ComCom-მა „იმედს“ და „რუსთავი 2“-ს ოპოზიციური პარტიების რეკლამის განუთავსებლობისთვის ოქმები კიდევ შეუდგინა
23.10.2024
კატეგორია - საქართველო


კომუნიკაციების კომისიამ „იმედს“ და „რუსთვი 2“-ს „ძლიერი საქართველოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმები კიდევ შეუდგინა

როგორც კომისია წერს, ოპოზიციური პარტიების საჩივრების მიხედვით, მიუხედავად ტელევიზიებისთვის ფასიანი პოლიტიკური რეკლამის წარდგენისა და ამ საკითხზე ComCom-ისა და სასამართლოს გადაწყვეტილებებისა, რომლის ფარგლებშიც ორივე ტელევიზია ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის კანონდამრღვევებად უკვე სცნეს, მაუწყებლები პარტიების მიერ მიწოდებულ ფასიან პოლიტიკურ რეკლამას არ ათავსებენ.

ComCom-ის განმარტებით, „საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ცესკოს და კომუნიკაციების კომისიას, კენჭყისყრამდე არაუგვიანეს მე-60 დღიდან, 5 კალენდარული დღის ვადაში, გადასცეს ინფორმაცია ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად საეთერო დროის ტარიფების შესახებ. ტარიფები ძალაში შედის 50-ე დღიდან. მაუწყებელი, რომელიც აქვეყნებს ტარიფს, ვალდებულია განათავსოს მისთვის წარდგენილი ფასიანი რეკლამა, ხოლო არ განთავსების შემთხვევაში, ის დაარღვევს კანონს. ამასთან, კომუნიკაციების კომისიის მიერ შემუშავებული გზამკვლევის თანახმად, მაუწყებელმა უნდა დაიცვას დისკრიმინაციის აკრძალვის მოთხოვნა და თანასწორად უზრუნველყოს ყველა მსურველი საარჩევნო სუბიექტის მიერ სათანადოდ წარდგენილი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსება“.

ComCom-ის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები წინასაარჩევნო პერიოდში სასამართლოში იგზავნება და საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო შემჭიდროვებულ ვადაში (2 დღე) იღებს.

გუშინ, 22 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“ 5 000 ლარით დააჯარიმა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ უფასო პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ უფასო პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის სასამართლომ 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა „იმედი“, POSTV და „მაესტროც“.  

თბილისის საქალაქო სასამართლომ „იმედი“ და „რუსთავი 2“ 5-5 ათასი ლარით ორჯერ დააჯარიმა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვისაც. 

„გახარია საქართველოსთვის“ კომუნიკაციების კომისიას უჩივლა სასამართლოშიც. 


10 ოქტომბერს „იმედმა“ გამოაქვეყნა განცხადება, რომ სანამ „მთავარი“, „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ „ქართული ოცნების“ ვიდეოებს ეთერში არ გაუშვებდა, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ რეკლამებს ისიც აღარ განათავსებდა. „იმედის“ გადაწყვეტილება გაიზიარა „პოსტვ“-მაც.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ