21 დეკემბერს, პარლამენტის შენობის წინ, საქართველოს ჟურნალისტური
ეთიკის ქარტიის ორგანიზებით, ჟურნალისტების საპროტესტო აქცია
გაიმართა. მედიის წარმომადგენლებმა ბოლო პერიოდში მომრავლებული
ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელშეშლის ფაქტები გააპროტესტეს. აქციაში
რამდენიმე ათეული ჟურნალისტი მონაწილეობდა საქართველოს რეგიონული
მედიასაშუალებებიდან და დედაქალაქიდან.
აქცია სპეციალურად დაემთხვა 21 დეკემბერს, ამ დღეს ზუსტად ექვსი თვე
გავიდა მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციის დაშლის დროს მედიის 40-მდე
წარმომადგენელი დაშავდა. თუმცა ამ ფაქტის შესახებ ეფექტური გამოძიება
და ჟურნალისტების დაშავებაში მონაწილე პირების გამოვლენა და დასჯა
დღემდე არ მომხდარა. ამასთან ერთად, ჟურნალისტებმა გააპროტესტეს
თბილისის საკრებულოს შენობიდან და პარლამენტის კომიტეტიდან მედიის
წარმომადგენლების გამოძევება, ქუჩებში - აქციებზე მომუშავე
ჟურნალისტებზე თავდასხმა, პოლიტიკოსების მხრიდან შეურაცხყოფის
ფაქტების მომრავლება, საჯარო ინფორმაციის მიღების გართულება, აჭარის
ტელევიზიაში განვითარებული მოვლენები და ა.შ.
ქარტიის აღამსრულებელი დირექტორის, გიორგი მგელაძის განცხადებით,
ქარტიის დაკვირვებით, ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ
ძალადობებსა და ხელშეშლაზე ხელისუფლების რეაქცია არ არის სათანადო.
ხშირად ზეწოლის ფაქტებზე დაწყებული გამოძიება ფორმალურ სახეს ატარებს
და არ მიმდინარეობს კანონით დადგენილი წესით და შესაბამისი
კვალიფიკაციით. არცთუ იშვიათად მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები
თავად ახდენენ მედიაზე ძალადობის წახალისებას. .
აქციის მონაწილე ჟურნალისტებმა, პლაკატებით: "გამოიძიე", "ნუ
გვესვრი", "ნუ გვიშლი ხელს მუშაობაში", "გვიპასუხე", ასევე,
საყვირებითა და შეძახილებით - "გამოიძე", პარლამენტის შენობის
მიმდებარე ტერიტორიიდან სასტუმრო თბილისი მარიოტამდე, სადაც ქარტიის
წევრთა კრება იმართებოდა, მსვლელობაც გამართეს.
მასალაში გამოყენებული ფოტოები ეკუთვნის ონლაინგამოცემა "პუბლიკას".