რომლებიც ცდილობდნენ, გაებათილებინათ ყველა “პრეტენზია” და მაყურებელს არწმუნებდნენ, რომ “ამ პროექტის მშენებლობაზე გადის ქვეყნის მომავალი ენერგოდამოუკიდებლობა და სიძლიერე”.
გადაცემა ეკონომიკის და გარემოს დაცვის მინისტრებთან ინტერვიუთი დაიწყო. ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი ნახევარ საათზე მეტი დროის განმავლობაში, საწინააღმდეგო არგუმენტების გარეშე, საუბრობდნენ “ნამოხვან ჰესის პროექტის სიკეთეებზე”.
მინისტრების პოზიციებს გადაცემის წამყვანებიც ეთანხმებოდნენ და თავადაც არ ერიდებოდნენ სუბიექტური შეხედულებების დაფიქსირებას.
ერთ-ერთი წამყვანმა, ვაკა გორგილაძემ მინისტრს მიმართა: “ქალბატონო ნათია, თქვენ ბრძანეთ, გაიხსენეთ, რომ ენგურ გესი აშენდა საბჭოეთის დროს. ესეც ხომ უნდა ვთქვათ, ხომ? საბჭოთა კავშირის დროს, როგორც წესი, საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიები არ ტარდებოდა, ამის საჭიროება არ იყო. გადაწყვიტეს და ააშენეს. ამაში გარკვეული ხიბლიც იყო, ალბათ, ამ თვალსაზრისით. მაგრამ, თქვენ ეხლა ხუთ-სამ წუთში ძალიან კარგად ჩამოაყალიბეთ მნიშვნელობა ამ ჰესის.”
სამოქალაქო პროტესტისთვის “პოლიტიკური სარჩულის” ძიების მცდელობა
ნამახვან ჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტების დისკრედიტაციის მცდელობაში რესპონდენტებს წამყვანებიც უწყობდნენ ხელს. ვაკა გორგილაძე, არგუმენტებისა და ფაქტების გარეშე ამბობდა: “ჩვენ ვხედავთ, რომ ჩნდებიან ანგაჟირებული ფიგურები, იქ არის ცნობები იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც გარკვეული კრიმინალური ჯგუფების წარმომადგენლებიც აქტიურად იღებენ მონაწილეობას ამ საპროტესტო აქტივობების ორგანიზებაში.”
ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიციას იზიარებდნენ სტუდიაში სპეციალისტებისა და ექსპერტების სტატუსით მიწვეული რესპონდენტებიც. ისინი ასევე ცდილობდნენ სამოქალაქო პროტესტის პოლიტიკურ ინტერესებთან დაკავშირებას.
“იმედის” ტელეწამყვანი გურამ ნიკოლაშვილი, რომელიც გადაცემაში “საჯარო პლატფორმა ჰიდროალიანსის” დამფუძნებლის სტატუსით იყო მიწვეული, ამტკიცებდა, რომ ჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად მიზანმიმართულად მანიპულირებენ, “დატრენინგებულები არიან” და მათი პროტესტი მალე ოპოზიციურ საარჩევნო კამპანიაში გადაიზრდება.
გურამ ნიკოლაშვილმა გადაცემაში ისიც ივარაუდა, რომ აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორ ვარლამ გოლეთიანს მოსახლეობა “თვითმართველობის არჩევნებზე რომელიმე ოლქის მაჟორიტარად იხილავს”.