„ბალდის გადაცემის ინერცია“ - „ბუნების კანონის“ ავტორი აჭარის ტელევიზიაში აღარ მუშაობს
24.02.2025


გადაცემა „ბუნების კანონის“ ავტორი ირაკლი მსხილაძე ორი კვირაა საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიის“ თანამშრომელი აღარ არის. მსხილაძე „აჭარის ტელევიზიაში“ 2008 წლიდან მუშაობდა, „ბუნების კანონი“ კი ტელევიზიის ეთერში 10 წელი გადიოდა. 

„გადაცემა გაჩერდება, თუ ფორმატი არ შეიცვლება“, - ირაკლი მსხილაძეს „აჭარის ტელევიზიის“ მენეჯმეტმა „ბუნების კანონის“ ფორმატის შეცვლა ნოემბერსა და დეკემბერში ორჯერ სთხოვა. მსხილაძის თქმით, გადაცემის „უვარგისობაზე“ საუბარი ბალდის კანიონის შესახებ მომზადებული ეპიზოდის - „როლერის ატრაქცია“ ტელევიზიის ვებგვერდიდან და იუთუბ არხიდან წაშლის შემდეგ დაიწყო. „როლერის ატრაქციის“ ეთერში გასვლიდან, თითქმის 1 წლის შემდეგ კი გადაცემა დაიხურა. 

როგორ ვითარდებოდა მოვლენები და რა გახდა „აჭარის ტელევიზიის“ დატოვების მიზეზი წაიკითხეთ ირაკლი მსხილაძესთან „მედიაჩეკერის“ ინტერვიუში. 


ირაკლი, რატომ შემოგთავაზა საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიის“ მენეჯმენტმა გადაცემის ფორმატის შეცვლა? 

- ფორმატის ცვლილება იყო საბაბი, მთავარი პრობლემა სხვა რამაა. ტელევიზიის მესვეურების მხრიდან გადაცემის უვარგისობაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის 27 თებერვალს, რამდენიმე დღით ადრე ეთერში გასული გადაცემა იუთუბიდან და ტელევიზიის ვებგვერდიდან წაიშალა. ეპიზოდი - „როლერის ატრაქცია“ ბალდის კანიონის გასხვისებას ეხებოდა. ტელევიზიის შიდა მოკვლევას კი უნდა დაედგინა, რა გახდა ვებგვერდიდან ეპიზოდის წაშლის მიზეზი, თუმცა მოკვლევის შედეგი ჩემთვის დღემდე უცნობია.

(სქრინი გადაცემის არქივიდან, სადაც ჩანს, რომ 22 თებერვლის გადაცემა - „როლერის ატრაქცია“ ტელევიზიის ვებგვერდზე არ დევს)

არჩევნებამდე ჩემი გადაცემის შესახებ პრობლემური არაფერი მსმენია. შეიძლება რაღაც შენიშვნები იყო, მაგრამ ის რომ დასახურია, ასეთი ფორმულირებით არაფერი მსმენია. ნოემბრის პირველ რიცხვებში, როცა მმართველი საბჭოს სხდომა გაიმართა, დირექტორმა [ვლადიმერ ტატიშვილი] სწორედ იქ ახსენა, რომ ეს გადაცემა დასახურია. მე ამის შესახებ მმართველი საბჭოს წევრებმა მაცნობეს.

შემდეგ, 20 ნოემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, პირადად შევხვდი დირექტორს. მან დამიდასტურა, რომ გადაცემის დახურვას აპირებდა და უნდა გადამეღო საცდელი ვერსია განახლებული ფორმატით.

რა იგულისხმებოდა განახლებულ ფორმატში?

- საუბრის დროს ასეთ დეტალებში არ შევსულვართ. მე ჩავთვალე, რომ თავად უნდა განმესაზღვრა, რა იქნებოდა განახლებული ფორმატი. შემდეგ, დეკემბრის შუა რიცხვებში, გავიგე, რომ თურმე დედლაინი 31 დეკემბრამდე მქონდა. 

გადაცემა განახლებული ფორმატით - „გამბუზია და ქოლგა სახეობები“, ისე როგორც მე მესახებოდა, ეთერში 26 დეკემბერს გავიდა. დირექტორმა, რომელსაც გადაცემა მმართველი საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა აჩვენა, თქვა, რომ განახლებულ ფორმატში ის წამყვანს გულისხმობდა. [გადაცემას მანამდე წამყვანი არ ჰყავდა]

15 იანვარს კი ჩემმა ხელმძღვანელმა მაცნობა, რომ თუ პილოტს [საცდელი ვერსია] წამყვანის მონაწილეობით დროულად არ მოვამზადებდი, გადაცემა შეჩერდებოდა.

მე ამაზე დავყევი. დავიწყე წამყვანის მოძიება, რომელსაც, როგორც მითხრეს, ხელფასს (ხელზე ასაღები) 1000 ლარს დაუნიშნავდნენ. ოთხი კანდიდატურა შევარჩიე. მათგან ერთმა მზია ამაღლობელის საქმის გამო „აჭარის ტელევიზიასთან“ თანამშრომლობისგან თავი შეიკავა. ერთმა შეთავაზებული თანხის გამო თქვა უარი. ბოლოს, მაინც მოვახერხე ერთი ძველი და ერთი ახალი კადრის დახმარებით, წამყვანის მონაწილეობით გადაცემისთვის ორი რუბრიკა ჩამეწერა. ეს ეთერში არ გასულა, საცდელი გადაცემა იყო, რომელიც დირექტორს მისი მოადგილის შუამდგომლობით გავუგზავნე და მან ეს 30 იანვარს ნახა.

ამ შემთხვევაში მე შემიძლია, ვარაუდი გამოვთქვა (განხილვის პროცესში მონაწილეობა არ მიმიღია, ამ შეხვედრას არ ვესწრებოდი), რომ დირექტორმა მმართველი საბჭოს წევრებს მიანიშნა, უკარნახა ფრაზა, მე როგორც გადმომცეს, „ეგ რა არისო“. ანუ ჩემი ეს საპილოტე ვერსია დაიწუნა.

არ ვიცი, რა არ მოეწონა, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ეს ფორმატის ცვლილება არის საბაბი და პრობლემა ვარ მე. უფრო სწორად პრობლემაა გადაცემის შინაარსი.

ამის შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?

- ის რომ დირექტორს საპილოტე ვერსია არ მოეწონა, 3 თებერვალს გავიგე. მეორე დღეს მივლინება მქონდა დაგეგმილი ლენტეხში და სამივლინებო ფურცელი უნდა დამეწერა. პროდიუსერმა მაცნობა, რომ დირექტორთან იყო გასარკვევი, მივლინება შედგებოდა თუ არა. ანუ მივლინებაში არ მიშვებდნენ. თუ მივლინებაში ვერ წავიდოდი, გადაცემაც ჩავარდებოდა. შემდეგ, მმართველი საბჭოს ერთ-ერთი წევრის ჩარევის შედეგად, როგორც იქნა ჩემი მივლინების ფურცლის შევსება მოხერხდა. სწორედ იმ დღეს გავიგე, რომ თურმე ეს საპილოტე ვერსია არ მოეწონა.

თებერვლის პირველ ხუთშაბათს [6 თებერვალს] ეთერში „ბუნების კანონის“ ბოლო გადაცემა გავიდა. მეორე დღეს, 7 თებერვალს მმართველი საბჭოს წევრსა და დირექტორის მოადგილეს შევხვდი, გაირკვა, რომ თანამშრომლის აყვანასა და ხელფასის გადახდას, ანუ პროექტის ამ მხრივ გაძლიერებას არ აპირებდნენ. ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო. თუ ამ ადამიანს არ აიყვანდნენ, რა მითითებაც მივიღე ის ვერ განხორციელდებოდა.


სხვა სახის შემოთავაზება ხომ არ ყოფილა? 

- როცა მივლინების პრობლემა შემექმნა, პროდიუსერს განუმარტეს, ალბათ, დირექტორის დანაბარები, რომ ჩემი ტელევიზიაში დარჩენის სხვა ვარიანტი არსებობდა. „ბუნების კანონი“ დილის გადაცემის რუბრიკად უნდა გადამეკეთებინა. დამოუკიდებელი გადაცემის რუბრიკად გადაქცევაზე უარი ვთქვი. წლების განმავლობაში დილის გადაცემაში ვმუშაობდი, არაფერი სასირცხვილო ჩემთვის ეს არ იყო, მაგრამ ისინი მიიჩნევდნენ ამას დამცირებად. თან, ჩემი დამოკიდებულებაც შეიცვლებოდა. ყველაფერი ისე მიეწყო ერთმანეთს, რომ ვხვდებოდი, ჩემ მიმართ არამეგობრული დამოკიდებულება ყალიბდებოდა.


რას უკავშირებთ ნოემბრის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს და რა გახდა თქვენი ტელევიზიიდან წამოსვლის მიზეზი?

- მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის ბალდის გადაცემის ინერცია. ბალდის გადაცემის შემდეგ გართულდა ურთიერთობები. არც მოკვლევის ფურცელი ჩამბარებია, სადაც ახსნილი იქნებოდა, თუ რის გამო წაიშალა და ვინ წაშალა 27 თებერვალს გადაცემა, რომელიც ბალდის კანიონს ეხებოდა. შემიძლია ვივარაუდო, რომ აღნიშნული გადაცემა, ეთერში რაც გავიდა, არც უნახავთ. ვებგვერდზე როცა დაიდო, შემდეგ წაშალეს. შეიძლება ტელევიზიის გარედან იყო მითითება. არც ერთი დირექტორის დროს „ბუნების კანონის“ არცერთი გადაცემა, ამ კონკრეტულ შემთხვევამდე, არავის წაუშლია. ამ მენეჯმენტთან შეუძლებელი აღმოჩნდა ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა და შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე 11 თებერვალს ტელევიზია დავტოვე.

„მედიაჩეკერი“ საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორსაც დაუკავშირდა. 

ვლადიმერ ტატიშვილი გადაცემის დახურვას ადასტურებს, რადგან „წავიდა ავტორი“. თუმცა, მისი თქმით, მსგავსი თემატიკის გადაცემაზე მუშაობენ. 

„მედიაჩეკერის“ კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ მიაჩნდა, რომ გადაცემა დასახური იყო, ტატიშვილი ამბობს: „ამ სახით არის გასაჩერებელი-მეთქი…არ შეიძლება, ერთმა ადამიანმა აკეთოს ყველაფერი. იყოს ოპერატორი, პროდიუსერი, რეჟისორი, ყველაფერი, არ შეიძლება. შევთავაზეთ ასე, ისე. ნუ, მოხდა ახლა, არ მინდა შიდა სამზარეულოზე საუბარი. ვერ შეეწყვნენ, თუ ვერ აეწყვნენ, როგორც არის, მე ვთქვი, რომ გადაცემას დავამსგავსოთ, იმიტომ რომ ეს არის რუბრიკა, ეს არ არის გადაცემა. ორი წელია უკვე ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ. სხვა გადაცემებმა ასე თუ ისე რაღაცები შეცვალეს. აქ ნუ არანაირი ძვრა არ იყო. ბოლოს პილოტი უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ ამასაც ვერ მოება თავი და ა.შ. და ა.შ.“

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

linked icon styling WI

ასევე იხილეთ