29.03.2022
ორგანიზაციამ ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში 2021 წლის მოვლენები შეაჯამა.
“ამნესთი ინთერნეიშენალი” საქართველოში მედიის ნაწილში რამდენიმე საკითხს გამოყოფს.
“ოპოზიციის წევრებზე, ხელისუფლებისადმი კრიტიკულ მედიაზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ხორციელდებოდა, მიყურადება, დაშინება და თავდასხმები, არსებული დაუსჯელობის ფონზე. იყო მუქარისა და თავდასხმის შემთხვევები ოპოზიციის წევრების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რაც, ხშირად, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებებით ან უმოქმედობით იყო წახალისებული.”, - წერია ანგარიშში.
5 ივლისის მოვლენები:
- “ძალადობრივი ჰომოფობიური ჯგუფები თავს დაესხნენ და ფიზიკური ზიანი მიაყენეს 50-მდე ჟურნალისტს.
- ერთ-ერთი სასტიკად ნაცემი, TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, ინციდენტიდან ექვს დღეში, საკუთარ სახლში, გარდაცვლილი იპოვეს.
- ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათი ბრალეულობა უარყვეს და ძალადობის პროვოცირებაში Pride-ის ორგანიზატორები დაადანაშაულეს.
- ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ლექსო ლაშქარავას სიცოცხლის უკანასკნელ დღეს გადაღებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, იმის მისანიშნებლად, რომ ლაშქარავამ თითქოს ნარკოტიკული საშუალება შეიძინა.
- მთავრობამ ვერ უზრუნველყო მასობრივი ძალადობის ორგანიზატორების სამართლებრივ პასუხისმგებლობა და მოვლენების ეფექტური გამოძიება.
“სუსის” სავარაუდო ფარული ჩანაწერები:
- 12 სექტემბერს, ინტერნეტ და მედია სივრცეში განთავსდა ათასობით ფარული ჩანაწერის დოკუმენტური მასალა, რომელიც სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, მათ შორის, ფარული თვალთვალის და მიყურადების შედეგად არის შექმნილი.
- მასალა მოიცავს ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და დიპლომატების პირადი ცხოვრების ამსახველ დეტალებს.
- მასალების უკანონოდ მოპოვების შესახებ მიმდინარე გამოძიების შედეგები საანგარიში წლის ბოლოსთვის არ დამდგარა.
სასამართლო პროცესები:
- კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგებლების პოლიტიკური სარჩულით დევნა კვლავ მწვავე პრობლემად დარჩა.
- გაგრძელდა ოპოზიციურად განწყობილი სატელევიზიო არხის დირექტორისა და თანადამფუძნებლის სასამართლო პროცესი, რომელიც თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და ქონების მითვისების დაუსაბუთებელი ბრალდების საფუძველზე დაიწყო.
- გიორგი რურუა, რომელიც არხის მთავარი მეწილეა, პრეზიდენტმა აპრილში შეიწყალა და ამით, ის 2020 წელს დაკისრებული 4-წლიანი სასჯელისგან გათავისუფლდა.