პროსამთავრობო მედიას ცუდი ამბების გაშუქება არ სჭირდება
16.09.2024
კატეგორია - ინტერვიუ


როგორც წესი, ქართული სატელევიზიო მედიის შინაარსი არჩევნების მოახლოებასთან ერთად იცვლება, ჩნდება გამოგონილი და იმალება ნამდვილი ამბები. იცვლება და მძაფრდება მედიის ენა. თინა სტამბოლიშვილთან „მედიაჩეკერის“ ინტერვიუში იმ გზავნილების შესახებ წაიკითხავთ, რაც მმართველი პარტიისგან და სამთავრობო მედიიდან ისმის. 

თინა სტამბოლიშვილი სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტია, რომელსაც  სხვადასხვა [საფინანსო სექტორი, ენერგეტიკა, მედია] ინდუსტრიაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. სტამბოლიშვილი ქცევის მეცნიერებებისა (behavioral science) და კომუნიკაციების მკვლევარია და უნივერსიტეტებში მარკეტინგს, საკომუნიკაციო სტრატეგიას, კორპორაციულ პასუხისმგებლობასა და საზოგადოებასთან ურთიერთობას ასწავლის.

თინა, რა მთავარ გზავნილს ატარებს მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანია? 

„ქართული ოცნების“ კომუნიკაციის მთავარი ამოცანა ამ პირობებში, ვგულისხმობ კვლევების შედეგებს, სადაც პარტიის რეიტინგი ჯამურად აღებული ოპოზიციის საერთო რეიტინგზე დაბალია, იმ შთაბეჭდილების შექმნაა, რომ გაცილებით მეტი მხარდამჭერი ჰყავთ, ვიდრე ეს სინამდვილეშია. ისინიც ატარებენ გამოკითხვებს და ზომავენ რეიტინგს, ამიტომ მათ აქვთ ინფორმაცია რეალური ციფრების შესახებ. 

თავად იმის აფიშირება და მტკიცება, რომ - „ჩვენ 60% გვიჭერს მხარს“ არის უკვე იმ ტექნიკის ნაწილი, რომელიც აჩვენებს, თითქოს უმრავლესობა მათ მხარესაა და ამას სხვადასხვა გზით აკეთებენ. ციფრების გაზრდა და ამის პროპაგანდა ერთია, მაგრამ არსებობს სხვა სქემებიც. ერთ-ერთია ტროლ-ბოტების აქტიური მუშაობა იმისათვის, რომ მათი კონტენტი გამრავლდეს, გამოჩნდეს თითქოს ბევრი მოწონება, გაზიარება, პოზიტიური გამოხმაურება აქვთ. ასევე, ტროლ-ბოტები აქტიურად იყნებენ ე.წ. დაჰაჰავების, როგორც დაცინვის ან პირიქით, გაბრაზებულ ემოჯის ოპოზიციონერების ან ოპოზიციური შინაარსის პოსტებზე სოციალურ ქსელებში, ესეც იმისთვის, რომ მათი სიმრავლე გამოჩნდეს.   

„ქართული ოცნება“ არა მხოლოდ დადებით რეიტინგს ზომავს, არამედ უარყოფითსაც, რაც იმ მოქალაქეებს გულისხმობს, რომელთაც ივანიშვილის პარტია არ მოსწონთ. უარყოფითი რეიტინგი კიდევ სხვა მაჩვენებელია, რომელიც ძალიან მაღალი აქვთ. რადგან იციან, რომ მათ მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება საკმაოდ დიდია, უფრო დიდი, ვიდრე დადებითი, ისინი ცდილობენ, ძირითადი აქცენტი პოზიტიურ, ანუ კარგ ამბებზე გააკეთონ. 

რა ხდება ცუდ ამბებთან დაკავშირებით? მაგალითად, „იმედმა“ და Postv-იმ 3 სექტემბერს საქართველოს რკინიგზაზე მომხდარი ავარია, რომელსაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არ გააშუქა. არ გააშუქეს 12 აგვისტოს, ზუგდიდის ერთ-ერთ კორპუსში გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად ბავშვების დაღუპვის ამბავიც. რა არის ამის მიზეზი და მიზანი? 

დიახ, სწორედ ამ ნეგატიური რეიტინგის და რეალური პრობლემების პირობებში, მათ არაფერში სჭირდებათ ე.წ. ცუდი ამბების გაშუქება. ისინი ცდილობენ აქცენტი მხოლოდ დადებითზე, ე.წ. კარგ ამბებზე გააკეთონ. ყველამ ვიცით, რომ მედიის ყურადღების ცენტრში ყოველთვის არის კრიმინალური ქრონიკა და თუ მედიას აქვს მასალა, საინფორმაციო გამოშვებას ყოველთვის ამით იწყებს. თუკი მაყურებელს პირველ ჯერზე ხვდება ასეთი შემზარავი ამბავი ანუ ნეგატიური ინფორმაცია, მაშინვე უჩნდება შთაბეჭდილება, რომ კრიმინალი, ტრაგედია, განუკითხაობა, უბედური შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა. მაყურებელმა რაც არ უნდა ნახოს ამ პირველი ე.წ. ნეგატიური ხასიათის სიუჟეტის შემდეგ, შთაბეჭდილება, განცდა ნეგატიური რჩება. აქედან გამომდინარე, ისინი ცდილობენ ეთერიდან ისეთი ამბები, რომელიც მაყურებელს აფიქრებინებს, რომ ქვეყანაში ცუდი რაღაცეები ხდება, გააქრონ.  

შეიძლება თქვათ, რომ სოციალური მედიის ეპოქაში ასეთი ამბების მიჩქმალვა რთულია. რა თქმა უნდა, სრულად ვერ გააქრობ, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველოში მთავარი ინფორმაციის წყარო ჯერ ისევ ტელევიზიაა და ამიტომ გავლენაც ყველაზე დიდი აქვს. ტელევიზიებსაც თუ დააკვირდებით, რაღაც იერარქიასავით არის, თითქოს, არსებობს ერთი ცენტრი, ერთი ადამიანი, რომელიც გეგმავს და ის სხვადასხვა მედიებში იშლება. ყველაფერი გათვლილია, მათ შორის ისიც, რომ არსებობს მეტნაკლებად თავისუფალი „რუსთავი 2“, „პირველი არხი“, შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ და სულ ბოლოს Postv. ამ უკანასკნელზე ისეთი ინფორმაცია გადის ხოლმე, რომელიც ხანდახან მეინსტრიმ მედიაში სულ ვერ ხვდება. ვინც ამერიკულ მედიასაც ადევნებს თვალ-ყურს, დაინახავს, რომ Postv-ის მსგავსი ნიუსები მხოლოდ ძალიან ყვითელ, ოდიოზურ მედიებში შეიძლება მოხვდეს. ასე ნაწილდება ყველგან როლები. ამის შემდეგ მოდის მათ მიერ კონტროლირებადი სოცმედია ანგარიშები - ჯგუფები და გვერდები, რომლებიც სასურველ ინფორმაციას ავრცელებენ. 

რაც შეეხება ცენტრალიზებას, ვინც რუსულ მედიას იცნობს, იცის, რომ ასეა რუსულ მედიაშიც. ყველა საინფორმაციო სააგენტო აბსოლუტურად იდენტურ ინფორმაციას ავრცელებს. იქ არის ერთი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TACC-ი , რომელიც გადასცემს მასალას და ის უცვლელი სახით ყველა სხვა საინფორმაციო საშუალებაში ხვდება. ამიტომ ჩვენთან პატარა სხვაობა ჯერ არის, რადგან ე.წ. იერარქიასავით შეიქმნა და არსებობს მეტად და ნაკლებად პროსახელისუფლო არხები. 

თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდე, რასაკვირველია, ამ ტელევიზიების საშუალებით ცდილობენ, რომ არ წარმოაჩინონ პრობლემები, ნეგატიური ამბები და მაყურებელი დაარწმუნონ, თითქოს ყველაფერი კარგად არის. 

თავად პოლიტიკოსები თუ საუბრობენ რეალურ პრობლემებზე სატელევიზიო გამოსვლებისას ან საარჩევნო პროგრამებში? 

საქმეც ამაშია, რომ არც საარჩევნო პროგრამებში საუბრობენ რეალურ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე, რაც ძალიან გამიკვირდა. მათზე რომ ისაუბრო, უნდა აღიარო, რომ გაქვს პრობლემა და ეს არ უნდათ. მაგალითად, სიღარიბის დაძლევა, ინფლაციასთან გამკლავება, სამუშაო ადგილები - ეს თემები ჯერჯერობით არ ჩანს. ამიტომაც ყველანი ვართ იმის მოწმეები, რომ აქცენტი სრულიად არ არსებულ პრობლემებზე აქვთ. იმაზე, რომ ვითომ ახლა ჩვენი ქვეყნის წინაშე მთავარი პრობლემა სქესის შეცვლა, ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ომის საფრთხეა, რომელსაც გადაგვარჩინეს და ა.შ. ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის ხდება, რომ რეალურ პრობლემებზე არ ისაუბრო და საარჩევნო პროგრამაში მათი მოგვარების გზები არ შეიტანო. 

მხოლოდ ნეგატიურ და არარსებულ პრობლემებზე რომ არ იყოს საუბარი, გვხვდება ასევე, ე.წ. დადებითი მესიჯები. თუმცა, ცალკე რომ განიხილო, გეგონება, რომ ასეთი კამპანია ისეთ პარტიას აქვს, რომელიც ხელისუფლებაში არასდროს ყოფილა - „ჩვენ ავაშენებთ ასეთ და ასეთ ქვეყანას...“ სასაცილოდაც კი ჟღერს მსგავსი კომუნიკაცია მამრთველი პარტიისგან, რომელიც 12 წელია უკვე ხელისუფლებაშია. 

ერთ-ერთი მესიჯია - „მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით ევროპისკენ!“ კონკრეტულად რას ეუბნებიან ამომრჩევლებს ამ სიტყვებით? 

ძალიან საინტერესოა, რომ მესიჯბოქსში დარჩა სიტყვა „ევროპა“, რადგან მათი ამომრჩევლების უმრავლესობა მაინც პროდასავლურადაა განწყობილი. ამ სლოგანით სურთ, ეს ხალხი დაარწმუნონ, რომ „ქართულ ოცნებას“ დასავლეთისთვის ზურგი არ შეუქცევია. 

სიტყვები - „ღირსებით ევროპისკენ“ ნიშნავს, რომ არის სხვა (ცუდი) ევროპა, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ იდენტობას, რომლისგანაც ჩვენ „ქართული ოცნება“ გვიცავს, თითქოს არიან ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირში თავს „უღირსად“ გრძნობენ. ამიტომ, ისინი ჩვენ არა მხოლოდ ომის საფრთხისგან, არამედ გადაგვარების საშიშროებისგანაც გვიცავენ. თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ არ შუქდება ვთქვათ, სხვადასხვა დელეგაციის ვიზიტი დასავლეთიდან, სადაც საუბარი იმ რეალურ პრობლემაზეა, რომლის წინაშეც ვდგავართ და ეს არის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება. ამიტომ „ღირსებით ევროპისკენ“ ნიშნავს, რომ არსებობს განსხვავებული გზებიც, რომლის მეშვეობითაც ბიძინა ივანიშვილი, თითქოს ჩვენ ევროპაში მიგვიყვანს. 

ისინი ახერხებენ ლავირებას ორ დისკურსს შორის. ერთი მხრივ, მთელი საარჩევნო კამპანია დგას ანტიდასავლურ რიტორიკაზე და მეორე მხრივ, გვეუბნებიან, რომ დასავლეთისკენ აქვთ გეზი. ისინი ცდილობენ წარმოაჩინონ 2 დასავლეთი და გვითხრან, რომ ჩვენ ევროპას კი არ ვერჩით, არამედ ვერჩით „ცუდ ბიძიებს” ევროპაში, რომლებიც გვაიძულებენ დავთმოთ ჩვენი ეროვნული იდენტობა. მეტსაც გეტყვით, რომ უფრო შორსაც მიდიან. ისინი გვეუბნებიან, რომ არა მხოლოდ საქართველო უნდა გადავარჩინოთ ამ „ცუდი ბიძებისგან“, არამედ თავად ევროპა და ამერიკაც. 

„ღირსებით ევროპისკენ“ არ გულისხმობს იმას, რომ ევროპულ ოჯახში ჩვენი წესებით შევალთ და არა იმით, რასაც ევროპა გვკარნახობს? 

რა თქმა უნდა, ეს ხაზიც არის. მაგრამ ისინი, თითქოს ცდილობენ დასავლეთს გამოაცალონ ის იდეა, რისთვისაც ჩვენ, ყველას გვინდა დასავლეთში ინტეგრირება. მაგალითად დემოკრატია, პლურალიზმი, აზრის თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა... გვეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი გადასაყრელია. ისევე, როგორც პუტინს, რომელსაც  სასაცილოდაც არ ჰყოფნის დემოკრატიის მთავარი პრინციპი, რომ ძალა არის ხალხში. პუტინი თავიდანვე ამ რწმენით მოვიდა ხელისუფლებაში, რომ მსოფლიოს ფარული ძალები მართავენ, ხალხი რეალურად არაფერს წყვეტს და მისი მანიპულირება სრულად არის შესაძლებელიც და აუცილებელიც. ასე მოქმედებს დღემდე პუტინის რუსეთი და მე დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების“ მმართველ პირებსაც ასეთი წარმოდგენა აქვთ დემოკრატიაზე. 

ისევ მედიას რომ დავუბრუნდეთ. უკვე ვისაუბრეთ გამოტოვებულ თემებზე, ნეგატიურ ინფორმაციაზე, რომელსაც სამთავრობო მედია არ აშუქებს. ამის პარალელურად, აქტიურად გაშუქდა წყალტუბოში „ქართული ოცნების“ წევრის დაღუპვის ამბავი, რომლის გარდაცვალებაც ჯერ "ნაციონალურ მოძრაობას", შემდეგ კი არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათ დონორებსაც კი დაბრალდა. რა მოხდა ამ შემთხვევაში?

ის, რომ უბედურ შემთხვევას თუ კრიმინალს, როგორც რეალურ პრობლემას არ აშუქებენ, ეს არ ნიშნავს, რომ ცუდი ამბავი მათ ეთერში საერთოდ არ მოხვდება. უნდა ვიცოდეთ, რომ ასევე, აქტიურად გაშუქდება, მაგალითად, ოპოზიციაზე ძალადობის ფაქტები იმისათვის, რომ სუსტებად წარმოაჩინონ. თვითონ კი წარმოჩინდნენ დომინანტად, რომელთაც აქვთ ძალა და ოპოზიციას ჩაგრავენ. ერთი სიტყვით, ეს ამომრჩეველთან საკუთარი ძალის დემონსტრირებაა. 

ანუ აქცენტი „ქართული ოცნების“ ძალის დემონსტირებაზე იქნება და არა, ვთქვათ, „მოძალადე, ბოროტ“ ოპოზიციაზე, რომელიც მმართელ პარტიას თავს ესხმის?

კი, მე მჯერა, რომ იქნება ორგანიზებული თავდასხმებიც, რომელსაც მედია წარმოაჩენს ერთი მხრივ, როგორც ხალხს, რომელიც ოპოზიციას თავად უპირისპირდება და მეორე მხრივ, როგორ ჩაგრავს მათ მმართველი გუნდი, როგორი ძლიერები არიან. 

ასევე საინტერესოა, რომ ბიძინა ივანიშვილის ტყვიაგაუმტარი შუშის კოლბით გადაადგილებას, რომელიც სინამდვილეში შეშინებული ადამიანის საქციელია, პროპაგანდა წარმოაჩენს, როგორც სიძლიერეს. მას სპეციალურად უტოლებენ დონალდ ტრამპს, რობერტ ფიცოს (ვისზეც თავდასხმები  მოხდა) და გვეუბნებიან, რომ ივანიშვილიც ამ რანგშია, იმ ლიდერთა კლუბშია, რომელსაც სამყაროს გადარჩენა გლობალური ომის პარტიისგან უნდა. მისი განეიტრალება სურთ და ამიტომ ვიცავთ მის უსაფრთხოებას. ისინი სისუსტეს და შიშსაც გვიფუთავენ, როგორც ძალას და ძლიერებას.

 კიდევ რას უნდა ველოდოთ 26 ოქტომბრამდე?

 იქნება  გამოგონილი, პროპაგანდის მიერ შეთხზული ისტორიები ოპოზიციონერებზე. ასევე, ბოლო 2 კვირაა ქართულ სოციალურ ქსელებში თვალში მომხვდა, როგორ აფასებენ საქართველოს რუსი ბლოგერები თუ ინფლუენსერები. ისინი გვაქებენ, როგორი ისტორიისა და კულტურის ქვეყანა ვართ, რომ სად იყო რუსეთი, როდესაც საქართველო უკვე განვითარებული ქვეყანა იყო და ამ ქვეყანას ეხლა დასავლეთის მხრიდან ამ ისტორიის თუ კულტურის გადაგვარება ემუქრება. ზუსტად იგივე თქვა ლავროვმა. მოკლედ, ამ მესიჯით ჩვენ გვეუბნებიან, რომ რუსები პატივს სცემენ ჩვენს ისტორიას, კულტურას თუ ადათ-წესებს და მეორე, რომ რუსები „ევროპული გადაგვარებისგან“ გვიცავენ. 

ეს მესიჯი კიდევ უფრო გააქტიურდება იმის პარალელურად, რომ კაპიტალი არის კაპიტალი, გინდ დასავლური იყოს ის და გინდ - ჩინური. სინამდვილეში, ჩვენ ვიცით, რომ დასავლურ კაპიტალს მოჰყვება სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნა, რადგან სხვანაირად ის ვერ იფუნქციონირებს, აგრეთვე მოჰყვება თავისუფალი გარემოს მოთხოვნა, რადგან თუ არ იქნება თავისუფალი ბაზარი, ვერც დასავლური კაპიტალი იარსებებს. მაშინ, როდესაც სხვა, არადასავლურ კაპიტალს ასეთი მოთხოვნები არ აქვს. ის მთლიანად დგას კორუფციაზე და ცხადია, არანაირი გარემოს დაცვა თუ შრომითი უფლებები მათ არ აინტერესებთ. ასეთი კაპიტალი პოზიტიურად აისახება მხოლოდ ვიწრო წრეზე და აქედან გამომდინარე, სოციალური უთანასწორობა კიდევ უფრო გაიზრდება. 

სამწუხაროდ, ეს ყველამ არ იცის და ამიტომაც "ქართული ოცნების" პროპაგანდა ამ არადასავლურ კაპიტალს, როგორც ალტერნატივასა და „კეთილდღეობის“ საფუძველს თამამად წარმოგვიდგენს. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ