აფგან მუხთარლიმ სტრასბურგში საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ დავა მოიგო
05.09.2024


აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ წარმოებული დავა მოიგო. ამის შესახებ ინფორმაცია მუხთარლიმ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

სასამართლოს დადგენილებით, საქართველოს ხელისუფლებამ მუხთარლის 12 500 ევრო უნდა გადაუხადოს, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ კი - 8 500.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-5 (თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება) მუხლები დაარღვია. 

აზერბაიჯანმა კი კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი (თავისუფლებისა და პიროვნების უსაფრთხოების უფლება) და მე-8 მუხლი, რაც პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას გულისხმობს.

მუხთარლი ის აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტია, რომელიც ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, 2017 წელს კი უცნობმა პირებმა თბილისიდან გაიტაცეს და აზერბაიჯანში გადაიყვანეს, სადაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით სასჯელს ციხეში იხდიდა. მას აზერბაიჯანის სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2020 წლის მარტში აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გაათავისუფლა და სპეციალური ავიარეისით გაამგზავრა გერმანიაში, სადაც 2019 წლიდან მისი ცოლ-შვილი ცხოვრობდნენ. გერმანიამ მუხთარლის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ