არსად დავრეგისტრირდებით, არაფრის გვეშინია!
27.08.2024
კატეგორია - ინტერვიუ


ნინო ზურიაშვილი 1997 წლიდან ჟურნალისტად მუშაობს. 2005 წელს მან კოლეგებთან ერთად დამოუკიდებელი საგამოძიებო მედიაორგანიზაცია „სტუდია მონიტორი“ დააფუძნა და დღემდე მისი რედაქტორია. 

"სტუდია მონიტორის" გამოძიებებს მოპოვებული აქვს: ჯიპა ფრიდმანის (8-ჯერ), ევროკავშირის (7-ჯერ), ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის (11-ჯერ), ევროპის ფონდის (2-ჯერ) პრიზები. ზურიაშვილს კი საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებებისთვის მიღებული აქვს IRE-ის, ჯიპა ფრიდმანის და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრიზები.

თითქმის 25-წლიანი გამოცდილების მქონე გამომძიებელ ჟურნალისტთან ინტერვიუში წაიკითხავთ კრიტიკული მედიის მიმართ ხელისუფლებების დამოკიდებულებას შორის მსგავსებასა და განსხვავებაზე.
 

როგორც ვიცით, განათლებით ეკონომისტი ხართ, როგორ მოხვდით ჟურნალისტიკაში? 

ხომ იცი, როგორც ხდებოდა?! 90-იანი წლები იყო და უმუშევარი ვიყავი, ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა ერთ-ერთ გაზეთში სწორედ, ეკონომიკის თემებზე წერა. ამის შემდეგ სხვადასხვა გაზეთში ვწერდი, რადგან მაშინ ასეთი გამოცემები მალე იხურებოდა ხოლმე. დავიწყებდი სადღაც მუშაობას, დაიხურებოდა, წავიდოდი სხვაგან, შემდეგ ისიც იხურებოდა და ასე… ბოლოს აღმოვჩნდი გაზეთ „კავკასონში“, სადაც შედარებით დიდხანს გავჩერდი. სწორედ მაშინ, 1998 წელს "კავკასიის ინსტიტუტმა", გია ნოდია ხელმძღვანელობით, გამოაცხადა კონკურსი  ჟურნალისტური გამოძიების გრანტის მისაღებად, რომელიც მოვიგე. ნიუსების კეთება არ მომწონდა, იყო სისწრაფე და ზედაპირულობა, ახალი ამბების ჟურნალისტებს საკითხში ჩაღრმავებისა და მასალის კარგად მოძიების დრო არ აქვთ. სწორედ ამ გრანტის მეშვეობით პირველად გავაკეთე  ჟურნალისტური გამოძიება და ამის შემდეგ - კიდევ რამდენიმე. 2000 წლის ივლისში აკაკი გოგიჩაიშვილმა „60 წუთში“ მიმიწვია. მანდ უკვე საბოლოოდ, მივხვდი, რომ ეს საქმე ძალიან მაინტერესებს. 

როგორი იყო ჟურნალისტისთვის შევარდნაძის მთავრობის პირობებში მუშაობა? რა დაბრკოლებებს გიქმნიდათ “მოქალაქეთა კავშირი”? 

შევარდნაძის მთავრობა ჩვენ ვერაფრით გვიშლიდა ხელს. მუქარები მაშინაც იყო, სიკვდილითაც კი გვემუქრებოდნენ მე და ჩემს მეგობრებს, მაგრამ იმ წლებში ძალა ჩვენს ხელში იყო და ეს ძალა ძალიან დიდი რეიტინგი იყო, რაც ცალსახად, გავლენასა და ნდობას ნიშნავდა. დღესაც კი ბევრი მიცნობს როგორც „60 წუთის“ ჟურნალისტს და არა როგორც „სტუდია მონიტორისას“. ეს არის ის ერთადერთი, რაც იმ პერიოდიდან მენატრება. ამ რეიტინგისა და ნდობის  გამო იყო, რომ არავითარი მუქარის ჩვენ არ გვეშინოდა. ერთხელ ამერიკის საელჩოში ვიყავით და ელჩს ვუამბეთ მუქარების შესახებ, მან პირდაპირ გვითხრა: Go public.  ეს იყო ჩვენი დაცვა, ყველაფერზე ღიად ვლაპარაკობდით და ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა ხალხში. პოლიციასაც ყოველთვის მივმართავდით, მაგრამ სამწუხაროდ, არც ერთი ხელისუფლების პირობებში მე არ მახსოვს მხარდაჭერა და დაცვა პოლიციისგან. ალბათ, ისე წავალ ჟურნალისტიკიდან, შეგრძნება, რომ ჩემი სახელმწიფო  მიცავს, არ მექნება. 

იმ პერიოდში, საგამოძიებო ჟურნალისტიკა თქვენთვის ყველასთვის სიახლე იყო. შეცდომები თუ იყო თქვენი მხრიდან? 

ამაზეც აუცილებლად ვიტყვი. კი, რა თქმა უნდა, შეცდომები გვქონდა ადრეულ ეტაპზე და მათ შორის, ძალიან უხეში შეცდომებიც. მაშინ ეთიკის კოდექსიც კი არ არსებობდა და არც ადამიანი არსებობდა, ვინც ამას გვასწავლიდა. ჩვენ მიერ დაშვებულ შეცდომებს მე პირადად სტუდენტებს ვასწავლიდი ხოლმე, როგორც მაგალითს, რატომ და რა ტიპის შეცდომა იქნა დაშვებული კონკრეტულ შემთხვევაში. 

ცხადია, ეს იყო და ამიტომაც, შემდეგ უკვე მე თვითონ აქტიურად ვიყავი ეთიკის ქარტიის შექმნაში ჩართული, იმისათვის რომ დაწერილი კოდექსი გვქონოდა. ახლა, უკვე "სტუდია მონიტორში", გარდა იმისა, რომ ხელს ვაწერთ ეთიკის კოდექსს, რამდენიმე დამცავი მექანიზმიც გვაქვს.

წარმოიდგინეთ, როდესაც "სტუდია მონიტორში" მზადდება მედიაპროდუქტი იმას ამოწმებს: იურისტი, სამი რედაქტორი, შიდა ფაქტჩეკერი და იურისტი - "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან“. ისინი ყველა რიცხვს, თარიღს, დოკუმენტს თავიდან ბოლომდე ამოწმებენ, რომ სადმე რამე შეცდომა არ გაიპაროს. 

როგორი ვითარება იყო, რა შეიცვალა ვარდების რევოლუციის შემდეგ? 

რომ წარმოიდგინოთ, მაშინ, 2003-2004 წლებში მწვერვალზე ვიყავით, საიდანაც გადმოგვაგდეს. მიშამ[სააკაშვილმა] პრაქტიკულად დაშალა ტელევიზია. 2005-ში კი ქიბარ ხალვაშმა უკვე გადაცემა „60 წუთი“ დახურა.  

რა იყო "60 წუთი"-ის დახურვის ოფიციალური მიზეზი? და თუ გახსოვთ, რომელმა გამოძიებამ გააღიზიანა ყველაზე მეტად არხის მაშინდელი ხელმძღვანელობა? 

ასეთი რამე ითქვა, რომ ბევრი რეფორმაა გასატარებელი და ხელისუფლებას გვერდში უნდა დავუდგეთო. თან ახლა ხალხს გართობა უფრო აინტერესებსო. 

მახსოვს, მაშინ გორში ჩავედით, სადაც აღმოვაჩინეთ, რომ ადამიანები ბიზნესებს ტოვებდნენ და სახელმწიფოს „ჩუქნიდნენ“. სწორედ ამ თემაზე გააკეთა მაშინ ნანა ბიგანიშვილმა ჟურნალისტური გამოძიება, რაც შესაძლებელია, უკანასკნელი წვეთი იყო. ეს სიუჟეტი ცხადია, ეთერში არ გაუშვეს. ჩვენ ის შემდეგ, "სტუდია მონიტორის" მეშვეობით გავავრცელეთ. 

მიუხედავად ამისა, მაშინ ჩვენ თავს უფლება არ მივეცით, რომ ამ საქმიდან გავსულიყავით და ჟურნალისტური გამოძიება აღარ გვეკეთებინა. უკვე ბევრ ადამიანთან გვქონდა კავშირი, ბევრი იყო ჩვენს იმედზე და არ გამოვიდოდა, რომ ამ პროფესიიდან გავპარულიყავით. იმ პერიოდში იყო ფაქტები, როცა ბიზნესმენებს ართმევდნენ ქონებას და ამ ხალხს კომუნიკაცია ჩვენთან ჰქონდა, მათთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ხალხს გაეგო მათი პრობლემების შესახებ. ამიტომ მეგობრებმა 2005 წელს დავაფუძნეთ არასამთავრობო ორგანიზაცია „სტუდია მონიტორი“. ნანა ბიგანიშვილმა, მაგდა მემანიშვილმა და მე დავიწყეთ მონიტორში ჟურნალისტური გამოძიებების კეთება. 

თუმცა, ძალიან რთული იყო მუშაობის დაწყება, არც პროექტების წერა ვიცოდით, არც დამოუკიდებლად მუშაობა. მანამდე საათივით აწყობილ ორგანიზაციაში ვიყავით, სადაც ჩვენი საქმე მხოლოდ გამოძიება, გადაღება და მონტაჟი იყო. ახლა უკვე არც ფული გვქონდა, არც ოფისი, კამერები, სამონტაჟო, მანქანა, ბენზინი… ყველაფერი ჩვენი საზრუნავი იყო. 

3 ძირითადი რამე სჭირდება დამოუკიდებელ ჟურნალისტს: ფინანსური რესურსი რომ პროდუქტი შექმნას, მიიღოს ინფორმაცია და შემდეგ გაავრცელოს ეს ინფორმაცია. სამივე მიმართულებით პრობლემები გვქონდა. მაინც ვამზადებდით მასალას, მაგრამ ვერ ვავრცელებდით. წარმოიდგინეთ, რომ ერთი პერიოდი კინოს სახლის პატარა დარბაზში ვუშვებდით ჩვენს ფილმებს. თუმცა, საბოლოოდ, ეს პრობლემებიც გადავლახეთ.

რა არის ის, რაც სამივე ხელისუფლებას აერთიანებს? 

მესამე ხელისუფლებაა, რომლის პირობებშიც მიწევს მუშაობა და სამივე მათგანი რამდენიმე წლის თავზე, როგორც კი ვერ აღწევენ მიზნებს, არ ატარებენ რეფორმებს, იწყებენ ტყუილების გავრცელებას. სწორედ ამ ტყუილების მასიურად გავრცელების შემდეგ კრიტიკულად განწყობილი მედიის მიმართ აგრესიულიები ხდებიან. ეს დიაგნოზივით არის. სულ რომ არაფერი იცოდე ამა თუ იმ ხელისუფლების შესახებ, როგორც კი დაინახავ მის აგრესიას კრიტიკული მედიის მიმართ, ეს ნიშნავს, რომ მას ძალიან ბევრი აქვს დასამალი და ტყუილი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის სჭირდება. 

აი, მაგალითად, რით განსხვავდება "ქართული ოცნების" პირობებში მუშაობა მისი წინამორბედების პერიოდისგან? როგორი იყო მედიისთვის სამუშაო გარემო “რუსულ კანონამდე”?

პირველ წლებში, თითქოს, გადაულახავი პრობლემა არ ყოფილა და მეტნაკლებად გვქონდა მუშაობის საშუალება. ფინანსური სტაბილურობა მეტწილად გარანტირებული გვქონდა, მაგრამ პირველი, საიდანაც დაიწყეს პრობლემების შექმნა, ეს არის ის, რომ ინფორმაციის მოწოდება ჩაკეტეს. 

იყო ასეთი ამბავი, ერთი ძალიან უწყინარი ინფორმაციის გამოთხოვის დროს, ჩვენმა კოლეგამ სხვა ორგანიზაციიდან NCDC-ის პრესცენტრის უფროსისგან შეცდომით მიიღო სხვისთვის განკუთვნილი ელექტრონული წერილი, სადაც ეწერა, რომ ჩვენთვის ინფორმაცია არ მოეწოდებინათ. 

ამჯერად "ქართული ოცნების" რეიტინგი შემცირდა და ის იბრძვის ძალაუფლების გასახანგრძლივებლად. შესაბამისად, გაიზარდა მისი აგრესია დამოუკიდებელი მედიის მიმართ. ისინი ჩვენ არ გვაძლევენ კომენტარს, არ გვაძლევენ ინფორმაციას, შენობაშიც კი არ გვიშვებს, შემთხვევით ვინმე რომ არ დაგველაპარაკოს... 

აქაც ამოვდივარ იმ 3 კომპონენტიდან, რომელიც ჟურნალისტს სჭირდება - ფინანსური სტაბილურობა, ინფორმაციის მიღება და შექმნილი პროდუქტის გავრცელება. აქამდე ისინი ჩვენს ფინანსურ სტაბილურობას ვერ უპირისპირდებოდნენ, რადგან საერთაშორისო დონორები გვყავს, ვერც ინფორმაციის გავრცელებაში შეგვიშალეს ხელი, რადგან საბედნიეროდ, არა ერთი კრიტიკული ტელევიზიაა და ჩვენ „მთავარ არხზე“ გავდივართ, ამიტომ ერთადერთი, რაც დარჩათ, იყო ის, რომ ხელს გვიშლიდნენ ინფორმაციის მიღებაში. თუმცა, ცხადია, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ მუშაობა შეგვეწყვიტა. 

ბოლო პერიოდში მთავრობამ დაიწყო ინფორმაციული შეტევა დონორებზე, რომ არ დავეფინანსებინეთ საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მედია. ანუ შეეცადნენ, რომ ფინანსურად შევერყიეთ. ცხადია, დონორებმა არ შეგვიწყვიტეს დაფინანსება და ამ წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, უკვე შემოიტანეს “რუსული კანონი”, რომელიც პირველ რიგში, დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ არის მიღებული.
 

„სტუდია მონიტორი“ და პირადად თქვენ ერთ-ერთი ხართ მათ შორის, ვისაც ოფისსა და სახლთან სიძულვილის ენის შემცველი პლაკატები გაუკრეს, შეღებეს თქვენი პირადი ავტომობილიც, იყო უცხო ნომრებიდან მუქარის ზარებიც. როგორ აფასებთ ამ მოვლენებს?



რუსული კანონი ეს არის რუსული სცენარის დასაწყისი, იარაღი, რომელსაც იყენებენ ჩვენ წინააღმდეგ. ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ არსებობს ხალხი, ვისაც ალბათ, ჯერ ისევ სჯერა, რომ ამ კანონის მიზანი გამჭვირვალობაა. გამჭვირვალების მომხრე მეც ვარ და საჯარო ინტერესის საგანი მათ მიერ, კორუფციის გზით მოპოვებული ფულის გამჭვირვალობა უფროა. ჩვენს საქმიანობაში ყოველი თეთრი არის გამჭვირვალე, ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი, მაგრამ თუკი მათი მიზანი მართლაც გამჭვირვალობაა, გაემკაცრებინათ კანონი სწორედ ამ მიმართულებით. ასეთ შემთხვევაში, სადაც გვეტყოდნენ, იქ დავრეგისტრირდებოდით. ამ ფულის მოსაპოვებლად ჩვენ კონკურსებში ვმონაწილეობთ და ვიმარჯვებთ. მაგრამ რა შუაშია უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი?! 

აგენტის სტატუსს რისთვის გვანიჭებენ? განცდა მაქვს, რომ უდიდესი ძალადობისა და წნეხის ქვეშ ვარ მეც და ჩვენი ორგანიზაციაც. არ დავუშვებთ, რომ ამ გაკოტრებულმა ხელისუფლებამ ასე იძალადოს ჩვენზე. ეს არის ღირსების შემლახავი კანონი, რომელსაც ჩვენ არ დავემორჩლებით. თავად წერონ და იკითხონ ის კანონები, რომელსაც საკუთარი თავის გადარჩენისთვის აკოპირებენ რუსებისგან. 

ხე ხომ ნაყოფით იცნობა? ამიტომ ნახონ ჩვენი ფილმები, 250-მდეა და გვაჩვენონ ერთი ნამუშევარი მაინც, სადაც უცხო ქვეყნის ინტერესებს ვატარებთ.  

რას აპირებთ, როგორ მომავალს ხედავთ ამ კანონის პირობებში?

ამ ხელისუფლების პირობებში ძალიან მღვრიე გარემო შეიქმნა და მომავლის განჭვრეტა რთულია. თუმცა, ერთი ვიცი, საქართველოს მოსახლეობამ დაინახა ხელისუფლების რეალური სახე და დარწმუნებული ვარ, გონივრულად მოიქცევა. ჩვენ, ცხადია, არსად დავრეგისტრირდებით. არაფრის გვეშინია არც მათი პლაკატების, დახვედრების, ზარებისა თუ მოხატული მანქანების. ჩვენ ჩვენს საქმეს აუცილებლად გავაგრძელებთ!

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ