თუ არ ვიბრძოლებთ, ვერ გადავრჩებით
24.09.2024
კატეგორია - ინტერვიუ


გელა მთივლიშვილი - ჟურნალისტი, მთის ამბები / საქართველოს ამბების დამფუძნებელი და რედაქტორი. არის არაერთი გახმაურებული ჟურნალისტური გამოძიების ავტორი. მისმა საგამოძიებო ფილმმა - დანაშაული შოვში“ მიიღო „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ ჯილდო წლის საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისთვის, საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისათვის მთივლიშვილს გადაეცა „ევროპის ფონდის“ ჯილდოც ფილმისთვის - რაჭის ტყეების ოკუპაცია“.

საგამომძიებლო საქმიანობისა და აქტიური სამოქალაქო ჩართულობისთვის წლების განმავლობაში მთივლიშვილი არაერთხელ გახდა ხელისუფლების მხრიდან ძალადობის სამიზნე. 



განათლებით იურისტი ხართ, როდის და როგორ აღმოჩნდით ჟურნალისტიკაში? 

2005 წლიდან ვმუშაობდი „ადამიანის უფლებათა ცენტრში“, რომლის ხელმძღვანელი ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი იყო. როგორც რეგიონული კოორდინატორი, ძირითადად უფლებადაცვით საქმიანობაში ვიყავი ჩართული. ვამზადებდი მასალებს, მათ შორის ვიდეო მასალებს, ვწერდი სტატიებს, მევალებოდა დარღვევების გამოკვეთა, იდენტიფიცირება, ადამიანებთან შეხვედრა და ა.შ. 

ამის შემდეგ ვიყავი სასჯელაღსრულების დაწესებულებების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრი. 2012 წელს როდესაც ის ცნობილი ვიდეომასალა გავრცელდა, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლა დაეფუძნა, მაშინ შეიქმნა ეს მონიტორინგის ჯგუფი, რომლის წევრებსაც უფლება გვქონდა შევსულიყავით სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში და შესაბამისად, პატიმრების უფლებების მონიტორინგს ვატარებდით. დაახლოებით 2 წელი ვიყავი ამ ჯგუფში. ის პერიოდი ძალიან მძიმე იყო, მაგრამ ამავდროულად, ძალიან საინტერესო და პროფესიული განვითარების თვალსაზრისით, ძალიან ბევრის მომცემი. ამ წლებში, ცხადია, ჟურნალისტური საქმიანობითაც ვიყავი დაკავებული.

 

დამოუკიდებელ ჟურნალისტად მუშაობა როდის დაიწყე?

2010 წელს გავაკეთე „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“. ეს იყო ერთ-ერთი პირველი რეგიონული ონლაინ მედია საქართველოში. ამ პროექტმა იმდენად კარგად იმუშავა, რომ იმავე პერიოდში, ძალიან მალე, ასეთი ტიპის მედიები სხვა ბევრ რეგიონში შეიქმნა: სამეგრელოში, შიდა ქართლში, იმერეთში, მცხეთა-მთიანეთში. „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ ძალიან კარგი მოდელი იყო და საკმაოდ ეფექტურად იმუშავა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მაგალითად, ლაფანყურის საქმე, ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია. ყველა ამბობდა, რომ დივერსანტები შემოვიდნენ დაღესტანიდან და აპირებდნენ დივერსიული აქტების მოწყობას. ეს გადამწყვეტი მომენტი იყო კახეთის რეგიონული ორგანიზაციისთვის, ჩვენ მაშინ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ხალხისთვის სიმართლე გვეთქვა. გვეთქვა, რომ ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა და ყველაფერი სხვაგვარად იყო. მოვამზადეთ არაერთი სიუჟეტი, სადაც მოვყევით, სინამდვილეში რა ხდებოდა, როგორ შეიქმნა ეს ჯგუფი საქართველოში, ვინ ხელმძღვანელობდა, ვინ იყო მომზადებაში ჩართული, რა მოხდა და რატომ წავიდა ეს ხალხი ლოპოტას გავლით, რას აპირებდა, ვინ იყვნენ ლიკვიდირებული ადამიანები, რა კავშირი ჰქონდა ამას პანკისის ხეობასთან და ა.შ. 

ამ მასალებზე მუშაობის დროს პრეზიდენტის დაცვის წევრებმა ძალიან ცუდ დღეში ჩაგვაგდეს. მაშინდელი უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებული კონტროლის და ზეწოლის ქვეშ ვიყავით, მაგრამ ამ ყველაფერს გავუძელით და ჩვენს პროფესიულ მოვალეობას მაინც ვასრულებდით. 

2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდი იყო და მახსოვს, როგორ აქტიურად იყენებდა ამ ლაფანყურის ამბავს დღევანდელი მმართველი პარტია, ყველა წინასაარჩევნო შეხვედრაზე კახეთში დადიოდნენ და ამ საქმის გამოძიებასა და შესაძლო დამნაშავე პირთა დასჯას ჰპირდებოდნენ. 12 წელია ხელისუფლებაში არიან და ეს საქმე ჯერაც არავის გამოუძიებია და არავინ დასჯილა. ამ საქმეს სულ მივყვებოდი, ბევრი ინფორმაციით აღვიჭურვე და გეტყვით, რომ ყველა ცოცხალი მოწმე, რომელიც იმ ოპერაციის დროს გადარჩა, მათგან ფაქტობრივად ცოცხალი აღარავინ არის. ზოგი მათგანი დაიღუპა, ზოგი კი, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოკლეს. ერთ-ერთი მათგანი ზელიმხან ხანგოშვილი იყო, რომელიც გერმანიაში რუსეთის მიერ გაგზავნილმა სპეცსამსახურის თანამშრომელმა მოკლა. ეს უმნიშვნელოვანესი საქმე გამოუძიებელი დარჩა. 


2012 წლამდე რა სახის ზეწოლას განიცდიდით ხელისუფლებისგან? მახსოვს, რომ დაკავებულიც იყავით. 

დაკავებული ვიყავი, მაგრამ არაოფიციალურად, რადგან დაკავების ოქმი არ შეადგინეს. მაშინ „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ 3 რეგიონში ოპერირებდა, ძირითადად ეს იყო კახეთი, ქვემო ქართლი და მცხეთა-მთიანეთი. ასე ვთქვათ, აღმოსავლეთ საქართველოს ვფარავდით. 2012 წლის შემოდგომა იყო, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მთიანეთში სერიოზული წნეხის ქვეშ იყვნენ. პრინციპში, ყველგან ასე იყო. ისევე, როგორც დღეს არის, ამ კუთხით, არაფერი იცვლება. ადამიანებს იბარებდნენ პოლიციაში, ავიწროვებდნენ, მათზე ზეწოლას ახდენდნენ, სამსახურებიდან გათავისუფლებით ემუქრებოდნენ და ა.შ. ამ პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ორგანო იყო ჩართული. მახსოვს, ერთ დილას დამირეკეს და მითხრეს, რომ მთელი ეს ჯგუფები პოლიციაში ისევ დაიბარეს. მაშინვე ჩავედი. თიანეთის პოლიციის შენობასთან დაახლოებით 50-60 მეტრის დაშორებით დავდექი ჩემი კამერით და გარედან ვიღებდი. ის პოლიციის შენობაც შუშის იყო, ამიტომ კარგად ჩანდა, ვინ შედიოდა და გამოდიოდა. უცებ გამოვარდა იქიდან პოლიციელი, ჩემი კამერიანად გამიტაცა და შიგნით შემათრია. წამართვეს კამერა, წამიშალეს მთელი გადაღებული მასალა, ვიდეო მტკიცებულებები და დაახლოებით ორი საათი ვიყავი პოლიციის შენობაში დაკავებული. მერე, როდესაც ეს ამბავი გახმაურდა და თბილისიდან ჩვენი კოლეგა ჟურნალისტები და სხვადასხვა უფლებადაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლები ემზადებოდნენ ჩამოსასვლელად, ეს რომ გაიგეს, გარეთ გამომაგდეს და როგორც გითხარით, დაკავება არ გააფორმეს. 

„ქართული ოცნების“ დღევანდელი მაღალი თანამდებობის პირები მაშინ ამბობდნენ, რომ უკანონოდ დააკავეს ჟურნალისტი, რომელიც ჩვენს აქტივისტებზე ზეწოლას აშუქებდაო. 12 წლის თავზე, 29 იანვარს უკვე თავად დამაკავეს სრულიად უმიზეზოდ.  

იანვრის ბოლო რიცხვები იყო, ოფისიდან ვადევნებდი თვალს კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლების პროცესს. როდესაც ვნახე, რომ ჟურნალისტი გადმოაგდეს მანქანის სახურავიდან და კინაღამ მოკლეს, მაშინვე ავიღე კამერა, ავდექი და წავედი გადასაღებად. ავედი თუ არა კეკელიძეზე, დავინახე, ერთი დაკავებული მიჰყავდა პოლიციას, კამერის ჩართვაც ვერ მოვასწარი, ამოვიღე ტელეფონი და დავიწყე გადაღება. საკმაოდ უხეში ფორმით მიჰყავდათ დაკავებული, ამიტომ უკან გავყევი, 4-5 მეტრის დისტანცია მეჭირა და არც კომუნიკაციაში შევსულვარ მათთან, უბრალოდ ვიღებდი. როდესაც ეს დაკავებული უკვე მანქანაში ჩასვეს, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ვინმე თათარაშვილი მობრუნდა, მტაცა ხელი და მანქანაში ჩამსვა. არაფრის გულისთვის დამაკავეს

მაშინ არც მითქვამს და არც მიფიქრია, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორება შოვის ტრაგედიის გაშუქების გამო. დღევანდელი გადმოსახედიდან, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ დამსაჯეს. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულად მცნო სისხლის სამართლის საქმეში, ჩემი დაკავების მთლიანი ჩანაწერები აქვს ამოღებული საგამოძიებო სამსახურს, სადაც ჩანს, რომ სრულიად უკანონოდ ვარ დაკავებული. არა მხოლოდ თავისუფლება აღმიკვეთეს უკანონოდ, არამედ პროფესიულ საქმიანობაშიც შემიშალეს ხელი. გარდა ამისა, მანქანაში გავხდი პოლიციელებისგან სერიოზული ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, ყელში ხელს საშინლად მიჭერდნენ. აგრესია, რაც მათ ჩემ მიმართ მანქანაში გამოიჩინეს, ვფიქრობ, იმაზე მიუთითებს, რომ ეს ანგარიშსწორებაც იყო. 

პოლიციის განყოფილებაში 6 საათი ვიყავი დაკავებული და შემდეგ ცნობილმა მოსამართლე სჩერბაკოვმა სრულიად უსაფუძვლოდ 2 000-ლარიანი ჯარიმაც შემიფარდა. ეს საქმე რამდენიმე დღის წინ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა. საქართველოს ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევას ვედავებით. 


ამ კითხვას ყველა ჩვენს რესპოდენტს ვუსვამთ, ვისაც რამდენიმე ხელისუფლების პირობებში უმუშავია, რა განასხვავებს მათ დამოკიდებულებას მედიის მიმართ? 

2005 წლიდან, როდესაც უკვე ჟურნალისტური მასალების მომზადება დავიწყე, მახსოვს, კონტრაბანდული საწვავის საქმეს და ძირითადად ისეთ საკითხებს ვიკვლევდით, რაც მაღალი თანამდებობის პირებს უკავშირდებოდა. 2006-2007 წლებში სახლში ორჯერ შემომიგდეს ხელყუმბარა და მესამედ მესროლეს. 2006-ში ეზოში შემოგდებული ხელყუმბარით სახლის კარ-ფანჯარა სულ ჩაიმსხვრა და მთელი ეზო დაილეწა. 2007-ში უკვე სახლის სამზარეულოს ესროლეს, რომელშიც გაზის ბალონი იდგა, ცხადია, აფეთქდა და ყველაფერი დაანგრია. გვერდით ოთახებში მე, დედაჩემს, ჩემს დისშვილებს გვეძინა... არც მინდა ამის გახსენება, რადგან მაგ შემთხვევიდან ძალიან მძიმე ტრავმები დაგვრჩა. დედამ ძალიან მძიმედ გადაიტანა ეგ ამბავი და მას შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. 

არ ვიცი, ენა როგორ უბრუნდებათ ურცხვებს და შუბლზე ძარღვგაწყვეტილებს, რომლებიც ჩვენ გვეძახიან წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს. 

მახსოვს 2013 წელს, სანამ ხელისუფლებაში ახალი მოსულები იყვნენ, სისტემატურად აწყობდნენ ბრიფინგებს. მაშინ ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და მის ბრიფინგზე დავსვი კითხვა დაღესტნიდან ჩამოსული ჩრდილო კავკასიელი აქტივისტების გაუჩინარების თაობაზე, მაშინ პირველად იყო, რომ ღარიბაშვილმა გაბედა და „ნაციონალი“ მიწოდა. 


რატომ გაბრაზდა მაშინ ღარიბაშვილი?

იმიტომ რომ, სინამდვილეში ჩვენმა სუსმა მოიტაცა ის ორი აქტივისტი და რუსეთისთვის გადაცემას აპირებდა. მაშინ ერთის გადარჩენა მოვახერხეთ და ის ადამიანი დღემდე საქართველოში ცხოვრობს, მეორეს ვერ მივუსწარით და რამდენადაც ვიცი, აფხაზეთის გავლით გადასცეს რუსეთს. 

2012 წელს, ვიდრე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდოდა, გარკვეული სახის ზეწოლა იყო ღარიბაშვილის ოჯახის წევრებზე, რომლებიც დედოფლისწყაროში ცხოვრობდნენ. ცხადია, არც ერთი არხი მაშინ ამას არ აშუქებდა. ჩვენ არაერთხელ, ღამის 12 ან 2 საათზეც კი ავსულვართ გადასაღებად და „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ პრაქტიკულად ერთადერთი იყო, ვინც ამას სისტემატურად აშუქებდა. ამიტომ ღარიბაშვილის მშობლებს, განსაკუთრებით მამას, ტარიელ ღარიბაშვილს სულ ჰქონდა კომუნიკაცია ჩვენთან. არავის არაფერს ვაყვედრი, რადგან მაშინაც და ახლაც ჩვენს პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდით, უბრალოდ, რბილად რომ ვთქვა, უხერხულია მათი მხრიდან, მე რომ დღეს  „ნაციონალს“ მეძახიან. 


უსაფრთხოების თუ საფრთხის განცდა - რომელი გქონდა მაშინ და გაქვს ახლა?

ჩვენი მედიის შემთხვევაში, ჩვენ არც მაშინ ვიყავით დაცულები და არც ახლა ვართ. მაგრამ სხვაობა ერთია, მაშინ თუკი ფაქტზე ინფორმაციას ვავრცელებდით, ამას რეაგირება მოჰყვებოდა, ანგარიშს უწევდნენ. რა ხდება ახლა? ნებისმიერი ფაქტი, მოვლენა, პრობლემა თუ მათ არ ეხებათ, არ რეაგირებენ. ნებისმიერი რეკომენდაცია, განცხადება თუ რჩევა ადგილობრივი უფლებადაცვითი ორგანიზაციების მხრიდან თუ საერთაშორისო ტრიბუნიდან გაკეთებული სრულიად შეგნებულად აქვთ დაიგნორებული.  

ფიზიკური საფრთხის მიუხედავად, რომლის წინაშეც მე მაშინ აღმოვჩნდი, თავად ორგანიზაცია ახლა გაცილებით უფრო დიდი საფრთხის წინაშეა და ახლა უფრო მეტი სტრესი მაქვს. 

ახლა პირდაპირ ღირსებაზე შეგვდგნენ, გვაცხადებენ „აგენტებად“ და გაქრობას გვიპირებენ. ვინც ეს კანონი მიიღო, შესაძლებელია, მათთვის სიტყვების ეს ნაკრები - „უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი“ არაფერს ნიშნავს, მაგრამ ჩემთვის ეს ყველაზე მძიმე იარლიყია. ჩემი ცხოვრების 20 წელი, მას შემდეგ რაც ვმუშაობ, დავხარჯე აქტივიზმში, ჟურნალისტიკაში, ადამიანის უფლებების დაცვაში, იმიტომ რომ აქ ვცხოვრობ, სულ აქ ვაპირებ ცხოვრებას და ეს სტატუსი არის დამღა ღირსებაზე. 

შეიძლება ჩვენს შთამომავლებს მოუწიოთ მომავალში იმის მტკიცება, რომ ჩვენ უცხო ქვეყნის ინტერესები არასდროს გაგვიტარებია. ამიტომ, ვიდრე ცოცხალი ვარ და ვიდრე ამის წინააღმდეგ ბრძოლის უნარი მაქვს, მე ამ სტატუსს ნებით არასდროს დავიკრავ. გამორიცხულია. 

მე არასდროს დავემორჩილება რუსულ კანონს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ კი მიიღო, მაგრამ მთელი თავისი სულისკვეთებით რუსულია. წინ გვიდევს მაგალითი რა მდგომარეობამდე მიიყვანა ამ კანონმა მეზობელი რუსეთი, სადაც აღარ დარჩა თავისუფალი მედია, სადაც ჟურნალისტები, აქტივისტები, უფლებადამცველები ან მოკლეს, ან დააპატიმრეს, ან ქვეყნიდან გააქციეს. ამიტომ დღეს რუსეთში დაჩაგრულ ადამიანს არ ჰყავს მხარდამჭერი, ის, ვინც გააშუქებს ან მისი პრობლემის მოგვარებისთვის იბრძოლებს. ზუსტად იგივე გველის ჩვენ და შესაძლებელია კიდევ უფრო უარესი, რადგან პატარა ქვეყანა ვართ და ამის გაკეთება ბევრად მარტივად შეიძლება.


როგორი მოლოდინი გაქვს?

წინააღმდეგობა იქნება ბოლომდე, ვიდრე ბრძოლას შევძლებთ. ძალიან იმედიანად ვარ, ჩვენი მკითხველისა და მაყურებლების მხარდაჭერით, ჩვენ ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ. მოთხოვნის შემთხვევაში, ჩვენ არც საფინანსო დეკლარაციის წარდგენას ვაპირებთ და არც ჯარიმის ნებაყოფლობით გადახდას. ჟურნალისტურ საქმიანობას ბოლომდე გავაგრძელებთ. არც არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდეგ, ჩვენს აუდიტორიას ობიექტური ინფორმაციის გარეშე არ დავტოვებთ. არც ჩვენ მაღალმთიან რეგიონებს თუ ყველა სხვა რეგონს მივატოვებთ უყურადღებოდ. ყველგან ვიქნებით, სადაც აქამდე ვიყავით და შეიძლება უფრო მეტიც, შეიძლება ბევრი ახალი აქტივობაც წამოვიწყოთ, რადგან ახლა ყველაზე მეტად სჭირდება ამ ქვეყანას ჩვენი გვერდში დგომა და მსახურება. 

როდესაც ასეთი ნიშური მედია ხარ, კიდევ უფრო ახლოს ხარ შენს აუდიტორიასთან, რადგან როცა მათ რაიმე უჭირთ, იციან, რომ ჩვენ არ დავტოვებთ უყურადღებოთ. პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ჩვენ, მთელი რედაქცია საპროტესტო აქციების დროს ქუჩაში გავედით და ეს იყო კანონის წინააღმდეგ ბრძოლა. აქამდე არასდროს გავსულვართ, რადგან ჩვენთვის პროფესიული სტანდარტები ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ახლა არის სერიოზული წყალგამყოფი, დიდი წითელი ხაზი და ჩვენ თუ არ ვიბრძოლეთ, ვერ გადავრჩებით და თუ ჩვენ ვერ გადავრჩებით, ჩვენი აუდიტორია ყველაფრის მიღმა დარჩება. ამიტომაც არის, რომ ძალიან აქტიურ მხარდაჭერას ვგრძნობთ, არა მხოლოდ ჩვენი მაყურებლებისგან. შიში ნამდვილად არის რეგიონებში, ამას ვერ უარვყოფთ, მაგრამ მაინც ცდილობენ გვაჩვენონ, რომ ჩვენთან არიან, ჩვენი სჯერათ და მათი იმედი უნდა გვქონდეს. თითოეული ასეთი სიტყვა ჩვენ კიდევ უფრო გვაძლიერებს!


აღწერა: მაისში, რუსული კანონის საკანონმდებლო განხილვის პარალელურად კანონის საწინააღმდეგო აქციებში ჩართულ ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებსა და აქტივისტებს საცხოვრებელ სახლებსა და ოფისებთან სიძულვილის ენის შემცველი პლაკატები გაუკრეს. სახლთან ღირსების შემლახველი პლაკატები და წარწერები დახვდა გელა მთივლიშვილსაც. 


 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ