„ტაბულას“ რედაქტორს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან; მას გუშინ სახლთან უცხო პირიც დახვდა
17.05.2024


„ტაბულას“ რედაქტორს, გიორგი ბადრიძეს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

გიორგი ბადრიძე 3 მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას დააკავეს და რამდენიმე საათში ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამ საქმეზე ბადრიძე სასამართლო გუშინ დაიბარეს. 

როგორც ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენის“ იურისტი და ბადრიძის ინტერესების დამცველი, ილონა დიასამიძე ამბობს, სასამართლოში საქმის შეტანამდე, 13 დღის განმავლობაში ჟურნალისტისთვის არავის აუხსნია, თუ რა იყო მისი ადმინისტრაციული წესით დაკავების მიზეზი:

„16 მაისს ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმეზე შეუდგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ოქმის შემდგენი მხარე ედავება წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. რეალურად კი პოლიციამ დააკავა იმიტომ, რომ იღებდა იმას, რასაც უშავებდნენ აქტივისტებს, როგორ არღვევდნენ ადამიანის უფლებებს". 

გუშინვე, 16 მაისს, გვიან ღამით გიორგი ბადრიძეს სახლისკენ მიმავალ გზაზე მისთვის უცნობი პირი დახვდა და ფიზიკური დაზიანება მიაყენა.

ბადრიძე „მედიაჩეკერთან“ საუბრისას ამბობს: "კორპუსთან ახლოს უცნობი ადამიანი მომიახლოვდა, გამაჩერა და ვინაობას მეკითხებოდა, ვინ ხარო, სახელი რა გქვიაო. ძალიან აგრესიული იყო, მერე აბსოლუტურად უმიზეზოდ დამარტყა. ჩემგან საპასუხო აგრესია არ ყოფილა".

ბადრიძის განმარტებით, მან დახმარება გამვლელი მანქანის მძღოლს სთხოვა და საპატრულო პოლიციაც მალევე გამოიძახა. მომხდარზე შეტყობინება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. 

„ტაბულას“ რედაქტორს სპეცრაზმელები თავს 16 აპრილის რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქების დროსაც დაესხნენ. ილონა დიასამიძის განმარტებით, ჯანმრთელობის დაზიანების საკითხს ექსპერტიზა სწავლობს, საქმეს კი სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ