25.08.2021
რა მოხდა
16 აგვისტოს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კახეთში, წინანდალში 3 ადამიანი მოკლეს. მათ შორის, ერთ-ერთი გარდაცვლილი ოლიმპიური ჩემპიონისა და ყოფილი დეპუტატის ძმა - ზვიად ზვიადაური იყო. მეორე დღეს, პოლიციამ ერთ-ერთი გარდაცვლილის მკვლელობის ბრალდებით ზურაბ ზვიადაური დააკავა. 18 აგვისტოს კი პროკურატურამ ზვიადაურს ბრალი წარუდგინა და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ამბის გახმაურებიდან მალევე ზვიადაურს არაერთი ცნობილი ადამიანი დაუდგა თავდებში. პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა სასამართლოს ისიც კი შესთავაზა, რომ ბრალდებული ციხის ნაცვლად მის სახლში ყოფილიყო პატიმრობაში - “თუ რამეს დააშავებს, მე ვიქნები პასუხისმგებელიო”.
დანაშაულის გამამართლებელი გაშუქება მედიაში
მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მკვლელობის საქმეში ოლიმპიური ჩემპიონის სახელიც ფიგურირებს, სხვადასხვა ტიპის მედიასაშუალებამ ზვიადაურის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამამართლებელი გაშუქება დაიწყო.
მედიები უკონტექსტოდ აქვეყნებენ ზვიადაურის გულშემატკივრების სოციალური ქსელების პოსტებს, სადაც ისინი წერენ, რომ როდესაც “კაცს თვალწინ ღვიძლ ძმას და ორი მეგობარს დაუცხრილავენ”, ის შოკშია და მის ადგილზე შეიძლება სხვას “ბევრად უარესი გაეკეთებინა“.
გარდა ამისა, ახლობლების, მეგობრების, მხარდამჭერების ყველაზე ემოციური, გამამართლებელი კომენტარები, მტკიცებით ფორმაში, გამოცემებს სათაურებშივე გამოაქვთ.
მაგალითად:
- ,,თუ ციხისთვის გაიმეტებთ, შეგირცხვათ სინდისიც და ქვეყანაც" - სოციალურ ქსელში ზვიადაურის მხარდაჭერის კამპანია დაიწყო
- “კაცს, რომელიც 17 წლის მერე პირველ შვილს ელოდება...“ - რას წერს გელა დაიაური ზურაბ ზვიადაურის შესახებ
- „ზვიადაური აქ იყო, თავს კედლებს ურტყამდა, ტიროდა" - ვინ გაისროლა პირველმა და როდის ჩაერთო ანგარიშსწორებაში ოლიმპიური ჩემპიონი?
- ღვიძლი ძმა და მეგობარი დაუცხრილეს… „კეთილმსურველები“ კი ტრაგედიით კაიფობენ – ზვიადაურის მეგობარი
- “დაიტირა ძმა, ცუდად გახდა და მალე წავიდა... სამ დღეში 10 კილო აქვს დაკლებული, სიარულიც უჭირს“ - რას ამბობს ავთანდილ ჭრიკიშვილი ზურაბ ზვიადაურზე
- „თვალწინ ღვიძლი ძმა დაუცხრილეს და კიდევ ორი მეგობარი... ამ ჭრილობაზე კიდევ მარილს აყრიან, ეს უნამუსობაა“ - რას წერს ზურა ზვიადაურის მეგობარი
- “ძმა და ორი მეგობარი სისხლში, ავტომატს გესვრიან, იარაღი გაქვს და რა, პატრულში რეკვას იწყებ ?” – გიორგი გაბედავა
- "17 წლის მერე პირველ შვილს ელოდება, თუ ციხისთვის გაიმეტებთ, შეგირცხვათ სინდისიც, სამართალიც და ქვეყანაც" - რას წერს გელა დაიაური ზურაბ ზვიადაურზე
- ან ისედაც უნდა გამოუშვან, ანდა თავდებობაც ვერ უშველის - ხუხაშვილს ზვიადაური ადამიანურად ძალიან ეცოდება
- „ზურა განადგურებულია, მას გადაადგილებაც კი ძალიან უჭირს“
ამბის მეორეხასრისხოვან დეტალებზე ყურადღების გამახვილებით, ახლობლების, მეგობრების და გულშემატკივრების ემოციური პოსტებისა და გამამართლებელი კომენტარების უკონტექსტოდ გაშუქებით, მედია ისეთ განწყობას ქმნის საზოგადოებაში, თითქოს, ზვიადაურის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ მკვლელობას გამართლება აქვს და მან პასუხი არ უნდა აგოს. მედიამ კი თავი უნდა შეიკავოს დანაშაულის გამართლებისგან.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი, მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე ამბობს, რომ მსგავსი გაშუქება ქმნის განწყობას, თითქოს, სახელოვანმა სპორტსმენმა პასუხი არ უნდა აგოს და მისი წარმატებები უნდა იყოს ინდულგენცია მისი თავისუფლებისათვის.
“არ მიმაჩნია პრობლემად, თუ ვიღაც საჯარო პირი სოციალურ ქსელში დაწერს, რომ “აბა თქვენ როგორ მოიქცეოდით, ძმა რომ მოეკლათ” და გაამართლოს ძმის მკვლელის მკვლელობა. სამწუხაროა, რომ ასეთი საჯარო პირები გვყავს, რომლებსაც ასეთი არქაული, არასამართლებრივი აზროვნება აქვთ.,მაგრამ ეს მათი ნებაა. თუმცა მედიამ ეს აზრი არ უნდა შესთავაზოს აუდიტორიას, როგორც მედიაპროდუქტი” - ამბობს ქორიძე.
ქორიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი გაშუქება სამართლებრივი სახელმწიფოს როლს აკნინებს, ამიტომაც მედიას აქვს სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომ ხელი არ შეუწყოს მსგავსი აზრების ტირაჟირებას.
“მსგავსი აზრების კრიტიკული ანალიზის გარეშე გავრცელება, იმის მანიშნებელია, რომ ეთანხმები ამ პოზიციას. აქ უკვე მედია ხდება ამ მოსაზრების არა მარტო გამტარი, არამედ - მხარდამჭერი. ეს კი ნიშნავს რომ მიკერძოებული ხარ.”