„ფორმულამ“ წაშალა მასალა, რომელშიც სავარაუდო მოძალადე და მსხვერპლი იყვნენ იდენტიფიცირებულები
05.08.2021

ტელეკომპანია "ფორმულამ" სოციალური ქსელიდან წაშალა სიუჟეტი, სადაც ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი და სავარაუდო დამნაშავე იყვნენ იდენტიფიცირებულები.

რა მოხდა?

საინფორმაციოში გასულ კადრებში სმარტფონის ეკრანზე ძალადობის მსხვერპლი ქალის სახელი და გვარი, მიმოწერების ჩვენების დროს კი სავარაუდო მოძალადის ტელეფონის ნომერი ჩანდა.

„ფორმულას“ საინფორმაციო ამბების პროდუსერის, ხათუნა საღინაძის თქმით, მასალის გაშვებამდე დაგეგმილი იყო საქმეში მონაწილე პირების დაფარვა, იდენტიფიცირება კი, სავარაუდოდ, სიჩქარისა გამო ტექნიკური შეცდომაა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი და პრიორიტეტია მსხვერპლი არ იყოს იდენტიფიცირებული.“, - ამბობს პროდიუსერი.

სიუჟეტში ნახსენები ძალადობის მსხვერპლი ქალის ინტერესებს ორგანიზაცია „საფარი“ იცავს. ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციის კომუნიკაციების მენეჯერი ამბობს, რომ მედიაში ძალადობის თემის გაშუქების დროს, როგორც მსხვერპლის, ისე დამნაშავის კონფიდენციალობის დარღვევის ფაქტები ხშირია.

„არავინ არის დაზღვეული შეცდომისგან, მაგრამ როცა ამას გაცნობიერებულად აკეთებ, დიდი დანაშაულია“ - ამბობს შორენა გაბუნია.

მისი თქმით, იდენტიფიკაცია  მსხვერპლისთვის ტრავმის გაღრმავების საფუძველია და კიდევ უფრო უმძიმებს მდგომარეობას. „სამწუხაროდ, ასეთი შეცდომები ხშირია ხოლმე.“ - გვეუბნება „საფარის“ კომუნიკაციების მენეჯერი.

კრიმინალისა და გენდერული საკითხების სახელმძღვანელო წესები

·        მსხვერპლებს აქვთ უფლება, არ იყვნენ იდენტიფიცირებული საჯაროდ. მსხვერპლის სახელის და გვარის ცოდნა, როგორც წესი, არაფრისმომცემია ხოლმე. სახელის, გვარისა და ფოტოების ჩვენება შესაძლებელია ოჯახის წევრების ან თავად მსხვერპლის ნებართვით.

·        დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას, მედიამ უნდა დამალოს სავარაუდო დამნაშავის, ბრალდებულის ან მსჯავრდებულის ვინაობა გარდა იმ შემთხვევისა, როცა მისი სახელი საზოგადოებისთვის ცნობილია ან საქმე საზოგადოებრივი ინტერესის მქონეა.

·        დაუშვებელია ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიცირება, სანამ ფაქტი ოჯახის წევრებისთვის არ გახდება ცნობილი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამგვარი ინფორმაციის გავრცელება გამართლებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით.

·        ხშირად მსხვერპლთა მხოლოდ სახის დაფარვა საკმარისი არ არის მისი არაიდენტიფიცირებისთვის. ისტორიის მოყოლითაც კი შესაძლებელია ადვილად ამოსაცნობი გახდეს მოძალადისთვის. ამიტომაც კარგად გაანალიზეთ, დაცული იქნება თუ არა მსხვერპლის უსაფრთხოება მას შემდეგ, რაც მის ისტორიას მოყვებით. რესპონდენტის ინტერესებიდან გამომდინარე შესაძლებელია არათუ სახელის, გვარის და სახის დაფარვა, არამედ ისტორიის დეტალების შეცვლაც კი მოგიწიოთ.


ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ