რუსთავი 2-ის ყოფილმა დირექტორმა ახალი ტელევიზიის შექმნა დააანონსა
26.07.2019

ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ბევრი ფიქრისა და ინვესტორებთან კონსულტაციების შემდეგ, რამდენიმე პარტნიორთან ერთად ახალი ტელევიზიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. განცხადებაში, რომელიც ნიკა გვარამიამ ფეისბუკით გაავრცელა, იგი წერს, რომ ეს იქნება "ქვეყნის მთავარი და საუკეთესო ტელევიზია", იმაზე უკეთესი, ვიდრე რუსთავი 2.

"გადავწყვიტე რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია, მთავარი და საუკეთესო. უკეთესი, ვიდრე ნებისმიერი სხვა. უკეთესი, ვიდრე ის, რომელიც აქამდე ყველაზე საუკეთესო მგონია. ჩემთვის ეს, ალბათ, ცხოვრების მთავარი გამოწვევაა - მე კრიზის-მენეჯერი ვარ, არ მიყვარს რუტინა და არასდროს მიშენებია ნულიდან. მე შემიძლია გავაცოცხლო მკვდარი კომპანია, მაგრამ არასდროს მიმიცია დასაბამი ახალი კომპანიის სიცოცხლისთვის. ამ გამოწვევაში ზუსტად ვიცი, ვისი დახმარება მჭირდება, ვინ იქნება ჩემი მთავარი დასაყრდენი - ჩემი გუნდი. ჩემი ამბიცია მხოლოდ საუკეთესოს გაკეთებაა, და საუკეთესოს, ცხადია, მხოლოდ საუკეთესოები გააკეთებენ", - წერს გვარამია.



როგორც მისი საჯარო წერილიდან ირკვევა, ახალი ტელევიზიის შესაქმნელად ინვესტორები არიან, თუმცა, "ხარჯი უფრო მეტია, როგორც ყოველთვის" და ამიტომ, ტელევიზიის დასახმარებლად მალე ფინანასების მოგროვების საჯარო კამპანია დაიწყება.

"თავს უფლებას მივცემ და ჩემს თხოვნასაც გავაჟღერებ: სრულიად არ მეპარება ეჭვი, რომ ძალიან მალე ახალი ტელევიზია ქვეყნის მთავარი არხი გახდება და მის შემოსავლებს უკიდურესად ოპტიმისტურად ვუყურებ. თუმცა, თავიდან, მნიშვნელოვანი ინვესტიციებია საჭირო. ინვესტორები არიან, მაგრამ ხარჯი უფრო მეტია, როგორც ყოველთვის :) ძალიან მალე დავიწყებთ საჯარო კამპანიას ახალი ტელევიზიის დასახმარებლად. დიდი იმედი მაქვს თქვენი", - ვკითხულობთ წერილში.

ნიკა გვარამიას ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე "მედიაჩეკერმა" "რუსთავი 2-ის" გუნდის გეგმების შესახებ გამოაქვეყნა მასალა. ამ სტატიაში საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ამბობდა, რომ ახლა გუნდს ერთადერთი ამოცანა აქვს, შეინარჩუნოს რუსთავი 2-ზე სარედაქციო დამოუკიდებლობა და შეინარჩუნოს "რუსთავი 2" როგორც კრიტკული პლატფორმა. მელაძე ახალი პლატფორმის შექმნას გამორიცხავდა და ამბობდა, რომ ჯერ ამაზე გუნდს მუშაობა არ ჰქონდა დაწყებული.

 

შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, „რუსთავი 2-ის" საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ეს გადაწყვეტილება 18 ივლისს გამოქვეყნდა. იმავე დღეს, არხი ქიბარ ხალვაშმა გადაიფორმა, გაათავისუფლა გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და მის ადგილას თავისი ნდობით აღჭურვილი პირი პაატა სალია დანიშნა.


ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ