როგორ დაამარცხა ქალმა დიქტატორი
18.01.2025


ზოგჯერ ვფიქრობ, ახლა მხოლოდ კაცები რომ იყვნენ რეჟიმის მოძალადე კაცებთან დაპირისპირებული, რამდენ ხანს გასტანდა წინააღმდეგობა?! ამ ბრძოლაში მხოლოდ კაცები რომ იდგნენ - ქალების გარეშე - რამდენ თვეს გავუძლებდით, რამდენ დღეს, რამდენ საათს? 

შეკითხვა რიტორიკულია, რადგან გამოცდილებაც ამას ამბობს და რეალობაც: ქალების გარეშე ეს ბრძოლა ვერც ერთ ჯერზე ვერ მიაღწევდა წარმატებას და კაცებიც ვერაფერს გახდებოდნენ, უსამართლობასთან შეურიგებელი და კოლოსალური მოთმინების, ძალისა და შეურიგებლობის მატარებელი ქალები რომ არ იყვნენ ამ ბრძოლის დომინანტები. ყველაფერ ამას იმიტომ ვუძლებთ, რომ ქალები იბრძვიან და პროტესტი დიდწილად მათ მხნეობაზე, ჭკუასა და უკომპრომისობაზე დგას.

ჟურნალისტ ქალს დიქტატურასთან მებრძოლი ფილიპინელი ქალის წიგნი ეჭირა სასამართლოზე - ასევე ქალი პოლიტიკოსის მიერ თარგმნილი ქართულად: „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“, რაც გადამდებ სიმბოლოდ იქცა უამრავი ადამიანისთვის.

გისოსებს მიღმა მყოფმა მდუმარედ მაცქერალმა ჟურნალისტმა წიგნის სათაურით გადმოგვცა გამამხნევებელი სიგნალი: „აი, ასე უნდა ვებრძოლოთ დიქტატორს!“ - შეუპოვრად, თანმიმდევრულად, დაუღლელად და... წიგნით! ანუ სხვათა გამოცდილების გათვალისწინებითაც, რადგან ახალი დიქტატორები ერთმანეთს გვანან თავიანთ მეთოდებსა და ვნებებში. 

რახან წიგნის ყდა და სათაური წინააღმდეგობის ვიზუალურ მეტაფორად იქცა ამ დღეებში, გავბედავ და ხატსახის შესაძლო პათეტიკურობის მიუხედავად, მეც ახლებურად დავინახავ ქართველი ქალის არცთუ მეტაფორულ სახეს: „ქართლის დედა“ ღვინის თასით და ხმლით დგას სოლოლაკის გორაზე, მაგრამ ჩემთვის ეს ეთნოგრაფიული სიმბოლოა, რომელსაც ქართველის როლის\სახის ზოგადსაბჭოური ელფერი დაჰკრავს - გამრთობიც რომ უნდა იყოს აუცილებლად პერფორმატულ მოხანჯლავეობასთან ერთად, ღვინის თასის მიმწოდებელი... მით უმეტეს, რუსის პირობებში ქართველს მხოლოდ ბუტაფორული ხმალი თუ ეპყრა ხელთ და თუ ნამდვილი ჰქონდა, მხოლოდ რუსის ბრძანებით და რუსულ ომებში საქნევი, ჩემთვის კი დღეს ქართველი ქალი გმირი - ჟურნალისტი ქალია - მოძალადესთან შერკინებული და თასის და ხმლის მაგიერ, წიგნით ხელში მდგომი - ასი ათასჯერ რომ აღემატება ცოდნით, ზნეობითა და გაბედულებით მის წინააღმდეგ დაგეშილ არარაობებს და ახლაც რომ ცამდე მართალია და ისტორიის პერსპექტივითაც რომ მართალი იქნება უკუნითი უკუნისადმე - შვილიშვილები რომ მოჰყვებიან მის ამბავს: როგორ აფურთხებდნენ მას საქართველოს სიყვარულისთვის და ის კი რა მხნედ იდგა! მეტიც, როგორ არ შედრკა დიქტატურის წინაშე!

მებრძოლი და პრინციპული ქალი ქართული ლიტერატურის დისკურსში ყოველთვის წამებული იყო, მწრამსის დაცვა მას სიცოცხლის ფასად უჯდებოდა. ასეთია ქართული ლიტერატურის სათავეებთან მდგომი შუშანიკიც, რომელიც პრინციპს არ ღალატობს, მაგრამ სიცოცხლეს კი კარგავს. ეს მოდელი ქალთა მიმართ ძალადობებისა და ტრაგედიების მიუხედავად, ჩვენ თვალწინ, ფაქტობრივად ყოველდღიურად კარგავს აქტუალობას: ქალი იბრძვის, მაინც იმარჯვებს და სხვებს მიუძღვება გამარჯვებისკენ. ქალი უარს ამბობს იყოს მსხვერპლი, იყოს ბეჩავი და თმენით უპასუხოს შეურაცხმყოფელსა და მოძალადეს. 

თუკი ტრადიციამ ასე ასწავლა, რომ დამცირება უნდა ითმინოს, მაშინ მოძალადებაც უნდა იცოდეს, რომ მონური თმენის ტრადიცია უკვე აღარ არსებობს და ძალადობასა და დამცირებაზე ქალისგანაც მიიღებს პასუხს... როგორც ისტორიულ პასუხს, როგორც ისტორიის მიერ სილის გაწვნას ყველა ფსევდოკანონის საპირწონედ, რომელიც ბოროტმოქმედს იცავს და პატრიოტს ტოვებს ციხეში... 

ეს სილა ყველა იმ ქალის პასუხია, ვისაც მოძალადეები ადუმებდნენ, ტკენდნენ და კლავდნენ არათუ წლების, არამედ საუკუნეების განმავლობაში. და ახლაც - ამ თვეების მანძილზე, როცა წამების „მინივენებში“ და „კორიდორებში“ ცემდნენ ამ ქალების შვილებს, ქმრებს, მამებსა და თავად ახალგაზრდა ქალებსაც! 

ეს მსუბუქი სილა ის ხმალია, გაქვავებულ „ქართლის დედას“ რომ უპყრია და მხოლოდ დეკორატიული ფუნქცია ჰქონდა აქამდე, - რომ ეგონათ, სულ ასე ამაოდ ეჭირებოდა, მხოლოდ ლექსებსა და სადღეგრძელოებში სათქმელად, და თურმე დრო შეცვლილა: ქალი უკვე პასუხობს, იბრძვის და დიქტატორზე იმარჯვებს!        








ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ