„პირველი არხის“ წინასაარჩევნო შიდა მონიტორინგის მიხედვით, ყველაზე მეტი დრო „ქართულ ოცნებას“ დაეთმო
27.12.2024


საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საქართველოს პირველი არხის წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც რაოდენობრივი კვლევის მეთოდით ჩატარდა. როგორც 10-გვერდიან დოკუმენტში ვკითხულობთ, „პირველი არხის“ წინასაარჩევნო შიდა მონიტორინგი 27 აგვისტოდან დაიწყო და 26 ოქტომბრამდე პერიოდი მოიცვა. 

„მონიტორინგი, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშვალდებულების კომპონენტი, მოიცავდა წინასაარჩევნო პერიოდში პირველი არხის ყველა საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემასა და საქართველოს რადიოს თოქშოუებს“.

რაოდენობრივი კვლევის მეთოდით გაიზომა: პირველი არხის გადაცემები - „მოამბე“ 10:00, „მოამბე“ 12:00, „მოამბე“ 15:00, „მოამბე“ 18:00, „მოამბე“ 21:00, „მოამბე სპეციალური გამოშვება“, „არჩევნები 2024“ - პირდაპირი ეთერები, „არჩევნები 2024 - მაკა ცინცაძესთან ერთად“, „ყველა შეკითხვა ცესკოს“, „არჩევნები 2024 - გიორგი გვიმრაძესთან ერთად“ და „დებატები 2024“. გადაცემები საქართველოს რადიოში - „ღია სტუდია“, „რეალური სივრცე“.

საინფორმაციო გადაცემები

როგორც შიდა მონიტორინგის ანგარიშში ვკითხულობთ, მასში „ასახულია საარჩევნო სუბიექტების გაშუქება მათი წინასაარჩევნო აქტივობების შესაბამისად“.

საარჩევნო სუბიექტების პირდაპირი და ირიბი გაშუქების ქრონომეტრაჟის ამსახველი გრაფიკის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ ყველაზე მეტი დრო დაეთმო. 

მაგალითად, „ქართული ოცნების“ პირდაპირი გაშუქების ქრონომეტრაჟი [25:10:03] 3-ჯერ მეტია იმ საარჩევნო სუბიექტებისთვის დათმობილ დროზე, რომელიც გრაფიკის მიხედვით, მეორე [„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 7:39:11] და მესამე ადგილზეა [„ძლიერი საქართველო - ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 7:27:51]. 

მონიტორინგის მეთოდოლოგიის მიხედვით, პირდაპირ გაშუქებად ითვლება დრო, როდესაც სუბიექტი თავად საუბრობს.



ანგარიშში მითითებულია, რომ „პირველმა არხმა“ საარჩევნო სუბიექტებს მათი პროგრამების პრეზენტაციის პირდაპირი გაშუქება შესთავაზა თუ სუბიექტი პირდაპირი ტრანსლაციისთვის სიგნალის მიწოდებას თავად უზრუნველყოფდა და შედეგად „პირველი არხი“ ერთადერთი მედია იყო, „რომელმაც მაყურებელს ინფორმაცია მიაწოდა სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო კამპანიებისა და პროგრამების შესახებ“.

„პარტიების მომართვის საფუძველზე პირდაპირი ეთერი დაეთმო: ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს, ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის, ძლიერი საქართველო - ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის კამპანიებს. საარჩევნო სუბიექტებისთვის დათმობილი პირდაპირი ეთერის ქრონომეტრაჟი აისახა მონიტორინგის რაოდენობრივი კვლევის მონაცემებში, „მოამბის“ 10:00, 12:00, 15:00, 18:00, 21:00 საათიან და „მოამბის“ სპეციალურ გამოშვებებთან ერთად. შესაბამისად, ანგარიშის მიხედვით, გაიზარდა პირდაპირი გაშუქების ქრონომეტრაჟი. აღსანიშნავია, რომ ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის საარჩევო კამპანიის მიმდინარეობის პროცესში გამოყენებული იყო ქართული ოცნების პარტიული ატრიბუტიკა, რაც მონიტორინგის მეთოდოლოგიის მიხედვით ჩაითვალა ქართული ოცნების გაშუქებად და თავის მხრივ გაზარდა აღნიშნული საარჩევნო სუბიექტისთვის დათმობილი დრო“.

არასაარჩევნო სუბიექტებიდან ყველაზე მეტი დრო - 8:24:46 აღმასრულებელი ხელისუფლების პირდაპირ გაშუქებას დაეთმო, მაშინ როცა მაგალითად, პრეზიდენტმა „პირველი არხის“ ეთერში 2 თვის მანძილზე 1 საათზე ნაკლები დროის (0:44:48) განმავლობაში ისაუბრა. ამასთან, პრეზიდენტი ის არასაარჩევნო სუბიექტია, რომელზეც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში ყველაზე მეტს (4:24:39) საუბრობდნენ. 

მონიტორინგის მეთოდოლოგიის მიხედვით, ირიბ გაშუქებად ითვლება დრო, როდესაც სუბიექტზე საუბრობენ სხვები. 


როგორც „პირველი არხის“ წინასაარჩევნო შიდა მონიტორინგის ანგარიშში ვკითხულობთ, „აღმასრულებელი ხელისუფლების პირდაპირი გაშუქება მნიშვნელოვნად გაზარდა მსხვილი ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური პროექტების შესახებ „მოამბის“ სპეციალურმა გამოშვებებმა: ეთერი დაეთმო რიკოთის მაგისტრალური გზის ახალი მონაკვეთის გახსნას, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყებას. გაშუქდა პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროს უშიშროების სხდომაზე, ბრიფინგი კულტურისა და სპორტის მინისტრის წარდგენის შესახებ და სხვ.“

ანგარიშის მიხედვით, „გაშუქების მაღალი უარყოფითი ტონი პროცენტული გადანაწილების მიხედვით დაუგროვდათ საარჩევნო სუბიექტებს: ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა, გახარია საქართველოსთვის, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო. მნიშვნელოვანი პოზიტიური გაშუქებით გამოირჩევა კოალიცია ძლიერი საქართველოსთვის. ხოლო დომინანტური გაშუქების ტონი ყველა საარჩევნო სუბიექტის მიმართ კვლავ ნეიტრალურია“.



ამ ცხრილის მიხედვით, „ქართული ოცნებისთვის“ დათმობილი ირიბი და პირდაპირი გაშუქების საერთო ქრონომეტრაჟის 81.32% ანუ 30:37:45 საათი ნეიტრალური ტონით იყო გაშუქებული, 2:50:27- დადებითად, 4:11:36 კი - უარყოფითად. 


თოქშოუები

„პირველი არხის“ წინასაარჩევნო შიდა მონიტორინგის მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდისთვის შექმნილი გადაცემის - „არჩევნები 2024’’ ფორმატით 17-მა საარჩევნო სუბიექტმა ისარგებლა და მათ დრო თანაბრად, თითოეულს 15 წუთი, დაეთმო. 

„ოთხ კვალიფიციურ სარჩევნო სუბიექტს შორის პოლიტიკური დებატები მაყურებელმა 21 ოქტომბერს იხილა, ორმა საარჩევნო სუბიექტმა „კოალიციამ ცვლილებებისთვის გვარამია, მელია გირჩი, დროამ’’ და „ერთიანობა- ნაციონალურმა მოძრაობამ’’ დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს“.

საქართველოს რადიოში კი 28 სექტებრიდან 25 ოქტომბრამდე საარჩევნო სუბიექტები გაშუქდნენ გადაცემებში „რეალური სივრცე’’ და „ღია სტუდია“.

საარჩევნო სუბიექტების მედიაგაშუქების თვისებრივი  კვლევის ანგარიშები გამოაქვეყნა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“, რომლის მიხედვითაც, „პირველი არხი“ ხელისუფლების მიმართ მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებდა.

მონიტორინგის შედეგებით დადგინდა, რომ „პირველი  არხი“ მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ამბების გაშუქებისას წინასააჩევნო პერიოდში ხელისუფლების მიმართ  მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებდა. ხოლო, ახალი ამბების გაშუქებისას „მოამბეში“ გარდა მიკერძოებისა, ასევე იგრძნობოდა ანტიდასავლური განწყობებიც, რაც „ქართული ოცნების“ განცხადებებს ეხმიანებოდა. 

„“მოამბემ”  მმართველ პოლიტიკურ გუნდს, ანტიდასავლური მოსაზრების გასავრცელებლად, ასევე, ჰომოფობიური და კონსპირაციული თეორიების ტირაჟირებისათვის კომფორტული, ხელსაყრელი გარემო შეუქმნა“.

საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ახალი ამბებისა და ტოქშოუების მონიტორინგის შედეგები ვრცლად იხილეთ აქ:

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ