ევროპარლამენტმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე
შემუშავებულ რეზოლუციას, 15 ივნისს მხარი დაუჭირა. რეზოლუციაში
აღნიშნულია, რომ მისასალმებელია, საქართველოს მხრიდან საქმის
გამოძიების დაწყება, თუმცა ხაზგასმულია, რომ გამოძიება ეფექტიანი უნდა
იყოს. რეზოლუციის პროექტის სამუშაო ვერსია 14 ივნისს გამოქვეყნდა, ამ
დღეს თემა ტელეკომპანია „იმედის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში არ
გაშუქებულა, ხოლო 9 საათიან „კურიერში“ მეშვიდე ამბად გავიდა. 15
ივნისს კი რეზოლუციის მიღება ოთხივე ტელეკომპანიის მთავარი
საინფორმაციო გამოშვებების დღის წესრიგში მოხვდა, თუმცა ყველა არხს,
გარდა რუსთავი 2-სა, საკითხი პირველივე ბლოკში, პირველ სიუჟეტად
ჰქონდა.
რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ თუკი მუხთარლის საქმეში
საქართველოს მონაწილეობა დადასტურდება, ეს იქნება
საქართველო-ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების იდეის,
ევროპული ღირებულებებისა და პრინციპების დარღვევა.
აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დევნილი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი,
თბილისის ცენტრიდან 2 კვირის წინ გაუჩინარდა, მოგვიანებით კი,
სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო
კვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით, აზერბაიჯანში აღმოჩნდა
დაკავებული. თავად აზერბაიჯანელი ჟურნალისტის განცხადებით, იგი
გაიტაცეს, რაშიც ქართული მხარეც იღებდა მონაწილეობას.
ბოლო ორი კვირაა ქართულ ონლაინმედიაში, ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე
პოპულარული და გაყიდვადი სათამაშოს, სპინერის შესახებ სტატიები
ამგვარი სათაურებით ქვეყნდება:
სასწრაფოდ გადაყარეთ სპინერები ! საზოგადოება ახალი საფრთხის წინაშე
დგას, რამაც შეიძლება ბავშვების სიკვდილი გამოიწვიოს!..
გაფრთხილება: სასწრაფოდ გადაყარეთ სპინერები! საზოგადოება ახალი
საფრთხის წინაშე დგას
ახალი მანიაკალური სათამაშო-რა არის “სპინერი” და რატომ არის ის
საშიში?.
ერთი შეხედვით უწყინარი სათამაშო “სპინერი” ბავშვების სიკვდილის
იწვევს _ მშობლებო მოაშორეთ შვილებს ისინი
სპინერი _ ანტისტრესული სათამაშო თუ ბავშვის დაჰიპნოზების
საშუალება
სტატიებში გაურკვეველ კვლევებზე დაყრდნობით გვაფრთხილებენ, რომ
სპინერი უკიდურესად სახიფათოა. მასალებში ფსიქოლოგები სათამაშოს
უარყოფით მხარეებზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ ის
მოზარდის სათამაშოზე დამოკიდებულებას ავითარებს, რაც სერიოზული
პრობლემაა. გარდა ამისა, აქვს გამაბრუებელი ეფექტი და იწვევს ჰიპნოზურ
ქცევას და გონების გათიშვას. ამასთან, მოზარდებში სათამაშოთი
თვითდაზიანების მიყენების შემთხვევებიც ხშირად ფიქსირდება. ქართულ
მედიამდე, სპინერის შესახებ მსგავსი სტატიები უცხოურ საიტებზეც
აქტიურად ქვეყნდებოდა: “განგაში”, “სასწრაფოდ გადაყარეთ ყველა
სპინერი”, “ახალ სამთავრობო ანგარიშებში დადასტურებულია, რომ სპინერმა
შესაძლოა ბავშვის სიკვდილი გამოიწვიოს“ - წერდნენ საიტები.
პრესის შეშფოთებას ამერიკული პორტალი www.snopes.com გამოეხმაურა და
გადაწყვიტა გადაემოწმებინა, რამდენად რეალურია სპინერათან
დაკავშირებით, მედიაში გამოთქმული შიში. www.snopes.com ამერიკული
პორტალია, რომლის ძირითადი პროფილი ფაქტების გადამოწმება და ამა თუ იმ
ამბის სიზუსტის დადგენაა. ის მსოფლიო factchecking ორგანიზაციების
ოფიციალური წევრია.
გამოცემა აღნიშნავს, რომ პრესაში გაჩენილი ჰედლაინები უზუსტობებს
შეიცავს. მაგალითად, ანგარიში რომელზე დაყრდნობითაც მედია სპინერის
უარყოფით მხარეებზე წერს, ოფიციალური უწყებების მიერ არაა ჩატარებული.
ის არ ეკუთვნის არც შეერთებული შტატების პროდუქტის უვნებლობის
კომისიას და არც კვებისა და მედიკამენტების დეპარტამენტს.
სინამდვილეში, სპინერისადმი შიში დოკუმენტური ფილმების ავტორისა და
სამოქალაქო აქტივისტის, ტყვიით მოწამვლის წინააღმდეგ, თამარა რუბინის
მიერ სოციალურ ქსელებში დაწერილ პოსტებს ეფუძნება.
რუბინის თქმით, მან რამდენიმე სპინერი შეამოწმა, სადაც უჩვეულო
რაოდენობის ტყვიის შემცველობა აღმოაჩინა (თუმცა, მის მიერ ჩატარებული
ტესტი არ გადამოწმებულა). გამოცემის განმატებით, მიუხედავად იმისა,
რომ რუბინის მიერ ჩატარებული ცდის შედეგების სრულად გადამოწმება
შეუძლებელია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მის მიერ ჩატარებული
კვლევის შედეგები და ის რაც მედიაში ამ თემაზე იწერებოდა, ერთმანეთთან
შეუსაბამო იყო, მედიამ გადააჭარბა შეფასებებში, რადგან აქტივისტის
მიერ ჩატარებულ კვლევაში სპინერის „საგანგაშო“ და „მომაკვდინებელ“
ეფექტზე არაფერი თქმულა. რუბინმა თავდაპირველად 3 სპინერი შეამოწმა,
საიდანაც ტყვიის მაღალი შემცველობა მხოლოდ ერთში აღმოჩნდა. საბოლოო
ჯამში, მას სულ 11 სპინერი აქვს შემოწმებული, საიდანაც ტყვიის
საგანგაშოდ მაღალი შემცველობა მხოლოდ 2-ში აღმოჩნდა. ამასთან, რუბინს
არასდროს უთქვამს, რომ ყველა სპინერი საფრთხის მატარებელია.
Snopes.com იქვე განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თამარა
რუბინის ცდის შედეგები მედიის მიერ გაზვიადებულია, მაინც მოიძებნება
ისეთი ანგარიშები, რომელზე დაყრდნობითაც, სპინერის უსაფრთხოების
შესახებ ლეგიტიმური კითხვები ჩნდება. ამ სათამაშოს მსოფლიო მასშტაბით
უამრავი კომპანია ამზადებს, ზოგიერთ მათგანში კი უსაფრთოხების ნორმები
დაცული არ არის. მაგალითად, 2016 წელს სათამაშოების ასოციაციამ
პრესრელიზი გამოაქვეყნა, მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდა და სათამაშოს
ყიდვა სანდო და რეპუტაციის მქონე სავაჭრო პუნქტებში ურჩია. ირლანდიაში
კი, ბოლო პერიოდში, საბაჟოს თანამშრომლებმა აღმიოაჩინეს 200 000-მდე
ისეთი სპინერი, რომელიც მავნე ნივთიერებებს შეიცავდა.
Snopes.com - ის დასკვნით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სპინერი
მართლაც საფრთხის მატარებელია, ვინაიდან არ შეიცავს ეკოლოგიურად სუფთა
ნივთიერებებს, მედიის მხრიდან იმის მტკიცება, რომ ყველა მსგავსი
სათამაშო სასიკვდილო რისკებთან არის დაკავშირებული, არასწორია.
დღესდღეობით, სპინერი, ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და
გაყიდვადი სათამაშო. უფრო მეტიც, როგორც გაირკვა, Google-ის საძიებო
სისტემაში მის შესახებ ინფორმაციას სულ უფრო ხშირად ეძებენ და
მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში, მასზე ინფორმაციის მოძიების
მსურველების რიცხვმა, დონალდ ტრამპის პიროვნებით დაინტერესებულთა
რიცხვსაც კი გადააჭარბა.
სპინერი მცირე ზომის მოწყობილობაა, რომელიც სხვადასხა სახის მასალის,
სპილენძის, ფოლადის, ტიტანის ან პლასტმასის დეტალებისგან შედგება.
სპინერის ცენტრალური ნაწილი უძრავია, რომლის გარშემოც დამატებითი
დეტალები, ერთგვარი ფრთებია მოთავსებული. სათამაშოს ცენტრალური
ნაწილის თითზე მოთავსება, მისი მოძრავი ნაწილების ტრიალის
შესაძლებლობას იძლევა. სპინერის საიდუმლოც სულ ეს არის, თითზე
დადებული ბზრიალა.
სპინერის შემქმნელმა ქეთრინ ჰეთინგერმა The Guardian-თან ინტერვიუში
განმარტა, რომ მან მოწყობილობა აუტისტური სპექტრის მქონე
ქალიშვილისთვის შექმნა.
15 ივნისს „geworld-მა“ გაავრცელა დეზინფორმაციული სიახლე, სათაურით
„შიმშილის გლობალური ინდექსის მიხედვით, საქართველო „საპატიო“ პირველ
ადგილზეა.“ გავრცელებულ მასალაში მოყვანილი ფაქტები არ შეესაბამება
სინამდვილეს:
სინამდვილეში, კვლევის თანახმად, პირველ ადგილზე არა საქართველო,
არამედ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაა. მიუხედავად იმისა, რომ
საქართველოს მაჩვენებლები 2008 წლის შემდეგ არ გაუმჯობესებულა, საერთო
ქულა(8,2) მაინც საკმაოდ დაბალია იმ ფონზე, როდესაც სხვა შვიდი
ქვეყნის(ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის, ჩადის, ზამბიის, ჰაიტის,
მადაგასკარის, იემენის, სიერა ლეონეს) მდგომარეობა შეფასდა, როგორც
„საგანგაშო“, 35.0-46.1 ქულის ფარგლებში. გლობალური შიმშილის ყველაზე
დაბალი ინდექსი, კვლევის თანახმად, არგენტინას აქვს.
„geworld-ის“ ინფორმაციით, „სიღარიბის მაჩვენებლის მიხედვით,
საქართველო სომხეთს, მაკედონიას, მოლდოვასა და თურქეთს უსწრებს;“
რეალურად კი, დასახელებული ქვეყნებიდან, მხოლოდ მაკედონიასა და
თურქეთს აქვთ გლობალური შიმშილის უფრო დაბალი ინდექსი, ვიდრე
საქართველოს. სომხეთსა და მოლდოვაზე უკეთეს მდგომარეობაში კი
საქართველოა:
29 მაისს აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დევნილი ჟურნალისტი, აფგან
მუხთარლი, თბილისის ცენტრიდან გაუჩინარდა, მოგვიანებით კი,
სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო
კვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით, აზერბაიჯანში აღმოჩნდა
დაკავებული. თავად აზერბაიჯანელი ჟურნალისტის განცხადებით, იგი
გაიტაცეს, რაშიც ქართული მხარეც იღებდა მონაწილეობას.
ჟურნალისტის სავარაუდო გატაცების ფაქტს აქტიური მედიაგაშუქება და
არაერთი საპროტესტო აქცია მოჰყვა, თუმცა ანტიდასავლური და
პროსამთავრობო რიტორიკით გამორჩეული ონლაინგამოცემები მუხთარლისგან
მტრის ხატის შექმნას შეეცედა, მის ჟურნალისტურ საქმიანობაშიც შეიტანა
ეჭვი და „ანტიაზერბაიჯანული იატაკქვეშა ორგანიზაციის“ წევრობაც
დააბრალა.
„ანტიაზერბაიჯანული იატაკქვეშეთი თბილისში – დესტაბილიზაციის კერა
აზერბაიჯანში,“ - ამ სათაურით „geworld-მა“ სტატია 5 ივნისს
გამოაქვეყნა. იგი აზერბაიჯანულ გამოცემას „ეყრდნობა“ და მუხთარლის
„კარგად ორგანიზებული აზერბაიჯანული დაჯგუფების“ წევრად და „ქვეყნიდან
გაქცეულ პოლიტიკურ მარგინალად“ მოიხსენიებს.
„აფგან მუხთარლი მხოლოდ ლიფსიტაა დიდ ბინძურ და სახიფათო თამაშში, რაც
ბაქოს წინააღმდეგ მძვინვარებს. ის მხოლოდ ჭანჭიკია იმ დიდი
მექანიზმისა, რასაც თბილისში მოღვაწე აზერბაიჯანისადმი მტრულად
განწყობილი უცხო სახელმწიფოების სპეცსამსახურებად ქცეული საერთაშორისო
ორგანიზაციები- “Freedom House”, “People in Need”, “Human Rights
Watch”, “National Democratic Institute-” ეწევიან,“ -წერს გამოცემა
და აზერბაიჯანელ ჟურნალისტს იმ „ანტიაზერბაიჯანული მიწისქვეშეთის“
წევრობაში ადანაშაულებს, „რომლის მიზანიც სამოქალაქო ომის, ქაოსისა და
სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაა აზერბაიჯანში: „მათი სურვილია
აზერბაიჯანში სამოქალაქო დაპირისპირების და ძმათამკვლელი სამოქალაქო
ომის გამოწვევა“.
„ანტიაზერბაიჯანული ბუდე საქართველოში უნდა მოიშალოს,“ - ეს
„საქართველო და მსოფლიოს“ მორიგი მასალის სათაურია, სადაც ავტორი
გადაჭრით ამბობს, რომ მუხთარლის დაკავება იყო „სპეცოპერაცია მეზობელი
სახელმწიფოს ეჭვმიტანილი მოქალაქის დაკავებისა“ და „არ არსებობდა მისი
სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხე ჩატარებული სპეცოპერაციის არც ერთ
ეტაპზე“.
„ჩვენი ქვეყანა, უკვე დიდი ხანია, გადაიქცა სანავარდო მინდვრად
სხვადასხვა ჯურის საეჭვო ელემენტებისთვის ახლო აღმოსავლეთიდან,
ევროპიდან და ამერიკიდან, ასევე, ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, მაგრამ
დესტრუქციული ძალების მხარდაჭერა ჩვენდამი მეგობრულად განწყობილი
აზერბაიჯანიდან უკვე ჩვენი “მეოცნებე” ხელისუფლების ნოვაციაა,“ -
ვკითხულობთ სტატიაში.
ავტორი იწონებდა საქართველოს მთავრობის შესაძლო მონაწილეობას
მუხთარლის გატაცებაში და წერდა, რომ „საქართველო დაინტერესებულია,
თავის ტერიტორიაზე მოშალოს ანტიაზერბაიჯანული ბუდე, რომელიც მოეწყო
ქართულ–აზერბაიჯანული ურთიერთობის გასაფუჭებლად და რომელიც, ადრე თუ
გვიან, აუცილებლად შემობრუნდება საქართველოს საწინააღმდეგოდ, როგორც
ახალი რევოლუციური ინტერნაციონალი, “ვარდების”, “ნარინჯისფერი” და
სხვა რევოლუციების ანალოგიით. დაე, იხმაურონ ადამიანის უფლებათა
ფსევდოდამცველებმა _ საქართველო, უპირველეს ყოვლისა!“
„აზერბაიჯანისადმი მტრულად განწყობილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან“
თანამშრომლობაზე და მუხთარლის „ძირგამომთხრელი“ საქმიანობის შესახებ
საქინფორმიც წერდა.
„SOS - ვინ არის სინამდვილეში მუხთარლი?“ – „საქინფორმზე“
გამოქვეყნებული ვრცელი პუბლიკაციის სათაურია. დასაწყისში ვკითხულობთ,
რომ „2013 წელს თბილისში ბუდე დაიდო აზერბაიჯანის რადიკალურმა
ოპოზიციამ, რომლის მიზანიც აზერბაიჯანში ფერადი რევოლუციის
მოწყობაა.“
მიუხედავად იმისა, რომ მუხთარლის ჟურნალისტურ საქმიანობას არაერთი
ფაქტი ადასტურებს, მასალაში ნათქვამია, რომ „აფგან მუხთარლი კარგად
არის ცნობილი აზერბაიჯანელ ჟურნალისტთა წრეში, მაგრამ არ არის
ჟურნალისტი. არამედ ის, სკანდალური ჟურნალისტის, ხაჯიჯი ისმაილოვას
მცველი იყო.“
ანალოგიური მასალა გვხვდება „tb24.ge-ზეც“. „თბილისი 24“ მუხთარლის
მხარდამჭერებსაც აკრიტიკებდა: „აქამდე, თუ ეს ხალხი მხოლოდ ქართული
სამართალდამცავი ორგანოების ჩატარებულ გამოძიებას არ ენდობოდა, ეხლა
აზერბაიჯანულსაც გადაწვდნენ.“
„გეგონებათ, საკუთარი ბინძური ე.წ. ჟურნალისტები არ კმაროდეს ქვეყნის
ამრევებად, ვინმე მუხთარლიც ჩარიეს. დაიწყება კამპანია- "მეც მუხთრალი
ვარ", ფეისბუკზე "ქავერად" ფოტოების დაყენება, ანძის განათების
მოთხოვნა - მუხთარლის ქვედა საცვლის ფერებში,“ - წერდა ავტორი.
„მუხთარლის საქმე მორიგი საბაბია ქართულ-აზერბაიჯანული კონფლიქტის
გაღვივებისთვის საქართველოში ხელისუფლების დამხობის მიზნით!“ - ამ
სათაურის ვრცელი მასალა, „საქინფორმის“ რედაქტორის ავტორობით,
გამოქვეყნდა.
„დღეს ატეხილი ისტერია, ვითომდა ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ქართული
სპეცსამსახურების მიერ ვითომდა მოტაცების და აზერბაიჯანის
სპეცსამსახურებისთვის გადაცემის თაობაზე - პროვოკაციული სცენარის
გაგრძელებაა,“ - წერს ხიდირბეგიშვილი.
ავტორი ანტიდასავლურ გზავნილებსაც აჟღერებდა და ამბობდა, რომ
მუხთარლისა და „ანტიაზერბაიჯანული იატაკქვეშეთის“ სპონსორებად და
კურატორებად გვევლინებიან დასავლეთის ცნობილი
დივერსიულ-ძირგამომთხრელი ორგანიზაციები, რომლებიც დიდი ხანია, მთელ
მსოფლიოში “ფერადი რევოლუციების” მოწყობაზე სპეციალდებიან: Freedom
House, People in Need, Human Rights Watch, NDI, IRI, აგრეთვე,
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.“
„საქართველოს, თუ ის აზერბაიჯანის მეგობარი და მოძმე ქვეყანაა, აფგან
მუხთარლი და თბილისს შეფარებული აზერბაიჯანელი ბოევიკები ჯერ კიდევ
მაშინ უნდა დაეპატიმრებინა, როდესაც მათ პირველად შემოდგეს ფეხი
საქართველოს ტერიტორიაზე, და ბორკილებდადებული გადაეცა
აზერბაიჯანისთვის!“ - წერდა ავტორი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის
დასაცავად გამართულ აქციებს „მასკარადულ-მასხრულ მიტინგებს“
უწოდებდა.
საერთო ჯამში, ზემოხსენებულ მედიასაშუალებებში თემის გაშუქებისას
იდენტური მესიჯები გამოიკვეთა:
1. მუხთარლი საეჭვო პიროვნებაა, ის საქართველოში მოქმედი
ანტიაზერბაიჯანული იატაქქვეშა ორგანიზაციის წევრია; ის ჟურნალისტი არ
არის;
2. მუხთარლის საქმე საფრთხეს უქმნის ქართულ-აზერბაიჯანულ
კეთილმეზობლურ ურთიერთობებს;
“ქართული დასის” ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ, რამდენიმე დღის წინ
ფეისბუკზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ეკლესიის ნანგრევები
და სასულიერო პირები. ბაღათურიამ ასევე დაწერა, რომ უკრაინელი
“მედასავლეთეები არბევენ მართლმადიდებელ ეკლესიებს”. მან მოსახლეობას
პროტესტისკენ მოუწოდა, რადგან მისივე თქმით, დადგება დრო, როცა
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასაც შეუტევენ”. შესაბამისი
საპროტესტო აქცია თბილისში, უკრაინის საელჩოსთანაც დაიგეგმა. აქცია
გააშუქა “სპუტნიკმაც”. ჯონდი ბაღათურიას მიერ გავრცელებული ფოტო,
მინაწერთან ერთად, სხვა სააგენტოებმაც გამოაქვეყნეს.
სინამდვილეში, ეს ფოტო არ ასახავს უკრაინელი ნაციონალისტების მიერ
ეკლესიაში შეჭრას ან დარბევას, შესაბამისად, ჯონდი ბაღათურიასა და
სააგენტოების ნაწილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, არასწორია. ეს
ფოტო გადაღებულია 2010 წელს, მაშინ, როცა უკრაინის პრეზიდენტი
იანუკოვიჩი იყო. ფოტოზე აღბეჭდილია უკრაინაში, ზაპოროჟიეში მდებარე
ეკლესია, სადაც ბომბი ააფეთქეს. ამ ფაქტს მაშინ ხანდაზმული კაცი
ემსხვერპლა, ეკლესია კი დაზიანდა. მოგვიანებით, დანაშაულში
ბრალდებულები დააკავეს და გაასამართლეს კიდეც. შესაბამისად, ამ ფოტოს
არანაირი კავშირი არ აქვს რუსული პროპაგანდისტული არხების მიერ
გავრცელებულ ინფორმაციასთან, თითქოს ეკლესია პრო-დასავლელი
ნაციონალისტების მიერ არის დარბეული.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა დაზიანებული ეკლესიის ამ ფოტოს
პროპაგანდისტული მედიასაშუალებები მანიპულაციურად იყენებენ სხვა
ფაქტების საილუსტრაციოდ. ინტერნეტ სივრცეში არაერთი სტატია იძებნება
უკრაინაში რუსული ეკლესიების ე.წ. დარბევაზე, რომელსაც სწორედ ეს ფოტო
აქვს დართული. დაზიანებული ეკლესიის ფოტო არასწორ კონტექსტში
აქტუალური მიმდინარე წლის მაის-ივნისშიც გახდა.
უკვე რამდენიმე კვირაა, რაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
უკრაინაში თავისი ფილიალის დაცვას ყველა შესაძლო მეთოდით ცდილობს, მათ
შორის როგორც თავად უკრაინაში, ისე - მის ფარგლებს გარეთ. მიზეზი,
ერთი შეხედვით, მარტივია: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინაში
პოზიციებს კარგავს. როგორც ცნობილია, უკრაინის მართლმადიდებელ
ეკლესიას, რომლის პატრიარქიც არის ფილარეტი, სხვა ეკლესიების დიდი
ნაწილი არ აღიარებს. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და მისი
პატრიარქი უპირობოდ უჭერს მხარს ქვეყნის ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ
სტრუქტურებში.
უკრაინის ტერიტორიაზე ამჟამად მოქმედებს რუსეთის მართლმადიდებელი
ეკლესიის იურისდიქცია, სადაც მოსკოვიდან დანიშნული სასულიერო პირები
მსახურობენ. რუსული ეკლესიის გავლენის შეზღუდვა უკრაინაში აქტუალური
2014 წლიდან, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ პროვოცირებული
შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ გახდა. რუსეთის ხელისუფლება, რუსეთის
მართლმადიდებელი ეკლესიის საშუალებით ცდილობს უკრაინულ საზოგადოებაზე
გავლენის მოხდენას. შესაბამისად, უკრაინის მოქმედმა, პრო-დასავლურმა
ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ეს გავლენა შეასუსტოს. მაისში უკრაინის
საკანონმდებლო ორგანოში შეიტანეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც,
შეიზღუდება იმ რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებსაც
ხელმძღვანელობა “აგრესორ ქვეყანაში” ჰყავს. მათ დაევალებათ ხელახალი
რეგისტრაცია და მათზე ასევე დაწესდება ზედამხედველობა. რუსეთის
საპატრიარქოდან და ხელისუფლებიდან უკრაინის ხელისუფლების ამ
გადაწყვეტილებას მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ამ თემაზე
სპეციალური განცხადებაც გაავრცელა ვლადიმერ პუტინის
პრესსპიკერმაც.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ამტკიცებს, რომ
უკრაინელმა ნაციონალისტებმა 2014 წლიდან დღემდე უკრაინაში მათი
კუთვნილი 40-მდე ტაძარი მიისაკუთრეს, რასაც უკრაინელი
მართლმადიდებლები უარყოფენ. მათი თქმით, უკრაინული ეკლესიები
უკრაინელებს უნდა ეკუთვნოდეთ და არა - რუსეთის ეკლესიას.
უკრაინის სახელისუფლებო პარტიის ცნობთ, სადავო კანონპროექტის განხილვა
უკრაინაში გაურკვეველი ვადით არის გადადებული, რადგან ის საჭიროებს
კიდევ უფრო მეტად დახვეწას. სანამ ამ კანონპროექტის ბედი
გაურკვეველია, რუსული პროპაგანდის მანქანა მძლავრად ამუშავდა როგორც
თავად უკრაინასა და რუსეთში, ისე - საქართველოშიც.
ის, რომ რეიტინგი ნებისმიერი სატელევიზიო პროდუქტის ეკრანზე
გრძელვადიანი არსებობის ერთ-ერთი მთავარი საზომი და გარანტია,
ტელებინზნესში დასაქმებული ნებისმიერი ადამიანისთვის კარგად არის
ცნობილი. შესაბამისად, სატელევიზიო პროდუქტის შემქმნელები მაყურებლის
ყურადღების სხვადასხვა შესაძლო ხერხისა და რესურსის გამოყენებით
ცდილობენ.
გარდა სატელევიზიო გასართობი შოუებისა, საკუთარი გადაცემის რეიტინგზე
ზრუნვა პოლიტიკური ტოქ შოუების წამყვანებსა და პროდიუსერებსაც უწევთ.
ამისათვის გარდა საზოგადოებისთვის აქტუალური თემების შერჩევისა,
სასიცოცხლო ზღვარი გადაცემაში მოწვეულ სტუმრებზეც გადის. იმაზე თუ ვინ
იჯდება სტუდიაში, დიდწილად არის დამოკიდებული ის რიცხვები, რომელსაც
კონკრეტული გადაცემა კვირის თუ თვის ბოლოს რეიტინგის სახით დადებს.
სასურველი შედეგის მისაღებად გადაცემის „გაყვითლებაზე“ უარს არც
პოლიტიკური ტოქ-შოუების პროდიუსერები ამბობენ. ასე მაგალითად,
ტელეკომპანიას „იბერიას“ გადაცემა „პრიორიტეტში“, რომლის ფორმატიც
აქტუალურ პოლიტიკურ-საზოგადოებრივ თემებზე მსჯელობაა, ხშირად
შევხვდებით ისეთ ადამიანებს, რომელთაც ბევრი საერთო არც გადაცემაში
განსახილველ თემასთან აქვთ და არც საკითხზე საფუძვლიანი მსჯელობის
სათანადო გამოცდილებას და კომპეტენციას ფლობენ.
ტოქ შოუ „პრიორიტეტი“ ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში, ყოველ სამუშაო
დღეს, საღამოს რვა საათზე გადის. გადაცემას მონაცვლეობით,
ჟურანილისტები მაკა რაზმაძე და გიორგი გასვიანი უძღვებიან. როგორც
აღწერილობაში ვკითხულობთ, „პრიორიტეტის“ პრიორიტეტი დღის მთავარ
პოლიტიკურ-საზოგადოებრივი თემებზე მსჯელობაა. რომ არა მსგავსი
ანოტაცია, ალბათ, დიდად არც სტუმრები მიიქცევდნენ ყურადღებას, მაგრამ
აბა, როგორ გინდა კითხვა არ დაგებადოს, როდესაც მსგავსი შინაარსის
გადაცემაში თითქმის უკვე ოჯახის წევრად ქცეულ გურანდა გაბუნიას, ლალი
ბადურაშვილს, გივი სიხარულიძეს, ქეთი დოლიძეს და ნინელი ჭანკვეტაძეს
ხედავ და უსმენ. ყველა დასახელებული სახელი და გვარი პირობითია.
თუმცა, ყველა პირობითი სახელისა და გვარის გასწვრივ, სრულიად
ლეგიტიმურად ისმის კითხვა - რატომ უთმობს პოლიტიკური ტოქ-შოუ მსგავსი
დოზით დროს ისეთ სახეებს, რომლებსაც, პირობითად, არც ქვეყანაში
არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე მსჯელობისთვის აქვთ
შესაბამისი კომპეტენცია, არც ლარის გაუფასურების რეალურ მიზეზებზე
აქვთ წარმოდგენა და საქმე-საქმეზე რომ მიდგეს, დალაგებულად ვერც
ქვეყნის მიერ არჩეულ კურსზე ისაუბრებენ რიგიანად. მაშინ რატომ
ვეკითხებით კოლექტიურ გურანდა გაბუნიებს გვეშველება თუ არა რამე და თუ
გვეშველება, როდის? რატომ დებს გადაცემის ოფიციალური Facebook გვერდი
სწორედ იმ მოკლე ამონარიდებს, სადაც სტუმრების მიერ ნათქვამი ყველა
მარგალიტი კარგად არის გამოკვეთილი და მიზანიც კარგად ჩანს. იქნებ
იმიტომ, რომ მათ მიერ გაცემული ყოველი კომიკური პასუხი, მათ მიერ
გამოხატული სრულიად არაადეკვატური რეაქცია, გაცხარებული წამოძახილი თუ
გაბრაზებული ტონი, მყისვე მაყურებლის სათანადო რეაქციას იწვევს,
საქილიკო ხდება და შედეგიც მიღწეულია. ვიდეოს საჭიროზე მეტი ნახვა და
გაზიარება უგროვდება, გადაცემას კი რეიტინგი. შედეგად, აუდიტორია შოუს
ელემენტებით გამდიდრებულ, მაგრამ უშინაარსო ინფორმაციას იღებს.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე დიდი პოპულარობით „პრიორიტეტში“
მაინც გურანდა გაბუნია სარგებლობს. ყველაზე მეტი გამოხმაურებაც სწორედ
მის პერსონას მოსდევს. ეს როგორც ჩანს, არც გადაცემის შემქმენელებს
გამორჩენიათ. ალბათ, სწორედ ამიტომ არის, რომ სტატისტიკურად, სტუმრის
როლიც ყველაზე ხშირად სწორედ მას აქვს მორგებული. სტუმრის საუბრის
მთავარი ხაზი, მოქმედი ხელისუფლების, უფრო კონკრეტულად კი ბიძინა
ივანიშვილის ქებაზე გადის. ხშირად სწორედ ის განსაზღვრავს თუ ვინ რა
უნდა თქვას და როდის. თუკი ვინმე გაბედავს და წინააღმდეგობას გაუწევს,
არც მისი საჯარო შეურაცხყოფისა მოერიდება და საქმე-საქმეზე თუ მიდგა,
გაბრაზებული შუა ეთერიდანაც ადგება, საუბარს დასრულებულად
გამოაცხადებს და წავა. თან მუქარას დატოვებს ჩემზე არაფერი თქვათ,
თორემ მოვბრუნდები და ყველას „თავებს გაგიხეთქავთო“.
აბა, სხვა რა უნდა იყოს მსგავსი სტუმრების მოწვევის მიზანი, თუ არა
გადაცემის ე.წ. გაყვითლებით მაყურებლის მოზიდვის მცდელობა? სხვა რა
ღირებულებითი დანიშნულება აქვს მსგავს რესპონდენტს? თუ არა ეს, მაშინ
გაუგებარია, რატომ ირჩევს მედია საკთხზე კომპეტენტური დისკუსიის
წარმართვის ნაცვლად, სრულიად უსაგნო დიალოგს? რატომ უთმობს ის საეთერო
დროს უშინაარსოო მსჯელობას და რატომ არ ცდილობს ის რეალური
პრობლემების კვალიფიციურ რესპონდენტებთან განხილვას? ფაქტია,
„პრიორიტეტის“ პრიორიტეტი ე.წ. სელებრითების ხელოვნურად შექმნა, ან
უკვე არსებული სელებრითების ისე წარმოჩენაა, რომ მოგვიანებით,
წარმატებით იქცნენ "ინტერნეტ მემეებად". ამ ფონზე კი რეალურად
პრობლემური საკითხები ხშირად, კავალიფიციური ანალიზისა და შეფასებების
გარეშე რჩება.
ქართული პრესა ისევ აქტიურად აგრძელებს და არა ერთ მასალას უთმობს
მიწის უცხოელებზე გასხვისების საკითხს. „თუ ასე გაგრძელდა, ჩვენს
მინდვრებზე 1200 არაბული ოჯახი დასახლდება“ - ამ სათაურით ქვეყნდება
მასალა გარეთ „კვირის პალიტრას“ 5-11 ივნისის ნომერში.
მასალის ძირითადი პათოსია, რომ როგორც მოსახლეობა ამბობს, სოფელ
კუმისს ლუკმა პურის და „თვითმყოფადობის“ წართმევის საფრთხე ემუქრება.
ამ საფრთხეს კი, მასალის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე,
კონკრეტულად კი არაბებზე, მიწის გასხვისება ქმნის.
„ეს 200 ჰექტარი მიწა, რომელზეც ახლა საუდის არაბეთის მოქალაქეები
სოფლის შენებას შეუდგნენ, რამდენიმე ათეული წლის წინ ფაქტობრივად,
სოფელ კუმისის ბეღელი გახლდათ“ - ამბობს რესპონდენტი ჟურნალისტთან
საუბარში.
გარდა ქსენოფობიური განწყობებისა, მასალა გვთავაზობს მხოლოდ ერთ
რეალობას, რომ დასახელებული „პრობლემიდან“ გამომდინარე, პოზიტიურად
უნდა შეფასდეს საკონსტიტუციო ცვლილებები მიწის უცხოელებზე გასხვისების
აკრძალვასთან დაკავშირებით. მკითხველი იღებს მხოლოდ ცალმხრივ და
დაუბალანსებელ ინფორმაციას, სტატიაში მოწოდებული არ არის,
ალტერნატიული ინფორმაცია, მიწის გასხვისების პიზიტიურ შედეგებზე.
ქართულ სატელევიზიო სივრცეში მოიძებნება არხი, სახელწოდებით „ხარისხის
არხი“ . ავტორიზაციის პირობებში მისი თემატიკა განსაზღვრული არ არის,
თუმცა გადაცემებზე დაკვირვება აჩვენებს, რომ არხის ძირითადი ორიენტირი
მართლმადიდებლობაა და სხვადასხვა სოციალური და პოლიტიკური საკითხიც
სწორედ მართლმადიდებლობის ჭრილში განიხილება. არხზე უდიდესი დრო
ეთმობა, ID ბარათების კრიტიკას, „მხეცის ნიშნებსა და ჩიპებზე“
საუბარს.
ტელეკომპანია „ხარისხის არხი“ 24 საათის განმავლობაში მაუწყებლობს.
არხის საეთერო ბადეში შევხვდებით ისეთ გადაცემებს, როგორიცაა:
„რელიგია და მეცნიერება“, „ენა, მამული სარწმუნეობა“, „ბაგრატოვანნი“,
„ერთობის დრო“ და ა.შ. აღსანიშნავია, რომ სატელევიზიო ეთერში
განთავსებული პროდუქიის შინაარსი უხვად არის გაჯერებული ანტიდასავლური
და ანტიამერიკული მესიჯებით.
გარდა ამისა, დღის განმავლობაში არხზე შევხვდებით რელიგიური შინაარსის
მქონე დოკუმენტური ტიპის ფილმებსაც. მაგალითად, ერთ-ერთ ასეთ ფილმში
სახელწოდებით „ფრთხილად სარწმუნოებას გვიცვლიან“ 2016 წელს კუნძულ
კრეტაზე გამართულ საეკლესიო კრებაზეა საუბარი, სადაც
არამართლმადიდებლური კომფესიის წარმომადგენლები ერეტიკოსებად და
მწვალებლებად არიან მოხსენიებულნი. ასევე, საუბარია ყველა რელიგიის
ერთ რელიგიად გაერთიანების გაუგებარ საფრთხეებზე. ფილმში კათოლიკური
ეკლესიის კარდინალების კრებები ავაზაკების კრებად არის მონათლული,
ამერიკის სადაზვერვო სამსახური (CIA) კი ბნელი ძალების მსახურებად
არის მოხსენიებული.
არხის ეთერში შეხვდებით ისეთ ფილმებსაც, როგორიცაა: „კაცობრიობის
ელქტრონული ზომბირება“, „უკანასკნელი ბაბილონი“, რომელიც ცალსახად
შეიძლება მივიჩნიოთ ანტიდასავლური და ანტიამერიკული პროპაგანდის
მაგალითებად. ფილმებში დასავლეთიდან მომდინარე არარეალისტურ,
უსაფუძვლო საფრთხეებზეა საუბარი და სპეციალური დამამძიმებელი
ეფექტების გამოყენებით, მაყურებლის მიზანმიმართულ დაშინებას ისახავს
მიზნად.
ანდიტდასავლური რიტორიკის ტრიბუნად შეგვიძლია განვიხილოთ კიდევ ერთი
რელიგიური შინაარსის მქონე გადაცემაც „ენა, მამული, სარწმუნოება“.
გადაცემის წამყვანი დავით გიორგობიანი აუდიტორიას წმინდა მამების
შეგონებებზე, ქადაგებებზე და წინასწარმეტყველებებზე უყვება. წამყვანი
დაახლოებით 40 წუთი განმავლობაში მართლმადიდბლური ეკელიის მიერ
წმინდანებად შერაცხული პირების წერილებს უკითხავს მათ მეორედ მოსვლისა
და იმ სფრთეეხების შესახებ აფრთხილებს, რაც შესაძლოა სწორი, ანუ
მართლმადიდბლური გზიდან გადახვევას მოჰყვეს. ის საზოგადოებას
დაფიქრებისა და გადარჩენის გზების ძიებისკენაც მოუწოდებს. გადაცემის
ფორმატი პერიოდულად ცვალებადია და წამყვანი უკვე სტუმართან ერთად
საუბრობს იმ პრობლემებზე, რომელიც მათივე შეფასებით დღეს გვჭირს.
სტუმართან საუბარი ხშირად ანტიდასავლური და ანტიამერიკული მესიჯების
გაჟღერებაშიც გადადის. მაგალითად ერთ-ერთ ასეთ გადაცემაში საუბარი იყო
ერის გადაგვარებაზე, რაც სტუმრის სოფელ გიორგი წმინდის მღვდლის გიორგი
პავლოვის შეფასებით, ამერიკანიზაციის, დასავლეთიზაციის, თუ
დემოკრატიზაციის შედეგია. სტუმარი ასევე ქუჩაში მოსიარეულე ნახევრად
შიშველ ქალებზეც წუხდა, რაც მისი შეფასებით, დასავლური მსაობრივი
კულტურის და უზნეობის გავლენის შედეგია. მისივე თქმით, უარი უნდა
ვთქვათ დასავლურ უზნეობაზე და იმ სიბინძურეზე, რაც იქიდან ნაკადებით
მოდის.
„რომ იძახიან ეს არის დასავლური ცივილიზაცია, დასავლური ცივილიზაცია,
ბევრ რამეში ეს არის დასავლური კანალიზაცია და არ გვჭირდება ჩვენ ეს
დასავლური კანალიზაცია. თვითონ თუ უნდათ ამ კანალიზაციაში ბანაობა
იბანაონ, ჩვენ თავი დაგვანებონ“ - თქვა გიორგი პავლოვმა.
ზოგჯერ კი გადაცემაში ანტიქრისტეს ბეჭდის მხილებაც კი ხდება და იმაზეც
მსჯელობენ, თუ როგორ აღმოგაჩნდება ანტიქრისტეს ბეჭედი, თუკი ახალი
ბიომეტრიული პასპორტის ანდაც ID ბარათის აღებას გადაწყვეტთ.
ის, რომ მოსახლეობის ანტიქრისტეს ნიშნისგან დაცვა არხის ერთ-ერთი
მთავარი საზრუნავია, ამას არხის კიდევ ერთი გადაცემა - „დასაბამიდან
სასუფევლამდე“ ადასტურებს. გადაცემას წამყვანი გიორგი ასათიანი
თითქმის თანაწამყვენებად ქცეულ სტუმრებთან დავით გიორგობიანთან და
ლევან ჩაჩუასთან ერთად [აღსანიშნავია, რომ ლევან ჩაჩუა პოლიტიკური
გაერთიანება - „ქართული იედის“ თავმჯდომარეა] უძღვება. გადაცემაში
ხშირად შევხვდებით ბიომეტრიულ პასპორტბზე და ე.წ. ID ბარათებზე
წუხილს. წამყვანების წუხილი იმდენად გადამდემბი ხდება, რომ
ანტიქრისტეს ბეჭდით შეშინებული მაყურებელი, მათგან რჩევის მისაღებად
პირდაპირ ეთერშიც რეკავს. შედეგად წამყვანებს შორის კამათიც იმართება,
უნდა აიღოს თუ არა მაყურებელმა ID ბარათი. გადაცემის ერთი წამყვანი
მაყურებელს მოძღვართან ამისამართებს, მეორე კი მას ბარათის აღების
უფლებას აძლევს და აღნიშნულ ცოდვას საკუთარ თავზეც იღებს.
გადაცემის წამყვანები ხშირად მსჯელობაში უფრო შორსაც მიდიან და
ზოგადად ჩიპიზაციის კატასტროფულ საფრთხეებზე საუბრობენ. მათივე
განმარტებით, გარდა ანტიქრისტეს ბეჭდისა, ე.წ. ჩიპების გამოყენებით,
მოსახლეობისთვის თანაგრძნობის უნარის წართმევასაც ცდილობენ.
მაგალითად, წამყვანი დავით გიორგობიანი ჩიპების გამოყენების შემდეგ
პერსპექტივას გვთავაზობს - მისი ვარაუდით, რომელიც მხოლოდ მის შინაგან
რწმენებს ეყრდნობა, სულ მალე ფული ე.წ. „ქეშის“ სახით აღარ იარსებებს
და მისი გამოყენება მხოლოდ ბარათით იქნება შესაძლებელი. საბოლოოდ კი
მივალთ იქამდე, რომ ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად გამოსულ ადამიანს,
სურვილის მიუხედავად, დახმარებას უკვე ვეღარ გავუწევთ, „აბა, ბარათს
ხომ ვერ მოვატეხთ და მის ნაწილს ხომ ვერ მივცემთ“ - ასეთია, წამყვანის
მხრიდან მოსახლეობისთვის მოწყალების გაცემის აკრძალვის ხედვა.
კიდევ ერთი გადაცემაში „რელიგია და მეცნიერება“ წამყვანი გიორგი
ასათიანი რელიგიური ნიუანსების მეცნიერულ ჭრილში ახსნას და მათ
მეცნიერულ დასაბუთებას ცდილობს. მაგალითად, ერთ-ერთ გადაცემაში მან
ანგელოზების არსებობას მეცნიერული ახსნა მოუძებნა. ამის საილუსტრაციოდ
კი მან შემდეგი ექსპერიმენტი შემოგვთავაზა. დისტანციური მართვის
პულტისა და ტელეფონის ვიდეოკამერის გამოყენებით მან ის
ელექტრომაგნიტური ველის გამოსხივება გვაჩვენა. რომელიც მისი თქმით,
შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავია, თუმცა როგორც კი ელექტრული ველი
კამერის ობიექტივში მოხვდება უკვე თეთრი ან მოიისფრო მონარინჯისფრო
ნათება ჩნდება. მისივე განმარტებით, სწორედ ეს მოვლენა უდევს
საფუძვლად ანგელოზთა ვიზუალიზაციის ამსახველ მასალებსაც.
„ჩვენ ვერ ვხედავთ თვალით ანგელოზებს ჩვეულებრივ გარემოში, გარდა მათი
უფლის დავალებით გამოხადების ფაქტებისა, სადაც ისინი უკვე
მატერიალურად განსხეულნებულნი წარმოგვიდგებიან, მაგრამ ინფორმაციის
მიმღებ და ჩამწერ დანადგარებს, მათ შორის ფოტო და ვიდეო კამერას,
შესწევთ უნარი ელექტრომაგნიტური ველი გარკვეული სახით
ტრანსფორმირებისა“ - ამბობს წამყვანი.
შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რთულია იმსჯელო, თუ
კონკრეტულად რას ან ვის მიზნებს ემსახირება არხის საეთერო ბადეში
განთავსებული გადაცემები, თუ ფილმები. არხის საეთერო ბადეში მრავლად
შევხვდებით ისეთი ტიპის კონტენტს, რომელიც მოსახლეობაში დასავლეთიდან
მომდინარე სრულიად არარეალისტური და უსაფუძვლო შიშების გაღვივებას
ემსახურება.
5 ივნისს „ობიექტივის“ „ღამის სტუდიას“ ფილოსოფოსი, ლაზარე ზაქარიაძე,
სტუმრობდა. როგორც დასაწყისში წამყვანმა აღნიშნა, სტუმართან ერთად,
„საზოგადოების ინერტულობაზე“ უნდა ესაუბრა, თუმცა, მოგვიანებით,
გადაცემა ჰომოფობიური განცხადებებისა და ანტიდასავლური გზავნილების
ტრიბუნად იქცა.
„ნატოს ბლოკის ქვეყნების წარმომადგენლების მეუღლეები შეიკრიბნენ ცალკე
და ამ მეუღლეებს შორის, ანუ ქალბატონებს შორის, ერთი ვაჟბატონია...
ნატოს სამხედრო ბლოკი, რომლის კუნთებსაც ვათამაშებთ ჩვენ,“ -
აღნიშნავდა სტუმარი.
„როგორ შეიძლება, ყველაზე უფრო დიდი სამხედრო ძალმოსილების მატარებელი
ორგანიზაციის წევრი ქვეყნის ხელმძღვანელის მეუღლე იყოს კაცი. ისა...
ხო, კაცი, ამერია ახლა კაცი და ქალი რომელია. ეს რომ იყოს ხელოვნების,
ან შოუბიზნესის, ან კულტურის წარმომადგენლები, კიდევ შეიძლება, ამის
გაგება, მაგრამ აქ საუბარია სამხედრო სტრუქტურაზე,“ - სწორედ ამ
თემაზე მსჯელობას მოჰყვა სხვა ჰომოფობიური განცხადებები.
წამყვანი რესპონდენტის შეჩერებას გადაცემის განმავლობაში მსგავსი
ფრაზებით ცდილობდა: „თქვენ მაგაზე არ იდარდოთ,“ „ჩვენ ჩვენი ქეთო
ვიტიროთ.“ მოგვიანებით კი, რესპონდენტის ანტიდასავლურ პათოსს შემდეგი
ფრაზით იზიარებდა: „ნატოს წევრი ქვეყნები აბსოლუტურად უსუსურები
არიან, ისინი ვერ შველიან საკუთარ მოქალაქეებს.“
გადაცემის სტუმარი განაგრძობდა ჰომოფობიური განცხადებების კეთებას და
ლგბტ ადამიანებს „სოდომური ცოდვის მატარებლებად“ მოიხსენიებდა: „იქ
არიან ადამიანები რომლებმაც ეს ორიენტაცია შეგნებულად აირჩიეს. აი, ეს
სოდომური ცოდვის გზა აქვთ შეგნებულად არჩეული;“ „როდესაც ადამიანი
სოდომურ ცოდვას ირჩევს ნებაყოფლობით, მისი ფსიქიკა სხვანაირია,
იმიტომ, რომ მას სხვა ენერგეტიკული რესურსი აქვს,“- მსგავსი
„უცნაურობებით“ ახასიათებდა სტუმარი ლგბტ ადამიანებს.
წამყვანი შიგადაშიგ ცდილობდა, გამიჯნოდა და დაპირისპირებოდა
რესპონდენტის გამონათქვამებს: „ისიც მიუღებელია, როდესაც ასეთ
ადამიანებს მხოლოდ იმიტომ ერჩიან, რომ ისინი ჩვენგან გასხვავებულები
არიან. ეს არ უნდა იყოს მიზეზი მათზე თავდასხმის, ფიზიკური
ანგარიშწორებისა,“ - ამბობდა წამყვანი, რასაც რესპონდენტის გაკვირვება
მოჰყვა: „ვინ დაესხა თავს? არ მახსენდება.“ წამყვანის ფრაზას, რომ
„იყო რამდენიმე მკვლელობა,“ რესპონდენტმა უპასუხა, რომ ესეც არ
ახსენდება.
მიუხედავად ამისა, მოგვიანებით, წამყვანი და სტუმარი ლგბტ
ადამიანებზე, როგორც ავადმყოფებზე, საუბრობდნენ, რომელთაც თანაგრძნობა
სჭირდებათ:
„მოსკოვში მითხრა ერთმა ადამიანმა, ეს ხომ ჩემი ბრალი არ არის, მე ხომ
ასეთი დავიბადე და სად იყოო ღმერთი მაშინ, როდესაც მე ბუნებამ ეს
მარგუნა და იცი, მე ვერაფერი ვერ ვუთხარი. შენ რას უპასუხებდი ესეთ
ადამიანს,“- წამყვანის ამ შეკითხვას რესპონდენტის შემდეგი ფრაზა
მოჰყვა: „ამ ადამიანებთან ურთიერთობა შეიძლება, შედეგიანი აღმოჩნდეს,
მათი კურნების თვალსაზრისითაც.“
„ერთი გეი შეიყვარო ჯერ და მერე შეიყვარონ გეი სამყარო - ეს არის
იდეოლოგია. მე ამის წინააღმდეგი ვარ, თორემ, შეიძლება,
ფსევდოლიბერალურ საზოგადოებაზე უფრო თანამგრძნობი ვარ. მე, შეიძლება,
შევიდე იმის მდგომარეობაში, რაღაცა ხომ ტკივა იმ კაცს, რაღაცა
აწუხებს. „რა თქმა უნდა, ის ხომ ადამიანია,“ - ერთვებოდა
წამყვანი.
სტუმარმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ჰომოსექსუალობა „მედიცინისა და
ფსიქოლოგიის თემაა,“ რასაც გარკვეულწილად, წამყვანიც ეთანხმებოდა.
„თუ აქ მედიცინის თემაა და არ არის ამ ადამიანის ნებაყოფლობითი
არჩევანი, მაშინ რა უნდა ვქნათ?“ „შეიძლება, მასაც წყდება გული,
მაგრამ, რა ქნას?“- ასეთ კითხვებს სვამდა წამყვანი.
ბოლო სამი თვეა, ბეჭდური მედია ძალიან აქტიურად აშუქებს მიწების უცხო
ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის მიყიდვის საკითხს. შეიძლება თუ არა,
დაშვებული იყოს სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოეთის მოქალაქეებისთვის
მიყიდვა- ეს არის ის ძირითადი კითხვა, რომელსაც ბეჭდური მედია სვამს.
მედიაჩეკერი დააკვირდა თემის გაშუქებას „ასავალ-დასავალში“,
„რეზონანსში“, „ალიაში“, „ქრონიკა პლიუსში“ და „კვირის პალიტრაში“.
აღმოჩნდა, რომ სტატიების უმრავლესობაში საკონსტიტუციო ცვლილებები
პოზიტიურადაა შეფასებული, დეტალურადაა ახსნილი, რომ მიწების
უცხოელებზე მიყიდვა დაუშვებელია. სტატიების ნაწილი კი პირდაპირ იყო
სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის წყარო.
გაზეთი „ასავალ-დასავალი“ უცხოელებზე მიწის გასხვისების საკითხს
პირველი მარტიდან დღემდე, სულ რამდენიმე სტატიით შეეხო. ამ საკითხზე
გამოქვეყნებული ყველა მასალა, არის ქსენოფობიური. გაზეთის ძირითადი
მესიჯებია რომ მიწის უცხოელებზე მიყიდვა არის„ანტიეროვნული“ და
„ანტიმართლმადიდებლური“ ქმედება რომლითაც: „არაბები, ჩინელები,
ინდუსები და სხვები, თავიანთი ბანკების მეშვეობით, კაპიკებში
დაისაკუთრებენ ქართულ მიწას და არაქართული დასახლებები წალეკავს
საქართველოს“.
გამოცემის აზრით, უცხოელების ჩამოსახლებით იქმნება დემოგრაფიული
პრობლემა და ქართველები უმცირესობაში აღმოჩნდებიან: „კახეთსა და
აღმოსავლეთ საქართველოს რამოდენიმე რაიონში ჩინელების, ინდუსების,
არაბების მასობრივი ჩასახლება იგეგმება! შედეგად, ზოგიერთ რაიონში
დემოგრაფიული სურათი კატასტროფულად შეიცვლება და ქართველები, შესაძლოა
ეთნიკურ უმცირესობაში აღმოჩნდნენ,“-ვკითხულობთ გაზეთში.
იდენტურ ტენდენციას ვაწყდებით გაზეთ „ალიაშიც“. აქაც „პრობლემად“ არის
წარმოჩენილი უცხოელებისათვის მიწის მიყიდვის საკითხი, ვხვდებით
სიძულვილის ენასა და ქსენოფობიას, რაც თავისთავად, აძლიერებს
საზოგადოებაში არსებულ სტიგმებს და იწვევს შუღლის გაღვივებას მათ
წინააღმდეგ. ნათქვამის კიდევ უფრო გასამწვავებლად, ჟურნალისტი იყენებს
ისეთ ტერმინებს, როგორიცაა: „ერის გადაგვარების საფრთხე“, „ქვეყნის
ღალატი“ და სხვა. „ალიას“ ტექსტებშიც აქცენტი კეთდება იმაზე,რომ თუ
მათ მივცემთ საშუალებას ჩვენს ქვეყანაში შეიძინონ მიწა შეიძლება,
„მიცვალებულების დასამარხი ადგილიც აღარ დაგვრჩეს.“ და „იმის ნაცვლად
რომ ჩვენ ადამიანური ცხოვრების პირობები შეგვიქმნან, მოგვცენ
შესაძლებლობა, დავამუშაოთ მიწა, ავაღორძინოთ სოფლის მეურნეობა,
გამოვაცოცხლოთ დაცლილი სოფლები, თურმე, მთელი ქვეყანა უცხოელი
ბანკირების, ჩამოსახლებული ჩინელების ინდოელების, არაბების, თურქების
და ა.შ. საკუთრებად უნდა აქციონ“.
ნეიტრალურად აქვს გაშუქებული ეს საკითხი გაზეთ „კვირის პალიტრას“.
ფაქტის სახით გვაწვდის ინფორმაციას საკონსტიტუციო განხილვის შესახებ
და დაფიქსირებულია, როგორც გასხვისების მომხრე, ასევე მოწინააღმდეგე
მხარის პოზიციები. რაც შეეხება, გაზეთ „ქრონიკა პლიუს“ აქ არ გვხვდება
სიძულვილის ენა, არ არის ქსენოფობიური განწყობები, რომელიმე
კონკრეტული ეროვნების მიმართ, მაგრამ დამოკიდებულება საკითხისადმი
აშკარად ნეგატიურია და თემა წარმოჩენილია საფრთხისშემცველად: „ერთი
სიტყვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ქართული მიწის მიყიდვის
ლეგალიზება სერიოზულ პრობლემებს გვიქადის,“ - ვკითხულობთ გაზეთში.
უცხოელებზე მიწის მიყიდვის საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს
გაზეთი „რეზონანსი“. პირველი მარტიდან მოყოლებულიდღემდე, ამ თემაზე 15
მასალა გამოქვეყნდა. გაშუქებისას ძირითადი მესიჯია,რომ უცხო ქვეყნის
მოქალაქეებზე მიწის გასხვისებისაკრძალვა აუცილებელია. მთავარი მოტივი,
რატომაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწა არ უნდა მივყიდოთ, სტატიების
მიხედვით, არის,ის, რომ მიწა“ეროვნული საუნჯე და ქართველი ხალხის
სამკვიდროა“. სტატიების უმრავლესობაში არ არის წარმოჩენილი
განსხვავებული პოზიციები, არ ისმის კონტრარგუმენტები, რატომ არ უნდა
აიკრძალოს მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისება, შესაბამისად,
„რეზონანსის“ მკითხველი მხოლოდ ცალმხრივ ინფორმაციას იღებს.
პრობლემურია ასევე ის გარემოებაც, რომ სტატიების უმრავლესობის
სათაურშივე უკვე იკვეთება განწყობა: „დავიცვათ საქართველოს მიწა
გაუცხოებისაგან!“, ან აქვე ქვესათაურად შევხვდებით, იმ რესპონდენტთან
ციტატებს, რომლებიც გასხვისების წინააღმდეგი არიან: „უცხოელებზე
გაყიდვა დაუშვებელია, ამაზე არც უნდა ვბჭობდეთ, რადგან მიწაზე ფასეული
ქვეყნისათვის არაფერია.“ გარდა ამისა, სტატიებში ჰედლაინად არის
გამოტანილი, ისეთი შინაარსის მქონე ფრაზები, რომელიც ამყარებს
არგუმენტებს მიწის გასხვისების აკრძალვაზე: „მიწის გატანა ღია
ბაზარზე, სადაც დღეს არ არის არც ერთი კონკურენტუნარიანი საქართველოს
მოქალაქე, პრაქტიკულად, ნიშნავს ერთ თაობაში საქართველოს თითქმის
მთელი მიწის გადასვლას უცხოელების ხელში.“ -წერია გაზეთში.
„რეზონანსის“ ერთი სტატია კი, ქსენოფობიური გამონათქვამების წყარო
იყო. სტატია შემდეგი სათაურით გამოქვეყნდა: „ქართულ მიწებს არაბები,
ინდოელები, ირანელები და თურქები ინაწილებენ“. თემა ცხადია
„პრობლემადაა“ დასახული, საკითხის უფრო მეტად გასამწვავებლად კი
ჟურნალისტს მოჰყავს რესპონდენტის ციტატა: „ქართული მიწის უცხოელებზე
მიყიდვა საშიში ტენდენციაა, ეს შეცდომა ჩვენმა წინაპრებმაც დაუშვეს
თავის დროზე და დღეს არ უნდა ვიმეორებდეთ, ცნობილი ფაქტია, რომ
წარსულში მაჩაბელმა ჩამოიყვანა რამდენიმე ოჯახი პირუტყვის მოსავლელად
და ეს პროცესი დიდი ხნის შემდეგ დასრულდა იმით, რომ ამ ტერიტორიიდან
ქართველები გამოყარეს,“ - ვკითხულობთ გაზეთში.
დასკვნის სახით, შეიძლება ვთქვათ, რომ მონიტორინგის შედეგების
მიხედვით, მკითხველს რჩება მხოლოდ ერთი არჩევანი, სჯეროდეს რომ მიწის
უცხოელებზე გასხვისება ნეგატიურ ეფექტს გამოიწვევს ჩვენი ქვეყნისათვის
და საზოგადოებისათვის. გაზეთი არათუ, არ აწვდის თავის მომხმარებელს,
ამომწურავ, დაბალანსებულ და ორივე მხარის არგუმენტირებულ მსჯელობას
მიწის უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით, არამედ, რიგ
შემთხვევებში არის ქსენოფობიური და სიძულვილის ენის
წამახალისებელი.
20 მაისს, ორთაჭალაში, შუახნის ქალის მკვლელობის ბრალდებით,
სამართალდამცველებმა მოკლულის ქალიშვილი დააკავეს. მოკლულის ვინაობის
შესახებ მედიაში განსხვავებული ვერსიები გამოქვეყნდა. Kvira.ge,
intermedia.ge, newpost.ge, presa.ge გარდაცვლილს მარინე
მინდორაშვილად მოიხსენიებდა და სტატიების ნაწილში აღნიშნული იყო, რომ
გარდაცვლილი თსუ-ს პროფესორია. საქმის პროკურორის მიერ მედიისთვის
მიცემული ინტერვიუდან კი ვიგებთ, რომ მოკლული არა მარინე
მინდორაშვილი, არამედ ლამარა მინდორაშვილია,.
მედიაჩეკერს დაუკავშირდა თსუ-ს ასოცირებული პროფესორი მაია (მარინე)
მინდორაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ მედიის მიერ გარდაცვლილის
სახელის არასწორად გავრცელებამ ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო, რადგან მისი
სახელი და გვარი ამ მკვლელობას დაუკავშირდა:
„ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, შეცდომაში შეყვანილია უამრავი
ადამიანი. როგორც ჩემთვის ცნობილია, გარდაცვლილი ლამარა მინდორაშვილი
აკადემიურ თანამდებობაზე ბოლოს, ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობდა.
ჩემი ვარაუდით, ჟურნალისტმა, რომელმაც პირველმა გაიგო ამ ინციდენტის
შესახებ, ყური მოკრა, რომ მოკლულის გვარი იყო მინდორაშვილი და ის
ლექტორი იყო, შემდეგ დაგუგლა, და ინტერნეტმა მე ამომაგდო, რადგან
აკადემიური საბჭოს წევრი ვარ, ინტერნეტში მრავლად არის ჩემზე
ინფორმაცია. გარდა ჩემი სახელის, გვარის და აკადემიური თანამდებობისა,
ჩემი CV-დან ამოღებული მონაცემებიც არის ინფორმაციაზე მიბმული.
ამიერიდან, ინტერნეტში ეს მკვლელობა ჩემს სახელს დაუკავშირდება, რაც
ცხადია, არასასიამოვნო მდგომარეობაში მაყენებს, “ - ამბობს მაია
მინდორაშვილი მედიაჩეკერთან საუბრისას.
გარდა ამ ფაქტობრივი შეცდომისა, მედიაში თემის სენსაციურ კონტექსტში
გაშუქებაც შეინიშნებოდა. სანამ გამოძიება დეტალებს დაადგენდა, მედიამ
ბრალდებულის მკვლელად მოხსენიება მოასწრო და პირის დამნაშავედ
ცნობამდე, მტკიცებით ფორმაში წერდა, რომ „ორთაჭალაში შვილმა დედა
მოკლა“.
მოგვიანებით კი, იმ ფაქტმა, რომ მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი
ბალერინა აღმოჩნდა, მედიის მიერ მისი პირადი ცხოვრების დეტალებით
დაინტერესება და თემის სენსაციურ, სენტიმენტალურ ჭრილში გაშუქება
გამოიწვია. რამდენიმე ონლაინ და ბეჭდური გამოცემა ბრალდებულის
თანამშრომლებთან და მეზობლებთან არკვევდა, მის პიროვნულ თვისებებს,
იმას, თუ რატომ არ ჰყავდა ბრალდებულს შვილები ყოფილ ქმართან. გავიგეთ
არა მხოლოდ ყოფილის ქმრის ვინაობა, არამედ ყოფილი მამათილისა და მისი
ძმის პროფესიული საქმიანობის დეტალებიც. მედია მეზობლებისგან ცდილობდა
მკვლელობის მოტივის გარკვევას.
„რას ყვება დედის მკვლელობაში ბრალდებულის მეზობელი დედა-შვილის
ურთიერთობაზე და ტრაგედიის ღამის შესახებ;“ „დედის მკვლელობით
დასრულებული კონფლიქტი - რას ჰყვებიან ბალერინას კოლეგები;“
„ამიერიდან დიდ სცენას ციხის კარები შეცვლის" - რას წერს ლიკა ყაზბეგი
ბალერინაზე, რომელიც დედის მკვლელობაშია ბრალდებული,“ - ეს ის
ხმაურიანი და სენსაციური სათაურების ნაწილია, რომლებითაც მედიამ
ამბავი გააშუქა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო
წესებში მოცემულია ის რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც მედიის
მხრიდან მსგავსი შემთხვევების გაშუქებისას მიზანშეწონილია:
ამბის მეორეხარისხოვანი დეტალების გაშუქების ვნება ქმნის რეალურ
საფრთხეს შეიქმნას ბრალდებულების და მათი ახლობლების „დევნის“
პრეცედენტი, რისი თავიდან აცილებაც შეიძლება მხოლოდ ძირითადი,
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, გადამოწმებული ფაქტების გაშუქებით, რაც
ამცირებს სპეკულაციებისა და საზოგადოებაში მცდარი შეხედულებების
შექმნის საშიშროება
მედიამ არ უნდა დაუშვას უსაფუძვლო პანიკის შექმნა საზოგადოებაში,
ჭორების ან უსაფუძვლო ვარაუდების გავრცელება, რამაც შეიძლება
გაუმართლებელი ზიანი მიაყენოს პირის რეპუტაციას ან კანონიერ
ინტერესებს.
დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას, მედიამ არ უნდა
მოახდინოს სავარაუდო დამნაშავის, ბრალდებულის ან მსჯავრდებულის
იდენტიფიცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მისი სახელი
საზოგადოებისთვის ცნობილია ან საქმე საზოგადოებრივი ინტერესის
მქონეა.
მსხვერპლებს აქვთ უფლება, არ იყვნენ იდენტიფიცირებული საჯაროდ.
მსხვერპლის სახელის და გვარის ცოდნა როგორც წესი არაფრისმომცემია
ხოლმე. სახელის, გვარისა და ფოტოების ჩვენება შესაძლებელია ოჯახის
წევრების ან თავად მსხვერპლის ნებართვით.
მედიამ არ უნდა მოიხსენიოს პირი დამნაშავედ იმ შემთხვევაშიც კი, თუ
სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი არღვევს უდანაშაულობის
პრეზუმფციას.
სასამართლო პროცესების გაშუქებისას, დაუშვებელია, მედიაგაშუქებაში
იკვეთებოდეს წინასწარგანწყობა ბრალდებულის ბრალეულობის შესახებ.
მედიამ თავი უნდა შეიკავოს დაზარალებულის, ბრალდებულის და
შემთხვევასთან დაკავშირებული სხვა პირთა ცხოვრებიდან ისეთი დეტალების
გასაჯაროვებისგან, რომელიც საქმესთან კავშირში არ არის
ორშაბათს, 22 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერში
გადაცემა “არგუმენტების დროს” მეორე ნაწილის სტუმარი “ქართული
ოცნების” ყოფილი დეპუტატი, თამაზ მეჭიაური იყო.