მანიპულაცია - თითქოს სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა
12.05.2021
11 მაისს მედიაში და სოციალურ ქსელში გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, თითქოს, საქართველო, ბოლო 7 დღეში, ყოველ მილიონ ადამიანზე სიკვდილიანობის მაჩვენებლით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა. მედია და სოციალური ქსელის მომხმარებლები წყაროდ ourworldindata.org-ს უთითებდნენ.

რა მოხდა?

შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ერთ-ერთმა პირველებმა ტელეკომპანია “პირველმა” და “მთავარმა არხმა” გაავრცელეს. მაუწყებლები აუდიტორიას ატყობინებდნენ, რომ მილიონ ადამიანზე სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიო ლიდერია.

“ტვ პირველის” ეთერში ისიც მოვისმინეთ, რომ „მძიმე სტატისტიკით ინდოეთსაც კი გადავუსწარით. ქვეყანას, სადაც კორონავირუსით დაღუპულთა გამო, უმაღლესი სასამართლო მთავრობას ადამიანების გენოციდში ადანაშაულებს”.

მსგავსი სენსაციური სათაურებით, შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია გაავრცელეს ონლაინ მედიასაშუალებებმაც - „დიანიუსმა“, „გურიის მოამბე“, „აქცენტნიუსი“ და სხვა. ასევე, ინფორმაციას ვირუსულად ავრცელებდნენ ფეისბუკის მომხმარებლები, მათ შორის ჟურნალისტები.

რატომ არის მონაცემები მანიპულაციური

მცდარი ინფორმაციის გამავრცელებლები აქვეყნბედნენ ინფოგრაფიკას, რომელზეც ნაჩვენები იყო ბოლო ერთი კვირის მდგომარეობით, ყოველ მილიონ ადამიანზე, სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებლი. ფოტოზე ჩანდა არა მთელი მსოფლიოს, არამედ მხოლოდ შერჩეული 14 ქვეყნის სტატისტიკური მონაცემები, საიდანაც პირველ ადგილზე საქართველო იყო.

სამეცნიერო ონლაინგამოცემა ourworldindata-ს ინფოგრაფიკები,მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი და აკადემიური დაწესებულების, აშშ-ს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებს ეყრდნობა. საიტზე თუ გადავალთ და ქვეყნების ჩამონათვალს სხვა პრინციპით შევარჩევთ, მაგალითად, თუ ჩამონათვალში მივუთითებთ ისეთ ქვეყნებსაც, როგორიცაა, უნგრეთი, ხორვატია, ბრაზილია, საბერძნეთი, ურუგვაი, პოლონეთი... ვნახავთ, რომ საქართველო პირველ ადგილზე არ არის და მას სიკვდილიანობით ყველა ზემოთჩამოთვლილი ქვეყანა უსწრებს.


alt

ourworldindata-ს მიხედვით, ბოლო ერთი კვირის საშუალო სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში მილიონ ადამიანზე სიკვდილიანობის მაჩვენებლით პირველ ადგილზეა ურუგვაი, საქართველო კი - მეოცეზე.

მოგვიანებით მედიების უმრავლესობამ ეს ამბავი ვებგვერდებიდან და სოციალური ქსელის ანგარიშებიდან წაშალა, თუმცა მანამდე ინფორმაცია რამდენიმე საათის განმავლობაში ვრცელდებოდა.

რა დაშავდა?

“ინფორმაცია იყო სკანდალური, პანიკის დამთესავი და პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო დეზინფორმაცია”, - ამბობს ზურა ალხანიშვილი, საქართველოს გაეროს ასოციაციის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, პრობლემა ისაა, რომ სკანდალური და ემოციური ინფორმაცია უფრო სწრაფად ვრცელდება, სანდო, სამეცნიერო ინფორმაციასთან შედარებით, და “ახლა ბოდიშიც რომ მოიხადონ, დეზინფორმაცია მაინც გავრცელებულია, მან თავისი ცუდი საქმე უკვე გააკეთა და ამისი გამოსწორება ძალიან რთულია”.

ზურა ალხანიშვილი ამბობს, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისის დროს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინსტიტუციების მიმართ საზოგადოების ნდობას. სანდო წყაროების მითითებით მანიპულაციური ინფორმაციების გავრცელება კი, სანდო ინსტიტუციების მიმართ ადამიანების ნდობას ამცირებას:

“როდესაც 1000 მოწონებისა თუ გაზიარების ხათრით დეზინფორმაციებს ვავრცელებთ, დისკრედიტაციას ვახდენთ სანდო ინსტიტუციების და შემდგომში ეს ისევ ჩვენ გვიბრუნდება უკან. ამიტომ, მედიას აქვს უზარმაზარი როლი და პასუხისმგებლობა, რომ ფრთხილად გააშუქოს საკითხები. კრიტიკა უმნიშვნელოვანესია, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ამყოფებს მუდმივად ფორმაში, თუმცა, დეზინფორმაციის ან მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ადამიანებში იწვევს უნდობლობას, ეს პირდაპირ აისახება მთლიანად საზოგადოებაზე და აზარალებს მას.”

რა უნდა გავითვალისწინოთ მონაცემების გამოყენებისას

პანდემიის პერიოდში, ამ თემაზე მონაცემების გამოყენებისას კონტექსტს და სიზუსტეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის რეკომენდაციები მედიებს COVID-19-ის გაშუქების დროს:

  • სიფრთხილით მოეკიდეთ მონაცემების გამოყენებას;
  • გახსოვდეთ, ყველა რიცხვი ზუსტი არ არის;
  • სტატისტიკური მონაცემების გამოყენებისას, დაეყრდენით მხოლოდ სანდო, ოფიციალურ წყაროებს;
  • მონაცემების გამოქვეყნებისას, აუცილებლად აჩვენეთ კონტექსტი;
  • თხრობაში ჩართეთ ისეთი პირები, რომელთაც კარგად შეუძლიათ მონაცემების ანალიზი

როგორ მოიქცნენ მედიები - შესწორების დარღვეული სტანდარტი

მას შემდეგ, რაც მსოფლიოში სიკვდილიანობის მაჩვენებლის მანიპულაციური სტატისტიკა ვირუსულად გავრცელდა, მედიასაშუალებების ნაწილმა ვებგვერდიდან და სოციალური ქსელებიდან გამოქვეყნებული მასალები წაშალა, ნაწილზე კი კვლავ იძებნება. ამ დრომდე არცერთ მათგანს არ შეუსწორებია მასალები შესწორების სტანდარტების დაცვით. 

მედიების მიერ მასალის შესწორების სტანდარტის მიხედვით, ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ დაშვებულ შეცდომებზე და დროულად გაასწორონ უზუსტობები. მასალა სრულად მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება წაიშალოს და ასეთ შემთხვევაშიც კი, სასურველია, რომ რედაქციამ ახსნას ამ გადაწყვეტილების მიზეზი.

  • გამოქვეყნებული მასალა უნდა შესწორდეს ისე, რომ აუდიტორიისთვის ცნობილი გახდეს თუ რა გასწორდა. ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია და არ უწყობს ხელს ვინმესთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებას, მასალის ბოლოს შენიშვნის სახით უნდა მიეთითოს რა ეწერა მცდარ ვერსიაში.
  • მასალა სრულად მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება წაიშალოს. მაგალითად მაშინ, როდესაც საჯარო ინტერესის არარსებობის შემთხვევაში ის ზიანს აყენებს, ლახავს სხვათა უფლებებს და განსაკუთრებით უხეშად არღვევს ეთიკურ სტანდარტებს.
  • მასალა შესწორების ნაცვლად როგორც წესი, მაშინ შეიძლება წაიშალოს, როდესაც მხოლოდ თქვენ ხართ ინფორმაციის გამავრცელებელი ერთადერთი ღია წყარო. თუკი ინფორმაცია სხვების მიერაც არის გავრცელებული, მაშინ ჩამოხსნის ნაცვლად იმავე ბმულზე შესწორება სჯობს.
  • მასალის წაშლის შემთხვევაში სასურველია რედაქციამ ახსნას ამ გადაწყვეტილების მიზეზი.

შენიშვნა: "მედიაჩეკერის" სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, გამოცემა "აქცენტნიუსმა", შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელების გამო, მკითხველს ბოდიში მოუხადა.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ