რა ხდება TV 24-ში - ინტერვიუ ირაკლი აბსანძესთან
12.07.2024


TV 24-ში განვითარებული მოვლენების შესახებ "მედიაჩეკერთან“ ინტერვიუში  ტელევიზიის ახალი ამბების ტოქშოუს პროდიუსერმა, ირაკლი აბსანძემ ისაუბრა.


როგორ დაიწყო თქვენი და TV 24-ის თანამშრომლობა?


როცა მე არხზე მუშაობის დაწყების წინადადება მივიღე, რა თქმა უნდა, თავიდანვე მოვიკითხე, რა პოლიტიკური სარჩული შეიძლებოდა ჰქონოდა ამას, რა მიზნები ამოძრავებდა შალელაშვილსა და მის ოჯახს. მათ შორის, პოლიტიკოსებში, მედია სფეროში და ყველა მეუბნებოდა, რომ ქართული პოლიტიკის ტოქსიკური პოლუსებიდან არცერთს არ ეკუთვნის და ამ პოლუსებს მიღმა აპირებს ეს კაცი ოპერირებასო. ასეც იყო სამ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, სანამ ეს ამბები დატრიალდებოდა. მართლა გვქონდა სასურველი, გამორჩეული ვითარება ქართულ ტელემედიაში, როცა ფაქტობრივად არცერთი პოლიტიკური ძალის მედია გაგრძელებას არ წარმოვადგენდით და თანაბარი კრიტიკულობითა თუ კეთილგანწყობით შეგვეძლო ყველა პოლიტიკური პროცესის შესახებ მოგვეყოლა.

როგორც შემდეგ გაირკვა, ესეც რაღაც თაღლითური ფანდი იყო ამ დროის განმავლობაში, სანამ ჩვენ ვმუშაობდით და ამ ტელევიზიის რაღაცისთვის დამსგავსებას ვცდილობდით, ძალიან მწირი ტექნიკური და ადამიანური რესურსით. როგორც ჩანს და უკვე დადასტურებულად გაირკვა, შალელაშვილი და სანდრო თოფურია დადიოდნენ პოლიტიკურ მოთამაშეებთან და თავის თავს სთავაზობდნენ, როგორც ამ დაბალანსებული ტელევიზიის გარანტებს.


რას გულისხმობთ ფრაზაში  - "სანამ ეს ამბები დატრიალდებოდა". რა შეიცვალა ერთ დღეს? 

ეს დაიწყო ნანას [ლეჟავა] შეხვედრით მფლობელთან, შოთა შალელაშვილთან. მანამდე დირექტორის მხრიდან რამდენიმე ისეთი პასუხისმგებლობა დაგროვდა, რომელიც შეთანხმებული იყო შალელაშვილის მარჯვენა ხელთან, სანდრო თოფურიასთან და შემდეგ მან ამ ყველაფერზე უტიფრად თქვა უარი. მაშინ გაჩნდა პირველი განსაკუთრებული შეკითხვა და დასაბუთებული ეჭვი იმის შესახებ, რომ რადგან პოლიტიკური თამაში არ გამოუვიდათ, აპირებდნენ ტელევიზიის მილევად რეჟიმში გადაყვანას. მაგალითად, მფლობელმა დირექტორს მოსთხოვა, რომ სტაფი მნიშვნელოვნად უნდა შემცირებულიყო, როცა ისედაც ერთი ადამიანი ხუთის საქმეს აკეთებდა.

მაშინვე აშკარა გახდა, რომ ეს არ იყო კონსტრუქციული წინადადება და ეს არ შეიძლებოდა ტელევიზიის გაგრძელების მოტივით ახსნილიყო. ეს უკვე ტელევიზიის მილევად რეჟიმში გადაყვანისთვის ხდებოდა. სინამდვილეშიც ასე აღმოჩნდა. 


თქვენი სტატუსიდან გამომდინარე, იყავით ჩართული მოლაპარაკებებში?

არხის მენეჯმენტს მე არ წარმოვადგენდი, უბრალოდ ეს ყველაფერი ვიცი, იმიტომ რომ ფაქტობრივად, ყველამ ყველაფერი იცის იქ, ტელევიზიაში. ნანამ გადაწყვიტა ასე ღიად წასვლა, როცა მიხვდა, რომ თაღლითობას ჰქონდა ადგილი.


როგორ განვითარდა და დასრულდა ნანა ლეჟავას შოთა შალელაშვილთან შეხვედრა?

ნანას შეხვედრა შოთასთან ძირითადად ემსახურებოდა იმის გარკვევას, მხოლოდ სანდრო იყო ის, ვინც ამას უტიფრად უარყოფდა, თუ შალელაშვილსაც იგივე პოზიცია ჰქონდა. როგორც აღმოჩნდა, ისიც ამ პოზიციაზეა.
ის ბოლომდე უარყოფს, რომ მიმდინარე პროცესების შესახებ ყველაფერი იცოდა, მათ შორის შესყიდვების შესახებაც, მაგრამ როგორც საქმე აჩვენებს და როგორი პათოსითაც ის ნანაზე ლაპარაკობს, დარწმუნებული ვარ, რომ ის ინფორმირებული ყველაფერზე იყო და სიტყვიერი თუ კონტრაქტის შეთანხმებების უარყოფაც მისი გადაწყვეტილება იყო.

ეს შეხვედრა ძალიან მძიმედ დასრულდა და ნანამ თქვა, რომ მათთან ბრძოლას სამართლებრივად გააგრძელებდა. მე, ისევე როგორც ჩემმა ბევრმა კოლეგამ, ამ შეხვედრის 22-წუთიან ჩანაწერს მოვუსმინეთ. იქ ჩანს, რომ შოთა შალელაშვილი აშკარად სანდრო თოფურიას უფრო ენდობა, ვიდრე ნანას. მის მხარესაა და შესაბამისად, მასთან რაიმე სახის არგუმენტების თქმას აზრი აღარ ჰქონდა. აბსოლუტურად შეთანხმებული წყვილი და ერთობლივად დაგეგმილი სპეცოპერაციაა. ახლა, მთელი ამბავი ისაა, რომ თურმე ნანამ არია ყველაფერი.

ძალიან საინტერესოა, როგორი იყო ჩვენი წამოსვლიდან მეორე დღესვე ნიუსის მუშაობის მთავარი ხაზი. დილიდან დააანონსეს TV24-ის ექსკლუზივი სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ ახალი პარტიის შექმნის შესახებ, რომელშიც მონაწილეობას შალელაშვილიც მიიღებდა. ეს არხმა საკუთარ ექსკლუზივად გაასაღა. მომდევნო გამოშვებაში კი შოთა შალელაშვილმა ეს ფაქტი კატეგორიულად უარყო და უარყვეს სხვებმაც.

ჩემი აზრით, ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს მაყურებლის მანიპულირების მცდელობა იყო. ძალიან უცნაურია, როდესაც არხი ავრცელებს ექსკლუზივს თავისი მფლობელის პოლიტიკური გეგმების შესახებ და შემდეგ ეს პოლიტიკური პირი ამ გაჟღერებულ ინფორმაციას უარყოფს. ეს შალელაშვილის მხრიდან ვითარების დაზვერვის ან ვა-ბანკზე წასვლის მცდელობას უფრო ჰგავდა, ვიდრე ექსკლუზივის მოპოვებას და მაყურებლისთვის იმის განმარტებას, რატომ შეიძლებოდა ეს მათთვის საინტერესო ყოფილიყო.


როგორი იყო არხის სარედაქციო პოლიტიკა ან თუ ჰქონდათ მისი შეცვლის მცდელობა?

ისედაც სამი კვირა ვიმაუწყებლეთ. მცდელობაც არ ჰქონიათ და ამასაც თავისი ახსნა აქვს. როდესაც სავაჭროდ ტელევიზიით დადიხარ და პოლიტიკურ ჯგუფებს ეუბნები, მე მათგან, რამდენიმესგან პირადად მაქვს ინფორმაცია, რომ ნახეთ, როგორი დაბალანსებული, მიუკერძოებელი ტელევიზია გვაქვს და როგორი მედია კულტურით გვინდა, შემოვიდეთ პოლიტიკურ სივრცეშიო, იქ შალელაშვილის კონტენტში მითითებების ადგილი არ იყო. ზუსტად იმიტომ შეარჩია მან ის დირექტორიც და შემდეგ ის ადამიანებიც, ვინც იქ მუშაობენ. სხვათაშორის, ყველა ადამიანი სანდრო თოფურიას და შესაბამისად, შალელაშვილის აქტიური თანხმობით იყო დასაქმებული. ალბათ, ზუსტად ამიტომ სჭირდებოდათ ეს სტაფი, რომ სხვებისთვის ეჩვენებინათ ტელევიზია, რომელიც არ იქნებოდა, როგორც მინიმუმ, სამარცხვინო.

ერთ დღეს ნანამ უკვე ყველა თანამშრომელს გაანდო, თუ რა ხდებოდა. როგორც თვითონ წერს, ვითარება უკვე 20 ივნისიდან შეიცვალა. ეს, ალბათ, უკვე ის თარიღია, როცა  შალელაშვილი დარწმუნდა, რომ ტელევიზიას პოლიტიკურად ვერ გამოიყენებდა და გადაწყვიტა, რომ გაჩერების რეჟიმზე გადაეყვანა. მაშინ დაიწყო წუწუნი, რომ მაგალითად, საინფორმაციო არხს, როგორც შალელაშვილი პოზიციონირებდა, რაში სჭირდება „როიტერსი“, საიდანაც მსოფლიო ახალ ამბებს ვგებულობთ. ძვირია და გააუქმეთო. ასევე, საუბრები იყო კამერაზე, სამონტაჟოებზე. ზუსტად ამ მემონტაჟეების ხარჯზე ეთერს არ ეტყობოდა, რომ ასეთ კუსტარულ ვითარებაში გავდიოდით ეთერში. აღარ ჩანდა ახალი შენობა, სადაც უნდა გავსულიყავით. მანამდე იყო საუბარი, რომ დიღომში, საიდანაც ადრე დიდი გადაცემებით „ტვ პირველი“ მაუწყებლობდა, შალელაშვილი აკეთებდა დიდ სატელევიზიო სტუდიას ახალი ამბების ტელევიზიისთვის.

პოლიტიკოსებისთვის ისიც კი ნათქვამი აქვს, რომ შევისყიდე და ეს იქნება ჩვენი ცენტრალური ოფისიო. თანდათან ჩნდებიან ადამიანები, ვისაც ამ სტუდიის მოწყობას უკვეთავდა და შემდეგ გაქრა. ძალიან კარგად ჩანს სურათი, რომ ყველაფერი, რასაც ეს ადამიანი აკეთებდა, იყო უბრალოდ ხმაურის შესაქმნელად. იმისთვის, რომ როცა მივიდოდა ვინმესთან სალაპარაკოდ, მას დახვედროდა ქალაქში მოარული ამბები, რომ შალელაშვილი დიდ ტელევიზიას აკეთებს, არემონტებს შენობას, აჰყავს სტაფი და ა.შ.

შემიძლია დავადასტურო, რომ 20 ივნისის შემდეგ, ყოველდღე ახალ-ახალი ეგეთი პრობლემა ჩნდებოდა. სანდრო თოფურია მაშინ საქართველოში არ იყო, შტატებში იყო თუ არ ვცდები და ხან ხმოვანი შეტობინებით, ხან წერილობით, ხან მეილით მუდმივად, ყოველდღიურად ახალ-ახალი უარყოფა მოდიოდა იმის, რაც შეთანხმებული იყო. მაგალითად, იურისტები, რომლებიც მისი სურვილით დასაქმდნენ, თურმე არ ყოფილა მასთან შეთანხმებული. ფილმები, რომელიც თვითონ აარჩია, თურმე მას არ უნდოდა და ა.შ.


როგორ განვითარდა პროცესები ნანა ლეჟავას მფლობელთან შეხვედრის შემდეგ? 

სტაფმა დაიწყო ფიქრი, როგორ შეიძლებოდა ემოქმედათ სამომავლოდ. იმ არხზე ადამიანები სამუშაოდ სხვა ტელევიზიებიდან წამოვიდნენ. შეიძლება ზუსტად იმის გამოც, რაც მე მაღლა ვთქვი. გამორჩეული ვითარება იყო, როცა ამ პოლიტიკური კონიუნქტურისგან დამოუკიდებლად, თავისუფლად მუშაობა შეგვეძლო. უფრო სწორად, გვეგონა, რომ ასე იყო. ადამიანებმა დატოვეს სამსახური და ახლა მუშაობენ იქ და ხელფასსაც არ აძლევენ.

შესაბამისად, თანამშრომლებშიც დაიწყო იმაზე ფიქრი, როგორ მოვიქცეთ? დაიწყეს იურისტებთან, მედია უფლებების დაცვით ორგანიზაციებთან, პროფკავშირებთან კონსულტაციები.პირველი რეაქცია იყო, რომ არ მივცეთ რაიმე ხელშესახები საბაბი, რომ საბოტაჟში დაგვადანაშაულონ, ამიტომ პირველი დღეები, მე არა, მე იმ დღიდან არ მივსულვარ ტელევიზიაში, მაგრამ ადამიანები მუშაობდნენ, ეთერში გადიოდა გადაცემა. ხარისხზე იქ ვერ დადებდა ვერავინ თავს, ადამიანებს ისეთ ფსიქოლოგიურ ვითარებაში უწევდათ მუშაობა, მაგრამ როცა უკვე ძალიან აშკარად გამოჩნდა, რომ ხელფასის გადახდასაც არ აპირებდნენ, ამ ხელფასის მძევლებად აპირებდნენ ადამიანების მოქცევას. ჩვენ კონტრაქტში გვიწერია, რომ პირველიდან ხუთამდე უნდა მიგვეღო ანაზღაურება. ახლა უკვე აღარ არის ხუთი, კარგახანია გადაცდა.

ჩვენ ვიცით, რომ წინა თვეში ადამიანებს ჩარიცხული აქვთ ზუსტად ის ხელფასი, რაც კონტრაქტში წერია. ამის შემდეგ შოთას რიტორიკაში გაჩნდა ის, რომ თურმე საშემოსავლო დაქირავებულის გადასახდელი ყოფილა. აქ კურიოზი ისაა, რომ წინა თვეში ჩარიცხულია ზუსტად ის, რაც კონტრაქტში წერია, უბრალოდ ახლა კანონიერად როგორ უნდა დაასაბუთონ ის, რომ ამ თვეში სხვა ხელფასი უნდა ჩაერიცხოს ადამიანებს, ეგ არ ვიცი. ეს უკვე შოთას გადასაწყვეტია.


ტელევიზიის თანამშრომლებს თუ შეხვდა შოთა შალელაშვილი ან მისი მეუღლე? როგორ ხდება მათ შორის კომუნიკაცია?

შალელაშვილს მანამდე ნანასთანაც არ ჰქონდა შეხვედრა. მისი საკონტაქტო პირი სანდრო თოფურია იყო. შემდეგ მან [ლეჟავამ] ითხოვა, რომ იქნებ თანამშრომლებს მაინც შეხვდეთ და გაარკვიოთ, რა ხდებაო. თუ არ ვცდები, სანდრო თოფურია თანამშრომლებს ერთხელ შეხვდა, შალელაშვილი კი მათ დღემდე არ შეხვედრია.


ვინ ასრულებს ახლა TV 24-ის დირექტორის მოვალეობას და რატომ არ გადის საინფორმაციო გამოშვებები ტელევიზიის ეთერში?

საინფორმაციო იმიტომ არ გადის ეთერში, რომ საეთეროს პერსონალმა თქვა, თუ ხელფასს არ გვაძლევთ, არ გავუშვებთ ეთერშიო. ნანა იმიტომ ინარჩუნებდა სიჩუმეს, რომ ადამიანებისთვის, თუნდაც კუთვნილი ანაზღაურების მიღებაში, ხელი არ შეეშალა.
მის სამუშაო ოთახში ახლა ტექნიკური დირექტორი ზის, რომელიც სხვათაშორის, იმავე სანდრო თოფურიამ არაკეთილსინდისიერების გამო ცოტა ხნის წინ სამსახურიდან გაუშვა. ამბობდა, რომ „ატკატებს“ აკეთებდა, მკვდარ სულებს ხელფასებს უხდიდა და ასე შემდეგ. ანუ, ფაქტობრივად სისხლის სამართლის დანაშაულზე ლაპარაკობდა. ახლა ეს ადამიანი მოაბრუნეს და დირექტორის კაბინეტში ზის, ტექნიკური დირექტორის სტატუსით.

როგორც ვიცი, ტელევიზიაში თანამშრომლების ნაწილი დადის და ელოდებიან, როდის იქნება ხელფასი. ეთერში არ გადის არაფერი. რაც ვიცი ისაა, რომ ადამიანები კითხულობენ, როდის მოგვარდება ეს პრობლემა, რომ გაიგონ მაინც, ამ თვის ხელფასი ექნებათ თუ არა.


თუ გაქვთ ინფორმაცია, რას აპირებენ ჟურნალისტები?

როგორც კი ნანამ ეს ამბები გაასაჯაროვა, ვთქვი, რომ ამ თაღლითებთან თანამშრომლობას აღარ ვაპირებდი. ეს ცხადი გახდა მათთვისაც და იმის გამო, რომ გადაწყვეტილების ფორმირებაში არ ჩავრეულიყავი, ვცდილობ, რაც შეიძლება შემცირებული მქონდეს ურთიერთობაც, რომ რაიმე ზეწოლად არ აღიქვან. ეს ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს. მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს პროცესი მიმდინარეობს, უბრალოდ არჩევანს არ უტოვებენ. როგორ შეიძლება მუშაობა გააგრძელო, როცა ხელფასზე გაწუწუნებენ და თითქოს, ჯილდო უნდა ჩაგირიცხონ, ისეთ  რანგში აიყვანეს კუთვნილი ანაზღაურების ჩარიცხვა.

თანამშრომლებს აქვთ კითხვები, ამ კითხვებს ვერავინ ვერ პასუხობს, მათ შორის ვერც საინფორმაციო სამსახურის უფროსი, იმედა დარსალია. ვიცი, რომ დარსალია ცდილობს, შეხვედრები ჰქონდეს მათ შორის შოთასთანაც. არ ვიცი, შეხვდა თუ არა, მაგრამ ის რომ რაიმე გასაგები გზავნილი მოსულიყო მფლობელების მხრიდან, რომელიც ამ ადამიანებს დააკვალიანებდა, აგრძელებენ მუშაობას თუ არა, ასეთი არ ყოფილა, თორემ ნამდვილად მეცოდინებოდა.


როგორ შეაჯამებდით, TV 24-თან თანამშრომლობას?

ბევრს ვიცნობდი, ბევრს არ ვიცნობდი, საინტერესო და ძალიან კარგი ახალგაზრდა კოლეგები გავიცანი. მართლა იყო შესაძლებლობა, მიუხედავად ტექნიკური და კადრობრივი სიდუხჭირისა, შემოქმედებითად გვემუშავა. კარგი შეგრძნება იყო, როცა ახალ ამბებს მხოლოდ მაყურებლის ინტერესის და მათთვის ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობის პრიზმაში ატარებდი.

ბოლო მომენტამდე ერთ გუნდად ვმუშაობდით, ერთმანეთს ვეწუწუნებოდით: დავიღალე ძალიან, რამდენი ადამიანის საქმეს ვაკეთებ, მაგრამ ის, რომ ექსპერიმენტი ესე დასრულდებოდა, ვერ წარმოვიდგენდით.




როგორ განვითარდა მოვლენები TV 24-ში


ცნობილი, რომ TV 24 დირექტორმა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთმა წამყვანმა, ნანა ლეჟავამ დატოვა 8 ივლისს გახდა. თუმცა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ლეჟავა დირექტორობის თანამდებობიდან 6 ივლისს გათავისუფლდა და TV 24-ის დირექტორი ისევ ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი, შოთა შალელაშვილის მეუღლე, ირა ფიჩხაძე გახდა. ტელევიზიის ამ გადაწყვეტილებას ხელს როგორც მესაკუთრის მინდობილი პირი, შალელაშვილი აწერს. ლეჟავამდე ტელეკომპანიის დირექტორი სწორედ ფიჩხაძე იყო.



შოთა შალელაშვილის მეუღლემ TV 24 მიმდინარე წლის 29 იანვარს 50 000 აშშ დოლარად იყიდა. შალელაშვილი „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და მილიონერი ბიზნესმენია. მან IX მოწვევის პარლამენტი 2019 წელს დატოვა. ამჟამად ის პარტიის - „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარეა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. 

TV 24-მა საცდელი მაუწყებლობა 10 ივნისს დაიწყო. 1 თვის შემდეგ, 10 ივლისს კი, დაახლოებით 19:54 წუთზე ტელევიზიის ეთერში გაჩნდა წარწერა: „საცდელი მაუწყებლობის ეტაპი დასრულდა, მალე დაგიბრუნდებით“. ეთერში არ გასულა მთავარი საინფორმაციო გამოშვება, მაუწყებლობა არ განახლებულა დღესაც.

TV 24-დან დირექტორის წასვლის მიზეზებზე საუბრისას შოთა შალელაშვილის ასისტენტმა, სანდრო თოფურიამ იმავე დღეს, 8 ივლისს „მედიაჩეკერთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ნანა ლეჟავამ ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო, რადგან მფლობელისგან შეთავაზებულ თანამშრომლობის ფორმატზე კატეგორიული უარი თქვა, ფინანსურ ნაწილთან მისი დაკავშირება კი გამორიცხული იყო.  

TV 24-ის ყოფილმა დირექტორმა კი 10 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათზე ტელევიზიიდან მისი წამოსვლის მიზეზების შესახებ ვრცელი განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა

„მედიაჩეკერმა“ შოთა შალელაშვილთან ინტერვიუ TV 24-ის მაუწყებლობის დაწყებამდე, 2024 წლის აპრილში ჩაწერა. მაშინ შალელაშვილმა მეუღლის მიერ ტელეკომპანიის ყიდვა საკუთარ პოლიტიკურ გეგმებსა და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს არ დაუკავშირა და თქვა, რომ ტელევიზია მისი და მისი მეუღლის პირადი მომსახურეობისთვის არ იქნებოდა. 

„დამერწმუნეთ, სიტყვას გაძლევთ, რომ ბოროტად არ გამოვიყენებ. მე საერთოდ ბავშვობიდან მაქვს ობიექტურობის განცდა და ვერ ვიტან აი ზედმეტად პიარს, ზედმეტად დაუმსახურებლად გამოჩენას...ეს მე თვითონ ადამიანურად არ მახასიათებს, ამიტომ გპირდებით, რომ ჩვენი ტელევიზია იქნება ობიექტური, ხალხის სამსახურში და თუ ის დაკარგავს მის დანიშნულებას, რო ის ობიექტური იყოს, ჩემი მეუღლე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ არ გააგრძელოს და ამით მორჩება ეს“, - თქვა შალელაშვილმა. 

„მედიაჩეკერმა“ შოთა შალელაშვილთან დაკავშირება 11 ივლისსაც სცადა, თუმცა, მან ჩვენს ზარებსა და შეტყობინებას არ უპასუხა.

ნანა ლეჟავამ კი, გუშინ საღამოს კიდევ ერთი ფეისბუკ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს: „თაღლითები. დღე მეორე. ხელფასები ჩაურიცხეს მხოლოდ 17 თანამშრომელს. რა კრიტერიუმით, ვერ ვხვდები. პარტიის ოფისიდან  შემოუთვალეს ხალხს, კონტრაქტებშიო სამსახურის დაწყების ვადები არეულია და ვასწორებთო. თითოეულმა ადამიანმა იცის, როდის დაიწყო მუშაობა და ზუსტად ეგ თარიღები  უწერიათ კონტრაქტებშიც და მეორე, ადამიანმა აიღო წინა თვეში ხელფასი! და მათთვის ივნისი მეორე თვეა და მათ არ აძლევთ ხელფასს! ანუ წინა თვეში კარგად იყო ყველაფერი და ახლა აირია თარიღები??? რა ვადებს ამოწმებთ,ჩლუნგებო???  დააბოლეთ „თაობები საქართველოსთვის“ წევრები (ორნი ხართ სულ) და ხალხს მიეცით კუთვნილი ანაზღაურება. არ გავჩერდები!!! ხო, კიდევ  რეორგანიზაცია გამოუცხადებიათ))) კომპენსაციების გაცემა არ უნდათ. დანარჩენს ხვალ მოვყვები ზეგაც და ყოველ დღე, სანამ ყველა არ მიიღებს იმას, რისი ღირისაცაა!!“

 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ