როგორ გავაშუქოთ ტრაგედია, როცა დაზარალებული ბავშვია - ინტერვიუ მაია ცირამუასთან
11.07.2024
კატეგორია - ინტერვიუ


რუსეთმა რამდენიმე დღის წინ, 8 ივლისს კიევში ბავშვთა საავადმყოფო დაბომბა. უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ჭურვი საავადმყოფოს ონკოლოგიურ და რეანიმაციულ განყოფილებას დაეცა. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანდა შენობიდან ევაკუირებული და დაშავებული ბავშვები. როგორ უნდა გააშუქოს მედიამ ტრაგედია, როცა დაზარალებული ბავშვია, მისი უფლებების დაცვით - ამ თემაზე "მედიაჩეკერთან" ინტერვიუში ბავშვთა ფსიქოლოგმა, მაია ცირამუამ ისაუბრა. 

ცირამუას თქმით, ასეთ დროს, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ე.წ. ტრავმა ინფორმირებული მიდგომების გამოყენება. 



ტრავმა ინფორმირებული ჟურნალისტიკა გულისხმობს ამბის იმის გააზრებით თხრობას, თუ რა ზეგავლენა აქვს მატრავმირებელ მოვლენას მსხვერპლზე, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ იგი რეტრავმატიზაციისგან. 

ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს ბაზისური ცოდნა ფსიქოლოგიური ტრავმის, მისი გამოვლინებების შესახებ და უნდა მოქმედებდეს “არ ავნო”-ს პრინციპით.


მე მესმის, რომ ჟურნალისტისთვის და ზოგადად მთელი სამყაროსთვის აქ შეიძლება სხვა ტიპის დილემა შემოვიდეს. როდესაც ასეთ სისასტიკეზეა ლაპარაკი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ამ სისასტიკის მასშტაბებზე ინფორმაცია. შეიძლება არ აჩვენო ყველა დეტალი, სულის შემძვრელი კადრები, მაგრამ სურათი უნდა ასახო. იყო ასეთი კადრი: გარეთ გამოტანილი გადასხმის ხელსაწყო და ბავშვი დედასთან ერთად. სულის შემძვრელი კადრია და ამავე დროს, ძალიან ინფორმატიული. ეს კადრი სრულად აჩვენებს ზიანის მასშტაბს. 



თუ ბავშვის უფლებების კუთხით შევხედავთ, ცხადია, უმჯობესი იქნებოდა, რომ ბავშვის ფოტო არ ყოფილიყო იდენტიფიცირებადი. როდესაც ამ კადრს ფოტო რეპორტიორი თუ ოპერატორი იღებს, რამდენად ფიქრობს ამ მომენტში ეთიკურ სტანდარტებზე, არ ვიცით და ეს ნამდვილად ის თემაა, სადაც დილემები ჩნდება. 

თანაც, ალბათ თავად რეპორტიორიც სტრესის ქვეშ არის. ამიტომ, როდესაც  ინფორმაციის განთავსება ხდება მედიაში, მაშინ უნდა მოხდეს კადრების სწორად შერჩევა. მე ვფიქრობ, რომ ახლოდან არც ამ ტრაგედიის მონაწილეებისათვის და არც მნახველისთვის, ამ კადრების ნახვა არ იქნებოდა სასურველი. 

ასევე, სულის შემძვრელია და აჩვენებს მომხდარის შინაარსს კადრი, სადაც ასახულია ქალის მონუმენტი დანგრეულ შენობაში და გულზე აწევს ბავშვები. ეს არ არის რეალური კადრი, ხომ? მაგრამ ასეთი სახით ინფორმაციის მიწოდება დამზოგავია და ამავე დროს ინფორმაციასაც გადმოსცემს სრულად.

A person with two babies in her armsDescription automatically generated


ამიტომ როდესაც ბავშვზე ვლაპარაკობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის ისტორიული მასალა, რომელსაც შეიძლება მომავალში ეს ბავშვი წააწყდეს და მისთვის ძალიან სერიოზული ტრიგერი გახდეს, როგორც ამ ტრაგედიის შემახსენებელი. ამიტომ ტრავმა ინფორმირებული მიდგომების გამოყენება, ასეთ მასალაზე მუშაობისას ძალიან მნიშვნელოვანია. მგონია, რომ მიუხედავად სერიოზული დილემური სიტუაციებისა, ჟურნალისტმა მაინც უნდა იფიქროს ადამიანებზე, განსაკუთრებით ბავშვებზე, რომლებიც ან მონაწილეობდნენ უშუალოდ ამ მოვლენებში ან ამ ამბების შემსწრეები არიან. ბავშვისთვის მთავარი საყრდენი მისი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, კეთილდღეობისთვის არის საბაზისო უსაფრთხოების განცდა, რაც ამ დროს ირღვევა და ის ძალიან დიდ მუქარას იღებს სამყაროსგან. 

ზოგადად, როდესაც ვფიქრობ ბავშვებზე, რომელნიც ამ ეპოქაში ცხოვრობენ, არიან ისინი ომის შემსწრეები თუ დისტანციიდან უყურებენ ომს, სულ მეფიქრება, რომ ეს აუცილებლად ჰპოვებს ასახვას მათ ემოციებზე, ფსიქიკაზე და ა.შ. ძალიან საინტერესო ნეირომეცნიერული კვლევებით, რომელიც იკვლევს ზოგადად იმას, თუ როგორ იგება ადამიანის თვითრეგულირების სისტემა, ამბობს, რომ ეს იწყება მუცლად ყოფნის პერიოდიდან. ერთ-ერთ ავტორი ამბობს, რომ თუ სამყაროში ომია და ამ დროს ქალი არის ფეხმძიმედ, ნაყოფი ანუ ბავშვი ამ გარემოში უკვე იწყებს დასწავლას, როგორ გაქრეს, როგორ დაიმალოს, როგორ გაიქცეს, ანუ ეს მოცემულობა უკვე აყალიბებს ფსიქიკური და ემოციური თალსაზრისით გარკვეულ მოწყვლადობას მუცლადმყოფ ბავშვში. 

აი მაგალითად, ახლა ძალიან დიდი ალბათობით, ნებისმიერი კადრი შეიძლება მოხვდეს ტიკტოკზე. ჩვენ ვიცით, რომ ტიკტოკის მომხმარებლები ბავშვებიც არიან. ეს უკვე ძალიან საზიანო შეიძლება იყოს იმათთვისაც, რომელნიც ამ კადრს ნახავენ. 

რა სახის ემოციურ ინფორმაციას იღებენ ის ბავშვები, რომლებიც ტრაგიკული მოვლენების ამსახველ კადრებს ტელეეკრანსა თუ სოციალურ ქსელებში ხედავენ?

ეს შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მატრავმირებელი ინფორმაცია. გეტყვით მაგალითს: ზრდასრული ადამიანისთვის, რომელმაც ბავშვობაში განიცადა ტრავმა, რეკონსტრუირებული მასალის ნახვაც კი საკმარისი აღმოჩნდა, მისი რეტრავმატიზაციისთვის. ბავშვისთვის ასეთი თვალმოკრული კადრიც კი შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჟურნალისტმა იფიქროს იმაზეც, რომ ბავშვი შეიძლება გახდეს მისი მასალის, თუნდაც, უნებლიე მომხმარებელი და შესაძლოა, ეს  გადაიქცეს ამ ბავშვის სიზმრის შინაარსად, მისი ტრავმული თამაშის შინაარსად, გაუჩნდეს კითხვები...თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ბავშვები აღარ თამაშობენ ომობანას, რადგან ომი გადაიქცა რეალობად. ეს აღარ არის მძაფრსიუჟეტიანი ფილმი, ეს სინამდვილეა. 

როგორ ფიქრობთ, რა არის იმის მიზეზი, რომ არ არსებობს ომის ამსახველი მასალა, დაზარალებული ბავშვების კადრების გარეშე?  

შესაძლებელია, ვიღაცას ჰქონდეს კეთილი ზრახვები, დააფიქროს სხვა ადამიანები იმ სისასტიკეზე, რომ ომი ბავშვსაც ეხება. აქაც მნიშვნელოვანია ზომიერება, რა კადრს აჩვენებ, როგორ აჩვენებ: ახლო ხედით თუ შორიდან, რა შინაარსს დებ ამ კადრში და ა.შ. თავისთავად, სამყაროს სჭირდება შეხსენება, რომ ომი არის ყველაზე დიდი სისასტიკე და მისგან ბავშვები მაინც უნდა დავიცვათ. ამ ყველაფრის მიუხედავად, გარკვეული მედია ეთიკის სტანდარტის დაცვა აუცილებელია, იმისთვის რომ მომხმარებლის როლში მყოფი ბავშვი მაინც არ დაზიანდეს. 

ასეთი კადრები ძირითადად არის გამიზნული ისეთი ადამიანებისთვის, რომელნიც თბილ სახლებში ყავას სვამენ და ძალიან გულგრილად უყურებენ ასეთ კადრებს პრინციპით - ეს მე არ მეხება. ვისაც ეს კადრები ეხება, ისინი შესაძლებელია, უფრო დიდ უიმედობასა და უსუსურობაში ჩააგდო. ამიტომ ასეთი მოვლენებისა და ტრაგედიების გაშუქებას პროფესიონალიზმთან ერთად, ადამიანურობა, ემპათიურობა სჭირდება. 
 

მედიის მიერ ომის სისასტიკის ჩვენება რა გავლენას ახდენს ამ გულგრილ ადამიანებზე? ჟურნალისტები ხშირად ამბობენ, რომ ბავშვის კადრი ყველაზე მეტად მოქმედებს მაყურებელზე და სწორედ, ამიტომ აჩვენებენ მას. სინამდვილეში რა შედეგი აქვს ამას? 

ძალიან ინდივიდუალურია, მაგრამ თუკი კადრი არის გამიზნულად მანიპულაციური იარაღი, შენ სისხლს, დაზიანებულ სხეულს გამიზნულად აჩვენებ ახლო ხედით, ბუნებრივია, ეს გამოიწვევს უფრო მეტად განრიდებას, გაქცევის, თავის არიდების რეაქციებს. ამ დროს ირთვება ადამიანის თავდაცვითი ინსტიქტები. ჩვენ ხომ ბევრი ადამიანი ვიცით, რომელიც მიზანმიმართულად არიდებს თავს ახალ ამბებს. დაუზოგავი მედია საშუალება ზოგჯერ პირიქით, ასეთი განრიდების რეაქციებს იწვევს და ფაქტობრივად, ინფორმაციის გარეშე ტოვებს ადამიანს. ასე, რომ ეს საფრთხეც უნდა გაითვალისწინონ მედიამ და ჟურნალისტებმა. 



 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ