ორგანიზაციები რუსული კანონს სტრასბურგში გაასაჩივრებენ
17.10.2024


„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დღეს, 17 ოქტომბერს, 16 მედიაორგანიზაციის , 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით რუსულ კანონსა და მის მიერ გამოწვეულ მძიმე შედეგებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებს.

მომჩივანი მხარე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლების (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების (მე-8 მუხლი), დისკრიმინაციის (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლების (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლების (მე-18 მუხლის) დარღვევებზე იდავენებ.

„საიას“ თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, რუსული კანონი არამხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შეზღუდვას ისახავს მიზნად, არამედ კრიტიკული ხმის ჩახშობასაც ემსახურება.

„დამოუკიდებელ ორგანიზაციებთან რუსული მეთოდებით ბრძოლა არა მხოლოდ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ლახავს, არამედ ასევე, ძირს უთხრის ქართველი ხალხის ურყევ არჩევანს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით“.

ნონა ქურდოვანიძის თქმით, მომჩივანი ორგანიზაციები ისეთ საზოგადოებრივ პრობლემებზე მუშაობენ, როგორიცაა: გარემოს დაცვა, შშმ პირთა დახმარება, ქალთა და ბავშვთა ძალადობისაგან დაცვა, სასამართლოს რეფორმა, კორუფციასთან ბრძოლა, საგამოძიებო ჟურნალისტიკა და ა.შ.

საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა მის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებს ნაწილობრივ განიხილავს.

რუსული კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს, მათ შორის მედიასაშუალებებს „უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსს ანიჭებს და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ რეგისტრაციას ავალდებულებს.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ