"იმედის" ჟურნალისტების ნაწილი არ იზიარებს აგვისტოს ომის შესახებ ფილმის "მთავარ ხაზს"
15.08.2019
ტელეკომპანია იმედის ეთერში აგვისტოს ომის შესახებ მომზადებული ფილმის გასვლიდან 4 დღეში საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მხრიდან წამოსული კრიტიკის შემდეგ, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტების ნაწილი სოციალური ქსელის საშუალებით იდენტური შინაარსის ტექსტს ავრცელებს და აცხადებს, რომ მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს არ იზიარებს.

„არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს!“, - წერენ ისინი.

„იმედის“ ეთერში რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ დაახლოებით 40 წუთიანი, უავტორო ფილმი სახელწოდებით - „ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს“ 11 აგვისტოს გავიდა. ფილმის სიუჟეტი 2008 წლის აგვისტოს ომში სრულად ნაციონალური მოძრაობისა და მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი ბრალეულობაზეა აგებული და განვითარებულ მოვლენებში რუსეთის პასუხისმგებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი.

ფილმის შესახებ „მედიაჩეკერის“ მიერ მასალის გამოქვეყნების შემდეგ ფილმი საზოგადოების ნაწილმა და ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სპექტრმა მწვავედ გააკრიტიკა. მათ ტელეკომპანია „იმედი“ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ რუსული ნარატივის გამეორებაში დაადანაშაულეს და მაუწყებლისგან ფილმის ავტორების გასაჯაროება მოითხოვეს.

მიუხედავად იმისა, რომ თემა 14 აგვისტოს ერთ-ერთ მთავარ ამბად იქცა. დღის განმავლობაში ტელეკომპანია „იმედს“ ფილმის შესახებ არც განმარტება გაუკეთებია და საკითხი არც მის საინფორმაციო ბადეში მოხვდა. მაუწყებელი დღის ბოლოს, არხის გენერალური დირექტორის მოადგილის ნიკოლოზ ლალიაშვილი იმედის მიერვე ჩაწერილი კომენტარის გავრცელებით შემოიფარგლა, ისიც მხოლოდ კონკურენტი ტელევიზიების მიმართვის შემდეგ.

ლალიაშვილმა ფილმზე სრული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და განაცხადა, რომ რეპორტაჟი მისი პროდიუსინგის ქვეშ მომზადდა. რაც შეეხება ფილმის უშუალო ავტორებს იგი შემდეგი განმარტებით შემოიფარგლა:

„ფილმის ავტორი არის მერაბ მამარდაშვილი, რომელიც ბულინგით მოკლეს, იმის გამო, რომ სიმართლეს აყენებდა ყველაფერზე მაღლა, ფილმის ავტორი არის ის ასეულობით ჩვენი ჯარისკაცი, რომელიც გმირულად შეეწირა სააკაშვილი ანატურას, ამ ფილმის ავტორები არიან დევნილები, რომლებიც არიან მსხვერპლნი ამ ავანტურის და ბოლოს, ამ ფილმის ავტორი არის ქართული საზოგადოება, რომელმაც მშვენივრად იცის ყველაფერი და რომელსაც 11 წელი უბრალოდ უკრძალავდნენ სიმართლის თქმას“.


ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ