25.10.2022
წინა სტატიაში მოგიყევით, როგორ ადგენენ ტელევიზიების რეიტინგს ე.წ. ფიფლმეტრების ტენოლოგიით.
ამჯერად გავაანალიზებთ, რას გვეუბნება "ფიფლმეტრებზე" დაკვირვება ქართველი ტელემაყურებლისა და მისი ინტერესების შესახებ.
რა ხდება?
- მაყურებელი დაკარგეს ამ არხებმა: "იმედი", "მთავარი არხი", "რუსთავი 2", "GDS".
- უმნიშვნელოდ, მაგრამ გაზრდილია საზოგადოებრივი მაუწყებლისა და "ფორმულას" აუდიტორია.
რამ გამოიწვია აუდიტორიის კლება?
მიზეზი მარტივია:- 2020 წლის მარტიდან, ტელევიზიის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც Covid 19-ის პანდემიამ განაპირობა.
- ადამიანებს სახლში ყოფნა მოუხდათ, ვირუსის გავრცელებისა და პრევენციული ზომების შესახებ ინფორმაციის მიმართ ინტერესი მაღალი იყო, ამან კი ტელეყურების მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით, დაახლოებით, 27%-ით გაზარდა.
- 2022 წელს, პოსტპანდემიურ პერიოდში, ტელემაყურებლის რაოდენობამ 6%-ით იკლო და კლება ყველა არხის წილზე აისახა.
რა შინაარსის პროგრამები აინტერესებს ქართველ ტელემაყურებელს?
უპირველესად, სპორტი — მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენებს ტელემაყურებლის ყველაზე დიდი აუდიტორია ჰყავს.მაგალითად, TV MR-ის მონაცემებით, 2022 წლის სექტემბრის თვის 25 ყველაზე პოპულარული პროგრამიდან 8 სპორტულ კატეგორიაშია — რეიტინგების სათავეში კი, უეფას ერთა ლიგაა (საზოგადოებრივი მაუწყებელი). ინტერესი მაღალია არა მხოლოდ ფეხბურთის, არამედ, რაგბისა და კალათბურთის მიმართაც, რაზეც გასული თვეების მონაცემებიც მოწმობს.
გართობა - 2022 წლის 9 თვის მონაცემებით, რეიტინგების სათავეებში გხვდება ღამის შოუები, გასართობი, “ყვითელი” თოქ-შოუები და ე.წ. "მეგაშოუები". ამ მიმართულებით ყველაზე მეტი ტელემაყურებელი "იმედს" ჰყავს.
სერიალები - ცალკეული ტელევიზიების რეიტინგებში მეტწილად, თურქული სერიალები ლიდერობენ. მთლიანობაში, განსაკუთრებულად პოპულარულია — "ერთხელ ჩუკუროვაში" (იმედი).
ახალი ამბები და საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემები - ამ კატეგორიაშიც "იმედი" ლიდერობს. სხვადასხვა თვის 25 ყველაზე რეიტინგულ პროგრამას შორისაა "იმედის კვირა". "ქრონიკას" კი, ახალი ამბების გამოშვებებს შორის, ყველაზე მაღალი აუდიტორია ჰყავს.
საინტერესო ფაქტები:
- სტატისტიკურად, ტელევიზორს ყველაზე მეტი მაყურებელი 21:00-დან 23:00-მდე ჰყავს. ტელეინდუსტრიაში დღე-ღამის ამ მონაკვეთს ძირითად დროს, იგივე Prime time-ს უწოდებენ.
- საქართველოში, ტელევიზიას, ყველაზე დიდი აუდიტორია იანვარსა და თებერვალში, ყველაზე მცირე კი, ივლისსა და აგვისტოში ჰყავს.
- ტელევიზორს ყველაზე ნაკლებად სამშაბათობით უყურებენ, ყველაზე მეტად — კვირას.
- მაყურებელი ტელევიზორთან ყველაზე დიდი ხნით ჩერდება, თუ უყურებს ფილმს, ახალ ამბებსა და თოქშოუებს.
- მხატვრული ფილმები ქართული სატელევიზიო პროგრამების 20%-ს შეადგენს.
რა ვიცით პოპულარული ტელევიზიების მაყურებლის შესახებ?
შემოსავლები:- მეტწილად, საშუალო და მაღალი შემოსავალი აქვს იმედისა და ფორმულას მაყურებელს;
- მეტწილად, დაბალი შემოსავალი აქვს რუსთავი 2-ის, მთავარი არხისა და მაესტროს მაყურებელს;
- მეტწილად, საშუალო და დაბალი შემოსავალი აქვს ტელეკომპანია პირველის მაყურებელს.
- საშუალოდ, ყველაზე ახალგაზრდა აუდიტორია ჰყავს იმედს (35 წელი და ზემოთ);
- საშუალოდ, 45 წელს გადაცილებული მაყურებელი ჰყავს რუსთავი 2-ს, მთავარ არხს, ტვ პირველსა და ფორმულას
- მაესტროს მაყურებელი კი საშუალოდ, 55 წელს ზემოთ აუდიტორიაა.
სქესი:
- უფრო მეტი ქალი მაყურებელი ჰყავს: რუსთავი 2-ს, იმედს, მთავარ არხს;
- უფრო მეტი კაცი უყურებს: მაესტროს, ფორმულას, ტვ პირველს.
ქართველი ტელემაყურებლის ზოგადი პორტრეტი კი ასეთია:
- შემოსავალი: მეტწილად, დაბალი და საშუალო
- ასაკი: მეტწილად, 45
- სქესი: მეტილად, ქალი
- უყურებენ: მეტწილად რეგიონებში, ვიდრე თბილისში.
სტატიაში გამოყენებულია betterfly media-ს, Tri media-სა და TV MR-ის მონაცემები.