რატომ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“? - ინტერვიუ მედიაექსპერტებთან
09.12.2024
კატეგორია - ინტერვიუ


28 ნოემბრიდან თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში პროევროპული აქციები მიმდინარეობს. ამ დღეს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც ყოველდღიური ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციას შსს-ს ძალები სპეციალური საშუალებების გამოყენებით შლიან, პროტესტანტებს ფიზიკურად უსწორდებიან და აკავებენ. პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლიან და ძალადობენ მედიის წარმომადგენლებზეც. 

საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ძველ შენობასთანაც. მოქალაქეებმა ტელევიზიასთან შეკრება და ღია ეთერის დათმობის მოთხოვნა 30 ნოემბრიდან დაიწყეს. 

რა როლი აქვს „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ და რატომ იქცა პროტესტის გამართვის ადგილად კოსტავას 68 - წაიკითხეთ ინტერვიუ მედიაექსპერტებთან.

ზვიად ქორიძე - „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ დემოკრატიის დაცვის მნიშვნელოვანი გარანტიაა. ის არ არის მხოლოდ მედია-იდეა, რომელიც იცავს პროფესიულ სტანდარტებს, მიუკერძოებლობასა და ეთიკურ ნორმებს და ამ პრინციპების დაცვით საზოგადოებას აჩვევს, როგორი უნდა იყოს კარგი მედია. 

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ეხმარება საზოგადოებას ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების დაცვაშიც. ამიტომ გვხვდება ჩვენ საჯარო მაუწყებლობის პრაქტიკა ევროპულ ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებში. აშშ-ში საზოგადოებრივ მაუწყებელს უფრო საგანმანათლებლო ფუნქცია აქვს და მათი პროგრამები მოქალაქეებს სკოლის ასაკიდანვე ეხმარებიან თანასწორობის, სამართლიანობის, კერძო საკუთრების დაცვის, კონკურენციისა და სხვა მნიშვნელოვანი ღირებულებების გააზრებასა და შეთვისებაში. 

ნინო დანელია - „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ შეიქმნა ერთადერთი მიზნით, რომ საზოგადოებას ჰქონდეს დამოუკიდებელი, ყოველგვარი პოლიტიკური, რელიგიური თუ ბიზნეს-ჯგუფების გავლენისგან თავისუფალი, ერთი მოქალაქისა და მოქალაქეთა ჯგუფების ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული ინფორმაცია. მისი მიზანია მოქალაქეებს მიუკერძოებლად და დროულად მიაწოდოს სანდო ინფორმაცია. ინფორმირების გარდა, მისი მიზანია მოქალაქეების განათლება ანუ შემეცნებითი ტიპის ინფორმაციის მიწოდება  და რა თქმა უნდა, ხარისხიანი გასართობი პროგრამების შეთავაზება.

როგორც ნებისმიერი დამოუკიდებელი მედიის, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქცია არის ძალაუფლების კონტროლი და საზოგადოების წინაშე მისი ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა. თუმცა, კომერციული მედიისგან განსხვავებით, მისი ფუნქცია ასევე სოციალურ და კულტურულ ინკლუზიურობაზე დაფუძნებული მრავალფეროვნების ჩვენებაა. 

იმისათვის, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეასრულოს დაკისრებული მისია, იყოს საზოგადოების ყველა ჯგუფისა და არა მხოლოდ უმრავლესობის ხმა, მისი შემოსავალი არ უნდა იყოს დამოკიდებული დიდ რეიტინგზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოში ყველა ჯგუფმა უნდა იცოდეს, რომ რაღაც პერიოდულობით, მათი ხმა გაიჟღერებს „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ და ისინი შეძლებენ მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე საუბარს. 

ასევე, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ უნდა იყოს მნიშვნელოვან საკითხებზე დისკუსიისა და მსჯელობის პლატფორმა, სადაც აზრთა მრავალფეროვნება უნდა ისმოდეს.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ პროტესტი მოქალაქეებს არაერთხელ გამო გამოუხატავთ. კრიზისულ პერიოდში, როგორც წესი, საზოგადოება თანადგომასა თუ ღია ეთერს სწორედ მაუწყებლისგან ითხოვს. რამდენად ამართლებს „პირველი არხი“ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას? 

ნინო დანელია - „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დამოუკიდებლობა დაცულია კანონით და მას, განსხვავებით კერძო ტელევიზიებისგან, აქვს გარანტირებული დაფინანსება. ის დამოკიდებული არც პოლიტიკურ ნებაზე და არც კომერციულ ბაზარზე არ არის, მისი ბიუჯეტი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით დგება. სწორედ ამიტომ ამბობს ხალხი, რომ ის ჩვენი გადასახადებით ფინანსდება. სწორედ ამიტომ აქვს მას ყველაზე მეტი, განსაკუთრებული ვალდებულებები და პასუხისმგებლობა საკუთარი აუდიტორიის წინაშე.

ზვიად ქორიძე - „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ არ არის პირდაპირი გაგებით საზოგადოების ტელევიზია. კი, ამ ტელევიზიის საფუძველი არის ეროვნული დოვლათი, რომელსაც მთელი საზოგადოება ქმნის, მაგრამ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ არსებობის მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ იგი ყოველთვის უნდა აკმაყოფილებდეს საჯარო ინტერესს. არა მოქალაქეთა ცნობისმოყვარეობას მისდევდეს, არამედ უნდა აკეთებდეს აქცენტს ნებისმიერი მოვლენისა თუ პროცესის საზოგადოებრივ ინტერესზე. დღეს ქართული საზოგადოება იბრძვის არა კონკრეტული ვიწროპარტიული ინტერესის გამარჯვებისთვის, არამედ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის იდეის, დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული პერსპექტივისთვის. ეს საკითხები ეგზისტენციური მნიშვნელობისაა და ბუნებრივია, მათ მიმართ საჯარო ინტერესი არის ძალიან მაღალი. როდესაც „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ ეს ინტერესი ვერ განსაზღვრა, საზოგადოებამ ლოგიკურად გამოხატა თავისი პროტესტი და სცადა, დაებრუნებინა ის, რაც მისია და მიეღო ის სიკეთე, რაც უნდა მიიღოს საზოგადოებამ მისგან.

როგორ აფასებთ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ამჟამინდელ საქმიანობას? 

ნინო დანელია - „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ვერაფრით გამოვიდა სახელმწიფო ტელევიზიის ჩრდილიდან. ვერ გაიგო, რომ მისი ფუნქცია საზოგადოების სამსახურია და არა ხელისუფლების. საბჭოთა კავშირის პირობებში ის სახელმწიფო ტელევიზია იყო, გათავისუფლების შემდეგ კი, არხი ჯერ [ედუარდ] შევარდნაძის ხელისუფლებას ემსახურებოდა, შემდეგ - [მიხეილ] სააკაშვილის და ახლა [ბიძინა] ივანიშვილის ხელისუფლების ინტერესებს იცავს. ის არის ხელისუფლების პროპაგანდისტი და არა ხალხის ხმა, განსაკუთრებით იმ ხალხის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება, რომ მათი ხმა ისმოდეს. ნაცვლად იმისა, რომ ასახოს ჩვენი საზოგადოების მრავალფეროვნება და სამოქალაქო მშვიდობას, სოლიდარობას, ერთობას შეუწყოს ხელი, სამწუხაროდ, ის მუდმივად ხელისუფლების იმ ნარატივს იმეორებს, რომელიც ხლეჩს საზოგადოებას, ავრცელებს არასწორ ინფორმაციას და ხელს უწყობს საზოგადოების პოლარიზებას. 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ძველ შენობასთან აქცია 19:00 საათზე დაგეგმილია დღესაც. 

კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე, რომელიც ტელევიზიის მენეჯმენტთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდა, წერს: „იმედს ვიტოვებ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ეთერთან დაკავშირებით გონივრულ წინადადებას წარმოგვიდგენს“. 

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ თავიდან ყოველდღიურ საგანგებო ეთერს დათანხმდა, საზოგადოების მიერ შეთავაზებულ რესპოდენტებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე პირდაპირ ეთერში უნდა ესაუბრათ. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ ფორმატით მათ ეთერი პარასკევის, 6 დეკემბრის მერე აღარ დაეთმობოდათ. ვახუშტი მენაბდის თქმით, ტელევიზიის სურვილი განსხვავებული პოზიციების მქონე ადამიანების ეთერში ერთად დასმა იყო.

„გუშინ ჩვენ მენეჯმენტს ასეთი რამ ვუთხარით: თქვენ იცით რაა ჩვენი წუხილი, რატომ არ გვინდა შემოთავაზებულ ფორმატში მონაწილეობა (სადაც კამათის ფორმატში პირისპირ უნდა დამსხდარიყვნენ ადამიანები), არ გვინდა დაპირისპირების მიზეზი და პოლარიზაციის კიდევ ერთი რგოლი გავხდეთ, ამიტომ თუ თქვენ შეგიძლიათ ამის გათვალისწინება, შემოგვთავაზეთ შესაბამისი ფორმატი და ჩვენ განვიხილავთ მას.

ასე რომ ბურთი გუშინს მერე მათ მოედანზეა და ჩვენ, როგორც ჯგუფს, ასეთი შემოთავაზება ამ დრომდე არ მიგვიღია“, - დაწერა სოციალურ ქსელში 7 დეკემბერს მენაბდემ.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ