დაპირისპირება აშშ-ის საელჩოში - რა მოხდა? - დეტალები
01.07.2022
ტელეკომპანია “პირველის” მფლობელი ვატო წერეთელი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატები თავს ჯგუფურად დაესხნენ. მმართველი გუნდი ამას „პროვოკაციაზე რეაქციით“ ამართლებს.

30 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ტელეკომპანია “პირველის” დამფუძნებელს, ვატო წერეთელს, მისივე თქმით, ფიზიკურად გაუსწორდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი და ლევან მგალობლიშვილი.

ინციდენტში მონაწილეობდნენ ბექა ოდიშარია და ირაკლი ზარქუაც, რომლებიც ასევე მმართველი პარტიის წარმომადგენლები არიან.

რა არის საყურადღებო?

გარდა იმისა, რომ მედიის მენეჯერი მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ძალადობაში ადანაშაულებს, ეს ამბავი განსაკუთრებულია იმითაც, რომ დაპირისპირება აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მოხდა, რაც სცდება საქართველოს სამართალდამცავთა იურისდიქციას.

რას ამბობს ვატო წერეთელი? “ოხანაშვილი დაიძრა ჩემკენ, მოჰყვა ზარქუა, ოდიშარია, მგალობლიშვილი. მომიჭირა ხელზე, დამიწყო გარჩევები. რაღაცებს მიყვიროდა, მერე ხელი მომიქნია სახეში. სანამ აზრზე მოვედი, მეორემ გამწია და მეორემ მომიქნია ხელი. სახეში მომხვდა ორივე… ისე უცებ მოხდა, ერთი ხელი, მეორესი, მერე ჭიქა მესროლა", - ამბობს ვატო წერეთელი.

  •  ტელეკომპანია “პირველის” მფლობელი ვარაუდობს, რომ შესაძლოა თავდასხმა ანრი ოხანაშვილთან ერთი წლის წინ პარლამენტში მომხდარ შელაპარაკებას უკავშირდებოდეს.
  •  ტელეკომპანია "პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის ინფორმაციით, გაშველების დროს დაზიანებები მიიღო არხის აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა აბურჯანიძემ.

რას ამბობენ “ქართული ოცნების” დეპუტატები?

მმართველი პარტიის დეპუტატი და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, ტელეკომპანია “პირველის” მფლობელს პროვოკაციაში ადანაშაულებს.

  • ოხანაშვილის თქმით, ვატო წერეთელი მასთან მივიდა და სთხოვა გვერდით მისთვის მეგობრულად რაღაც ეთქვა და შემდეგ „ყურში ჩუჩულით უბინძურესი სიტყვები თქვა“ - რასაც ვერ გაიმეორებს.
  •  ვატო წერეთელმა “ბინძურ პროვოცირებაზე მიიღო პროპორციული პასუხი“.
  •  “ამას უნდა ჰქონდეს უმკაცრესი რეაგირება ასევე საელჩოს მხრიდან, ეს იყო თავდასხმა პარლამენტის წევრზე უმძიმესი, უბინძურესი პროვოკაციით და გასარკვევია რაიმე თრობის ქვეშ ხომ არ იმყოფებოდა”.

იმავეს იმეორებენ ინციდენტთან დაკავშირებული სხვა დეპუტატებიც.

  • ვატო წერეთელი აშშ-ს საელჩოს ვიდეოკამერების ჩანაწერების გასაჯაროება სთხოვს კადრების გასაჯაროების იმედი აქვს ანრი ოხანაშვილსაც.

ვინ უნდა გამოიძიოს საქმე?

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი განმარტავს, რომ:

  •  აშშ-ის საელჩოს ტერიტორია არ არის საქართველოს იურისდიქციაში.
  •  შესაბამისად, აქ მომხდარ ამბავს იძიებს აშშ.
  •  საქართველოს მხარეს შეუძლია პასუხისგებაში მისცეს პირები, თუ აშშ ამ საკითხზე გამოძიებას არ დაიწყებს, ხოლო ჩადენილი ქმედება საქართველოს კანონმდებლობითაც დასჯადია.
  •  თუ საელჩოს ტერიტორიაზეა ჩადენილი დანაშაულზე აშშ-მ გამოძიება დაიწყო, საქართველო გამოძიებას ვერ დაიწყებს, რადგან არ შეიძლება ადამიანის ორჯერ დასჯა ერთი ქმედებისთვის.
  •  საქართველოს შეუძლია გამოძიება დაიწყოს იმ შემთხვევაშიც, თუ საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი დანაშაული არ ისჯება აშშ-ის კანონმდებლობით, თუმცა ის საქართველოს კანონმდებლობით ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულია.

თუმცა, როგორც სიმონიშვილი ამბობს: “აქ არის ერთი ფაქტორი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დეპუტატებზე, ისინი სარგებლობენ დიპლომატიური სტატუსით, იმუნიტეტით და შესაბამისად თუ არ მოხდება ამ იმუნიტეტის მოხსნა ამ ადამიანების დასჯა გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაშიც შეუძლებელი იქნება.”

  • მანდატის/სტატუსის შეწყვეტა შესაძლებელია პარლამენტის გადაწყვეტილებით, ამისთვის კი გამამტყუნებელი განაჩენი, რის შემდეგაც გადაწყდება მანდატის შეწყვეტის საკითხი პოლიტიკურად.

გამოხმაურებები:

მმართველი პარტიის დეპუტატების ძალადობრივ ქმედებას გმობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და მათ მოუწოდებს:

  •  აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
  •  გაემიჯნონ მათი წევრების ძალადობრივ ქმედებას, რათა შემდგომში კიდევ უფრო არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა.

მედიაკოალიცია “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს:

  • დაუყოვნებლივ დააკისროს პოლიტიკური პასუხისმგებლობა მათ წევრებს.
  •  გააკეთოს სათანადო განცხადებები მედიის წამომადგენლებზე გახშირებული თავდასხმების შესაჩერებლად.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ