გიორგი ქურდაძე გაბუნიას თანამდებობიდან გადადგომის რეგისტრაციას ითხოვს
25.12.2024
კატეგორია - საქართველო


„მთავარი არხის“ დირექტორმა, გიორგი ქურდაძემ გუშინ, 24 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა განცხადებით, დაარეგისტრიროს ცვლილება ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, გიორგი გაბუნიას თანამდებობის დატოვების შესახებ. ქურდაძე „მთავარი არხის“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებას გიორგი გაბუნიას მიერ დამფუძნებლებისთვის მეილზე გაგზავნილი წერილის საფუძველზე მოითხოვს. 

„კერძოდ 2024 წლის 29 ნოემბრის განცხადების საფუძველზე გენერალურმა დირექტორმა გიორგი გაბუნიამ გადმოუგზავნა მისი კუთვნილი ელექტრონული ფოსტიდან მის მიერ დაწერილი განცხადება გენერალური დირექტორის თნამდებობის დატოვების შესახებ, დამფუძნებლებს და დირექტორს მათ ელექტრონულ ფოსტაზე, გთხოვთ სამეწარმეო რეესტრში შეიტანოთ ცვლილება,“ - ვკითხულობთ გიორგი ქურდაძის განცხადებაში.

„მთავარი არხის“ დირექტორის ამ განცხადებას თან ახლავს 29 ნოემბერს გიორგი გაბუნიას მიერ დამფუძნებლებისთვის მეილზე გაგზავნილი წერილიც, რომელშიც ვკითხულობთ რომ კომპანია, ფაქტობრივად, ჩიხშია მოქცეული ხელოვნურად შექმნილი სამენეჯმენტო კრიზისის მიზეზით, რომლის მთავარი შემოქმედიც ზაზა ოქუაშვილის მიერ წარდგენილი დირექტორი, გოგი ქურდაძეა.

„გამოგონილი ბრალდებების საფუძველზე (რომელთა მტკიცებულებებიც მას არ აქვს და ვერც ექნება, ვინაიდან მის მიერ არაერთ მეილში, საჯარო წერილსა თუ ეროვნულ ბანკში შეტანილ საჩივარში გაჟღერებული კანონდარღვევები აგრეთვე გამოგონილია) მან დაბლოკა არხის ფინანსური ოპერაციები, რის შესაძლებლობასაც მას დამფუძნებლების მიერ ხელმოწერილი ახალი წესდება აძლევს“. 

გიორგი გაბუნია წერს, რომ არხს ქურდაძისგან დაბლოკილი აქვს არსებობისთვის საჭირო ყველა ფინანსური წყარო, რაც, საბოლოოდ, კომპანიას სრულ კოლაფსამდე მიიყვანს, ამ დროს კი ის, ახალი წესდებით, სრულად პარალიზებულია და ვერაფერს ვეღარ ცვლის. როგორც გაბუნია წერს, ის 2 დეკემბერს აპირებს გაფართოებული შეხვედრის გამართვას მენეჯმენტთან და გუნდთან, შემდეგ კი, „უკვე უსარგებლოდ ქცეული“ თანამდებობის დატოვების შესახებ იუსტიციის სახლსაც მიმართავს. 

„სამწუხაროა, რომ ქვეყნისთვის ასეთ რთულ და გადამწყვეტ ვითარებაში, იმის ნაცვლად, რომ არხი მთლიანად კონცენტრირებული იყოს მოვლენების გაშუქებასა და საფრთხეში მოქცეული პროევროპული მაყურებლისთვის ეფექტურად მუშაობაზე, კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი და მის მიერ შერჩეული დირექტორი შიდა პრობლემების შექმნით არიან დაკავებული და წამყვანი კრიტიკული ტელევიზია თავიანთი ქმედებებით დახურვამდე მიჰყავთ, რაც მხოლოდ „რუსული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლების ინტერესების სამსახურშია“.

გიორგი გაბუნია წერს, რომ იმ მომენტიდან, როდესაც არხის ერთადერთ მმართველად გოგი ქურდაძე დარჩება, კომპანიის წარმატება-წარუმატებლობაზე ან საერთოდ არსებობაზე, პასუხისმგებლობა მთლიანად მას და ზაზა ოქუაშვილს დაეკისრებათ.

„ამასთანავე, მე, როგორც „მთავარი არხის“ ლოგოს შემქმნელი და სახელის თანაავტორი და, შესაბამისად, თანამფლობელი, ვიტოვებ უფლებას, ნებისმიერ დროს ავუკრძალო კომპანიას მათი გამოყენება, თუ ჩავთვლი, რომ ახალი მენეჯმენტი ქვეყნისა და საზოგადოების ან თუნდაც თავად „მთავარი არხის“ გუნდის დამაზიანებელ საქმიანობას ეწევა“.

„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ 11 დეკემბერს, 21:00-საათიანი „მთავარის“ პირდაპირ ეთერში საგანგებო განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ „ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა გააკეთოს ის, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილს ძალიან სჭირდება - ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს „მთავარი არხი„“.

გიორგი გაბუნიამ ბრიფინგზე ოქუაშვილის გადაწყვეტილების სავარაუდო მიზეზებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ტელეკომპანიის დახურვის გადაწყვეტილებაზე გავლენა სწორედ ბიძინა ივანიშვილს შეიძლება ჰქონდეს, რომელთანაც ოქუაშვილს „მძიმე სამართლებრივი დავა აქვს“, რაც კი არ გამორიცხავს მათ შორის თანამშრომლობას, არამედ პირიქით - „სწორედ ამ დავაში შეთანხმების მისაღწევად ოქუაშვილს ძალიან სჭირდება „მთავარი არხით“ მანიპულირება“. გაბუნიამ ტელეკომპანიის დირექტორს, გოგი ქურდაძეს კი „ოქუაშვილის დავალებების მორჩილი შემსრულებელი უწოდა“. 

„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა ისიც, რომ არხი იბრძოლებს და ეთერში დარჩება მანამ, სანამ შეძლებენ:

„ჩვენ არ გვიბრძოლია ამდენი იმისთვის, რომ, საბოლოოდ, არხი ზაზა ოქუაშვილის სახით ბიძინა ივანიშვილს ჩავუგდოთ ხელში. ამიტომ სადამდეც შევძლებთ, ისევ ვიბრძოლებთ და ვიქნებით ეთერში ჩვენი მაყურებლისა და ქართველი ხალხისთვის. მთავარი ხართ თქვენ და ჩვენთვის მთავარია, ბოლო წუთამდე ვიდგეთ ჩვენს კოლეგებთან ერთად ყველაზე ცხელ წერტილებში და მოგიყვეთ, რა ხდება იქ, სადაც წყდება საქართველოს ბედი და ვერანაირი გოგი, ვერანაირი ზაზა და ვერც პუტინის მეგობარი ბიძინა ვერ შეგვაჩერებს!“

აღსანიშნავია, რომ 20 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ზაზა ოქუაშვილი წერს, რომ უცილებელია გიორგი გაბუნიამ გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვოს და ვაკანტურ ადგილას „მთავარი არხის“ თანამშრომლებთან ერთად შერჩეული პირი დაინიშნოს.

ტელეკომპანია „მთავარი არხი“ 2019 წლის 9 სექტემბრიდან მაუწყებლობს. 2020 წლის მაისში ტელეკომპანიის 39,2% -იანი წილის მფლობელი ლონდონში რეგისტრირებული BGIM ltd-ია გახდა, რომლის დამფუძნებელიც ზაზა ოქუაშვილია.  BGIM ltd-ი მართავს „შპს ომეგა მოტორს 2“-ის, „მაგული ხარებავასა“ და „ომეგა მოტორ ჯგუფის“ 0,2 პროცენტიან წილებსაც.

ნიკა გვარამიამ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის პოზიცია მიმდინარე წლის თებერვალში დატოვა და აპრილში ტელეკომპანიის 12 %-იანი წილი, მეუღლეს, სოფიო ლილუაშვილს გადაუფორმა. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი გაბუნია გახდა. არხის მსხვილი მეწილეების გადაწყვეტილებით, მასთან ერთად დაინიშნა 2 ახალი დირექტორიც: გიორგი ქურდაძე და მანუჩარ ახალაია. ახალიამ თანამდებობა 2024 წლის ოქტომბერში დატოვა.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ