მთავრობის პრესკონფერენციაზე Bm.ge-ის მთავარი რედაქტორი არ შეუშვეს
12.09.2022
Bm.ge-ის მთავარ რედაქტორი და BMGTV-ის ჟურნალისტი, თელარა გელანტია, 12 სექტემბერს საქართველოს მთავრობის სხდომის პრეკონფერენციაზე არ შეუშვეს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტის განცხადებით, რომ საჯარო უწყების მხრიდან მსგავსი ქმედება დაუშვებელია და ამძიმებს ჟურნალისტების მიმართ არსებულ მტრულ გარემოს.

რა მოხდა?

“ბიზნეს მედია საქართველოს” ინფორმაციით, 14:00 საათზე დანიშნული სხდომის გასაშუქებლად BMGTV-ის ჯგუფი წავიდა, მაგრამ მთავრობის ადმინისტრაციაში არ შეუშვეს.

რას ამბობს თელარა გელანტია?

ჟურნალისტი მეათე წელია მთავრობის სხდომებს აშუქებს, თუმცა დღეს ადმინისტრაციაში არ შეშვების მიზეზად “ბევრი შეკითხვის დასმა” და “კოლეგების შეწუხება” დაუსახელეს.

  • “ოფიციალურ მიზეზად პრესსამსახურის თანამშრომელმა ნინო ცხადაძემ მითხრა, რომ თურმე წესებს ვარღვევ - ბევრ კითხვას ვსვამ და სხვა კოლეგებს ვაწუხებ და ა.შ. თან დაკვირვებაც აწარმოეს თურმე ჩემზე და ეს მოიფიქრეს (ვიცი, ნინო არაფერ შუაშია - უთხრეს და მითხრა) (BMG-იდან მარტო მე ამკრძალეს დღეს - სხვაზე არ აქვთ პრობლემა)”
  • “გონივრული ეჭვი მაქვს, მთავრობის ადმინისტრაცია გააღიზიანა ჩემმა სიუჟეტმაც (9 სექტემბერს გავიდა ეთერში) სადაც მოვყევით, როგორ ირღვევა კანონი და ორი წელია მთავრობის არცერთი განკარგულება არ გამოუქვეყნებიათ”, - წერს თელარა გელანტია სოციალურ ქსელში.

ფინანსთა მინისტრის და მთავრობის განმარტება

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში ამ მომენტისთვის ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. Bm.ge-ის ინფორმაციით, მომხდარს მედიის და მთავრობის პრესსამსახურის საერთო ჩატში მთავრობის თანამშრომელი გამოეხმაურა:
  • „ბევრჯერ გავაფრთხილეთ და ვთხოვეთ ინტერვიუს რეჟიმში აღარ დაესვა კითხვები, თუმცა, სამწუხაროდ, არ ითვალისწინებს ჩვენს თხოვნას. თქვენს ტელევიზიასთან არანაირი პრობლემა და პრეტენზია არ არის და დღეს ოპერატორს შეეძლო შესვლა. რაც შეეხება ჟურნალისტს, კიდევ ერთხელ გეუბნები, რომ არის ელემენტარული წესი რისი დაცვაც არ მეგონა თუ ასეთი რთული იქნებოდა მისთვის“

თელარა გელანტიას არ შეშვების მიზეზებზე ჟურნალისტებმა პრესკონფერენციაზე ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს ჰკითხეს. მინისტრი ამბობს, რომ “ არ ჰგონია ჟურნალისტის არ შეშვება კონკრეტულ რეპორტაჟს უკავშირდებოდეს”

მინისტრი ამბობს, რომ:
  • „არ ვიცი რამდენად არის ეს დასჯა, უბრალოდ ეს ინფორმაცია თქვენგან მივიღე. ბუნებრივია, ადმინისტრაცია გააკეთებს განმარტებას ამასთან დაკავშირებით, რატომ მოხდა ეს კონკრეტული ფაქტი.“
  • „ჩემთვის არასასურველი შეკითხვები არ არსებობს. ნებისმიერი შეკითხვა არის შეკითხვა, რომელზეც ბუნებრივია, ჩემი მოსაზრებები და პასუხები მექნება. მოვისმენთ ადმინისტრაციის განმარტებას და შემდგომ შეიძლება შეფასება.“


ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიიჩნია
, რომ მედიის მიმართ არათანაბარი მიდგომა დაუშვებელი და დისკრიმინაციულია.
  • მედიის როლი დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში შეუცვლელია, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელი თანაბარ პირობებში იყოს. 
  • ქარტია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, არ ჩააყენონ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში კრიტიკული მედიის წარმომადგენლები და შეუქმნან სათანადო სამუშაო პირობები.

ჟურნალისტების “დაბლოკვა”

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებები სამთავრობო უწყებაში ბრიფინგზე არ შეუშვეს.
  • ტელეკომპანია „პირველის“ გადამღები ჯგუფი 2021 წლის 8 დეკემბერს კულტურის მინისტრის, თეა წეულკიანის, ბრიფინგზე მეორედ არ შეუშვეს.
  • „პირველისა“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტები კულტურის სამინისტროში დაგეგმილ ბრიფინგზე არ შეუშვეს 22 ნოემბერსაც.
  • 11 ნოემბერს კი “ტვ პირველის”, “მთავარი არხისა” და “ფორმულას” ჟურნალისტები იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ვერ მოხვდნენ.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ