ფოტო /
"ბათუმელები"
ტელემედიის ნაწილს გუშინ, 14 ნოემბერს ბათუმელი სტუდენტების მიერ
სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში პროტესტის დაწყება არ
გაუშუქებია.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილის აქციის შესახებ ინფორმაცია ონლაინ მედიამ გუშინ შუადღით გაავრცელა. თუმცა, „პირველ არხს“, „რუსთავი 2“-ს, „იმედსა“ და POSTV-ის ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებში ამის შესახებ მასალები არ გამოუქვეყნებიათ. სტუდენტთა ჯგუფის პროტესტის შესახებ ინფორმაცია ვერც ამ ტელევიზიების საინფორმაციო გამოშვებებში მოხდა. სამაგიეროდ, მაგალითად, ერთ-ერთმა სამთავრობო ტელევიზიამ, „იმედმა“ 14 ნოემბრის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში დრო დაუთმო სიუჟეტებს: „“გლადიატორი 2-ის“ პრემიერა“, „საკოლექციო მონეტები“, „თაბორის მთის ბილიკი“. „ქრონიკის“ ამავე გამოშვებაში გავიდა სიუჟეტიც სათაურით - „ლიბერალური ფაშიზმი“, რომელიც ძეგლების შავი წერტილებით მონიშვნას ეხებოდა. ანა ბერძენიშვილის თქმით: „ოპოზიციისა და მათი მეგობარი „ენჯეოების“ უარგუმენტობა იქამდე მივიდა, რომ პროტესტის გამოხატვას მსგავსი უსუსური ფორმებით ცდილობენ“.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილმა გუშინდელი ღამე უნივერსიტეტის შენობაში გაათია. ისინი 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. მათ სოლიდარობას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტური ჯგუფებიც უცხადებენ. ბსუ-ს სტუდენტები საპროტესტო აქციის გამართვას დღეს, 15 ნოემბერს, 18:00 საათზე გეგმავენ უნივერსიტეტის შენობასთანაც.
სამთავრობო ტელევიზიებმა კი, დღეს უკვე სოციალურ ქსელში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფის მადისკრედიტირებელი კამპანია დაიწყეს. მაგალითად, „იმედის" მიერ გამოქვეყნებულ ქარდზე ვკითხულობთ: „ბათუმის უნივერსიტეტის პიკეტირების მონაწილე პირების ნაწილი სტუდენტი არ არის - ისინი სხვადასხვა პარტიის აქტივისტები არიან“. მსგავსი შინაარსის მასალა გაავრცელა POSTV-მაც.
.....................................................................................................................................................................................................
„მაუწყებლობის შესახებ“
საქართველოს კანონით,
საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, უზრუნველყოს აუდიტორიის დროული
და ყოველმხრივი ინფორმირება საქართველოში, მის რეგიონებსა და
მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ.
.....................................................................................................................................................................................................
საქართველოში 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიები და ამომრჩეველთა ნაწილი გაყალბებულად მიიჩნევს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
ტელეკომპანია „იმედმა“ 26 ოქტომბრის არჩევნების წინა პერიოდში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ტელევიზიის მისია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში არ დაბრუნებაა. postv-ის 52 %-იანი წილის მფლობელი კი, ვიქტორ ჯაფარიძეა, რომელიც 2024 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ პარტიული სიის 55-ე ნომერია.