“რისგანაც ვწუხდები, იმას ვაკრიტიკებ” - მედია შალვა პაპუაშვილის თვალით
19.11.2021
როგორ ესმით ხელისუფლების წარმომადგენლებს ჟურნალისტიკის დანიშნულება? რაში გამოიხატება მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და რითი ხსნიან კრიტიკულ მედიებთან ბოიკოტის რეჟიმში ყოფნას?

მედიაგარემო მკვეთრად პოლარიზრებულია. რაში ხედავს მმართველი გუნდი გამოსავალს იმ ფონზე, როცა ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებით, ხელისუფლება თავისი ქმედებებით უფრო აღრმავებს პოლარიზებას.

სამნაწილიანი ინტერვიუს პირველ ნაწილში ამ თემებზე “ქართული ოცნების” ლიდერთან, შალვა პაპუაშვილთან ვსაუბრობთ.



თქვენი, როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენლის, შეფასებით, როგორია დღევანდელი მედია გარემო საქართველოში?

იურისტი ვარ და იურისტებმა იციან ხოლმე თქმა: მნიშვნელოვანია, შევთანხმდეთ დეფინიციებზე, განსაზღვრებებზე. ზოგადად ასეთია მეცნიერული მიდგომა. ამიტომ ორი კითხვა მაქვს, თქვენთან: თქვენი აზრით რა არის ჟურნალისტიკა, მედია? რა არის ჟურნალისტიკის ან მედიის მიზანი?

პირადი კითხვაა? როგორც ჟურნალისტს ისე მეკითხებით?

დიახ.

ჩვენი მიზანი არის, რომ მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია, იმისთვის, რომ შეძლონ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება.

კი ბატონო. და რა სხვაობაა ჟურნალისტიკასა და პროპაგანდას შორის?

ეს, თუ გინდათ, თქვენვე მიპასუხეთ, იმიტომ, რომ, როგორც მივხვდი, ახლა დღევანდელი მედიაგარემოს შეფასებისკენ მიგყავთ საუბარი.

რატომ, იცით? ხანდახან განსაზღვრებები არეულია და თუკი სწორი დეფინიცია, არ გვექნება ვერ ვიტყვით რა არის მედია და რა არ არის. ესეც უნდა ითქვას, იმიტომ, რომ რთულია, სხვადასხვა რამ ერთი და იგივე კრიტერიუმით შეაფასო, ხომ? პროპაგანდა პროპაგანდაა, ჟურნალისტიკა - ჟურნალისტიკა.

პროპაგანდა არის იარაღი, ამის თქმა გინდათ?

ჟურნალისტიკა, თქვენ რაც თქვით, არის კეთილსინდისიერად ინფორმაციის მიწოდება. ეს ობიექტურობა და სხვა რამეებიც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ, კეთილსინდისიერად ინფორმაციის მიწოდებაა, იმისთვის, რომ ადამიანმა შეიქმნას სწორი წარმოდგენა სამყაროზე, სამყაროს სხვადასხვა ელემენტზე.

პროპაგანდა არის ინფორმაციის სელექციური მიწოდება, შერჩევითი მიწოდება და ა.შ. იმისთვის, რომ რაღაც მიზანს მიაღწიო. თვითონ პროპაგანდას უკვე მიზანი აქვს შედეგის კუთხით. ეს დეფინიციისთვის.

რაც შეეხება გარემოს: ჩემი შეხედულება, იქიდანაც გამომდინარეობს რომ, სამწუხაროდ, ჩვენთან ჟურნალისტიკა ნაკლებადღა არსებობს. შეიძლება, მედია, როგორც მედიუმი, გადამცემი, ტრანსფორმატორი, რაღაცის A წერტილიდან B წერტილამდე მიმწოდებელი არსებობდეს, მაგრამ მე რომ მკითხოთ, ისეთი ტერმინები, როგორიც არის ჟურნალისტური ეთიკა, სტანდარტი, აღარც კი გამოიყენება.

მახსოვს როგორ იყო ადრე, როდესაც ჟურნალისტური სტანდარტი იყო პროფესიული სიამაყის ნაწილი და ხალხს თავი მოჰქონდა და მოსწონდა ამით.

შემდეგ, რაღაც პერიოდში, სააკაშვილის დროს, ალბათ, 2005-2006 წლებში, მახსოვს დაიწყო საუბარი და დისკუსია იმაზე, „მიუკერძოებლობა არ არსებობს“; რომ „ყველა ადამიანურად, სუბიექტურად მიკერძოებული ვართ, ამიტომ დაბალანსებული ინფორმაცია და ობიექტური ჟურნალისტიკა ვერ იარსებებს.“

იყო დისკუსია იმაზე, რომ მთავარი პრინციპი უნდა იყოს იდეების ბაზარი, რომ ჯობია, იყოს ბევრი სუბიექტური და მიკერძოებული მედია და ამ მრავალფეროვნებაში მაყურებელი იქნება თუ მკითხველი ამ მრავალფეროვნებას გაეცნობა, თავის არჩევანს გააკეთებს და აზრს ჩამოიყალიბებს.

მათ შორის ამას ასაბუთებდნენ ამერიკული მედიის მაგალითზე. ან, თუნდაც, ევროპის მაგალითზე მაინც რომ ვთქვათ, გერმანიაში ზოგიერთი გაზეთი უფრო კონსერვატიული შეფერილობის არის, ზოგიერთი სხვა და ა.შ.

საბოლოო ჯამში, ეს ჩვენთან გადმოითარგმნა ისე, რომ მედია პირდაპირ გახდა პროპაგანდის იარაღი, ხოლო ჟურნალისტი - პროპაგანდისტი. ჩვენ ჟურნალისტიკა, ფაქტობრივად, თითქმის აღარც გვაქვს.

სულ თავიდან პირველი ეტაპით დაიწყეთ, თუ რა იყო, როგორ იყო, რამდენად პატივსაცემი იყო ჟურნალისტური ეთიკა, ახლა როგორი წარმოგიდგენიათ, რომ იყოს კარგი, ჯანსაღი მედიაგარემო ქვეყანაში, როგორი მედია წარმოგიდგენიათ?

უპირველეს ყოვლისა, ჟურნალისტმა უნდა გააცნობიეროს რომ მისი პროფესია ეთიკური ჟურნალისტიკაა და არა პროპაგანდისტობა. შემდეგ ამ სტანდარტებს სჭირდება გათვალისწინება, საბოლოო ჯამში, რეგულაცია, მათ შორის.

ამ გამოცდილებამ ჩვენ გვაჩვენა, რომ [არსებობს] ეს, ასე ვთქვათ, იდეების ბაზარი, როდესაც აუდიტორიამ თითქოს ბევრი სუბიექტური არხის ყურების შემდეგ ობიექტური დასკვნა უნდა გამოიტანოს, არ მუშაობს. სინამდვილეში ესე არც ეკონომიკური ბაზარი მუშაობს ასე და მასაც აქვს დეფექტები - ამიტომაც სჭირდება რეგულაცია.

მინდა, რომ რეგულაციების თემა, როგორც იურისტმა მოგვიანებით უფრო ვრცლად განმიმარტოთ. მახსოვს თქვენი ბოლოდროინდელი განცხადებები, მათ შორის იმის შესახებ, რომ პოლარიზებული მედია გარემო გვაქვს. თქვენ ხართ მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თქვენ ხართ ხელისუფლებაში, ამაზეც მინდა მოვისმინო თქვენი აზრი, როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება შემცირდეს ეს პოლარიზება?

რთულია, თქმა, როგორ შემცირდება, მაგრამ თუ პოლარიზებაში მედიის ნაწილს გულისხმობთ მედიაც, ამის ნაწილია. ფაქტია, მედია არამხოლოდ ინფორმაციის მიმტანი და მიმწოდებელია, არამედ ტელევიზიები, მედია პრინციპში იქცა მონაწილედ, აქტორად, რომელიც თავად ქმნის პოლიტიკას, თავად არის, პოლიტიკური დღის წესრიგის განმსაზღვრელი, მათ შორის, ღიად.

მედია დიდი ხანია, აღარ არის დამკვირვებელი და გამშუქებელი, ვინაიდან ის არის პრპაგანდისტი, ერთი მხრივ, და არამხოლოდ პროპაგანდის ინსტრუმენტი არამედ, ზოგ შემთხვევაში, პროპაგანდის ავტორიც.

როგორ უნდა შემცირდეს პოლარიზაცია? ამაზე უარი უნდა ითქვას. თუმცა, რთულია ამაზე უარი თქვა. თვითონ სტრუქტურაა ასეთი. არის ეჭვი, რომ დიდი ალბათობით, სხვადასხვა მედიასაშუალება თავს ვერ იფინანსებს მხოლოდ სარეკლამო შემოსავლით და აქვს დამატებითი შემოსავალი, რომელიც პარტიულია. ამიტომ, როგორც ჩანს, თვითონ ეს ბიზნეს სტრუქტურაა ასე აწყობილი.

ანუ ამბობთ, რომ მედიასაშუალებების მთავარი დამფინანსებლები პოლიტიკური პარტიები არიან?

კი ბატონო.

ამ შემთხვევაში ყველა პოლიტიკურ პარტიას გულისხმობთ?

ეს არ ვიცი, ყველა არის თუ არა. საერთოდ არის თუ არ არის - ამის თქმაც რთულია. მაგრამ ამ შემთხვევაში ექსპერტები ამბობენ, რომ ერთი მხრივ, ცნობილია სარეკლამო ბაზრის სიდიდე, ვიცით რამდენია სხვადასხვა მედიის სარეკლამო შემოსავალი. ექსპერტებმა იციან, რა შეიძლება იყოს ხარჯი და ამ ყველაფრის შედარებით ხვდებიან, რომ რთულია...

შეგიძლიათ უფრო კონკრეტულად მითხრათ, რომელ პოლიტიკურ პარტიებსა და ექსპერტებზე საუბრობთ? რადგან ექსპერტები ახსენეთ, ალბათ არსებობს კონკრეტული მაგალითები.

კონკრეტულად ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ ახლა ზუსტად ციტირება არ შემიძლია, მაგრამ სარეკლამო ბაზართან დაკავშირებით, თუ არ ვცდები, „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ ჰქონდა კვლევა. ყოველ შემთხვევაში, ეს არის ჩემი დაშვება, რომელიც გარკვეულ რეალისტურ შეფასებებს ეფუძნება. ცოდნით თქვენ უკეთ გეცოდინებათ.

ანუ, პოლარიზება რომ შემცირდეს პოლიტიკური პარტიები არ უნდა იყვნენ მედიის მთავარი დამფინანსებელი?

მთავარი პრობლემა ხომ ჩვენთან ბევრ სხვა რამესთან ერთად, ფარისევლობაშია. ის, რომ ადამიანი ამბობს ჟურნალისტი ვარო და სინამდვილეში პროპაგანდისტია; აქ პრობლემა ის კი არ არის, რომ ვიღაც პროპაგანდისტია, პრობლემა ის არის, რომ სხვად გასაღებს თავს. გეუბნება, რომ ჟურნალისტია, სინამდვილეში კი არის პროპაგანდისტი. გეუბნება, დამოუკიდებელი მედია ვარო, სინამდვილეში კი პარტია აფინანსებს.

აი, მაგალითად „გირჩს“ ხომ აქვს თავისი ტელევიზია? ვიცით, რომ ის პარტიული ტელევიზიაა (რიგ შემთხვევაში უფრო ობიექტური, ვიდრე ზოგიერთი არაპარტიული ტელევიზია). იმის თქმა მინდა, რომ როდესაც, რაღაცას ამოფარებას ან რაღაცის სხვა რამედ შეფუთვას იწყებ, აქვე იწყება სიყალბე და მერე რთულია. პრობლემა ის კი არ არის, რომ ტელევიზია პარტიულია, პრობლემა ისაა, რომ არ ამბობს, რომ პარტიულია, თუმცა თავს ასაღებს დამოუკიდებელ მედიად.

ის, რომ „ფორმულას“ აფინანსებს დავით კეზერაშვილი, მე მგონი უცხო არავისთვისაა. ოფიციალურადაც ასეა ხომ? კი, ასეა. ის, რომ კეზერაშვილი პოლიტიკაშია, ესეც ვიცით.

პოლარიზების შემცირება ასე წარმოგიდგენიათ, რომ ეს ფინანსები პოლიტიკური პარტიებიდან არ უნდა მიდიოდეს ან ეს ტელევიზიები ღიად უნდა აცხადებდნენ, ამა და ამ პარტიის დღის წესრიგის გამტარებლები ვართო?

შეიძლება [ნაწილობრივ უშველოს]. თქმის გარეშეც ხვდებით, ვინ ვისთან არის აფილირებული. მაგრამ მთლიანად არ უშველის. მე აქ ვგულისხმობ პირველ რიგში იმას, რომ მინიმუმ დაერქვას სახელი - ეს პროპაგანდაა თუ მედია.

ხდება ხოლმე, როდესაც, რაღაც მომენტში არ მივდივართ რომელიმე ტელევიზიაში ან  კომენტარს არ ვაძლევთ, რაზეც გვეუბნებიან: „კი მაგრამ, კრიტიკულ მედიას არ სწყალობთ?“ და მიდის საუბარი იმაზე, თუ „როგორ ეპყრობა ესა თუ ის X პარტია მედიას“.

სინამდვილეში, თუ ის პროპაგანდაა და ამას გავაცხადებთ, მაშინ აღმოჩნდება რომ ეს მედია არ არის. იგივე, “გირჩი” ტელევიზიაა, მაგრამ მას ხომ არ აქვს პრეტენზია, რომ რატომ არ მოდიხართ ჩემთანო?!

თქვენ, “ქართული ოცნება”, კონკრეტულ ტელევიზიებს უარს ეუბნებით ეთერში სტუმრობაზე. წლებია, ფაქტობრივად, ბოიკოტის რეჟიმში ხართ მათთან. თუ ვამბობთ, რომ პოლარიზება პრობლემაა, თქვენი ეს გადაწყვეტილება, რომ ამ ტელევიზიებს არ ესაუბროთ, როგორ ფიქრობთ, ამ პოლარიზებას არ აღრმავებს?

დიახ, მაგრამ, საქმეც ის არის, რომ კითხვა უნდა დაისვას - სად მივდივართ? მივდივართ ტელევიზიაში თუ მივდივართ პარტიაში? ეს არის მთავარი საკითხი.

ანუ ამ ტელევიზიებს პარტიებად მოიხსენიებთ?

ფაქტობრივად, ხომ ვხედავთ, რომ ესენი არიან პოლიტიკური პროცესის მონაწილეები? ტელეკომპანია „მთავარი“ არის პოლიტიკური პროცესის განმსაზღვრელი. როდესაც „მთავარის“ ხელმძღვანელი არის ტელევიზიის ხელმძღვანელიც, ჟურნალისტიც, ადვოკატიც პარტიას მოკავშირეც და თან პირდაპირ დირექტივებსაც აძლევს და ა.შ., თავი ხომ არ უნდა მოვიტყუოთ? აი, იმ მომენტში როგორც კი მოვრჩებით თავის მოტყუებას, ბევრი რამ გახდება ცხადი. მეორე საკითხი, წეღან რაც ვთქვი - უხამსობა...

გასაგებია, რასაც ამბობთ, მაგრამ მე სხვა რამეს გეკითხებით: არ ფიქრობთ, რომ ამ ტელევიზიებში თქვენი არ მისვლა პოლარიზებას ხელს უწყობს?

გახსოვთ, ალბათ, რომ არჩევნების წინ „ტვ. პირველზე“ და „მთავარზე“ დავდიოდით. მეც ვიყავი მთავარზე მისული, ოთხი-ხუთი გადაცემა მოესწრო.

მახსოვს, თქვენი პირობებით მიხვედით: ერთი ერთზე საუბარი და არა დებატებში მონაწილეობა.

კი ბატონო. თვითონ ეს იყო აქტი, ნაბიჯის გადადგმა, რომ აი, მოვდივარ თქვენს ტელევიზიაში. იმიტომ, რომ, ჩვენთვის, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია...

რატომ მიიჩნიეთ მნიშვნელოვნად, რომ უნდა მისულიყავით, მნიშვნელოვანია, რომ მათაც ელაპარაკოთ, ხომ?

არა.

მაშინ რატომ გადაწყვიტეთ მისვლა?

იმიტომ, რომ მათს მაყურებელს ველაპარაკოთ. ჩვენ ვხედავთ რომ ეს პოლარიზება, მათ შორის, არის მაყურებლის პოლარიზება. სხვათა შორის, თუ დააკვირდებით, მაყურებელი სეგმენტირებული და პოლარიზებულია. მაყურებლის ნაწილი უყურებს ტელევიზიის ერთ ნაწილს, ნაწილი - მეორეს. ისე ხდება, რომ თუ ელაპარაკები რომელიმე ერთი ტელევიზიით, ის მაყურებელი, ის მოქალაქე, ის ადამიანი, ის მოქალაქე შენ ვერ გისმენს - ვერ ისმენს ამბის შენს მხარეს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ მივსულიყავით იქ და დავლაპარაკებოდით მათს მაყურებელს.

მანამდე არ თვლიდით ამას მნიშვნელოვნად? ან ახლა აღარ თვლით, რომ აღარ მიდიხართ?

ახლაც მნიშვნელოვანია საერთო ჯამში, მაგრამ არის რაღაც ზღვარი, რომელიც რთულია, როცა არსებობს.

როგორ განსაზღვრავთ ამ ზღვარს?

ერთი - უხამსობა...

არა, სხვა რამეს გეკითხებით. თქვენ, როგორც მმართველ პარტიას, ანგარიშვალდებულება გაქვთ მოქალაქეების მიმართ. როგორ პასუხობთ ამ ანგარიშვალდებულებას, როდესაც, როგორც წესი, ბოლო წლების განმავლობაში ბოიკოტის რეჟიმში ხართ ამ ტელევიზიებთან და თუ მიდიხართ - ერთეულ შემთხვევაში და ისიც თქვენი პირობებით?

ერთი ის არის, რომ ცხადი უნდა იყოს, როდესაც მივდივართ, სად მივდივართ. როდესაც მიდიხარ სივრცეში, სადაც მანიპულაციაა და არა ჟურნალისტიკა, იქ მიდიხარ და იცი, რომ მანიპულაციურად მოგექცევიან. მაგრამ, მაინც ფიქრობ, რომ გავარღვევ ამ მანიპულაციას და ჩემს სათქმელს ვიტყვი.

მეორე არის უხამსობა, მაგრამ შემაწყვეტინეთ რამდენჯერმე. ამ უხამსობაში ვგულისხმობ იმას, რომ როდესაც ჟურნალისტები პირდაპირ უხამსობენ შენი პარტიის წევრების მიმართ.

რომ დააკონკრეტოთ, რას გულისხმობთ „უხამსობაში?

მაგალითად, გინებას, შეურაცხყოფას.

მაგრამ, თქვენ ხომ თმენის ვალდებულება გაქვთ, უფრო მეტი, ვიდრე რიგით ადამიანს?

არა, ეს ტყუილია.

რატომ არის ტყუილი? თქვენ ხელისუფლება ხართ, მმართველი ძალა.

კი, მაგრამ უხამსობის თმენის ვალდებულება არ არსებობს.

ზოგადად, თმენის ვალდებულება ხომ გაქვთ მეტი, ვიდრე რიგით მოქალაქეს?

არა, როგორ გეკადრებათ?!

არ არის ასე?

ეს თმენის ვალდებულება არასწორად არის გაგებული. ეს იმას არ ნიშნავს, რომ როდესაც ვიღაც შეურაცხყოფას მოგაყენებს, მას არაფერი უთხრა ან სოციალური სანქცია არ დაუწესო იმით, რომ ხმა არ გასცე.

თმენის ვალდებულება გულისხმობს იმას, რომ შენ უფრო მაღალი სტანდარტი გაქვს, მაგალითად ჩივილის დროს, რომ დაუმტკიცო მას და ა.შ. რატომ მაქვს ამის თმენის ვალდებულება? შეურაცხყოფის თმენის ვალდებულება არ არსებობს.

თქვენ, ხელისუფლებას, გაქვთ არამარტო მეტი თმენის ვალდებულება და ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ, ვიდრე ჩვეულებრივ, რიგით ადამიანს.

ანგარიშვალდებულება კი, რა თქმა უნდა. მაგრამ მიკვირს, ახლა რაც თქვით. მე გეუბნებით, რომ როდესაც ჟურნალისტი, წამყვანი, შეურაცხყოფს, უშვერ სიტყვებს ამბობს შენი გუნდის წევრზე, X ადამიანზე. აქვს ამ X ადამიანს რამე ადამიანური, მორალური, პოლიტიკური, რამე ვალდებულება? გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ადამიანს აქვს იმის ვალდებულება, რომ  მივიდეს ამ ჟურნალისტთან და მისცეს ინტერვიუ?

ეს არის ის მიზეზი, რის გამოც წლებია, “ქართული ოცნება” არ მიდის კონკრეტულ ტელევიზიებში?

ეს ერთ-ერთი მაგალითი გითხარით. ეს არის ბოლო ფაზა.

მაგრამ თქვენ მანამდე ისიც თქვით, რომ ზოგჯერ მიდიხართ, ზოგჯერ არა. როგორ წყვეტთ, როდის მიხვიდეთ და როდის - არ მიხვიდეთ? როდესაც არ ესაუბრებით ამ ტელევიზიების მრავალრიცხოვან მაყურებელს, ეს პოლარიზებას არ აღრმავებს?

არ აღრმავებს, უბრალოდ, იმ ადამიანებს ტოვებს იმ პროპაგანდისტულ „ბაბლში“, რომელსაც უქმნიან ის ტელევიზიები

რა არის პოლარიზების გაღრმავება, თუ არა ეგ?

გაღრმავება არ არის. ისე არის, როგორც არის. ისე რჩება, ინარჩუნებს სტაბილურად.

მაგრამ არც მცირდება, ხომ (რისი მიღწევაც, როგორც ამბობთ, გინდათ)?

თავისთავად, გვინდა მაგრამ ასე უნდა შევხედოთ: პირველი - ჩვენი ხედვა არის, რომ ზოგიერთი ტელევიზია არამხოლოდ აფილირებულია ზოგიერთ პარტიასთან, არამედ არის ამ პარტიის ნაწილი, პარტიის საინფორმაციო განყოფილება. ეს გააზრებული გვაქვს. მეორე - სტუდიაში არ მივდივართ, მაგრამ კომენტარს ვაძლევთ.

ზოგჯერ კი, ზოგჯერ - არა.

კი, ეს ფაზები არის. მაშინ, როდესაც რაღაც განსაკუთრებული დაშავდება, ვიყენებთ უფლებას, რომ, ასე ვთქვათ, ეს სოციალური სანქცია დავაკისროთ და არ მივცეთ კომენტარი.

სოციალური სანქცია დააკისროთ ჟურნალისტებს? ამ ბერკეტს იყენებთ, რომ არ მისცეთ კომენტარი?

კი, ეგ არის სოციალური სანქცია. სხვა რა ბერკეტია? ჩვენ ვატყობ, რომ ცოტა ვერ შევდივართ დიალოგში, რადგან თავდაპირველი შეთანხმება გვიჭირს. თავდაპირველზე უნდა შევთანხმდეთ - ჟურნალისტიკა თუ პროპაგანდა?

მედია დღეს უკვე ყველაფერია, ფეისბუკიც მედიაა, იუთუბიც, ტვიტერიც. ამიტომ ვამბობ მე - სიტყვა „ჟურნალისტიკას“. საქმეც ეს არის. სიტყვა „მედიით“ გააუბრალოეს ჟურნალისტიკის მნიშვნელობა და ისეა, თითქოს ყველაფერი მისაღებია. ფეისბუქზე პოსტი დაწერე და უკვე მედია ხარ. ჟურნალისტიკა ხომ პროფესიაა, რომელსაც აქვს თავისი სტანდარტები, კრიტერიუმები და რაღაც წესებს მისდევს. აი, ეს ჟურნალისტიკა რომ ქრება, მაგას ვამბობ და არის პროპაგანდისტული.

მე რომ გამიგოთ, ამიტომ უნდა დაუშვათ, რომ არის პროპაგანდისტული.

ჩემი დაშვება არც არის საჭირო. არაერთი გავლენიანი ორგანიზაცია პირდაპირ ამბობს, რომ მხარები პროპაგანდის იარაღად იყენებენ მედია საშუალებებს.

ეუთო/ოდირის დასკვნაში ჩაიწერა ახლა, რომ მედიის საქმიანობა ეს იყო პოლიტიკური აქტივიზმი.

სწორედ ეუთო/ოდირის დასკვნაში ეწერა ისიც, რომ მედია ორ ნაწილად არის გაყოფილი - სახელისუფლებო მედია და ოპოზიციური მედია, რაც ამომრჩეველს უზღუდავდა ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას. იყო საუბარი არამარტო ოპოზიციურ, არამედ სახელისუფლებო მედიაზეც.

ამიტომ ვხედავთ რისკებს. ანუ, პროპაგანდის იდეა არის, რომ თავის მომხმარებელს დაანახოს სამყარო ისე, როგორც მას სურს, რომ დაანახოს. როცა თანამშრომლობ პროპაგანდისტთან, ეგუები იმას, რომ ის გამოგიყენებს პროპაგანდისთვის. ამიტომ არ უნდა მისცე საშუალება, რომ პროპაგანდისთვის გამოგიყენოს.

გასაგებია რასაც საუბრობთ და გეთანხმებით, რომ როდესაც მედია პროპაგანდის იარაღად არის ქცეული, ის მედია აღარ არის ეთიკური, ობიექტური. მაგრამ ახლა თქვენ, ძირითადად, საუბრობთ მხოლოდ ოპოზიციურ მედიებზე. ქვეყანაში გვაქვს სახელისუფლებო მედიაც. ეს არ არის ჩემი შეფასება და დასკვნა, ამაზე საუბრობს არაერთი გავლენიანი ორგანიზაცია, მათ შორის ეუთო/ოდირი რომელიც თქვენვე ახსენეთ. მედიამონიტორინგების ანგარიშებიც  პირდაპირ წერია, რომ, მაგალითად, ტელეკომპანია “იმედი” და “პოსტვ” არის ხელისუფლების პროპაგანდის იარაღი. ამ მხარეს თქვენ პრობლემას ვერ ხედავთ?

ამ მხარეს აქვს თავისი ისტორია. ჯერ ერთი, ხელისუფლება არ ვიცი. შეიძლება, „ქართულ ოცნებას“ უცხადებენ მხარდაჭერას.

მაინტერესებს, ხედავთ თუ არა პრობლემას ამაში?

ზოგადად, პრობლემა არის, ვინაიდან, ეს პოლარიზაცია მედიაში ნიშნავს, რომ ყველა თავის რაკურსშია. “იმედს” თავისი ისტორია აქვს - ანტი „ნაციონალური მოძრაობის“ ისტორია - რომელსაც რაღაც ეტაპებში ის პირდაპირ ამბობს, რომ არის მისი სარედაქციო პოლიტიკა. იმიტომ, რომ ეს არის ორგანიზაცია, თავისი დამფუძნებლით, ისტორიით. დღესაც,  “იმედში” რომ შეხვალთ, იქ ბადრი პატარკაციშვილის სურათი კიდია. ამ არხს აქვს ის იდენტობა, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ის დაარბია, დაიპყრო და მერე როგორც დამპყრობელი ეჯდა ამ ტელევიზიას თავზე. ამ ტელევიზიას ისტორიული მედიატრავმა აქვს და, აქედან გამომდინარე, გასაგებია მისი დამოკიდებულება. „პოსტივისაც“ თავისი დამოკიდებულება აქვს.

გასაგებიაო ამბობთ და მისაღებიც არის?

მისაღები რა არის იცით? მაგას ვამბობ. პოლარიზაცია მისაღები არ არის, ეს ერთი. მეორე - ჟურნალისტური სტანდარტი არის ის, რაც მისაღები უნდა იყოს. აქ უნდა შევხედოთ, ჟურნალისტური სტანდარტი სად გვაქვს, სად არ გვაქვს, სად გვაქვს ნაწილობრივ, სად საერთოდ არ გვაქვს და სად როგორ გვაქვს.

და ამ მხარეს როგორ გვაქვს ჟურნალისტური სტანდარტი? რადგან ვთანხმდებით, რომ მნიშვნელოვანია ეთიკა, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა. თქვენ ყოველთვის აკრიტიკებთ ოპოზიციურ მედიებს. არასდროს მოგვისმენია თქვენგან მეორე მხარის კრიტიკა.

მე რისგანაც ვწუხდები, იმას ვაკრიტიკებ და სხვა რისგანაც წუხდება, იმან ის გააკრიტიკოს. ყველა თავისი წუხილებით აკრიტიკებს, საერთო ჯამში. მე ხომ არ ვარ ის, ვისაც აქვს ობიექტური ვალდებულება, რომ ზემოდან დავხედო სამყაროს და განვსაჯო ვინ მართალია და ვინ მტყუანი?!

როდესაც ნორმალურ მედიაგარემოზე და ობიექტურ ჟურნალისტიკაზე ლაპარაკობთ, მეორე მხარე რატომ გავიწყდებათ?

მაშინ ახლა უნდა შევადარო და ამის გაკეთება არ მინდა: ვინ ვის რით ჯობია ან არ ჯობია, რომელია უფრო უხამსი და არის თუ არა უხამსობა აქ.

არ შეადაროთ, ზოგადად ვისაუბროთ. ხომ ვთანხმდებით სტანდარტზე და აკმაყოფილებს ამ სტანდარტებს მეორე მხარე?

არა, დღეს არცერთი მხარე არ აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რომელიც უნდა ჰქონდეს.

2000-იან წლებში დაიწყო დისკუსია იმაზე, რომ ჟურნალისტი არ შეიძლება იყოს ობიექტური და რაღაც მომენტში ითქვა, რომ ჯობია იყოს ბევრი მიკერძოებული მედია, ხოლო კრიტიკული მაყურებელი ყველას მოსმენის შედეგად ობიექტურ დასკვნას გამოიტანს. საქმე ისაა, რომ ეს ასე არ მუშაობს.

2015 წლამდე, დერეგულაციის დიდი ტალღა ხომ გვქონდა სააკაშვილის დროს, „რომ რად გვინდა რეგულაციები, ბაზარი დაარეგულირებს“. დღემდე დავობენ ხოლმე, ევროკავშირის დირექტივები რად გვინდაო, ხარისხი, სტანდარტი და ა.შ. მათ შორის, მაგალითად, 2015 წლამდე ბავშვების მთელი თაობები გავზარდეთ, რომლებსაც, გვეგონა, რომ ვაწვდიდით კალციუმს იმით, რომ ვაჭმევდით რძის პროდუქტს. 2015 წელს კი აღმოჩნდა, რომ ეს სულაც არ იყო რძის პროდუქტი. 2015 წელს შემოვიდა კანონი, რომელმაც თქვა, რომ ხაჭო ეწოდება მხოლოდ იმ პროდუქტს, რომელიც დამზადებულია ცხოველური რძისგან. ანუ, აღმოჩნდა, რომ ბაზარმა ვერ დაარეგულირა.

რას ვადარებთ ახლა ამას?

საქმე ისაა, რომ ჩვენ რომ გვგონია, რომ მრავალფეროვანი სუბიექტური ინფორმაცია უზრუნველყოფს იმას, რომ ხუთი სუბიექტური არხის ყურების შემდეგ გამოვიტან ობიექტურ დასკვნას, სინამდვილეში ასე არ ხდება. სინამდვილეში პოლარიზაცია რატომაა და რა მივიღეთ? სინამდვილეში მივიღეთ ის, რომ ადამიანი მიდრეკილია, ყური უფრო დაუგდოს იმას, რაც უფრო მეტად ხსნის მის სამყაროს, რაც აჯერებს მისი სამყაროს სისწორეში, რაც ადასტურებს მის ვერსიებს.

თანამედროვე სამყაროში, ადამიანი, როგორც აღმოჩნდა, კრიტიკული კი არ არის, არამედ ცდილობს, მიიღოს თავისი დადასტურება სამყაროს საკუთარი ხედვისა. ეს იწვევს იმას, რომ ის არხიდან არხზე კი არ გადართავს, ის ჩართავს ერთ არხს და უყურებს მას. შედეგად, სხვა რეალობას ვერც კი ხედავს.

ვერ მივხვდი, რისი თქმა გინდათ ამით?

იმის თქმა მინდა, რომ სისტემაა თვითონ არასწორი. ის სისტემა, რომ მოდი, გვქონდეს ბევრი მიკერძოებული მედია და კრიტიკული მაყურებელი აზრს გამოიტანს.

ჩვენ ხომ გვაქვს საზოგადოებრივი მაუწყებელი?

გვაქვს, მაგრამ მანდ რეიტინგების პრობლემაა. მედიას გავლენა ხომ უნდა ჰქონდეს?!

საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აქვს გავლენა?

ობიექტურად, ვიღაც ხალხი რაღაც ჭეშმარიტებებს საუბრობს, მაგრამ ვიღაც ხომ უნდა უსმენდეს? რეიტინგი არ აქვს, ხომ ვიცით. [რეიტინგში] მერამდენეა არც ვიცი, მეშვიდე? მერვე?

სხვა სამყაროა კიდევ სოციალური მედია და პოლიტიკის დღის წესრიგის საკითხი. დილით რომ პოსტი დაიწერება და საღამოს ტოქშოუს თემად იქცევა, ეგ კიდე სხვა თემაა.

მაგრამ, მინიმუმ, იმის თქმა მინდა, რომ პირადად ჩემი აღქმა არის ასეთი: ისევე, როგორც 2015 წლამდე ბაზარმა ვერ დაარეგულირა ის, რომ ადამიანები მიმხვდარიყვნენ რა იყო ცხოველური პროდუქტისგან დამზადებული ხაჭო და რა არა...

საჭიროა რეგულირება, მაგას გულისხმობთ?

კი ბატონო.

რეგულირებაზე ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი და მინდა, რომ ცოტა ვრცლად ვისაუბროთ შემდეგ ნაწილში. მანამდე დავაზუსტებ ერთ საკითხს: მითხარით, რომ პოლარიზებაზე ვთანხმდებით, გყვავს ერთი მხარე, მეორე მხარე და არცერთი არ მოგვწონს, ხომ?

აქ, რა თქმა უნდა, არის საკითხი: შესაძლებელია, გვყავდეს სტერილურად ობიექტური მედია?! არის ამაში რაღაც ჭეშმარიტების მარცვალი. უბრალოდ, ჩვენთან, როგორც ყველაფრის გაზვიადება, გაბუქება და რადიკალიზმში მიყვანა გვიყვარს, აქაც იმდენად რადიკალურად ხდება რაღაცები, რომ მიკერძოებაც არის და მიკერძოებაც.

ამაში ხელისუფლების მხარესაც გულისხმობთ?

ხელისუფლების მხარე არ არსებობს. შეიძლება ვიღაც მიკერძოებული იყოს “ქართული ოცნების” მიმართ ან იმდენად ანტიპათიაში იყოს “ნაციონალურ მოძრაობასთან”, რომ ის ხედავდეს თავის მოკავშირედ “ქართულ ოცნებას” და იმიტომაც უნდოდეს „ქართული ოცნების” გაძლიერება, რომ არ დაუშვას “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნება.

თქვენი დღის წესრიგიც ხომ ეგ არის?

თავისთავად. ვინც შენთან ახლოს დგას, შენთან ახლოს დგას. ეს, რა თქმა უნდა, არ არის არასასიამოვნო არავისთვის.

სხვათა შორის, თუ მაინცა და მაინც, შედარება გვინდა, “იმედის” სტანდარტთან ახლოსაც არ მივიყვანდი “მთავარს”, “ფორმულას” და “ტვ პირველს”. “მთავარი”, “ფორმულა” და “ტვ პირველი” აღარ არის არათუ ეთიკური ჟურნალისტიკა, არამედ, რიგ შემთხვევებში გადის  ადამიანური ეთიკის მიღმაც.

“იმედში”, მაგალითად, არ არის უხამსობა. ადამიანური ეთიკის დარღვევა, ძალიან იშვიათად.

სხვა რამეს ამბობს მედიამონიტორინგები: ისევე შეურაცხმყოფელად საუბრობს ერთი მხარე მეორეზე, როგორც მეორე - პირველზე.

შეიძლება, მაგრამ, რა გითხრათ, აი, უხამსობა, შემიძლია გამოგიგზავნოთ. არაფერში რომ არჯდება...

ვხვდები, გინებებს გულისხმობთ და ეგ გინებები მოგყავთ არგუმენტად. არის, კონკრეტული შემთხვები, მაგრამ ხომ არ შეიძლება ყველა გააერთიანოთ ამ ამბავში?

ჟურნალისტური ხერხები ხომ არსებობს, გაბუქების, კიჩის, მაგრამ ამის მიღმა არის ხოლმე რაღაცები. ყოველ შემთხვევაში, რაც არის, არის.

მოკლედ, ვთანხმდებით, რომ პოლარიზაციაა, ვთანხმდებით, რომ მიკარგულია ჟურნალისტური სტანდარტი. ხანდახან, როდესაც ჩემთან ჟურნალისტები მოდიან და ვეუბნები რომ „ესა და ეს ეს ჟურნალისტურ სტანდარტს მიღმაა“, ვხვდები, რომ რეაქცია ნული აქვს, არ აინტერესებს, გულში ვერც კი ხვდება რას ვამბობ იმასაც კი არ მეუბნება, „ეს როგორ მაკადრეთო“. მე რომ მითხრას ვიღაცამ, თქვენ რასაც აკეთებთ, ეს იურისტობაც არ არისო. ვეტყვი, როგორ მკადრებთ ამას-მეთქი.

არჩევნებამდე ორი კვირით ადრე თქვით, რომ „ქართული ოცნება” მედიამონიტორინგს ატარებდა და აკვირდებოდით მხოლოდ - “მთავარ არხს”, “ფორმულს” და “ტვ პირველს”. რას ამონიტორინგებდით, რა მეთოდოლოგიით, ვინ იყვნენ დამკვირვებლები?

ვაკვირდებოდით სამ ტელევიზიას, იმიტომ, რომ ეს სამი ტელევიზია ჩვენ წინააღმდეგ პროპაგანდას ეწეოდა და გვინდოდა ამის ანალიზი და აღრიცხვა. ჩვენ, როგორც დაინტერესებულ მხარეს, გვაინტერესებდა როგორ „გვაპროპაგანდებენ“.

გვქონდა დაკვირვების სამი  მიმართულება: სიძულვილის/ზიზღის ენა, დეზინფორმაცია და მანიპულაცია. სტატისტიკაც გვქონდა.

თვისებრივი ანგარიშიც გქონდათ და რაოდენობრივიც, ასე თქვით.

დიახ, ყველაფერი ბმულებით და ასე შემდეგ.

როგორი მეთოდოლოგია გქონდათ? ვინ აკვირდებოდა?

ჩვენი შიდა რესურსით ვაკვირდებოდით.

შიდა რესურსს ახსენებთ. მედია მონიტორინგს ატარებენ კვალიფიციური სპეციალისტები. ნებისმიერ ადამიანს ხომ არ შეუძლია მონიტორინგი ჩაატაროს?

რატომ არ შეუძლია? აი, მაგალითად, ტყუილი და მართალი, ზიზღის ენა რატომ არ შეუძლია [ამოიცნოს]?

რას გულისხმობთ, როცა ახსენებთ სიძულვილის ენას, დეზინფორმაციას?

ანგარიშში გვქონდა განმარტება, რასაც ნიშნავდა. მოკლედ, მიდგომა იყო ასეთი, ზიზღის ენა, დეზინფორმაცია, მანიპულაცია.

როგორ საზღვრავდით რა არის დეზინფორმაცია?

შემდეგნაირად ვსაზღვრავდით: ავიღებდით სიუჟეტს და ვიტყოდით, მართალია თუ ტყუილი. თუ იყო ტყუილი, გამოდის ტყუილი.

ტყუილი სხვა არის და დეზინფორმაცია სხვა. დეზინფორმაცია არ არის უბრალოდ მცდარი ან ყალბი ინფორმაცია. დეზინფორმაცია (რასაც ამბობთ იკვლევდით, ამონიტორინგებდით და რაოდენობრივად ითვლიდით) განისაზღვრება, როგორც განზრახ შეცდომაში შემყვანი, მიზანმიმართულად ყალბი ინფორმაცია. არსებობს მალინფორმაცია, მისინფორმაცია, შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია და ა.შ.

ჩვენ უბრალოდ ვარკვევდით ტყუილსა და მართალს. ეს ტყუილია თუ სიმართლე. აკნინებს რაიმენაირად ტყუილს, თუ ის ტყუილი წინასწარ განზრახული არ არის?

სწორედ იმიტომ გეკითხებით, რომ როდესაც ვახსენებთ დეზინფორმაციას, ამას აქვს თავისი განსაზღვრება. თქვენ თუ იმას ამბობდით, რომ ეს ინფორმაცია მცდარია, ეს სხვა რამეა. რაღაცას დეზინფორმაცია რომ დავარქვათ, მას უნდა ჰქონდეს წინასწარი განზრახვა ან მიზანიმიმართულობა. იგივე მაინტერესებდა სიძულვილის ენაზეც, როგორ განსაზღვრავდით?

ადამიანური ეთიკით, როგორ გითხრათ?

ამიტომაც გკითხეთ კონკრეტული დეფინიციის შესახებ. მეთოდოლოგია მნიშვნელოვანია, რადგან რასაც აკვირდებით, ყველაფერი ზუსტად იყოს განსაზღვრული.

ამას აკვირდებოდა ხალხი, რომელსაც ერთი მხრივ, გამოცდილება აქვს, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ გამოცდილებაზე ჩაჭიდება მეორე საინტერესო საკითხია. იმიტომ, რომ, კიდევ ერთხელ, ჩვენ ვუყურებდით ტყუილს თუ სიმართლეს. რადგან ხანდახან ამ დეფინიციებში იკარგება ის მარტივი ჭეშმარიტებები, სადაც არის ჟურნალისტიკა და პროპაგანდა.

და რამდენად გასაგები და ზუსტია თქვენი მედიამონიტორინგი?

არა, ზუსტი არ არის. ჩვენ სიზუსტე ხომ არ გვინდა იმ კუთხით, რომ ჩვენ არ ვართ მედიამონიტორინგის ორგანიზაცია.

ჩვენ გვინდა ადამიანს ადამიანურად ავუხსნათ, რომ რაც ხდება, არანორმალურა, ამის უკან ციფრები დგას და ეს არანორმალურობა ხანდახან ლამაზ-ლამაზ სიტყვებში იფუთება. მაგალითად, “კრიტიკულ მედიაში” იფუთება “მე შენ გაგინებ და ჩუმად იყავი და ხმა არ გამცე, რადგან თმენის ვალდებულება გაქვს”, ამას რომ ფუთავენ ბრჭყვიალა ქაღალდებში, ამის თქმა გვინდოდა,რომ, ხალხო, ეს არ არის ბრჭყვიალა ქაღალდი.

როდესაც ჟურნალისტი გაგინებს, ის ჟურნალისტი აღარ არის და არანაირი თმენის ვალდებულება არ გაქვს. ეს ისეთი მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ამას მეთოდოლოგია არ სჭირდება.

რადგან წარადგინეთ ეს დოკუმენტი, როგორც მედიამონიტორინგის ანგარიში და თქვით, რომ კონკრეტული, განსაზღვრული მეთოდოლოგიით აკვირდებოდით ამ სამ ტელევიზიას და იკვლევდით დეზინფორმაციას, მანიპულაციას და სიძულვილის ენას, მაგიტომ ჩაგეკთხეთ, როგორ ხდებოდა, სპეციალისტები თუ იყვნენ ჩართული. ვინ იყო ამ პროცესში ჩართული?

ჩვენი შიდა რესურსი, ვინც ჩვენს მედიამონიტორინგის საკითხებში გვყავს ჩართული. სახელებს და გვარებს რა მნიშვნელობა აქვს?

სახელებსა და გვარებს არ გეკითხებით, კვალიფიციურობას ვგულისხმობ.

ჩვენი შიდა, სუბიექტური, პარტიული, მიკერძოებული (იცინის), რა მნიშვნელობა აქვს?! სპეციალისტები ჩვენთან იმდენ სფეროში ჭირს…

ეს სამი არხი რატომ შეარჩიეთ?

იმიტომ, რომ ეს სამი არხი ჩვენ წინააღმდეგ პროპაგანდას ეწეოდა. ერთია აღქმა (და მე მაგ ამბავშიც გამოვირჩევი ხოლმე, რომ ეს აღქმები არ მიყვარს, მიყვარს, რომ ცოტა ფაქტებიც იყოს). და თუკი გვაქვს აღქმა, რომ ეს სამი არხი პროპაგანდისტულ ომს ეწევა ჩვენ წინააღმდეგ და ვეუბნებით, პარტიული ტელევიზია ხართო, ეს მხოლოდ სიტყვებია რომელსაც, თავისთავად, შიეძლება, ძალა არ ჰქონდეს რადგან ეს პოლიტიკური შეფასებაა.

ჩვენი ამოცანა იყო, შეგვესწავლა და გვეჩვენებინა, რამდენად მათემატიკურად თუ ფაქტობრივად დასტუდება ის, რაც იყო და არის აღქმა და ეს ფაქტები დაგვედო.

მედიამონიტორინგს აკეთებენ სანდო, მიუკერძოებელი არასამთავრობო ორგანიზაციები. ასევე, კომუნიკაციების კომისია. მათ ზუსტად აქვთ გაწერილი თვისობრივი და რაოდენობრივი დაკვირვების მეთოდოლოგია, რას როგორ ითვლის: პირდაპრი გაშუქებაა, ირიბია, ტონი ნეგატიურია, დადებითია, ნეიტრალურია...

აი, მაგიტომ არის, მაგ მონიტორინგის შედეგები ხომ არის ხოლმე ნული?!

ასე ფიქრობთ?

კი, იმიტომ რომ, ეგ მონიტორინგები, ხომ ხედავთ და აღვიქვამთ...

მაგრამ, ეს მონიტორინგები არის დამოუკიდებელი. თქვენ წეღან თავადვე ახსენეთ, რომ თქვენი სუბიექტურია...

კი, და რა პრობლემაა?

ის პრობლემაა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომ მხოლოდ სამ არხს აკვირდებოდით და ბრიფინგზე თქვით, რომ ეს ტელევიზიები ავრცელებენ დეზინფორმაციას, გატყუებენ, ზიზღის ენით გესაუბრებიან… ისევ პოლარიზებას ვუბრუნდები, ეს არ აღრმავებს პოლარიზებას?

რატომ აღრმავებს? სიმართლე?

რას გულისხმობთ, სიმართლეო, რომ მეუბნებით?

როდესაც არის სიუჟეტი სადაც ამბობენ ტყუილს და მე რომ ვიტყვი, ეს არის ტყუილი, ეს არის სიმართლე.

თქვენ მხოლოდ ერთ მხარეს აკვირდებოდით, კონკრეტულ ტელევიზიებს.

კი, ჩვენ მედიამონიტორინგის ორგანიზაცია ხომ არ ვართ?!

ანუ თქვენი განზრახვა რაც იყო, ის აჩვენეთ?

ჩვენი მიზანი იყო მარტივი. გვემხილებინა ჩვენ წინააღმდეგ მიმდინარე პროპაგანდა.

კიდევ ერთს გკითხავთ და ამ მედიამონიტორინგზე დავასრულებ. თქვენ მაშინ ამბობდით, რომ ეს ტელევიზიები ცალმხრივ ინფორმაციას გვაწვდიან. ამ დროს, თქვენ თვითონ ამბობთ უარს ამ ტელევიზიებში მისვლაზე და არ აძლევთ საშუალებას, რომ ორმხრივად, მრავალმხრივად გააშუქონ ამბავი.

აი, ამიტომ ვთქვი თავიდან, რომ დეფინიციებს დიდი მნიშვნელობა აქვს...

კი ბატონო, თქვენ ისიც თქვით, „ესენი მედიები არ არიანო“ მაგრამ, როგორც მედიებს, ისე აკვირდებოდით და მედიამონიტორინგს ატარებდით.

აი, ამიტომ აღარ ვიყენებ ტერმინ „მედიას“ და ვიყენებ „ჟურნალისტიკას“. მედია არის ყველაფერი, მაგრამ ჟურნალისტიკა აღარ არის. თორემ მედია არის რუსეთის პირველი არხიც და „გირჩის“ ტელევიზიაც. ჟურნალისტიკა აღარ არის, პროპაგანდაა.

ეხლა რაც შეეხება რატომ არ მივდივართ თუ მივდივართ ამ ტელევიზიებში. ეს ხომ პიარ-ტაქტიკული გადაწყვეტილებაა?! თუკი ვთანხმდებით, რომ ტელევიზია X არის პროპაგანდისტული უჯრედი, მაშინ მისი ამოცანაა, რომ მაყურებელს დაანახოს სამყარო ისე, როგორიც მას უნდა - ეს არის პროპაგანდის მიზანი. ამას ჩვენ ვხედავთ, ვიცით, ვაცნობიერებთ და ცუდია. ჩვენ არ გვინდა, რომ იმ მაყურებელმა სამყარო მხოლოდ იქიდან დაინახოს.

რა არის აქედან გამოსავალი? ვამბობთ, რომ მოდი, მივალთ იქ [ტელევიზიაში] რომ არ დავანახოთ ხალხს სამყარო მხოლოდ ცალი მხრიდან. კი, ესეც არის გამოსავალი და მაგიტომაც მივედით რამდენიმე გადაცემაში და მერე თვითონ აღარ დაგვპატიჟეს.

ეს მედიები ამბობენ, რომ გიწვეევენ და არ მიდიხართ.

ჩაწყდა ხიდი, კვლავ დაიწვა. შეხედეთ უკვე სუფთა პიარული ან ტაქტიკური კუთხით.

მოკლედ, სამყაროს ჩემი თვალით უნდა შეხედოთ და დაინახავთ, რომ თუკი ეს არის პროპაგანდისტული უჯრედი, მაშინ ჩემი მიზანი და ინტერესია, მივიდე და დავურღვიო პროპაგანდა. მაგრამ, ამავე დროს, ვიცი, რომ აქ რისკია. მე რომ იქ მივალ, ხომ ვიცი მისი ამოცანაა, ცუდი მხრიდან მაჩვენოს? კი არ გვეშინია, რომ მივალთ, „შეგვჭამენ“ და სათქმელს ვერ ვიტყვით. მაგრამ, ამავე დროს ხვდები, რომ იქ რომ მიდიხარ…

არაკომფორტული გარემო დაგხვდებათ?

კომფომფორტულზე არაა. არაკომფორტული ყველგანაა. ჟურნალისტები კომენტარს ხომ გვართმევენ, იქაც არაკომფორტულია, ხომ?

მედიის როლზე, მედიის დანიშნულებაზე როცა ვსაუბრობდთ, მედიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი ხომ არის, რომ იყოს ე.წ. watchdog, ანუ რომ ხელისუფლება აკონტროლოს, იყოს კრიტიკული, მათ შორის, ხელისუფლების მიმართ?

არ ვიცი, უნდა იყოს?

არ უნდა იყოს მედია კრიტიკული ხელისუფლების მიმართ?

არა.

რატომ ამბობთ ამას?

იმიტომ, ზოგადად, სამყაროს მიმართ უნდა იყოს კრიტიკული. ხელისუფლების მიმართაც, ოპოზიციის მიმართაც, სკოლის მიმართაც… რატომ უნდა იყოს თვითმიზანი, მაინც და მაინც [ხელისუფლების კრიტიკა]?

თვითმიზანი არა, ეს ჟურნალისტიკის დანიშნულებაა.

წეღან სხვა რამ მითხარით, ინფორმაციის მიწოდებაო. ამიტომ გკითხეთ დეფინიციაზე.

ანუ არ მეთანხმებით, რომ ჟურნალისტის ფუნქცია არის ისიც, რომ იყოს კრიტიკული ხელისუფლების მიმართ, რომ მისმა აუდიტორიამ შეძლოს ინფორმირებული არჩევანის გაკეთება?

იყოს კრიტიკული ხელისუფლების მიმართა-ც. მანდ უკვე გავწყვიტეთ ლოგიკური ჯაჭვი. მაგიტომ გკითხეთ, რა არის ჟურნალისტიკის დეფინიცია. ერთ-ერთ ამოცანასა და თვითმიზანს შორის უნდა იყოს სხვაობა.

კი ბატონო. მითხარით, რომ იქ [ოპოზიციურ ტელევიზიებში] იმიტომ არ მიდიხართ, რომ ისეთი გარემო დაგხვდებათ, როგორიც არის. მაგრამ მიდიხართ მეორე მხარეს, ისეთ ტელევიზიებში, სადაც გხვდებათ კომფორტული გარემო და სადაც თქვენ მიმართ არ ისმის კრიტიკული კითხვები.

კომფორტულ გარემოში ყოველთვის უფრო კომფორტულია ყოფნა, ნამდვილად.

მაგრამ, საქმე იმაში ხომ არ არის, რომ არაკომფორტულს ვერიდებით?

თუ ვიცით, რომ ეს გარემო არის პროპაგანდა, ის ხომ არ დაუშვებს, რომ მისმა მომხმარებელმა სამყარო დაინახოს ჩემი თვალებით. ეს მის მიზანს ეწინააღმდეგება. ამიტომ, როცა მიდიხარ, ასე ვთქვათ, პროპაგანდის გულში, ეს რისკი ყოველთვის გაქვს. მას ხომ იქ იმიტომ მიჰყავხარ, რომ პროპაგანდის ნაწილი გახდე, გამოგიყენოს თავისი პროპაგანდისტული მიზნებისთვის?!

მეორე მხარეს, სადაც მიდიხართ?

და რა? იქ კომფორტულ გარემოში ვართ და იქ ეს რისკები არ გვაქვს.

წეღან ისიც მითხარით, რომ ჩვენ არ გვეშინია კრიტიკული კითხვებისო.

კრიტიკულის არ გვეშინია. მაგიტომ ვამბობ, ჟურნალისტიკასა და პროპაგანდას შორის…

და თქვენი ანგარიშვალდებულება, რომ იმ აუდიტორიასაც ესაუბროთ? ისინიც ხომ არიან თქვენი ამომრჩევლები?

ეგ არის ზუსტად ერთადერთი მიზეზი, რატომაც ყოველ ჯერზე, ბოიკოტების მერე ვამბობთ, რომ მაინც მივდივართ, იმიტომ, რომ იქ არის მოქალაქე, რომელსაც ჩვენი აზრი უნდა გავაგონოთ. ყოველ ჯერზე ხან ბოიკოტი იყო, ხან დავიწყეთ სიარული. ივნისში ხომ მივედით? რატომ? იმიტომ, რომ ვიცით, რომ პროპაგანდაა, მაგრამ მაინც გვინდა მივიდეთ იმ მაყურებლამდე, მიუხედავად იმისა, რომ პროპაგანდაა. მაგრამ ურთიერთობის ეს ფორმატები, მათ შორის, უხამსობა. რთულია...

ბევრჯერ ახსენეთ უხამსობა, რეგულირება... გადავიდეთ შემდეგ თემაზე. მინდა, რომ დღევანდელ კანონმდებლობაზე ვისაუბროთ. რას ფიქრობთ, როგორი კანონმდებლობა გვაქვს?

არ უნდა გადავხტეთ, უნდა გადავიდეთ ამ საკითხზე. იმისთვის, რომ გადავიდეთ, უნდა შევთანხმდეთ სრულდება თუ არა ჟურნალისტური ამოცანები.

მე გეკითხებით დღევანდელ კანონმდებლობაზე.

როცა ვსაუბრობთ პროპაგანდაზე, რაზე ვსაუბრობთ? ორი პრობლემაა, რაც შეიძლება იყოს მედიაში - ყალბი ინფორმაცია და უხამსობა. ახლა საქმე ისაა, რეგულირება საკმარისი არის თუ არა.



ინტერვიუს მეორე ნაწილში შალვა პაპუაშვილთან ვსაუბრობთ ხელისუფლების გზავნილებზე მედიის რეგულირებასთან დაკავშირებით, რომლებსაც მედიაექსპერტები და ამ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციები სიტყვის და გამოხატვის თავისუფლბეის შეზღუდვის საფრთხედ და მედიის დაშინების მცდელობად აფასებენ.

თეგები : თვითრეგულირება;
ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ