„მენტალურად ძალიან ცუდადაა“, - მეუღლე სადიგოვის მდგომარეობაზე
26.08.2024


თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. ამის შესახებ „მედიაჩეკერთან“ საუბრისას ჟურნალისტის მეუღლემ, სევინჩ სადიგოვამ განაცხადა. 

„მე მას 21 აგვისტოს შევხვდი. ცუდ მდგომარეობაში იყო. უბრალოდ სიცხე კი არ აქვს, კრიტიკული მდგომარეობაა, სტრესი აქვს. აზერბაიჯანში ორჯერ იყო დაკავებული, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში არასდროს მინახავს. ამბობს, რომ ღამე ვერ იძინებს. მას ადრე ტუბერკულიოზი ჰქონდა და ამის გამო ძალიან ვნერვიულობ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. წესიერად ტელეფონზეც ვერ მელაპარაკება, რადგან საუბრისას გვერდზე ადამიანი უდგას ხოლმე.

ამბობს, რომ ძალიან ნერვიულობს ბავშვების გამო. თქვენი ჯანმრთელობა მადარდებსო, მეშინია, შენ და ბავშვებს რამე არ დაგემართოთო. მას ყველაზე მეტად ის აწუხებს, რომ ჩვენი ოჯახი, განსაკუთრებით კი ჩვენი არასრულწლოვანი ქალიშვილები არ არიან დაცულები. აფგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, სტრესშია და მენტალურად ძალიან ცუდადაა. ვუთხარი, რომ თავი ხელში აიყვანოს და სტრესს არ აჰყვეს“.

როგორც სადიგოვა ამბობს, მან 22 აგვისტოს „წითელი ჯვარსა “ და საქართველოს სახალხო დამცველსაც მიმართა, რათა დაკავებულს შეხვდნენ და დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი რიგზეა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აფგან სადიგოვი შემდგომი ექსტრადირების მიზნით თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს, მეორე დღეს კი მას 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. საქალაქო სასამართლოს 4 აგვისტოს განჩინება უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.  

აფგან სადიგოვის შესახებ ვრცლად იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალებში: 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ