‘გუნდი შეკრულია და არსად გადასვლა არ განიხილება’ - რას გეგმავენ “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტები
25.07.2019

“ჩვენ ვიბრძვით არა ჩვენი სამსახურისთვის, არამედ იმ ძლიერი პლატფორმის კრიტიკულობის შესანარჩუნებლად, რომელსაც ჰქვია "რუსთავი 2" და "კურიერი". "რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო გუნდი შეკრულია და ამ ეტაპზე არსად გადასვლა არ განიხილება. ახალი პლატფორმის შექმნა მარტივი არ არის, ფიქრი და მობილიზება სჭირდება. ყოველ შემთხვევაში ახლა ამაზე ფიქრი და მუშაობა გუნდის შიგნით არ დაგვიწყია”, - ამბობს “რუსთავი 2-ის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე “მედიაჩეკერთან” სამომავლო გეგმებზე საუბრისას.

დასჭირდებათ თუ არა გუნდის წევრებს სხვა სამსახურის, ან ახალი პლატფორმის შექმნა, იმაზეა დამოკიდებული, რას გადაწყვეტს “რუსთავი 2-ის” ახალი [ძველი] მფლობელი ქიბარ ხალვაში “რუსთავი 2-ის” სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით.

altმას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და ტელეკომპანია "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშის მფლობელობაში გადავიდა, ზუსტად ერთი კვირა გავიდა. ამ დრომდე არხზე მხოლოდ ერთი საკადრო ცვლილება მოხდა - გაუშვეს ტელევიზიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და მის ადგილას ახალი მფლობელის ადვოკატი, მისი ნდობით აღჭურვილი პირი პაატა სალია დანიშნეს.

ცნობილია კიდევ ერთი დეტალი - მფლობელი აპირებს არხზე “მაღალი რეპუტაციის და დიდი სატელევიზიო გამოცდილების მქონე ევროპელი ან ამერიკელი მედია-მენეჯერი” მიიწვიოს. და, გაცხადებულია ისიც, რომ “რუსთავი 2-ის” საინფორმაციო - პოლიტიკური დეპარტამენტის გუნდი არ აპირებს დათმოს სარედაქციო დამოუკიდებლობა. სხვა გეგმაზე, ამ ეტაპზე, გუნდის წევრები არც კი ფიქრობენ.

 

ვინ რა გზით ცდილობს სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას

 
7 დღის განმავლობაში, როგორც არხის მფლობელის, ისე თანამშრომლებისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან არაერთი განცხადება გავრცელდა იმის შესახებ, რომ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე არ უნდა დაემუქროს.

“რუსთავი 2-ის” თანამშრომლებმა მენეჯმენტს შესთავაზეს სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტისთვის შექმნილიყო საზოგადოებრივი საბჭო. მათი მოსაზრებით, საბჭო უნდა დაკომპლექტებულიყო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით და მასთან შეთანხმების გარეშე არხზე არ უნდა მომხდარიყო რაიმე ტიპის საკადრო ცვლილება, ასევე, ახალ მენეჯმენტს ოფიციალურად ვალდებულება უნდა აეღო, რომ არ შეცვლიდა მაღალრეიტინგული გადაცემების წამყვანებს.

არხის მფლობელმა ეს შეთავაზება არ მიიღო და ჟურნალისტებს სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვას მხოლოდ სიტყვიერად დაჰპირდა. 22 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში ქიბარ ხალვაშმა აღნიშნა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა "ვინმეს ახირებებისა და კაპრიზების შესრულებას" არ ნიშნავს.

alt"საკუთარი სიტყვის ერთგული ვრჩები და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება გარანტირებული. თუმცა აქვე მინდა ყველას ვუთხრა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას, დესტრუქციული ამოცანების მქონე პირების გემოვნებაზე მორგებას და მათი ეთიკის ჩარჩოებში ოპერირებას. სარედაქციო დამოუკიდებლობის სრულფასოვანი რეალიზება მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებული მედიასტანდარტების პირობებშია შესაძლებელი", - წერდა ხალვაში.

მიუხედავად ამ განცხადებისა, არხზე სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის საფრთხეს ხედავენ.

"ვუყურებთ სახელისუფლებო ტელევიზიების დღის წესრიგს, როგორ და რანაირად მუშაობენ ისინი. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა ამ დღის წესრიგით მუშაობა”, - გვეუბნება ნოდარ მელაძე.

იგი ამბობს, რომ “რუსთავი 2” ერთგვარი დამბალანსებელი ხაზი იყო, რადგან “კურიერი” აშუქებდა მწვავე თემებს და სხვა არხებიც იძულებული ხდებოდნენ ეს თემები ასე თუ ისე გაეშუქებინათ: “ახლა არსებობს საფრთხე, რომ ყველა მსხვილი მედია ილაპარაკებს ერთი და იგივე აქცენტებით და ერთსა და იმავე ახალ ამბებს გააშუქებენ”.

ამ ჩამონათვალში მელაძე ცხადია არ გულისხმობს "TV პირველსა" და "კავკასიას", რომლებიც თავისუფალია სახელისუფლებო გავლენებისგან, თუმცა, ყურადღებას ამახვილებს მათ შესაძლებლობებზე: “მათი მასშტაბებიდან გამომდინარე, ისინი ვერ შეძლებენ ზოგადად მედია ბალანსის დაცვას რადგან, ერთ მხარეს იქნება ყველაზე მსხვილი სახელისუფლებო მედია და მეორე მხარეს იქნებიან მცირე მედიასაშუალებები, რომლებსაც აქვთ ნაკლები ბერკეტი საზოგადოებამდე მიიტანონ ინფორმაცია".

ქიბარ ხალვაში, კიდევ ერთ წერილში, სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტად უცხოელ მედია-მენეჯერს მოიაზრებს.

alt“კომპანიას აუცილებლად სჭირდება სწორედ დასავლური გამოცდილების მქონე მედია მენეჯერი, რომელიც დაეხმარება არხს მაღალი ხარისხის, ჟურნალისტური სტანდარტების შესაბამისი, კრიტიკული სატელევიზიო პროდუქტის შექმნაში. სწორედ [საერთაშორისოდ აღიარებული] პრინციპების და სტანდარტების განუხრელად დაცვის ხელშესაწყობად ვარჩევთ მაღალი რეპუტაციისა და დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე უცხოელ მედია-მენეჯერს და დარწმუნებული ვართ, რომ არხზე ამჟამად მომუშავე პროფესიონალები იოლად გამონახავენ მასთან საერთო ენას”, - აღნიშნულია ხალვაშის განცხადებაში.

“რუსთავი 2-ის” ჟურნალისტები კი ფიქრობენ, რომ მხოლოდ უცხოელი მედიამენეჯერის ჩამოყვანა ვერ ჩაითვლება სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნების გარანტად.

“როგორც ქართველი, ასევე უცხოელი შეიძლება იქცეს მედია ცენზორად. მსგავსი პრაქტიკა გვინახავს სხვა არხებზე, უცხოელი მედიამენეჯერები ვერ აღმოჩნდნენ სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების შემაკავებელი ბერკეტები”, - ეს უკვე ხალვაშის პასუხად, “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტების წერილშია ნათქვამი.

“საინტერესოა ვინ იქნება და ვინ მონაწილეობს ამ შერჩევის პროცესში. როგორც ვიცი, ეს არ არის პაატა სალია. როგორ მიმდინარეობს შერჩევის პროცესი, ვინმე აგენტები დაიქირავეს, რომლებიც უცხოეთში კონსულტაციას უწევენ ამ თემასთან დაკავშირებით, ბატონი ქიბარი აგზავნის მესიჯებს, გუგლში ეძებს, მეილებს აგზავნის თუ კონსულტანტი ჰყავს ვინც არჩევს - ეს ყველაფერი ძალიან ბუნდოვანი პროცესია და არაფერი არ ვიცით. ჯერ [ქიბარ ხალვაში] ტელევიზიაშიც არ მოსულა", - განმარტავს ნოდარ მელაძე.

 

რა მოხდება თუ გუნდის ბრძოლა უშედეგო აღმოჩნდება

 

ამ ეტაპზე "რუსთავი 2" ხელისუფლების მიმართ ისეთივე კრიტიკულია, როგორიც ბოლო წლების განმავლობაში იყო.

alt“როცა დაიწყება სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა, ამის შესახებ ვიტყვით ხმამაღლა, მათ შორის ჩვენსავე ეთერში. სანამ მე ვიქნები საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი სახელისუფლებო "მესიჯ ბოქსების" ტირაჟირება ეთერში არ მოხდება", - აცხადებს მელაძე და ამატებს, რომ მათი პრიორიტეტი ახლა სტაბილური მაუწყებლობის უზრუნველყოფაა.

“შესაბამისად, კონსტრუქციულად ვთანამშრომლობთ, ვურთიერთობთ დღეში რამდენჯერმეც. დირექტორის მხრიდან ჯერჯერობით ამ დრომდე სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა არ ყოფილა. ვიცი, რომ გარკვეულწილად მფლობელს ჰქონდა სერიოზული ვნებათაღელვა შაბათისა და კვირის სამაუწყებლო ბადესთან დაკავშირებით, გვაქვს ინფორმაცია, რომ [ქიბარ ხალვაში] იყო გაბრაზებული შაბათის კურიერისა და P.S-ის გამო. თუმცა იმის მცდელობა არ ყოფილა, რომ ვინმე ეთერში გვყოლოდა ან არ გვყოლოდა ან ვინმე მოგვეხსნა", - აცხადებს მელაძე.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ გუნდის ბრძოლა უშედეგო აღმოჩნდება და ახალი მფლობელი არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას მაინც გადაწყვეტს?

ნოდარ მელაძე ამბობს, რომ “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტებზე, წამყვანებსა და პროდიუსერებზე, მათი გამოცდილებისა და კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ცხადია, ნებისმიერ არხზე იქნება მოთხოვნა, მაგრამ, ახლა ვინმეს სადმე წასვლა დღის წესრიგში არ დგას.

“ბუნებრივია, თუ აქედან კადრების გადინება დაიწყება, ქუჩაში არავინ დარჩება. აქ ჩვენ ვიბრძვით არა ჩვენი სამსახურისთვის, არამედ ვიბრძვით იმ ძლიერი პლატფორმის კრიტიკულობის შესანარჩუნებლად, რომელსაც ჰქვია "რუსთავი 2" და "კურიერი". ამ ეტაპზე "რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო გუნდი შეკრულია და არსად გადასვლა არ განიხილება”.

მასთან საუბრიდან ირკვევა, რომ რაიმე გეგმა, თუ მაინც შეიცვალა არხის სარედაქციო დამოუკიდებლობა, გუნდს ჯერ არ აქვს: "ახალი პლატფორმის შექმნა მარტივი არ არის, ფიქრი და მობილიზება სჭირდება. ყოველ შემთხვევაში ახლა ამაზე ფიქრი და მუშაობა გუნდის შიგნით „რუსთავი 2-ში“ ვინც ვმუშაობთ ჯერ არ დაგვიწყია. ჩვენ ვართ ისევ კურიერელები”.

 

გაგრძელდება თუ არა სამართლებრივი ბრძოლა

 

alt"რუსთავი 2-ის" იურისტი თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ სამართლებრივი კუთხით ბრძოლა გაგრძელდება. მისი განმარტებით, არხის ყოფილი მფლობელები ძმები ყარამანიშვილები და ტელეკომპანია "საქართველო" სასამართლოს გადაწყვეტილებას ზედა პალატაში გაასაჩივრებენ, რასაც შესაძლოა განსხვავებული სამართლებრივი შედეგი მოჰყვეს.

"შეიძლება საერთოდ შემობრუნდეს საქმე, დიდმა პალატამ თქვას, რომ "რუსთავი 2-ის" საქმეზე ნამდვილად იყო დარღვეული სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ ქართული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება (თუ მიღებული იყო სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევით) უნდა გაუქმდეს. შებრუნდეს ხელახლა განსახილველად და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება", - განმარტავს მურადაშვილი.

 

რუსთავი 2-ის საქმე მოკლედ

 

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, „რუსთავი 2-ის" საქმეზე გადაწყვეტილება 18 ივლისს გამოაქვეყნა. სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

"რუსთავი 2" და მისი ამჟამინდელი მფლობელები შემდეგი მუხლების დარღვევაზე დაობდნენ:

  • სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება (მუხლი 6 § 1)
  • გამოხატვის თავისუფლება (მუხლი 10)
  • უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები (მუხლი 18)
  • საკუთრების დაცვა (პირველი პროტოკოლის პირველი მუხლი)
ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ სამართლიანი სასამართლოს უფლების შელახვა არ დადგინდა. სხვა უფლებების შელახვაზე კი სასამართლოს არც უმსჯელია, რადგან ამ მუხლებზე სარჩელი წარმოებაში არ მიიღო . "რუსთავი 2-მა" სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ საამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც საქართველოს სასამართლომ ტელეკომპანია ადრინდელ მესაკუთრეს, ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. სტრასბურგის სასამართლომ 2017 წლის 3 მარტს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა, ერთი კვირის წინ კი სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა.

18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში, ტელეკომპანია "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშმა ოფიციალურად გადაიფორმა. არხიდან გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოიხსნა და მის ადგილზე პაატა სალია დანიშნა.

"რუსთავი 2-ის" მოვლენებს გამოეხმაურა 20 არასამთავრობო ორგანიზაცია. მათ ქართულ მედიასივრცეში კრიტიკული მაუწყებლის მფლობელისა თუ მენეჯმენტის ცვლილების სარედაქციო პოლიტიკაზე ასახვის უკვე არსებული გამოცდილების გამო, საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართეს, რომ ყურადღებით მიადევნონ თვალი "რუსთავი 2-ის" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს, რათა არ გაუარესდეს მედიაგარემო.
 
 
შენიშვნა: მასალის მთავარ ფოტოდ გამოყენებულია რადიო თავისუფლების ფოტო
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ