„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“: სტრასბურგის სასამართლომ აგენტების კანონის გამო რუსეთის მიერ უფლებების დარღვევა კიდევ ერთხელ დაადასტუდა
23.10.2024
კატეგორია - საქართველო


„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ეხმაურება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქმეზე - „ქობალია და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“. ორგანიზაციის შეფასებით, ამ საქმეში სასამართლოს განმარტება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის კიდევ ერთი გზავნილი უნდა იყოს, რომ  საქართველოში მოქმედი რუსული კანონი ადამიანის ძირითად უფლებებს ანალოგიურად არღვევს. 

„შესაბამისად, ქართული არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საქმეზე ევროპულ სასამართლოში იგივე შედეგი დადგება“.

სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება რუსეთში მოქმედ ე.წ. აგენტების კანონზე გუშინ, 22 ოქტომბერს გამოაქვეყნა. სასამართლოს შეფასებით, ეს კანონი არის მასტიგმატიზირებელი და უხეშად არღვევს გამოხატვის, გაერთიანების თავისუფლებებსა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.

„გუშინდელი გადაწყვეტილება არ არის პირველი, რომელიც ევროპულმა სასამართლომ რუსეთში „აგენტების“ კანონთან დაკავშირებით მიიღო. 2022 წელს “ეკო დიფენსის” საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ევროპული კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლების (გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება) დარღვევა. კანონის მიღების შემდეგ ეტაპობრივად რუსეთში მოქმედი კანონი სულ უფრო და უფრო მძიმდებოდა, ემატებოდა დამატებითი შეზღუდვები აგენტის სტატუსის მქონე სუბიექტებისთვის, აგრეთვე მკაცრდებოდა ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი სანქციები კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლოს  კანონში განხორციელებულ ცვლილებებსა და დამატებით შეზღუდვებზეც დასჭირდა მსჯელობა“, - ვკითხულობთ SJC-ის განცხადებაში

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის გადაწყვეტილებაში ევროპულ სასამართლოს უკვე ჰქონდა შეფასებული „აგენტების“ კანონის ძირითადი პრობლემები, ახალ გადაწყვეტილებაში განმეორებით ხაზი რამდენიმე საკითხს გაუსვა:

  • კანონის მასტიგმატიზირებელი ეფექტი - სასამართლომ განმარტა, რომ დამოუკიდებელი ორგანიზაციების „უცხოურ აგენტებად“ დასახელება არამარტო გაუმართლებელი და ხელისშემშლელი იყო მათი საქმიანობისთვის, არამედ, მნიშვნელოვანი შემაკავებელი და მასტიგმატიზირებელი ეფექტიც ჰქონდა.
  • აუდიტისა და ანგარიშგების მოთხოვნები - სასამართლოს განმარტებით, ანგარიშგებისა და ხშირი შემოწმების ვალდებულება განმცხადებელ ორგანიზაციებს არაპროპორციულ ფინანსურ და ორგანიზაციულ ვალდებულებას უწესებდა, რაც გამჭვირვალობის მომეტებული საჭიროებით ვერ აიხსნებოდა.
  • პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა - სასამართლოს შეფასებით, პირადი მონაცემების რეესტრში გასაჯაროება „უცხოური აგენტის“ მასტიგმატიზირებელ იარლიყთან ერთად, უნდა ჩაითვალოს 

განმცხადებლების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში ჩარევად.

„კომისიას ქართული ოცნების მიერ მიღებული კანონიც პრობლემურად აქვს შეფასებული თანაზომიერების პრინციპის დარღვევის გამო. შესაბამისად, მაღალია შანსი იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ შემთხვევაშიც ვენეციის კომისიის დასკვნის სულისკვეთებას გაიზიარებს.

ევროპული სასამართლოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული ორივე გადაწყვეტილება პირდაპირ მიუთითებს, რომ გამჭვირვალობის სახელით მიღებული ასეთი კანონები აღვივებს უნდობლობასა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართ, რისი მიზანიც თავისუფალი სივრცეების ჩახშობაა. ევროპული სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროპულ ინსტიტუციებს მკაფიო და თანმიმდევრული მიდგომა აქვთ ანტიდემოკრატიული ნორმატიული აქტების მიმართ და შესაბამისად, "ქართული ოცნების” მიერ მიღებული “რუსული კანონი” ცალსახად არის როგორც დემოკრატიის დამაზიანებელი, აგრეთვე გადაულახავი ბარიერი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე“, - ვკითხულობთ განცხადებაში.  

რუსული კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს, მათ შორის მედიასაშუალებებს „უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსს ანიჭებს და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ რეგისტრაციას ავალდებულებს.

16 მედიაორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით რუსულ კანონსა და მის მიერ გამოწვეულ მძიმე შედეგებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ასაჩივრებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. საკონსტიტუციო სასამართლომ კი, რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა მის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებს ნაწილობრივ განიხილავს. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ