ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა
11.07.2021
"ტვ პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას "ტვ პირველი" ადასტურებს
"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე გვიყვება, რომ ალექსანდრე ლაშქარავა საწოლში გარდაცვლილი გამთენიისას დედამისმა ნახა. ადგილზე პოლიციაა მისული. ოპერატორის სახლი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული და შიგნით არავის უშვებენ. 

ალექსანდრე ლაშქარავა, ერთ-ერთია მედიის 53 წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში სახის ძვლის მოტეხილობითა და თვალის დაზიანებით გადაიყვანეს.

ლექსო ლაშქარავა სამედიცინო დაწესებულებიდან 9 ივლისს გაწერეს. ოპერაციის შემდეგ ალექსანდრე ლაშქარავა მკურნალობას სახლში განაგრძობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დაწყებულია ექსპერტიზაც.

"მედიაჩეკერი" უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ