სადაო ცვლილებების დაჩქარებული განხილვა - რა საფრთხეს ხედავენ კანონპროექტში
19.10.2023
განახლება: პარლამენტმა ცვლილებები უკვე მიიღო მესამე მოსმენით

მოკლედ:
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ცვლილებებს, რომლითაც იზრდება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილება, სიძულვილის ენა კი რეგულირების სფეროში ექცევა. გარდა ამისა, ინიციირებულ პროექტს უხამსობის შესახებ ჩანაწერები დაემატა - ცვლილებები პირველი და მეორე მოსმენით უკვე მიიღეს.

ვრცლად: მაუწყებლობის შესახებ კანონში სადავო ცვლილებები დაინიცირდა

სიძულვილის ენა


სიძულვილის ენა და ტერორიზმისკენ მოწოდება მაუწყებლის შესახებ კანონით რეგულირდება

alt

დღეს მოქმედი კანონით, 55(2) მუხლზე რეაგირება შესაძლებელია მხოლოდ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში. გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება დაუშვებელია.

ახალი კანონპროექტით კი სწორედ ეს დეტალი იცვლება და დაინტერესებულ პირს უფლება ექნება გადაწყვეტილება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გაასაჩივროს.

კომუნიკაციების კომისიისთვის დამატებითი უფლებამოსილების მინიჭებას საფრთხედ აღიქვამს მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ნაწილი. ამის მიზეზად, GDI-ს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი მარი კაპანაძე ამბობს, რომ "კომუნიკაციების კომისიას აქვს დამოუკიდებლობის სერიოზული პრობლემა".

“გვაქვს მოლოდინი, რომ კომუნიკაციების კომისია, როგორც პოლიტიზირებული და მიკერძოებული ორგანო ამ გაფართოებულ მანდატს გამოიყენებს სწორედ იმისთვის, რომ განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, დასაჯოს კრიტიკული მედია”.

საფრთხე სიძულვილის ენის განმარტებისას

კანონში განმარტებულია, თუ რას მოიაზრებს სიძულვილის ენა, თუმცა იურისტების შეფასებით, განმარტება იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას ისე, რომ რომ შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.

GDI-ს განცხადებით, სიძულვილის ენის რეგულირება პირველ რიგში სწორედ უმცირესობათა დაცვით უნდა იყოს ნაკარნახევი. თუმცა ორგანიზაცია ამატებს, რომ ხელისუფლების ზოგადი პოლიტიკის ფონზე, არადამაჯერებლად გამოიყურება ცვლილებების ამოქმედება მათ სასარგებლოდ.

გარდა ამისა, პარლამენტში კანონპროექტის განხილვისას ქართული ოცნების ერთ-ერთმა დეპუტატმა, ბექა ოდიაშარიამ “განმარტა” რა არის სიძულვილის ენა.

  • “გაინტერესებთ, სიძულვილის ენა რა არის? აგიხსნით. სიძულვილის ენაა, როგორც ოპოზიციის ფლანგი პრეზიდენტს მოიხსენიებდა. სიძულვილის ენაა, ბატონი გვარამია, პრეზიდენტის დღევანდელი დამცველი, წლების განმავლობაში როგორც მოიხსენიებდა საქართველოს პრეზიდენტს. ამას სიძულვილის კი არა, გაუგონარი ენა ერქვა. არ უნდა შეიზღუდოს ეს? თქვენ გგონიათ, საზოგადოების დაკვეთა ეს არ გახლავთ? ნამდვილად გახლავთ”.

უხამსობა

მოქმედი კანონმდებლობით იკრძალება პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას.

უხამსობის განმარტება კი ასეთია: “ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არ აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება”.

ამ ეტაპზე დარღვევის გასაჩივრება შესაძლებელია თვითრეგულირების ორგანოში. ახალი არასრულწლოვნების ნაწილში უხამსობა გადდაის რეგულირებაში.  

ამჟამად მოქმედი:

alt

ცვლილების მიღების შემთხვევაში:

alt

მიუხედავად იმისა, რომ კანონით ამის უფლებამოსილება არ ჰქონდა, კომუნიკაციების კომისიას აქამდე უკვე უმსჯელია, იყო თუ არა ჟურნალისტური პროდუქტი უხამსობის შემცველი.

მაგალითად, 2021 წელს სამართალდამრღვევად ცნო მთავარი არხი, ბექა ყორშიას სიუჟეტის გამო

რით ხსნის მმართველი გუნდი კანონში შესატან ცვლილებებს


“ქართული ოცნება” ამბობს, რომ ცვლილებების შეტანის მოტივაცია ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან მეშვიდე პუნქტის შესრულებაა. ის მოიცავს მედიას და იმ სამართლებრივ დავებს, რომლებიც მედია ორგანიზაციების მფლობელებს უკავშირდება.

ევროკომისია მოუწოდებს საქართველოს უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი მედიაგარემო. ხოლო მედიასაშუალებების მფლობელების შემთხვევაში სამართლებრივი დავები წარიმართოს უმაღლესი სამართლებრივი სტანდარტების დაცვით. აქვე ნახსენებია ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტების ეფექტური გამოძიება.

კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დავით სონღულაშვილმა ბიუროს სხდომაზე თქვა, რომ "ვინმეს დისკომფორტი უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე ევროკავშირში ინტეგრაცია”.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი თქვა, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების მიმართ არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ აქვთ - “არის ევროკავშირის დირექტივა, რომელიც სრულდებაო”.

ცვლილებების მიღების პროცესში მეტ ჩართულობას ითხოვენ ორგანიზაციები

მედია კოალიციამ მოუწოდა საპარლამენტო უმრავლესობას, მედიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები არ მიიღოს მაუწყებლებთან კონსულტაციისა და ფართო კონსენსუსის გარეშე.

მედიაკოალიციის წარმომადგენლის, მამუკა ანდღულაძის თქმით, ნებისმიერ ცვლილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იყოს კონტექსტი. ასევე, მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ მედიასთან კონსულტაციის გარეშე ეს ნაბიჯი არ გადაიდგას.

კონტექსტი

2022 წლის დეკემბერში პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლითაც სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამა, ასევე რეკლამა კომუნიკაციების კომისიის რეგულირების სფეროში ექცეოდა. თუმცა მიმდინარე წელს ამის შეცვლა მოუწიათ.

მმართველმა პარტიამ ახლა ისევ შეცვალა თავისივე მიღებული გადაწყვეტილება და კომისიაში გასაჩივრების მექანიზმს ისევ აბრუნებს. ბიუროს სხდომაზე გამოითქვა აზრი, რომ დირექტივის შესასრულებლად თანარეგულირება გამართლებული იქნებოდა, მაგრამ დავით სონღულაშვილის აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს რეკომენდაცია თანარეგულირებაზე ევროკომისიამ არასწორად ჩათვალა. მისი მტკიცებით, ბოლოს შეთანხმდნენ, რომ ან თვითრეგულირება ან რეგულირება უნდა ყოფილიყო.

ავტორი : ელენე ზაქაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ