ეთიკა
კატეგორია - ეთიკა
„რა ვითარებაა პარიზში, მოამბის live საფრანგეთის დედაქალაქიდან“ – პარიზში მომხდარი თავდასხმის შესახებ, ამგვარი მინაწერით გაუშვეს facebook live საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ ოფიციალურმა ფეისბუკ გვერდებმა. სინამდვილეში მაუწყებელმა აუდიტორიას შესთავაზა არა პირდაპირი ჩართვა მოვლენის ადგილიდან, არამედ ტელევიზორის კადრები.

პირველივე კადრებში ჩანს ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე, რომელიც ჯერ კადრს ასწორებს, შემდეგ კი კამერას ტელეეკრანისკენ ატრიალებს. კორესპონდენტი იმყოფება არა მოვლენების ადგილზე, არამედ ოთახში, ტელევიზორის წინ. ამის შემდეგ, ვხედავთ კადრებს ტელევიზორიდან.

ვიდეო ოფიციალურ გვერდებზე 21 აპრილის დილამდე იყო გამოქვეყნებული, ამჟამად კი აღარ იძებნება.

კატეგორია - ეთიკა
„ღიად აფიქსირებენ, რომ ქართლის რეგიონის აზერბაიჯანელებით დასახლებული ნაწილი ავტონომიად უნდა გამოცხადდეს, ბორჩალო უნდა ეწოდოს და ავტონომიური უფლებები უნდა ჰქონდეს“ - ასე იწყება “ალიას“ სტატია. მასალიდან არ ჩანს, კონკრეტულად ვინ აფიქსირებს ღიად, რომ აზერბაიჯანელებით დასახლებული ნაწილი ავტონომიად უნდა გამოცხადდეს. გაუგებარია, ვინ და როდის დააყენა ეს საკითხი, რატომ გახდა ახლა თემა აქტუალური და რას ეყრდნობა ჟურნალისტი, როცა წერს რომ აზერბაიჯანული მოსახლეობა ავტონომიას ითხოვს.

მასალაში ვხვდებით ანტითურქულ და ანტიაზერბაიჯანულ განწყობებსაც: „თურქეთის რესპუბლიკაში მოქმედებს პანთუქული იდეოლოგიის გამავრცელებელი საზოგადოება“, რომლის წევრები თურქეთში მცხოვრები აზერბაიჯანელები არიან და მეზობელ ქვეყნებში თურქულ ინტერესებს ატარებენ. როგორც ტექსტიდან ვიგებთ, ეს ის ორგანიზაციაა, რომლიც ქვემო ქართლში ავტონომიის მოთხოვნას იზიარებს.

სტატიაში საუბარია ასევე, რომ გაფორმდა ხელშეკრულება ქვემო ქართლის გუბერნატორსა და ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეს შორის, რომლითაც განისაზღვრა თურქული მხარის მიერ ქვემო ქართლში ინიცირებული ღონისძიებების მთელი ნუსხა. რა ფაქტიც სტატიაში შეფასებულია, როგორც კულტურული ანექსია: „ოქმი რომელსაც ხიზანიშვილმა და თურქულმა მხარემ მოაწერეს, შეიძლება ითქვას ნიმუშია, როგორ უნდა მოახდინო ქვეყნის ნაწილის კულტურული ანექსია“.
კატეგორია - ეთიკა
გაზეთი „ასავალ-დასავალი“ ეხმაურება გასულ კვირას სტოკჰოლმში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც, სატვირთო ავტომობილი ხალხში შევარდა, რომელსაც მოჰყვა მსხვერპლი. პოლიციის ცნობით, ავტომობილის მძღოლი დაკავებულია. ადგილობრივი მედია იტყობინება,რომ დაკავებული უზბეკეთიდანაა. შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ინციდენტი ტერორისტულ აქტად შერაცხა და საზღვრებზე კონტროლი გაამკაცრა.

“აი რა დამართა შვედეთს დევნილის სტატუსით შეტენილმა ხალხმა, “- ამ სათაურით, სწორედ სტოკჰოლმში მომხდარ ფაქტს ეხმიანება გაზეთი. „ევროპის სახელმწიფო, რომელიც მუდამ სიმშვიდისა და აყვავების სიმბოლოდ მიიჩნეოდა, მორჩილად დანებდა მიგრანტ-ისლამისტებს, რომლებიც იქ თავიანთ ველურ წესებს ამკვიდრებენ“- ვკითხულობთ სტატიაში.

სტატიაში მოყვანილი ფრაზები აღვივებს სტერეოტიპებს და აძლიერებს სტიგმას მუსლიმების მიმართ. მაგალითად, აღნიშნულია, რომ „მუსლიმანების მიერ ქვეყნის ოკუპაცია“ მოხდა, რომ „ჩვენ მორალურად დაგვასაჭურისეს“, რომ მას შემდეგ რაც შვედეთმა მუსლიმი დევნილები მიიღო, ქვეყანა „შიშსა და სიცრუეში ცხოვრობს“. სტატიაში ასევე გამოთქმულია მოსაზრება, რომ „იქნებ სწორედ ისინი (მიგრანტები) ხოცავდნენ ქრისტიანებს სირიაში“.

ტექსტში შევხვდებით ასევე პრორუსულ მესიჯებსაც. „ხსნა რუსეთიდან მოვა“- ასე ხედავს რესპონდენტი, "კომსომოლსკაია პრავდას" კორესპონდენტი დარია ასლამოვა, მუსლიმი მიგრანტების მიერ შვედეთის „ოკუპაციიდან“ გამოსავალს.

„სტოკჰოლმის სინდრომი: „ფსიქოლოგიური დაცვის მექანიზმი, რომელიც ემყარება მსხვერპლის იმედს, რომ აგრესორის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ის გულმოწყალებას გამოიჩენს.“ - ამას ვკითხულობთ გამოქვეყნებული სტატიის ბოლოს, რომელიც გაურკვეველია შინაარსობრივად რა კავშირშია გამოქვეყნებულ ამბავთან.
კატეგორია - ეთიკა
კვირას, 16 აპრილს “რუსთავი 2-ზე” გადაცემა “კურიერი P.S.”-ში ბავშვთა ჰოსპისზე სიუჟეტი მომზადდა. მასალის ბოლოს, ჟურნალისტი ჰოსპისში განთავსებული ჯაკუზის შესახებ ყვება, რომლიც ბენეფიციარებისთვისაა გაკეთებული, საილუსტრაციოდ კი ერთ-ერთი ბენეფიციარის ბანაობის კადრები აქვს გადაღებული, ბანაობის დროს ჟურნალისტი ბენეფიციარის მშობელთან საუბრობს. მასალაში ბავშვი იდენტიფიცირებულია და გარდა ამისა, ის კადრში ფაქტობრივად, შიშველი ჩანს.

მიუხედავადად, რომ ბავშვის მშობელი ინფორმირებული და თანახმა იყო გადაღების შესახებ, (და ეს კადრებშიც ჩანს) სიუჟეტში არაა გათვალისწინებული ბავშვის ინტერესები, მით უფრო, როცა ბანაობის ამსახველმა კადრებმა მაყურებელს რაიმე დამატებითი ინფრომაცია არ მიწოდა საკითხის შესახებ. ჟურნალისტს შეეძლო, იგივე საკითხი ბავშვის ბანაობის ამსახველი კადრების გარეშე გაეშუქებინა.

“მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” (მუხლი 44) მიხედვით, მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანთა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სულიერი კეთილდღეობის დაცვა მშობელთა, მზრუნველთა ან მეურვეთა თანხმობის მიუხედავად. “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” 11 პრინციპიდან ერთი სრულად ბავშვთა ინტერსების დაცვას ეხება. ამ პრინციპის მიხედვით,ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის.

“მშობლის ან მეურვის თანხმობა არ ათავისუფლებს ჟურნალისტს პასუხი­ მგებლობისგან თავად გადაწყვიტოს რამდენად სწორი იქნება ამა თუ იმ საკითხზე ბავშვის კომენტარის ჩაწერა, ან ფოტოს გამოქვეყნება. მან თავად უნდა შეაფასოს ის ნეგატიური შედეგები, რაც შეიძლება ბავშვის იდენტიფიცირებას მოჰყვეს” - ვკითხულობთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სახელმძღვანელო წესებში.

გელა ბოჩიკაშვილი

მასალა მომზადებულია UNICEF- ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - "ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება მედიაში". პუბლიკაციაში გამოხატული მოსაზრებანი ეკუთვნის ავტორს და არ ასახავს გაეროს ბავშვთა ფონდის ოფიციალურ თვალსაზრისს .
კატეგორია - ეთიკა
11 აპრილს „საქინფორმზე“ გამოქვეყნდა სიახლე, სათაურით „მალე თბილისში ევროპული კულტურა!“

ავტორი ევროინტეგრაციის მომხრე ქართველებს მოიხსენიებდა „ევროქართველებად, რომლებსაც სკოლაში ისტორიასა და გეოგრაფიაში ორიანები ჰყავდათ“.

გამოქვეყნებულ მასალას თან ერთვის ფოტო, რომელზეც შიშველი ადამიანები არიან გამოსახულნი, ტექსტში კი ვკითხულობთ: „აი, ევროპული ფასეულობები და ევროპული კულტურა, რომელთან ზიარების აუცილებლობაზეც დღე-ღამეში 25 საათის განმავლობაში მაღალი ტრიბუნებიდან უნისონში გვიქადაგებენ საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია, “მეოცნებეები” და ნაციონალები“.

სიახლის მიხედვით, ვიზალიბერალიზაციისა და ევროასოცირების ხელშეკრულების სანაცვლოდ, საქართველოს „სიშიშვლის და გარყვნილების“ უპირობოდ მიღება მოუწევს: „თუ საქართველო ევროპასთან უნდა ასოცირდებოდეს, თუ ვიზალიბერალიზაციის სიკეთეებით სარგებლობ და გინდა, ევროპელებს ჰგავდე, მაშინ კეთილი ინებე და ევროპული კულტურაც მიიღე - მთლიანად, ისეთი, როგორიც არის, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე!“

ჰომოფობიური იყო მასალის დასასრული, სადაც ავტორი გეებს „პედერასტებად“ მოიხსენიებდა: „მორიგი თავისუფლებისა და სხეულის ფესტივალი თბილისში ჩატარდება 17 მაისს და ლგბტ-ს, ანუ ყველა ჯურის გეების, პედერასტებისა და ლესბოსელების საერთაშორისო დღესასწაულს დაემთხვევა, რის აღსანიშნავად თბილისის ტელეანძა მთაწმინდაზე ლგბტ დროშის ფერებად აინთება“.
კატეგორია - ეთიკა
საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ უკვე მეშვიდე წელია, ყოველი აღდგომის წინა დღეს, შაბათს, აქვეყნებს ერთსა და იმავე სიახლეს, რომელიც იტყობინება, რომ „მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა“. წლიდან წლამდე, უცვლელია სიახლის ტექსტი და სათაურიც. ერთადერთი ცვლილება 2010 წელს გამოქვეყნებული სიახლის სათაურში შეინიშნება, სადაც ცეცხლი მოხსენიებულია არა „წმინდა ცეცხლად“, როგორც ეს სხვა წლების სიახლეებში, არამედ „ღვთაებრივ ცეცხლად“ .

სიახლეში ყოველ წელს ვკითხულობთ, რომ „სასწაული კიდევ ერთხელ განმეორდა. ზეციური ცეცხლის გადმოსვლა უტყუარი ნიშანია მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების ჭეშმარიტებისა და მასში მადლის არსებობის“.

აღსანიშნავია, რომ წელს, „წმინდა ცეცხლის გადმოსვლის შესახებ“ ინტერპრესნიუსის მიერ გამოქვეყნებული სიახლე, თითქმის უცვლელად დააკოპირა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ვებგვერდმაც. მოგვიანებით, ტექსტი ჩასწორდა, თუმცა არსებითი ცვლილებები არ შესულა.


კატეგორია - ეთიკა
„საქინფორმმა“ 13 აპრილს გამოაქვეყნა დეზინფორმაციული სიახლე, თითქოს „სამოქალაქო სექტორი ჰეტეროსექსუალური ქორწინების წინააღმდეგია“.

ავტორი ნიშნისმოგებით წერს, რომ სამოქალაქო საზოგადოება კონსტიტუციაში „ოჯახის შესახებ განმარტების“ წინააღმდეგია, თუმცა მხარს უჭერს „ჩანაწერს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე:“ „კონსტიტუციის ახალ რედაქციაში პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვა მიუღებელია ე. წ. სამოქალაქო სექტორისთვის, რომელიც, ასევე, არ იზიარებს მოსაზრებას, რომ კონსტიტუციას უნდა დაემატოს განმარტება ოჯახის შესახებ, თუმცა მიაჩნია, რომ აუცილებელია ჩანაწერი ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე“.

სამოქალაქო სექტორისადმი ავტორის უარყოფითი დამოკიდებულება ჩანდა ფრაზაშიც: „სამოქალაქო სექტორს“ არავითარი კავშირი არა აქვს მოქალაქეებთან, ისინი სოროსის ფონდისა და მსგავსი ორგანიზაციების მიერ შექმნილი ენ–ჯე–ოების ხელმძღვანელები არიან“.

სინამდვილეში, არასამთავრობო ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან არა ჰეტეროსექსუალთა ქორწინებას, არამედ კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, ქორწინება უნდა განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი ერთობა. არასამთავრობოების განცხადებით, „აღნიშნული ინიციატივა ეფუძნება არა ოჯახებზე ზრუნვას, არამედ მიზანმიმართულია ლგბტ პირების უფლებათა არაღიარებასა და ერთი და იმავე სქესის ადამიანების პარტნიორული ურთიერთობების დაცვის აკრძალვისკენ“.
კატეგორია - ეთიკა
„ბავშვის დაბადებისთანავე მისი გენეტიკური სქესის განსაზღვრა უამრავ პრობლემას აგვარიდებს“- ამ სათაურით ქვეყნდება მასალა გაზეთ „ასავალ-დასავალის“ 10-16 მარტის ნომერში.

მასალის დასაწყისშივე სტატიის ავტორი გვამცნობს, რომ თემა მნიშვნელოვანია, ვინაიდან დღეს ლგბტ პროპაგანდის პირობებში, აქტუალურია სქესის შეცვლის მიზნით ოპერაციის გაკეთება. „რით აიხსნება რომ ზოგი ვაჟი ინაზება, ხოლო გოგონა მამაკაცურ თვისებებს ავლენს“ და „რა უნდა იღონოს ადამიანმა, თუ მას საპირისპირო სქესის ნიშნები მომეტებულად გამოუვლინდება“- ამ საკითხებზე „ასავალ-დასავალი“ ინტერვიუს ბიოლოგ მედეა ჩხაიძესთან გვთავაზობს.

მასალაში საპირისპირო სქესის თვისებების გამოვლენა შეფასებულია ავადმყოფობად, რომელიც „შველას“ და „მკურნალობას“ საჭიროებს: „ბიჭებიც ყოფილან-გოგონას ქცევებისკენ მიდრეკილებებით და ჰორმონალურ ფსიქოლოგიური მკურნალობის შედეგად გამოჯანმრთელებულან, სრულფასოვან მამაკაცებად ჩამოყალიბებულან. მაგრამ იყო სხვა შემთხვევებიც, როცა მოიყვანეს გოგონა, რომელიც კვლევის შედეგად გენოტიპურად ბიჭი აღმოჩნდა და პირიქითაც, როცა კვლევაზე მოყვანილ ბიჭს ქალის გენეტიკური სქესი დაუდგინდა, თუ ასეთი შემთხვევები სქესობრივი სიმწიფის ასაკამდე გამოვლინდება, შველა ჯერ კიდევ შესაძლებელია“.

რესპონდენტი ბიოლოგი სქესის შეცვლის სურვილის მქონე ადამიანებს მოიხსენიებს, როგორც ავადმყოფებს და გადახრისკენ მიდრეკილებს, რომელთაც აქვთ დარღვევები, ის ასევე აცხადებს, რომ: „ჰომოფობიად არ უნდა შეფასდეს, თუ სახელმწიფო ყველა ლგბტ პირის მიმართ მათი გენეტიკური სქესის დასადგენად სავალდებულო კვლევას დააწესებს”.

ცნობისთვის,ჰომოსექსუალობა “მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ” ჯერ კიდევ 1990 წელს ამოიღო დაავადებათა სიიდან.

გარდა ამისა, გაზეთის ამავე ნომერში, 23- გვერდზე შევხვდებით დისკრიმინაციულ და ჰომოფობიურ მასალას სექსუალური უმცირესობების მიმართ: „ლგბტ-ასო-ელები 17 მაისს თბილისის ტელეანძის გაფერადებას მოითხოვენ.“ მასალაში ტრანსგენდერი ადამიანები მოხსენიებულები არიან „კოლგოტიან კაცებად“ და მეძავებად, რომლებიც მსგავსი მოთხოვნით ლახავენ და შეურაცხყოფენ ერის ღირსებას.
კატეგორია - ეთიკა
რუსულმა ინტენრეტ გამოცემამ Gazeta.ru, საქართველოს გაზმომარაგების შესახებ სტატიის მომზადებისას ფოტომანიპულაციას მიმართა. კერძოდ, სტატიის მთავარ ფოტოდ მედიასაშუალებამ აირჩია 14 წლის წინ, თბილისში, სასტუმრო ივერიას წინ გადაღებული ფოტო, სადაც ჩანან შეშით მოვაჭრეები, მათ უკან კი გაპარტახებული სასტუმრო “ივერია”. ფოტოზე არ არის მინაწერი, თუ როდისაა აღნიშნული ფოტო გადაღებული.

სტატიაში საუბარია იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება 2017 წელს, ბუნებრივ აირს, რუსეთის ნაცვლად, აზერბაიჯანისგან იყიდის. ამის მიზეზი კი გახდა გაზპრომთან დადებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის საფასურს, საქართველო რუსეთისგან ფულის სახით მიიღებს. ამ დრომდე, რუსეთი, გაზის ტრანზიტის საფასურად, საქართველოს გატარებული აირის 10 პროცენტს აძლევდა. მას შემდეგ, რაც საქართველო დათანხმდა გაზპრომს და გაზის ნაცვლად ფულს აიღებს, გადაწყდა, რომ ხელისუფლება ბუნებრივ აირს უფრო იაფად შეიძენს აზერბაიჯანისგან, შესაბამისად, საქართველო რუსულ გაზს არ მოიხმარს.

როგორც Gazeta.ru წერს, საქართველოს აღნიშნული გადაწყვეტილება რუსულ მხარეს არ მოეწონა და აზერბაიჯანული გაზის შესყიდვა “პოლიტიკურ გადაწყვეტილებად” შეაფასა.

2017 წლის 12 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაზე თანდართული ფოტო, რომელიც Itar Tass-ის ფოტორეპორტიორმა, დავით ხიზანიშვილმა 2003 წლის იანვარში გადაიღო, აჩენს ასოციაციას, რომ რუსულ გაზზე უარის თქმის გამო, საქართველოს შეშის მოხმარება მოუწევს. ფოტომანიპულაცია ასევე, არასწორ წარმოდგენას ქმნის ქვეყნის ენერგო მდგომარეობის შესახებ.

2003 წლის ზამთრის შემდეგ საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა, ეს განსაკუთრებით ეხება იმ ტერიტორიას, რომელიც Gazeta.ru-ს მიერ გამოყენებულ ფოტოზეა ასახული. უკვე 14 წელია საქართველოში ენერგოკრიზისი არ ყოფილა (თუ მხედველობაში არ მივიღებთ 2006 წელს რუსეთში, გაზსადენზე მომხდარ დივერსიას, რის შედეგადაც საქართველო მცირე დროით ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა) . აქედან გამომდინარე, თბილისში შეშას გასათბობად თითქმის არავინ იყენებს და ვერც შეშის ბაზრობებს შეხვდებით. ასევე, კეთილმოწყობილია ვარდების მოედნის (ადრინდელი რესპუბლიკის) ტერიტორია, შეშის ბაზრობა თანამედროვე კაფემ ჩაანაცვლა, სასტუმრო “ივერიას” შენობა კი - ხუთვარსკვლავიანმა “რადისონ ბლუ ივერიამ”.
კატეგორია - ეთიკა
„ასავალ დასავალის“ 3-9 აპრილის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიებში თურქოფობიისა და ქსენოფობიის ტირაჟირებაა.

„შესაძლოა, ქართველი ბაცნების ხილვა ისრაელის მიწაზე ბევრს აღიზიანებს, ისევე როგორც ბევრ ქართველს უკლავს გულს გათურქებული აჭარისა და დავით აღმაშენებლის გამზირის ხილვა თუქების მიერ ათასგზის გადამწვარ თბილისში, “- ვკითხულობთ გაზეთის მე-2 გვერდზე.

სტატიებიდან რჩება შთაბეჭდილება, თითქოს, საქართველოს ექსპანსიის საფრთხე ემუქრება. თურქეთი დამპყრობლად და მტრადაა წარმოჩენილი: „თუკი პირველი „რევოლუციის“ შედეგად საქართველოს დე იურე ჩამოშორდა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომლებიც დე ფაქტო რუსეთის ფედერაციას ერგო, ახლა თურქეთის ხელში აჭარა გადავა“.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“.

კატეგორია - ეთიკა
11 აპრილს ტელეკომპანია "იბერიის" გადაცემა „კრაზანა“ ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპიკოპოსს, რუსუდან გოცირიძეს სტუმრობდა. წამყვანი მთელი გადაცემის განმავლობაში სტუმარს წარმოაჩენდა „უჩვეულო“, „ეგზოტიკურ ქმნილებად,“ რომელიც თან ქალია და თან ეპისკოპოსი.

“ტრადიციული ქართული სახელი, რუსუდანი, გვარიც ქართული, გოცირიძე და საქართველოსთვის აბსოლუტურად განსხვავებული და არადამახასიათებელი წოდება -მეუფე რუსუდანი. ქალი ეპისკოპოსი, ქალი, რომელიც მსახურობს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში” - ასეთი შესავლის შემდეგ, წამყვანი რესპონდენტის სახლში შეგვიძღვა და მასთან ინტერვიუ შემოგვთავაზა.

წამყვანი ლგბტ თემისა და მუსლიმებისადმი რესპონდენტის განწყობითაც დაინტერესდა და არაერთი არაადეკვატური შეკითხვა დასვა: „როდესაც მუსლიმების ინტერესებს იცავდით, მათ ჰყავთ თავიანთი მოძღვარი, თქვენი პოზიცია აქ ცოტა გაუგებარია. რა საჭირო იყო კიდევ თქვენი ჩარევა? იმისთვის ხომ არა, რომ მერე ჯილდო მიგეღოთ, ქულები დაგეწერათ?“

სტუმარს გადაცემაში არაერთხელ მოუწია წამყვანის სექსისტურ და დისკრიმინაციულ გამონათქვამებთან დაპირისპირება, რამაც წამყვანის მხრიდან, ასეთი შეფასება დაიმსახურა: „ვაიმე, უკაცრავად, რუსუდან, ახლა რომ არ მცოდნოდა, რომ ვესაუბრები მეუფეს და ეპისკოპოსს, ვიფიქრებდი, რომ ფემინისტებს ვესაუბრები“. რაზეც რესპონდენტმა უპასუხა: „დიახ, მე ფემინსტი ვარ“. სტუმარი ჟურნალისტს უხსნის, რომ ფემინისტობა ცუდი არ არის, რომ იყო ფემინისტი, არ ნიშნავს, იყო კაცთმოძულე. წამყვანი ფემინიზმის თავისებურ გაგებას მიანც გვიზიარებს: „ხო, მაგრამ ხშირად ქვები ზუსტად რომ კაცებს ხვდებათ და შესაბამისად, რჩება შთაბეჭდილება, რომ ზუსტად კაცთმოძულეობაა“.

წამყვანი იმდენად გაკვირვებული ჩანდა გენდერულ საკითხებზე რესპონდენტის დამოკიდებულებით, რომ განსხვავებული პასუხის მისაღებად მას არაერთხელ დაუკონკრეტა სექსისტური შინაარსის კითხვა: „თქვენ გყავთ ორი შვილი, დავიჯერო, თქვენ არ აკეთებთ ამ სხვაობას? არანაირ მიმართულებას არ აძლევთ გოგოს მაინც უფრო ქალურისკენ და ბიჭს უფრო მამაკაცურისკენ? მაგ. ბიჭს უნდა უთხრა აუცილებლად, რომ შენ თავი უნდა დაიცვა, თუ გცემენ, უნდა უპასუხო. გოგოს პირიქით, რომ კონფლიქტს მოარიდოს თავი“.

მას შემდეგ კი, რაც სტუმარი კვლავ თავის პოზიციას იცავდა, წამყვანმა დასვა შეკითხვა: „თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ სწორედ იმიტომ არის, რომ ბევრი არამამკაცური მამაკაცი იზრდება უკვე ოჯახებში და თუნდაც ეს ჰომოსექსუალიზმი იმიტომაა, რომ ბიჭებს აღარ ზრდიან, როგორც უნდა გაზარდონ, ბიჭური მიმართულება რომ უნდა მისცენ?“

სექსისტური ფრაზები ისმოდა წამყვანის მხრიდან გადაცემის ბოლოსკენაც: „გოგოს არ უნდა უთხრა, რომ გოგო უნდა იყოს უფრო მოკრძალებული, გოგომ არ უნდა იძახოს ბოზის შვილი ვარ და ა.შ? არც ბიჭმა არ უნდა იძახოს, მაგრამ მე მგონი, გოგოს პირიდან უფრო საშინლად ჟღერს, არა?“

„ფიზიოლოგიურად იმდენად განსხვავებულები ვართ მამაკაცები და ქალები, რომ ალბათ ეს ბუნებრივიც არის, რომ ქცევაც უნდა იყოს განსხვავებული?“ - განაგრძობდა წამყვანი.

წამყვანი ინტერვიუს განმავლობაში თავად აღნიშნავდა, რომ გადაცემის სტუმრად რუსუდან გოცირიძის შერჩევის ერთადერთი მოტივი მისი სქესი და „უჩვეულობა“ გახდა: „ჩვენ თქვენთან მოვედით არა იმიტომ, რომ თქვენ გამორჩეული მოძღვარი ხართ, სულიერი მამა თქვენი მრევლის, ჩვენ მოვედით იმიტომ, რომ თქვენ ხართ ქალი და ხართ ეპისკოპოსი“.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიხედვით, (მუხლი 33) მედიამ ხელი არ უნდა შეუწყოს სტერეოტიპების გამყარებას.

კატეგორია - ეთიკა
„საქართველოს ასეულათასობით მოქალაქეს, რომლებიც ემიგრაციაში იმყოფებიან, უვიზო მიმოსვლა პრობლემათა მთელ თაიგულს შეუქმნის, უფრო მეტიც - მათ საარსებო წყაროს დაკარგვა მოელით!“- წერს ავტორი გაზეთ „ასავალ-დასავალის“ მასალაში. ტექსტში საუბარია იმაზე, რომ ვიზალიბერალიზაცია საბერძნეთში დასაქმებულ ქართველებს, რომლებიც იქ არალეგალურად იმყოფებიან, ზიანს მოუტანს. რესპონდენტი ასევე საუბრობს, რომ ვიზალიბერალიზაცია შესაძლოა, იმიტომ დაუშვეს, რომ : „ევროპაში მყოფი ქართველი ემიგრანტების სამშობლოში დეპორტაციის ბერკეტი შეექმნათ”. მასალიდან ბუნდოვანი დარჩა, როგორ უკავშირდება ევროპაში უვიზოდ მიმოსვლა საბერძნეთში არალეგალურად მცხოვრები ემიგრანტების საკითხს.

ამავე ნომერში გამოქვეყნებულია მასალა სათაურით: „რაიმონდ პაულსი ევროკავშირს ამხელს!“ სადაც საუბარია იმაზე, რომ ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, ლატვიამ დაკარგა მოსახლეობის მესამედი და ქვეყანას დიდი უბედურება მოუტანა „გაევროპელებამ.“ „ჰოდა იგივე დაემართება საქართველოსაც, თუკი ოდესმე შეგვათრიეს „ევროკავშირის ძმურ ოჯახში“. ჩვენ აღარც ღვინის მრეწველობას დაგვიტოვებენ, ვაზსაც აგვაჩეხინებენ, ჩაისაც და სოფლის მეურნეობასაც საბოლოოდ გაგვიპარტახებენ.“-ამბობს ტექსტის ავტორი.