„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ 11
დეკემბერს, 21:00-საათიანი „მთავარის“ პირდაპირ ეთერში საგანგებო
განცხადება გაავრცელა.
გაბუნიას თქმით: „ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა გააკეთოს ის, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილს ძალიან სჭირდება - ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს „მთავარი არხი„“. „მთავარი არხის“ დაახლოებით 40% -იანი წილის მფლობელი სწორედ ოქუაშვილის მიერ დამფუძნებელი კომპანიებია.
გიორგი გაბუნიამ ბრიფინგზე ზაზა ოქუაშვილის გადაწყვეტილების სავარაუდო მიზეზებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ტელეკომპანიის დახურვის გადაწყვეტილებაზე გავლენა სწორედ ბიძინა ივანიშვილს შეიძლება ჰქონდეს, რომელთანაც ოქუაშვილს „მძიმე სამართლებრივი დავა აქვს“, რაც კი არ გამორიცხავს მათ შორის თანამშრომლობას, არამედ პირიქით - „სწორედ ამ დავაში შეთანხმების მისაღწევად ოქუაშვილს ძალიან სჭირდება „მთავარი არხით“ მანიპულირება“.
გაბუნიამ „ოქუაშვილის დავალებების მორჩილი შემსრულებელი უწოდა“ ტელეკომპანიის დირექტორს, გოგი ქურდაძეს. მისი თქმით, ქურდაძე კომპანიაში ყველა ფინანსურ ოპერაციას ბლოკავს და კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კონტრაქტების გაფორმებაზე უარს ამბობს.
„ზაზა ოქუაშვილის გადაწყვეტილებით და მისი დირექტორის ქმედებებით „მთავარი არხი“ უკვე დარჩა ფინანსური წყაროების გარეშე და ნელ-ნელა წყდება ჩვენთან გაფორმებული კონტრაქტებიც, რაც, საბოლოოდ, არხის მუშაობას შეუძლებელს გახდის - ეს კი ზუსტად ის არის, რაც დღეს სჭირდება ბიძინა ივანიშვილს“.
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ არხი იბრძოლებს და ეთერში დარჩება მანამ, სანამ შეძლებენ:
„ჩვენ არ გვიბრძოლია ამდენი იმისთვის, რომ, საბოლოოდ, არხი ზაზა ოქუაშვილის სახით ბიძინა ივანიშვილს ჩავუგდოთ ხელში. ამიტომ სადამდეც შევძლებთ, ისევ ვიბრძოლებთ და ვიქნებით ეთერში ჩვენი მაყურებლისა და ქართველი ხალხისთვის. მთავარი ხართ თქვენ და ჩვენთვის მთავარია, ბოლო წუთამდე ვიდგეთ ჩვენს კოლეგებთან ერთად ყველაზე ცხელ წერტილებში და მოგიყვეთ, რა ხდება იქ, სადაც წყდება საქართველოს ბედი და ვერანაირი გოგი, ვერანაირი ზაზა და ვერც პუტინის მეგობარი ბიძინა ვერ შეგვაჩერებს!“
საგანგებო ბრიფინგის შემდეგ, არხის გენერალურმა დირექტორმა, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერშიც („გიორგი თარგამაძის ფორმულა“) ისაუბრა. გიორგი გაბუნიას თქმით, ზაზა ოქრუაშვილმა მისსავე კომპანიას („მთავარ არხს“) ქონება კაბალური პირობებით ათხოვა.
„მას [ზაზა ოქუაშვილს] არც ეს შენობა და არც ტექნიკა „მთავარი არხისთვის“ არ გადაუცია და არც უჩუქებია, გვათხოვა, იჯარით მოგვცა, რითიც ნელ-ნელა დააგროვა დავალიანება. წარმოიდგინეთ, დამფუძნებელმა თავისივე კომპანიას ძალიან კაბალური პირობებით ათხოვა ქონება, რომელშიც ჩვენ კიდევ ფული გვქონდა გადასახდელი, ეს ხდებოდა ჯერ კიდევ ჩემამდე, ვიდრე მე გავხდებოდი გენერალური დირექტორი, რამაც გამოიწვია დავალიანების დაგროვება. როდესაც მას დაჭირდა, დაიწყო ამ დავალიანების მოთხოვნა პრობლემების შესაქმნელად და უფრო მეტიც, ბოლოს, როდესაც უკვე ნიკა გვარამიამ გადაწყვიტა პოლიტიკაში წასვლა, წესდებით ასე იყო გათვალისწინებული, რომ ნიკა პირდაპირ რომ წასულიყო, არხი დირექტორის გარეშე რჩებოდა და აუცილებლად მას უნდა დაენიშნა ახალი დირექტორი და ზაზა ოქრუაშვილმა მოითხოვა წესდების შეცვლა. გააკეთა ისე, რომ აქ დასვა თავისი დირექტორი, თანაც ისეთი პირობებით, რომ მე, როგორც გენერალურ დირექტორს, ფაქტობრივად არ შემძლებოდა მის გარეშე გადაწყვეტილებების მიღება…“
გიორგი გაბუნიამ თქვა ისიც, რომ ნიკა გვარამიას პოლიტიკაში წასვლის შემდეგ, ოქრუაშვილმა მას ნატო და როსტომ ჩხეიძეების პარტიულ სიაში ჩასმა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო.
„რამდენიმე თვეში მან მოითხოვა ნიკა გვარამიასგან, როგორც უკვე პოლიტიკოსისგან, პარტიულ სიაში თავისი დეპუტატების, ნატო და როსტომ ჩხეიძეების ჩასმა, რაზეც მან, რა თქმა უნდა, მიიღო უარი, რადგან ეს უკვე იყო ბიძინა ივანიშვილის თამაში. ჩვენ, ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რომ 2023 წლის მაისში, როდესაც „ოცნებას“ დასჭირდა ოპოზიციის ხმები, ზუსტად ამ დეპუტატებს, ვითომ შეეშალათ, როგორც თვითონ თქვეს და შემთხვევით, შეცდომით დააჭირეს ღილაკებს ხელი და „ოცნებას“ იუსტიციის საბჭოში გაუყვანეს ის კანდიდატები, რომლებიც ხელისუფლებას სჭირდებოდა“.
ზაზა ოქუაშვილმა გიორგი გაბუნიას დღეს, დილით უპასუხა. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ოქუაშვილმა გაბუნიას ნათქვამს ცილისწამება უწოდა და ის ნიკა გვარამიასთან ერთად არხის გაკოტრებამდე მიყვანაში დაადანაშაულა.
„სულ რამდენიმე დღის წინ, მქონდა კომუნიკაცია ჟურნალისტთა ჯგუფთან და მათაც ვუთხარი, რომ მიუხედავად ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას მხრიდან „მთავარი არხის“ გაძარცვისა და ხელოვნურად გაკოტრებამდე მიყვანისა, ტელეკომპანიის დახურვაზე არც მიფიქრია. მეტიც, ჩემს მიერ გამოითქვა მზადყოფნა, შესაბამისი მხარდაჭერა აღმოვუჩინო არხს მისი საჭიროებების უზრუნველსაყოფად.
„მთავარი არხის“ პრობლემა არის ის, რომ დირექტორებმა, ჯერ ნიკა გვარამიამ და შემდეგ გიორგი გაბუნიამ ტელეკომპანია მიიყვანეს გაკოტრებამდე. მათი საქმიანობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება ამოეფარო მედიას და ძარცვო ტელეკომპანია თანამშრომელთა მოთმინებისა და ქვეყანაში მიმდინარე ვითარების ხარჯზე, გამოიყენო და გადააქციო ტელევიზია საერთაშორისო მასშტაბით მილიონობით დოლარის გათეთრების მანქანად“.
რამდენიმე საათში განცხადება გაავრცელა „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა და ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ და ზაზა ოქუაშვილის მიერ ტელეკომპანია „მთავარი არხისთვის“ პრობლემების შექმნა მის პოლიტიკაში წასვლას დაუკავშირა.
„უცებ და გაურკვევლად (იმ ეტაპისთვის), ოქუაშვილმა უარი განაცხადა ჩემს გადადგომაზე (პარტნიორთა კრების თანხმობა იყო საჭირო) და გიორგის [გაბუნია] დანიშვნაზე. „ჭიდაობა“ რამდენიმე თვე გაგრძელდა და ბოლოს, მიზნის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეთანხმება შედგა: მეც ვნიშნავდი „ჩემს“ დირექტორს (რაც კოლექტივის არჩევანს მივანდე), ოქუაშვილიც და მესამე მსხვილი დამფუძნებელიც. დაინიშნა გიორგი გაბუნია, მანუჩარ ახალაია და ვინმე გოგი. მთავარი ნაღმი კი ის იყო, სამივეს ხელმოწერას ითხოვდნენ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე და ასეც ჩაიწერა წესდებაში“.
ნიკა გვარამია წერს იმაზეც, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ ნატო ჩხეიძემ „კოალიცია ცვლილებისთვის“ საპარლამენტო სიის ოცეულში ჩასმა მოითხოვა ძმასთან, როსტომ ჩხეიძესთან და კიდევ ერთ ადამიანთან ერთად, რაზეც უარი მიიღო.
„ან ვინ ან საიდან გადაწყვიტეთ, რომ რაიმე გეკუთვნით? როგორ, ტვ ხომ ჩვენია და მაგიტომო. ტვ თქვენი არაა, ერთ-ერთი დამფუძნებელი ხართ, და ამას გარდა, ტვ-ს მეწილეები კოალიციასთან კავშირში არ არიან და არაფერი ეკუთვნით საერთოდ, - იყო ჩემი პასუხი.
ამის მერე დაიწყო უარების სერია - გოგი ყველაფერს აპრობლემებდა, სამაგიეროდ ნატო ჩხეიძის „იჯარას“ და მის ხელფასს ერთი დღე მაინც გადაცდენოდა, გოგიც გამოჩნდებოდა ხოლმე. არხზე დაიწყო გოგის „რევიზიები“. მიიღო ყველა დოკუმენტი, რაც მოითხოვა ყველას ახსნა - განმარტება, ვისიც მოითხოვა. ყველა წლის აუდიტის დასკვნა. მიადგა გაყიდვების სახლს, რომელიც დაქირავებული ცალკე ორგანიზაციაა, რომელიც რეკლამას ყიდის (ყველა დიდი ტვ ამგვარად მუშაობს).
ამ, მათი ტვინით, შანტაჟის ფონზე ახლა უკვე ოქუაშვილმა ჩამოწია მოთხოვნა 1 ადგილამდე სიაში - მხოლოდ ნატო. ეს იცით რომელი ნატო ჩხეიძეა? მე რომ ციხეში ვიჯექი და მან და მისმა ამფსონებმა ქოცებს რომ იუსტიციის საბჭოს წევრები აარჩევინეს. ბიძინასთან ერთხელ მაინც გარიგებულს სიაში მე რომ ჩავწერდი, ეს, ხვდებით, რეალურობის მარცვალსაც არ შეიცავს. ცხადია - უარი“.
გვარამიას განცხადებით, გოგი ქურდაძე, ზაზა ოქუაშვილის მითითებით და ბიძინა ივანიშვილთან გარიგებით, „მთავარ არხს“ ფაქტობრივად ხურავს.
„საკმარისი ფული ანგარიშზე გაყიდვების სახლს აქვს (სარეკლამო შემოსავლებიდან) და გოგის ხელმოწერაზე უარის გამო, ასევე ბანკებში შეტანილი წერილების და პროკურატურაში შეტანილი საჩივრების გამო, ფულს ვერ ურიგებენ თანამშრომლებს და ვერც სხვა ხარჯებს წევენ, მათ შორის, კომუნალურ და ტვ-ს ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ხარჯებს, რის გარეშეც ეთერის ტრანსლირებაც კი შეუძლებელი იქნება. ცხადია, რომ ეს ივანიშვილის თამაშის მოთამაშე ხალხი (სხვას ამ ქვეყანაში არავის აწყობს „მთავარი არხის“ დახურვა) ყველაფერზე წამსვლელია. ფაქტია, ერთი ხელმოწერის გარდა, მისგან არაფერია საჭირო: არც ფული, არც რაიმე სხვა. მხოლოდ ხელმოწერა კანონიერი შემოსავლის კანონიერად განსაკარგად“.
ზაზა ოქრუაშვილმა facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა მეორე განცხადებაც და „TV პირველს“ და „ფორმულას“ გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ პირდაპირი ეთერის დათმობა სთხოვა. ოქუაშვილმა დაწერა ისიც, რომ არხის ამჟამინდელ მენეჯმეტს, რამდენიმე თვის წინ, გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ნანუკა ჟორჟოლიანისა და გია ჭანტურიას კანდიდატურები შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.
„ეს შეთავაზებები, ორივე, ახლაც ძალაშია, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ეს ადამიანები კარგად იცნობენ ტელევიზიის სპეციფიკას, აქვთ შესაბამისი გამოცდილება და შესძლებენ კომპანიის კეთილსინდისიერად მართვას“.
ტელეკომპანია „მთავარი არხი“ 2019 წლის 9 სექტემბრიდან მაუწყებლობს. 2020 წლის მაისში ტელეკომპანიის 39,2% -იანი წილის მფლობელი ლონდონში რეგისტრირებული BGIM ltd-ია გახდა, რომლის დამფუძნებელიც ზაზა ოქუაშვილია. BGIM ltd-ი მართავს „შპს ომეგა მოტორს 2“-ის, „მაგული ხარებავასა“ და „ომეგა მოტორ ჯგუფის“ 0,2 პროცენტიან წილებსაც.
ნიკა გვარამიამ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის პოზიცია მიმდინარე წლის თებერვალში დატოვა და აპრილში ტელეკომპანიის 12 %-იანი წილი, მეუღლეს, სოფიო ლილუაშვილს გადაუფორმა. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი გაბუნია გახდა. არხის მსხვილი მეწილეების გადაწყვეტილებით, მასთან ერთად დაინიშნა 2 ახალი დირექტორიც: გიორგი ქურდაძე და მანუჩარ ახალაია. ახალიამ თანამდებობა კი, 2024 წლის ოქტომბერში დატოვა.
ნიკა გვარამიამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან ერთად პოლიტიკური პარტია "ახალი" დაარსა.