"ფორმულა": "ქართული ოცნების" ხელისუფლება ტელეკომპანიისთვის ფინანსური პრობლემების შექმნას ცდილობს
30.09.2021
ტელეკომპანია „ფორმულას“ მენეჯმენტი აცხადებს, რომ ხელისუფლება არხის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის გამო ტელევიზიისთვის ფინანსური პრობლემების შექმნას ცდილობს.

„ფორმულას“ მფლობელის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს სასამართლოში სარჩელი შეაქვს ერთ-ერთ საქმეზე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

„ფორმულას“ გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე ამას ტელეკომპანია „ფორმულას“ უკავშირებს და ამბობს, რომ „ ეს არის ნაწილი არსებული იმ კამპანიისა, რასაც ახორციელებს ხელისუფლება უკანასკნელ პერიოდში და როგორც ჩანს ეს ქმედებები რაღაც ფინალურ ფაზაში შედის.“

თავდაცვის სამინისტროს სარჩელის მიზეზებად გუმბარიძის ვერსიით, „ფორმულას“ ეთერში 27 სექტემბერს გასული „ედისონ რისერჩის“ მიერ წარმოებული კვლევების შედეგებია, რომლის მიხედვითაც მმართველი პარტია ვერ ახერხებს 43%-იანი ბარიერის გადალახვას, ასევე არჩევნების დღეს, 2 ოქტომბერს 20:00 საათზე დაგეგმილ ამავე კომპანიის ჩატარებული ეგზიტპოლების გამოქვეყნებას.

„რა სცენარითაც არ უნდა განვითარდეს მოვლენები. სულ რომ დღეს ან ხვალ ამ კომპანიაში დაინიშნოს დროებითი მმართველი ან მოხდეს რამე სხვა ტიპის ღონისძიება, რაც ხელს შეუშლის ეგზიტპოლების გამოქვეყნებას, ეს ეგზტიტპოლები მაინც გავა რომელიმე ქართული არხის ეთერში.“ - თქვა გუმბარიძემ პრესკონფერენციაზე.

ტელეკომპანიის დირექტორის განმარტებით, „მთავარის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას და „ტვ.პირველის“ მფლობელის ვატო წერეთლის მამის ბოლო პერიოდში დაჩაქრებული პროცესით მიმდინარე საქმეები ეჭვს აჩენს, რომ თუ არჩევნებზე ხელისუფლებისთვის სასურველი შედეგი არ დადგება, ისინი განიხილავენ სცენარს ერთდროულად შეაფერხონ ან გააჩერონ სამივე მედიის მაუწყებლობა, რისთვისაც სამართლებრივ ბერკეტებს გამოიყენებენ.

„ფორმულას“ დირექტორი აშშ-ის საელჩოს მოუწოდებს გაატარონ ყველანაირი პრევენციული ზომა, რათა ზეწოლა არ მოხდეს ეგზიტპოლების ჩამტარებელ კომპანიაზე.

დეტალები

თავდაცვის სამინისტრო "ფორმულას" 51%-იანი წილის მფლობელის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს.

სარჩელით სამინისტრო ე.წ წვრთნების საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ გამტყუნებულად ცნობილ კეზერაშვილისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

პროკურატურა დავით კეზერაშვილს თავდაცვის მინისტრობის პერიოდში საწვრთნელ პროექტებზე 5 მილიონ ევროზე მეტის გაფლანგვაში ედავებოდა.

დავით კეზერაშვილის სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა 7 სექტემბეს მიუსაჯა. მანამდე ამავე საქმეზე წინა ორი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი ჰქონდა.

უცნობია, მოითხოვს თუ არა თავდაცვის უწყება ტელეკომპანია "ფორმულას" ქონების დაყადაღებას.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ