13.04.2022
რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ამბავი? 2021 წლის ანგარიშში მედიასთან მიმართებით დაახლოებით იმავე პრობლემებზეა საუბარი, რაზეც სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებას 2020 წელსაც ამახვილებდა. თუმცა ამ ანგარიშს ემატება მედიის წარმომადგენლებზე ფარული მიყურადება ფიზიკური თავდასხმები, მათ შორის 5-6 ივლისის მოვლენები და მისი ორგანიზატორების დაუსჯელობა.
რა უნდა ვიცოდეთ? აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამ ანგარიშში ეყრდნობა საქართველოში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევებსა და სხვა ინფორმაციას, მათ შორის, ადამიანის უფლებებისა და მედიის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობოებს.
უფრო დეტალურად: საქართველოში, სხვადასხვა ორგანიზაცია თვეების განმავლობაში ითხოვს ჟურნალისტებზე 5-6 ივლისის თავდასხმების ორგანიზატორების დასჯას და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ამავეს იმეორებს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიც:
- სამართალდამცველებმა 5 ივლისს ვერ დაიცვეს მშვიდობიანი აქცია და ჟურნალისტები.
- პრემიერის განცხადება „ღირსების მარშის მიზანშეუწონლობის“ შესახებ და რომ ის თითქოს სააკაშვილისა და რადიკალური ოპოზიციის გეგმა იყო - ძალადობის პროვოცირებაში ბრალს თბილისი პრაიდს სდებდა.
- ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ სამართალდამცავი ორგანოების განცხადებები ჩანდა, რომ მიმართული იყო ჟურნალისტის დისკრედიტაციისკენ, მისი გარდაცვალების მიზეზის დადგენის ნაცვლად.
- საქმე არ აღძრულა ძალადობრივი აქციის უშუალო ორგანიზატორების, მათ შორის „ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელების მიმართ.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასახულია ჟურნალისტზე თავდამსხმელების არასათანადო დასჯის სხვა შემთხვევებიც, მაგალითად:
- 25 თებერვალს, “ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიაზე
- აპრილში „ფორმულას“ ორ თანამშრომელზე.
- გავრცელებული ინფორმაცია „მთავარი არხის” ჟურნალისტის, ემა გოგოხიასადმი მესტიის მერის მხრიდან მოკვლის მუქარების შესახებ.
არასათანადო ანგარიშვალდებულება ძველი საქმეების მიმართ:
- საქართველომ 4 წლის შემდეგაც სათანადოდ არ გამოიძია 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმე - Maydan TV-სთან ინტერვიუში ჟურნალისტი გამტაცებლებთან თანამშრომლობაში საქართველოს სამთავრობო ორგანოებს ადანაშაულებს.
- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიუთითებს 2019 წლის 19-20 ივნისის აქციაზე დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების არასათანადო გამოძიებაზეც.
მედიის მრავალფეროვნება (პლურალიზმი) შემცირდა
2020 წლის ანგარიშის მსგავსად, სახელმწიფო დეპარტამენტი გასული წელსაც მედიას აფასებს, როგორც „აქტიურს და მრავალფეროვანი ხედვების გამომხატველს“, და, რომ საქართველოს კონსტიტუცია და კანონი უზრუნველყოფს გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის პრესისა და სხვა მედიის წარმომადგენლების მიმართთუმცა მედიის პლურალიზმი შემცირებულია, რის მიზეზადაც, ანგარიშში რამდენიმე ფაქტორია მოყვანილი:
- მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები ოპოზიციური მედიის მიმართ.
- ბევრი ჟურნალისტი აცხადებს, რომ არ დაუშვეს მნიშვნელოვან საჯარო ღონისძიებებზე და ვერ მიიღეს საჯარო ინფორმაცია საჯარო უწყებებისგან.
- მთავრობას გავლენა აქვს მედიის ნაწილზე, მათ შორის, საზოგადოებრივ მაუწყებელზე.
2020 წლის მსგავსად ამ ანგარიშშიც საუბარია ოპოზიციურად განწყობილი მედიასაშუალების მფლობელებისა და დირექტორების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დევნაზე, რომლებიც „პოლიტიკურად მოტივირებული ჩანდა“.