09.08.2019
საქართველოს პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი დღეს, 9 აგვისტოს, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წარუდგინა.
პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, 2015 წლის 16 იანვარს შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სახელით ნიკა გვარამიამ ხელშეკრულება გააფორმა შპს „ინტერ მედია პლიუსთან“, რომლის მფლობელებიც არიან მისი მეგობრები - ზ.გ. და კ.ჯ., ხოლო დირექტორი, ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი - ზ.ი. ხელშეკრულების თანახმად, „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა „ინტერ მედია პლიუსს“ დაუთმო საკუთარი არხების (,,რუსთავი 2“-ის, ,,ახალი არხის“ (იგივე ,,კომედი არხის“) და ,,მარაოს“) ეთერში კომერციული რეკლამის განთავსების უფლება.
“მხარეთა შეთანხმებით, კომერციული რეკლამის განთავსების უფლების დათმობისათვის ანაზღაურება, ყოველთვიურად, ,,ინტერ მედია პლიუსის“ მიერ ფაქტობრივად მოხმარებული კომერციული სარეკლამო დროის ოდენობის მიუხედავად, წინასწარ შეთანხმებული ოდენობით უნდა განხორციელებულიყო.
ნიკა გვარამია მოქმედებდა რა შპს. ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ და მისი მეგობრების კუთვნილი კომპანიის - შპს. ,,ინტერ მედია პლიუსისათვის“ გამორჩენის მისაღებად, ხელშეკრულებით განსაზღვრულ პერიოდში, კომერციული რეკლამის განთავსების უფლების დათმობისათვის ანაზღაურების შესახებ შპს ,,ინტერ მედია პლიუსთან“ გაფორმებული ყოველთვიური შეთანხმებებით, განზრახ არ მოითხოვა ტელეკომპანიის კუთვნილი 6 763 510 ლარი, რითაც მის მეგობრებს მისცა შესაძლებლობა,შპს. „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ მიღებული დიდი ოდენობით თანხების აკუმულირება მოეხდინათ საკუთარი კომპანიის ანგარიშზე და არ გადაეხადათ ტელეკომპანიისთვის.
შედეგად, 2015 წლის საანგარიშო პერიოდში შ.პ.ს. ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ მიღებულმა დეკლარირებულმა ზარალმა 7 377 230 ლარი შეადგინა, ამავე პერიოდში, შ.პ.ს “ინტერ მედია პლიუსის” დეკლარირებულმა მოგებამ კი - 8 690 664 ლარი”, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ნიკა გვარამია პროკურატურის სპეციალურ ბრიფინგს ფეისბუკის გვერდზე გამოეხმაურა.
“ვალის ხელშეკრულება მაქვს ინტერმედიასთან და ნატურით გადამიხადეს. სახლი გავყიდე და იქიდან აღებული ფული ვასესხე ინტერმედიას, ხელფასები რომ გაგვესტუმრებინა. ყველა დოკუმენტია ინტერმედიაში და ამოღებულია ეგ დოკუმენტები პროკურატურის მიერ. დაკითხვაზე მაინც გეკითხათ რამე ამ საკითხზე. თუ ბრალის საფუძველი იყო, საერთოდ როგორ არ გიხსენებიათ?
ღიად და დაუფარავად: კორუფცია ის თემაა, რომელთან შედარებით, უმძიმესი დანაშაულები მემსუბუქება. ესაა ჩემი წითელი ხაზი და უკვე მეორეჯერ გადაკვეთა ივანიშვილმა”, - წერს ნიკა გვარამია.
ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით ნიკა გვარამია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დღეს არის დაბარებული. ბრალის წარდგენის შემდეგ საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, “რუსთავი 2-ის” ყოფილ დირექტორს ექვსი თვიდან 2 წლამდე ვადით შინაპატიმრობა, ან სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ელის.
„რუსთავი 2-ის“ ყოფილი დირექტორის წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 16 ივლისს „რუსთავი 2-ის“ 9%-იანი წილის ყოფილმა მფლობელმა, ნინო ნიჟარაძემ მის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.