რით ჰგავს "ოცნების" პროპაგანდისტული გზავნილები კრემლის ტაქტიკებს — ინტერვიუ ირინე კურტანიძესთან
16.03.2023
საქართველოს ხელისუფლებამ, ბოლო დროს, ღიად ანტიდასავლური საკომუნიკაციო სტრატეგია აირჩია.

რა პრობლემებს იწვევს ეს?
  • ქვეყნის გარეთ აზიანებს საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის იმიჯს, რაც შემაფერხებელი ფაქტორია ევროინტეგრაციის პროცესში;
  • ქვეყნის შიგნით კი, ზრდის პოლარიზებას და ძალადობისკენ აქეზებს რადიკალურ ჯგუფებს — "ოცნების" ლიდერების სიძულვილის შემცველი განცხადებების გაკეთებისთანავე, მოძალადე ჯგუფებმა პარლამენტის შენობის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დემონსტრაციულად დაწვეს. ძალადობრივი "ალტ ინფო" ფიზიკურად გაუსწორდა ჟურნალისტ ნატო გოგელიას ოზურგეთში, და მანამდე, თბილისში, ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ ორგანიზაცია BGI-ის ოფისს.
განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ:
მმართველი პარტიის ლექსიკაში, პოლიტიკური, თუ საზოგადოებრივი ჯგუფების მარგინალიზების მიზნით, გაჩნდა ფრაზები:
  • "ფაშისტები";
  • "ეკლესიის მაგინებლები";
  • "ელგებეტე" პროპაგანდის გამავრცელებლები" — "რაც, არსებითად, რუსული პროპაგანდისტული ლექსიკაა, რომელსაც კრემლი უკრაინის წინააღმდეგ იყენებს", — გვითხრა ირინე კურტანიძემ, რომელიც წლებია, საარჩევნო ტექნოლოგიებსა და პოლიტიკურ კომუნიკაციებს იკვლევს.
კურტანიძეს, ამ ინტერვიუში მოჰყავს კონკრეტული მაგალითები, რომელიც მიუთითებს, რამდენად ახლოს არის "ოცნების" პროპაგანდისტული ენა რუსულ პროპაგანდისტულ ტაქტიკებთან.

მოკლედ, ირინე კურტანიძის შესახებ:
  • პოლიტიკური კომუნიკაციისა და საარჩევნო კამპანიების დაგეგმვის კონსულტანტი და ანალიტიკოსი.
  • იკვლევს ეკონომიკური, თუ სხვა ფაქტორების შესაძლო გავლენას ელექტორალურ არჩევანზე.
  • არის კავკასიის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის, ასევე, სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი.
  • და კომუნიკაციის ოფიცერი ორგანიზაციაში — "აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)".

მედიაჩეკერი: რას გვეუბნება რუსული კანონის ჩაგდების შემდეგ, ხელისუფლების ახალი საკომუნიკაციო სტრატეგია?

ირინე კურტანიძე: პოლიტიკურ კომუნიკაციებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა სტრატეგიული ნარატივის (*პოლიტიკური და პროპაგანდისტული გზავნილების ერთობლიობა, საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მიზნით) შექმნა.

ამ მხრივ, გასულ წლებში, პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტებისთვის წარმატებით იყენებდნენ ფრაზას: "სისხლიანი ცხრა წელი", როგორც "ფაშისტების" ერთგვარ "ეკვივალენტს", თუმცა, ახლა "ოცნების" ლიდერები პირდაპირ ამკვიდრებენ ამ სიტყვას და ნათლად ჩანს, რომ მიზანია არამხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების, არამედ, საზოგადოებრივი ჯგუფების მარგინალიზებაც.

სტრატეგიული ნარატივის გასავრცელებლად კი, იყენებენ როგორც მაღალი თანამდებობის პირებს, ასევე, სხვადასხვა აქტორებს, და მათ შორის, ექსპერტებად, ან მედიაპერსონებად ცნობილ მათთან აფილირებულ პირებს. "ოცნებამ", ეს სიტყვა პირდაპირ გადმოიტანა რუსული პროპაგანდიდან.

მედიაჩეკერი: და, რა დატვირთვა აქვს კრემლისთვის "ფაშიზმს", როგორც საინფორმაციო ომის იარაღს?

ირინე კურტანიძე: მეორე მსოფლიო ომში, "ფაშისტურ ტერორსა" და სისასტიკეზე გამარჯვება, რუსეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო მოვლენაა, რაც აძლიერებს მათ იმპერიალისტურ მისწრაფებებს. შესაბამისად, "ფაშისტად" მოხსენება ავტომატურად იწვევს ძლიერ ნეგატიურ ემოციურ რეაქციებს.

კრემლმა, ჯერ კიდევ 2014 წელს, ყირიმის კრიზისის პერიოდში დაიწყო უკრაინელების ფაშისტებად მარგინალიზების კამპანია და ეს ისმოდა ყველა სატელევიზიო გადაცემაში.

ახლაც, უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგაც, ყველა რუსული საინფორმაციო წყაროდან ადამიანებს ესმით უკრაინელების მხოლოდ ერთი შეფასება – "ფაშისტები", სიტყვა, რომელიც რიგითი რუსისთვის მხოლოდ ბოროტებასა და ტერორთან ასოცირდება. ამიტომაც, ამ იარლიყის მიწებებით ცდილობს რუსული პროპაგანდა უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების გამართლებას.

მედიაჩეკერი: რა მიზანს ხედავთ ხელისუფლების ახალ "მესიჯებში", ყველას მიმართ, ვინც მათგან განსხვავებულად ფიქრობს და ქვეყნის პროდასავლური განვითარებისკენ ისწრაფვის?

ირინე კურტანიძე: ესეც რუსული მიდგომის ანალოგია. რუსეთი არ ცდილობს, გააერთიანოს ადამიანები ღირებულებების ირგვლივ, პირიქით — ამის საპირისპიროზე, ადამიანების დემობილიზებისკენაა მოწოდებული, გარკვეული ორგანიზაციებისა და ჯგუფების დეჰუმანიზებისკენ და იმაზე, რომ დათესოს ნიჰილიზმი. რუსეთს სწამს, რომ რაც მეტად ნიჰილისტურია საზოგადოება, მით უფრო მარტივია მათი კონტროლი და სხვადასხვა იდეებით მათზე დომინირება. სწორედ ნიჰილიზმია, რაც ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის დემოკრატიას.


*სარედაქციო ჩანართი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) კონრდაზვერვის ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ "ჰიბრიდული ომის" ინსტრუმენტებს იყენებს, საზოგადოებაში ნიჰილიზმის, პესიმიზმის დათესვის მიზნით, რათა შექმნას დაბრკოლებები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მეტი


ირინე კურტანიძე: ზოგადად, პროპაგანდა, და განსაკუთრებით, რუსული პროპაგანდა, რამდენიმე შრეს მოიცავს და თითოეული შრე არის ძალიან ყურადსაღები:
  • პირველი: რუსული პროპაგანდა არის სიცრუის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც რეალურად, რუსეთის ჰიბრიდულ და საინფორმაციო ომში გამოიყენება, როგორც საბრძოლო ტექნიკა, და ამ მიზნით იყენებს აბსოლუტურად ყველა საკომუნიკაციო არხს, რაზეც ხელი მიუწვდება.
ჩვენ, ბოლო პერიოდში ხშირად ვსაუბრობთ ბოტებსა და ტროლებზე, ასევე, გაყალბებულ ისტორიებსა და ამბებზე, რომელიც უხვად არის სატელევიზიო და ონლაინ-სივრცეშიც. საუბარია იმდენად მცდარ ცნობებზე, რომელზეც, ვერც კი იფიქრებ, რომ შესაძლოა, ვინმემ დაიჯეროს, მაგრამ რუსეთის მიზანი არ არის, რომ მაინცდამაინც დაგარწმუნოს რამეში, მიზანია არა საზოგადოების დარწმუნება, არამედ ის, რომ ინფორმაცია იყოს რაც შეიძლება კონსპირაციული, რომ ვეღარ ვარჩევდეთ რეალობას კონსპირაციებისგან.
  • მეორე: რუსეთი არათანმიმდევრულია პროპაგანდისტულ მესიჯებში, და თანაც, იმდენად, რომ ეს არათანმიმდევრულობა კიდევ უფრო გაბნევს, რაც მათ შორის, გამოჩნდა უკრაინაში ომის პროპაგანდის არეულ მესიჯბოქსებში.

* ჩანართი: რუსეთის პროპაგანდისტული გზავნილები უკრაინასთან ომის პერიოდში, ყოველ ახალ წარუმატებლობასთან ერთად იცვლება. დღეს, პუტინი და მისი პროპაგანდის გამტარები, უკვე "დასავლეთთან, ნატოსთან და სატანიზმთან" ომზე საუბრობენ.
როგორ იცვლებოდა რუსეთის პროპაგანდისტული გზავნილები უკრაინასთან ომში / ვიდეო: პროექტი 64



პარალელი: საგულისხმოა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 7-8 მარტის აქციის მონაწილეთა დისკრედიტების მიზნით თქვა, თითქოს, აქციის რამდენიმე ახალგაზრდა მონაწილეს სატანისტების ფორმა ეცვა.

ირინე კურტანიძე:
  • მესამე: კვლევების მიხედვით, ერთი კონკრეტული "მესიჯი" რომ მისწვდეს აუდიტორიას, ადამიანმა 8-ჯერ მაინც უნდა მოისმინოს, რომ დაიმახსოვროს მისმა გონებამ.
ჩვენ ვიცით, რომ რუსული პროპაგანდისტული მანქანა ამ მიმართულებით ძალიან კარგად მუშაობს, და თუ დააკვირდებით "ქართულ ოცნებას", ძალიან მსგავსია მათი მიდგომაც. ახლაც გვაქვს ამისი ნათელი მაგალითი, როდესაც ვნახეთ, რა თქვა პარტიის თავმჯდომარე კობახიძემ და როგორ გაიმეორა შემდეგ ეს გზავნილები პრემიერმა ღარიბაშვილმა და ზუსტად იმავეს იმეორებენ უმრავლესობის დეპუტატებიც, რომ მივიდეს ეს მესიჯები ადამიანამდე და დაიმახსოვრონ, დაილექოს მათ გონებაში.

და როცა რაიმეს იმახსოვრებ, მერე უკვე შეიძლება "დაიკარგო" ამდენ ინფორმაციაში, იფიქრებ იმაზეც, რომ შეიძლება მართალია რაც თქვეს, ან შეიძლება ტყუილია, მაგრამ, რაც მთავარია, გამახსოვრდება. მიზანიც ზუსტად ეს არის: დარწმუნება, დაბნეულობა და რაც მთავარია, გადაღალა. აი, ამ თანათანმიმდევრულობაში სწორედ ეს არის მთავარი, რომ შენ გადაიღალო ამ ინფორმაციით და ეს შობს შემდეგ ნიჰილიზმს — აბსურდისაგან გადაღლა.

მედიაჩეკერი: რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს "ოცნების" ღიად ანტიდასავლური საკომუნიკაციო ენა ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა არაერთხელ დაადასტურა ევროატლანტიკური არჩევანი?

ირინე კურტანიძე: ამის ანალიზი მარტივია, თუ ისევ გადავხედავთ რუსეთის მიდგომებს, როგორ ცდილობდა უკრაინის საგარეო კურსის ცვლილებას ხელისუფლებაში პრორუსი იანუკოვიჩის ყოფნისას.

დეზინფორმაციული კამპანიებით, რუსეთი დილობდა ევრომაიდნის შინაარსის იმგვარ ინტერპრეტირებას, რომ იანუკოვიჩისთვის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი წარმოეჩინათ, როგორც დასავლეთის მცდელობა, წაერთვა ძალაუფლება დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებისთვის.


*ჩანართი: 2013 წელს, უკრაინის იმდროინდელმა პრორუსმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა თქვა, რომ აჩერებს მზადებას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დასადებად. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ, უკრაინის ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად,მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. დემონსტრანტები კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე და ევროპის მოედანზე იკრიბებოდნენ. ხელისუფლება მათ "ბერკუტისა" და "ტიტუშკების" (*ოპოზიციის დისკრედიტაციაზე ორიენტირებული დაქირავებული ძალადობრივი ჯგუფები) დახმარებით უპირისპირდებოდა.


ყოველი ასეთი შემთხვევისას, რუსული პროპაგანდის მიზანია, დასავლეთს გადააბრალოს საკუთარი, ღიად განცხადებული ზრახვები, აღიდგინოს დომინაცია რეგიონსა და პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, ამისთვის კი მათი იარაღი დასავლეთისა და დემოკრატიული ინსტიტუტების დისკრედიტებაა.

ამ თვალსაზრისით, საქართველოსთან პარალელებს ვხედავ იმაში, რომ როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოდის "იმედის" ეთერში და ამბობს, ევროკავშირმა თავის თავს მიხედოსო, მოსალოდნელია, რომ ნარატიულად, ცოტა ხანში ეს ტერმინოლოგია გადაეწყოს ზუსტად ისევე, როგორც უკრაინაში იანუკოვიჩის მმართველობისას და თქვან: ჩვენ ვართ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება და დასავლეთი ცდილობს, წაგვართვას ეს ძალაუფლებაო.

მედიაჩეკერი: რომ მივუბრუნდეთ "ოცნების" საინფორმაციო ნარატივს, ის ორი მიმართულებით მუშაობს, ერთია მათი შეხედულებებისგან განსხვავებული ადამიანების დემონიზების კამპანიები და მეორე — ცდილობენ, შექმნან წარმოდგენა, რომ ქვეყანა ვითარდება და ამისთვის იყენებენ დაქვემდებარებულ მედიებს, რომელთა საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამები სრულიად დაცლილია ხელისუფლების კრიტიკისაგან. ხელისუფლება ამაყობს ეკონომიკური პარამეტრებითაც. თქვენ იკვლევთ ეკონომიკური ფაქტორების ელექტორალურ გავლენას. როგორ გაანალიზებთ ამ მოცემულობას?

ირინე კურტანიძე: ამასაც თავისი მიზანი აქვს, "ოცნების" პიარ-მანქანა ცდილობს სტაბილურობის სიმულაციას, ადამიანებში ფსევდო-სტაბილურობის განცდის დამკვიდრებას იმის მიუხედავად, რომ რეალურად, არაფერია სტაბილურად, არც პოლიტიკური, არც ეკონომიკური ნიშნით.

ისინი სარგებლობენ იმით, რომ ყოფითი პრობლემებისგან, შრომისგან გადაღლილ ადამიანებს აღარ რჩებათ იმდენი რესურსი, ჩაეძიონ და გააანალიზონ ინფორმაცია, რადგან სამსახურის შემდეგ დაღლილი ბრუნდება სახლში, უნდა მიხედოს ოჯახს, და ასე შემდეგ. ამიტომ, მასთან ინფორმაცია მიდის გაფილტრულად, ზედაპირულად და ასე ილექება მის გონებაში.

როდესაც ყველა სამთავრობო პროპაგანდისტული არხიდან გეუბნებიან, ეკონომიკური პარამეტრებით ყველაფერი რიგზე გვაქვსო, ეს ინფორმაციული მანიპულაციის ნაწილია, რომ შენ გაგიჩნდეს ეჭვები და იფიქრო, იქნებ ქვეყანა წინ მიდის და ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ეს მე ვხარჯავ უფრო მეტს, ან უფრო არამიზნობრივადო.

ამიტომაც შემოდის "ქართული ოცნების" ნარატივში მტკიცება, თითქოს სულ უფრო უმჯობესდება ქვეყნის ეკონომიკური ფაქტორები, რომ აქაც აგირიოს ფოკუსი, რომ ვეღარ ხვდებოდე, პირადად შენი მდგომარეობაა გაუარესებული და ზოგადი — გაუმჯობესებული? მაგრამ "ოცნება" უნდა ითვალისწინებდეს, რომ ყველა კვლევით, ჩვენ არა "ეგოტროპული" (*ქვეყნის ეკონომიკური რეალობის აღქმა მხოლოდ საკუთარ მაგალითზე), არამედ "სოციოტროპული" საზოგადოება ვართ, ვისთვისაც საზომია არამხოლოდ საკუთარი, არამედ საზოგადო ეკონომიკური ფონი, რაც ნათლად ჩანს ქუჩებში, ავტობუსებში, მეტროში, რეალური ადამიანების რეალური მდგომარეობით.

მედიაჩეკერი: რაც შეეხება რუსული შინაარსის კანონს, მთავრობის საკომუნიკაციო ენა მტკიცედ მიანიშნებს იმაზე, რომ კანონპროექტის გამოწვევის მიუხედავად, არ აპირებენ მასზე საბოლოოდ უარის თქმას. როგორ უყურებთ საინფორმაციო კამპანიის ამ ნაწილს, რომელიც ნათლად არის გამოკვეთილი სამთავრობო ტელევიზიებსა და ინტერნეტრესურსებში?

ირინე კურტანიძე: აუცილებლად გააგრძელებდნენ პროპაგანდას, ამ კანონპროექტის ირგვლივ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის, ოღონდ, ველოდები, რომ შეუცვლიან სახელწოდებას და შეეცდებიან თავიდან დააინიცირონ.

მაგრამ ეს რომ მოხდეს, სჭირდებათ ხალხის მხარდაჭერა, რომ თუნდაც, საერთაშორისო პარტნიორებთან ეთქმოდეთ, დემოკრატიულად მიღებულია ეს კანონი, ხალხს ასე უნდაო.

ამისთვის კი, პირველ ნაბიჯებს იმ გზავნილებში ვხედავთ, რომელიც დამოუკიდებელი მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოებაში ზიზღის გაღვივებას ემსახურება, ყველაფერთან ერთად, ეს "მესიჯები" დატვირთულია ჰომოფობიითაც.

მოდით, ამ შემთხვევაშიც რუსეთის მაგალითს გადავხედოთ:
  • 2006 წელს, პუტინის ადმინისტრაციამ მიიღო ე.წ. "არასამთავრობოების კანონი", რომლითაც გაზარდა ამ სექტორზე რეგულირება, მაგრამ რომ შევაფასოთ 2006 წლისთვის რუსეთში არსებული საზოგადოებრივი განწყობები არასამთავრობო სექტორის მიმართ, ვნახავთ, რომ მათ მიმართ მხარდაჭერა იყო საკმაოდ მაღალი, 60 პროცენტამდე.
  • აქედან ექვს წელიწადში, 2012 წელს კი მიიღეს ის კანონი, რომლის ანალოგიც "ოცნებამ" და "ხალხის ძალამ" შემოგვთავაზა.
მაგრამ ეს გააკეთა პუტინმა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პროპაგანდისტული მანქანის ჩართულობით, ამ სექტორის მეტად დემონიზებით, ადამიანების დეჰუმანიზების მცდელობის ხარჯზე, მიაღწიეს იმას, რომ არასამთავრობო სექტორის მიმართ ნდობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად დაწიეს და ნაკლები წინააღმდეგობა შეხვდათ. სწორედ ამის მცდელობას ვხედავთ ახლა ღიად, საქართველოში, მმართველი პარტიის მხრიდან.
  • მაგრამ არც აქ გაჩერდა კრემლი და 2013 წელს კიდევ დამატებით მიიღეს ახალი კანონი, რომელიც "LGBTQ პროპაგანდას" ეწინააღმდეგება — ანუ, ყველანაირი საქმიანობა შეეზღუდა იმ არასამთავრობო ჯგუფებსა და აქტივისტებს, ვინც ყველაზე ჩაგრული ჯგუფების უფლებებისთვის იბრძოდნენ.
რაც შეეხება საქართველოს: უნდა ვთქვათ, რომ არასამთავრობო სექტორის დემონიზების კამპანია არასდროს ყოფილა ხელისუფლების ამდენად გაცხადებული მიზანი, თუმცა, არც მხოლოდ "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში დაწყებულა ეს კამპანია და ასეთ სიმპტომებს ვხედავდით მანამდეც, როდესაც ცდილობდნენ, ამ სექტორში მომუშავე ადამიანებს მარგინალიზებას.

ამას ემსახურებოდა თუნდაც, ტერმინი "სოროსელები", რომელიც წლებია, მკვიდრდება უარყოფითი კონოტაციით, და ხომ ვიცით, რომ არც ეს სიტყვა "შემოსულა" თავისით, გადმოღებულია პირდაპირ რუსეთიდან და რუსეთის ძალისხმევითვე გავრცელდა სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის, უნგრეთშიც.

ისევ რომ მივუბრუნდეთ საქართველოში ინიციირებულ რუსული შინაარსის კანონს, საქართველოსა და რუსეთის მსგავსად, ჰომოფობიური და არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციის კამპანია უძღოდა ამგვარი კანონის მიღებას ყირგიზეთშიც, თუმცა, იქ კანონპროექტი ჩავარდა, რადგან თავად საპარლამენტო უმრავლესობამ არ დაუჭირა მას მხარი.


*ჩანართი: "ყირგიზეთმა უნდა დაიცვას თავი არაბი ისლამისტებისა და გეი-მოყვარული ამერიკელებისგან", — ამბობდნენ რუსული კანონის ანალოგიური კანონპროექტის მხარდამჭერები ყირგიზეთში, 2014 წელს. რუსეთის მსგავსად, ეს კანონი მიზნად ისახავდა არასამთავრობო სექტორისა და აქტივისტების "უცხო აგენტებად" გამოცხადებას. კანონპროექტის კრიტიკოსები მიიჩნევდნენ, რომ ამით ყირგიზეთის კანონმდებლებს სურდათ, თავი მოეწონებინათ მოსკოვისთვის, ყირგიზეთში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვით.


ირინე კურტანიძე: მნიშვნელოვანია, რომ სულ ვიაზრებდეთ საფრთხეებს და ის დღეს ასეთია: მოცემულობაა, რომ "ქართული ოცნება", რეალურად გვართმევს ევროპულ მომავალს, კი ცდილობენ ამის საპირისპირო ნარატივი შექმნას, მაგრამ როდესაც ყველა ევროპარლამენტარი ღიად აფიქსირებს მთავრობის ანტიევროპულ გზავნილებსა და ქმედებებს, რაც გამოხატულია ვერბალურად, თუ საკანონმდებლო წინადადებებში, არავინ მოგვცემს კანდიდატის სტატუსს და თუ ასე გააგრძელებენ, რეალური იქნება, დავკარგოთ უვიზო მიმოსვლა.

ყველაფრის მიუხედავად, რაც არ უნდა ეცადოს პროდასავლური მოძრაობების დისკრედიტებას "ოცნება", ხალხს ევროკავშირი უნდა და ამას ვერაფერი შეცვლის.

საქართველო აღარასდროს გახდება რუსეთი, ხალხი შეაკვდება ამ იდეას. თან გვახსოვდეს, არავინ დათმობს მართლა სისხლით მოპოვებულ თავისუფლებას და ეს კანონი, თავისი არსით არის ზუსტად იმაზე დარტყმა, რომ შეზღუდონ თავისუფლება.


კონტექსტი
  • 7-8 მარტს, რუსთაველის გამზირზე მთავრობამ ორჯერ დაარბია მასობრივი საპროტესტო აქცია;
  • 10 მარტს, საპარლამენტო უმრავლესობამ — "ქართულმა ოცნებამ" და ღიად ანტიდასავლურმა "ხალხის ძალამ", რუსული შინაარსის კანონი ჩააგდო, მაგრამ იმავდროულად, წინ წამოწიეს რუსული პროპაგანდისთვის დამახასიათებელი მიდგომები, რომლითაც ახლა, აქციის რიგითი მონაწილეების, სტუდენტებისა და სხვა ჯგუფების დისკრედიტებას ცდილობენ.
  • განაცხადეს, რომ შეეცდებიან საზოგადოების დარწმუნებას, თითქოს, კანონპროექტი, რომელიც დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო სექტორის დემონიზებას გულისხმობს, სასიკეთოა. ამისთვის იყენებენ პროპაგანდისტულ სამთავრობო მედიარესურსებს, სადაც წამყვანები, ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის კრიტიკისაგან დაცლილ გარემოს ქმნიან.



ავტორი : გიორგი გიორგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ