სასამართლომ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ რეკლამის განუთავსებლობისთვის „იმედი“, POSTV და „მაესტრო“ 5-5 000 ლარით დააჯარიმა
18.10.2024


დღეს, 18 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ უფასო პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის „იმედი“, „POSTV“ და „მაესტრო“ 5-5 000 ლარით დააჯარიმა და ვიდეორგოლის ეთერში განთავსება დაავალა. კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანიებს სამართალდარღვევის ოქმები  გუშინ შეუდგინა. ComCom-მა „პოსტვ“ დამატებით სამართალდამრღვევად სცნო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების კანონდარღვევით გავრცელებისთვის. 

ComCom-ის განცხადების მიხედვით, კომუნიკაციების კომისიაში პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარი შევიდა, რომლის თანახმადაც, 10 ოქტომბრიდან „ტელეიმედის“, „პოსტვ“-ისა და „სტუდია მაესტროს“ ეთერში მათი უფასო პოლიტიკური წინასაარჩევნო რეკლამები აღარ გადის. ვიდეორგოლები 10 ოქტომბრამდე სამივე ტელევიზიის ეთერში გადიოდა.

10 ოქტომბერს „იმედმა“ გამოაქვეყნა განცხადება, რომ სანამ „მთავარი“, „TV პირველი“და „ფორმულა“ „ქართული ოცნების“ ვიდეოებს ეთერში არ გაუშვებს, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ რეკლამებს ისიც აღარ განათავსებს. „იმედის“ გადაწყვეტილება გაიზიარა „პოსტვ“-მაც.

როგორც ComCom-ი წერს, განცხადება არ გაუვრცელებია „სტუდია მაესტროს“, თუმცა, იმავე პერიოდიდან „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეორგოლი მის ეთერშიც აღარ გადის.

გარდა ამისა, კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, „პოსტვ“-იმ, 9 ოქტომბერს, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას, არ მიუთითა გამოკითხვის დამკვეთი და ამასთან, არ იყო დაკონკრეტებული გამოკითხვა უფასო იყო თუ ფასიანი. 

ComCom-ის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები წინასაარჩევნო პერიოდში სასამართლოში იგზავნება და საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო შემჭიდროვებულ ვადაში (2 დღე) იღებს.

14 ოქტომბერს სასამართლომ „იმედი“ და  „რუსთავი 2“ 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვისაც. დღეს კი, ComCom-მა „იმედს“ და „რუსთავი 2“-ს „ძლიერი საქართველოს“ რეკლამის განუთავსებლობისთვის ოქმები მეორედ შეუდგინა.

მთავარ არხს“, „TV პირველსა“ და „ფორმულას“ კი, „ქართული ოცნების“ საჩივრების საფუძველზე, კომუნიკაციების კომისიამ 4-4 სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. საქალაქო სასამართლომ ეს ტელევიზიები ჯამში 15-15 000 ლარით დააჯარიმა.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ