საგამოძიებო სამსახური: ჟურნალისტებთან დაკავშირებული 17 ინციდენტიდან 13 შემთხვევა დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა
31.10.2024


სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით,2024 წლის 26 ოქტომბერს, ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

„გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიაომბუდსმენიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან და სამსახურის ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებები, ასევე ჩატარებული გასაუბრებები, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჟურნალისტებთან დაკავშირებულ 17 ინციდენტს შეეხებოდა. აღნიშნული ფაქტებიდან 13 შემთხვევა, შეტყობინების შინაარსიდან გამომდინარე არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს. მიუხედავად ამისა, თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები შეტყობინების შემოსვლისთანავე არაერთგზის დაუკავშირდნენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს და მყისიერი სამართლებრივი რეაგირება მოახდინეს. ამ დროისთვის, საგამოძიებო ორგანოში, ინფორმაციის მოწოდების მიზნით, მხოლოდ 5 ჟურნალისტი და 1 ოპერატორი გამოცხადდა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის  საქმეზე ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას“, - ვკითხულობთ საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

საქართველოს პროკურატურის განცხადებით კი, პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე, 47 სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, მათ შორის ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის კვალიფიკაციით.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ