რუსული კანონის საქმეზე 18 ჟურნალისტი და ოპერატორი შსს-გან მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს
18.10.2024


თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო 2023 წელს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების გაშუქებისას დაზარალებული 18  ჟურნალისტისა და ოპერატორის სარჩელი. მედიის წარმომადგენლები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ, თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 10000 ლარის ოდენობით. 

მედიის წარმომადგენლების ინტერესებს „მედიაომბუდსმენი“ იცავს. ორგანიზაციის განცხადებით, „აქციების გადაღების დროს ჟურნალისტები და ოპერატორები ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის სამიზნე გახდნენ. სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა და აგრესია, მათ შორის, წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლის გამოყენება, მკაფიოდ მიუთითებს იმ სისტემურ პრობლემებზე, რომლებიც ჟურნალისტური საქმიანობის ნაწილია საქართველოში“.

როგორც „მედიაომბუდსმენი“ წერს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო, თუმცა, დამნაშავე პირები ამ დრომდე არ გამოვლენილან და შესაბამისი პასუხისმგებლობის  დაკისრების საკითხი ბუნდოვანია.

რუსული კანონის მიღებას საქართველოს პარლამენტი გასულ წელსაც აპირებდა, თუმცა, 2023 წლის მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე ხელისუფლებამ ის უკან გაიწვია და მთელი წლის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ აღარ მიუბრუნდებოდა. მმართველი პარტიამ რუსული კანონი საბოლოოდ წელს მიიღო. 

რუსული კანონი საქართველოში 3 ივნისს ამოქმედდა. კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს, მათ შორის მედიასაშუალებებს „უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსს ანიჭებს.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ