ჩეხი ჟურნალისტი, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს აშუქებდა, საქართველოში არ შემოუშვეს
23.10.2024
კატეგორია - საქართველო


ჩეხმა ჟურნალისტმა, რეი ბეისლიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ იგი საქართველოში ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე არ შემოუშვეს. 

 

„სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბოლოს ბეისლიმ მათ შეატყობინა, რომ ტელეფონის ჩამორთმევას უპირებდნენ. ამის შემდეგ კი, მასთან კონტაქტი შეწყდა. ჩეხი ჟურნალისტის მიერ „სტუდია მონიტორისთვის“ გამოგზავნილ დოკუმენტში შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვეყანაში შემოსვლაზე უარის საფუძვლად მითითებული აქვს: „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“.

„მედიაჩეკერი“ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პრესსამსახურის განცხადებით, ინფორმაციას ელოდებიან და თავად შეგვეხმიანებიან.

რეი ბეისლი საქართველოში რამდენიმე თვის წინ იმყოფებოდა და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს აშუქებდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში სხვა უცხოუელი ჟურნალისტებიც არ შემოუშვეს. 17 სექტემბერს საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს ქართულ-სომხური მედიაგამოცემა Aliq Media-ს დამფუძნებელსა და ერთ-ერთ რედაქტორს არსენ ხარატიანს, რომელიც ლუქსემბურგიდან თბილისში მოფრინავდა და მეორე დღეს სომხეთში უნდა წასულიყო. ერთი დღით ადრე კი, საქართველოში მცხოვრები ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი, ანდრეი მიალეშკა არ შემოუშვეს. სამივე შემთხვევაში ჟურნალისტს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ერთი საფუძვლით ეთქვა.

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ (IPI) 19 სექტემბრის ინფორმაციით, 2022 წლიდან სულ მცირე 12 შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ქვეყანაში შემოსვლაზე უცხოელ ჟურნალისტებს უარი ეთქვათ.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ