აჭარა TV-ის წამყვანმა თურაძეზე კადრს მიღმა ნათქვამი - „არ შეუშლია ხელი“ ეთერში საპირისპიროთი შეცვალა
15.01.2025


„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ წამყვანმა, ქეთი ბოლქვაძემ სპეციალური გამოშვების დაწყებისას თქვა, რომ მთავარი საინფორმაციო გამოშვების მიმდინარეობისას „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი პირდაპირ ეთერში „შეიჭრა“ და მიუხედავად იმისა, რომ ეთერ თურაძეს არ უსაუბრია, ეს მისთვის ხელის შეშლა იყო. ქეთი ბოლქვაძე მომხდარს, დაახლოებით 40 წუთით ადრე, ეთერში შემთხვევით მოხვედრილ მასალაში განსხვავებულად აღწერს „არ შეუშლია ხელი. შიგნით არ შემოსულა“. ამავე საუბარში ისმის „აჭარის ტელევიზიის“ წამყვანის ჰობოფობიური ტექსტიც ჟურნალისტ გიგა გელხვიიძის მიმართ. 

.........................................................................................................................................
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ პირველი პრინციპით, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

მე-7 პრინციპით კი, ჟურნალისტს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე უნდა ესმოდეს და „ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“.
.........................................................................................................................................

რა მოხდა 14 იანვრის საღამოს „აჭარის ტელევიზიაში“ ქრონოლოგიურად

14 იანვარს „აჭარის ტელევიზიასთან“ მედიის წარმომადგენლებმა შეკრება და მზია ამაღლობელის საქმეზე სასაუბროდ პირდაპირი ეთერის მოთხოვნა 20:00 საათიდან დაიწყეს. მთავარი საინფორმაციო გამოშვება სწორედ ამ დროს იწყება. 

„ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის" დამფუძნებელსა და დირექტორს წინასწარი პატიმრობ გუშინ შეუფარდეს. 

„მთავარის“ მიმდინარეობისას ტელევიზიის შენობაში „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი, ეთერ თურაძე შევიდა, რომელსაც მოგვიანებით ტელეკომპანია პოლიციამ დაატოვებინა. „აჭარის ტელევიზიიდან“ გამოსულმა „ბათუმელების“ რედაქტორმა [21:07 წუთზე] თქვა, რომ ჯერ ეთერის დათმობას დაჰპირდნენ, შემდეგ კი შენობის დატოვება მოსთხოვეს. ეთერ თურაძემ თქვა ისიც, რომ სტუდიაში იმყოფებოდა, თუმცა წამყვანისთვის ხელი არ შეუშლია.

„გილოცავთ, აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებო, თქვენ ხართ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფი“. 

„მთავარი“ 20:34 წუთზე დასრულდა, დამშვიდობებისას კი წამყვანმა თქვა, რომ პირდაპირ ეთერში მოვლენათა განვითარების შესაბამისად დაბრუნდებოდნენ, თუმცა ქეთი ბოლქვაძეს მაყურებლებისთვის არ დაუზუსტებია, რა მოვლენების განვითარებას გულისხმობდა. ეთერი 20:51 საათზე ტელევიზიასთან შეკრებილების ჩვენებით განახლდა. ამ კადრის პარალელურად, დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში პირდაპირ ეთერში ისმოდა საინფორმაციო გამოშვების წამყვანის ეთერს მიღმა საუბარიც. აქ ქეთი ბოლქვაძე ჰყვება, რომ ეთერ თურაძე სტუდიაში პირდაპირი ეთერის მიმდინარეობის დროს შევიდა, თუმცა „არ შეუშლია ხელი. შიგნით არ შემოსულა“.

„ეთერის დათმობა გვინდაო და მე ვუთხარი, პირდაპირი ჩართვები მიდიოდა „კაკრას“ აქციებიდან და ყველაფერს ვაშუქებთ ჩვენ-მეთქი და მე ვიცი, თქვენ როგორც აშუქებთო. მე თქვენთან პოლემიკაში შემოსვლაო არ მინდაო. ეთერის დათმობას ვითხოვთო და გიორგი იყო, გიორგიც არ იყო. სტუდიაში ისე შემოვიდა, რომ არავინ არ იყო სტუდიაში. პირდაპირ ეთერში ვლაპარაკობ და ეს შემოდის [ეთერ თურაძე] და ხო ვიცანი, ვინც იყო, ისე ვინერვიული, ახლაც ხელები მიკანკალებს. ხოდა, ანუ, არ შეუშლია ხელი. შიგნით არ შემოსულა. ბექაც თხოვდა, რომ ახლოს არ მოსულიყო, რომ კადრში [არ] შემოსულიყო და გადაცემის დამთავრება მაცადა. იმიტომ, რომ გიორგი შემოვიდა და უთხრა, დაგითმობთ ეთერსო, მოვიდნენ ხელმძღვანელობა და ასე შემდეგ, მაგრამ 24/7-ზე ტელეფონი ეჭირა ხელში, ყველაფერს მიღებდა აბსოლუტურად და რა თქმა უნდა, იყო დამძაბველი რა, დავითრგუნე“.

ამავე საუბარში „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის“ წამყვანი CNews Exclusive-ის ჟურნალისტს ჰომოფობიური ტექსტით იმის გამო მოიხსენიებს, რომ გიგა გელხვიიძემ ბოლქვაძე ფეისბუკის პირად გვერდზე მონიშნა და ტელევიზიასთან მყოფი კოლეგებისთვის პირდაპირი ეთერის დათმობისკენ მოუწოდა. 

 


„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის“ წამყვანმა გადაცემის დასასრულს თქვა, რომ მოქალაქეებს დროის დათმობა, როგორ ჩანს, მათთვის შეურაცხყოფის მისაყენებლად უნდოდათ. 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განცხადებით კი, მათი წამყვანი „მძიმე ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაში“ იმყოფებოდა. ტელევიზია გაემიჯნა ჰომოფობიის ნებისმიერი ფორმით გამოვლინებასაც. 

ჟურნალისტ გიგა გელხვიიძის უფლებებს კი „მედიაომბუდსმენი“ დაიცავს, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს თვითრეგულირების ორგანოს მიმართავს. 

ტელევიზიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, არხი „საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის" მიხედვით მუშაობს და მისთვის სიზუსტე, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა უმთავრესია.

„ამ ღირებულებების დასაცავად, მაუწყებლის თითოეული თანამშრომელი მოქმედებს ჟურნალისტური ეთიკის, მაუწყებლის ქცევის კოდექსისა და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად“, - ვკითხულობთ „აჭარის ტელევიზიის“ გვერდზე.

.........................................................................................................................................

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის“  მიხედვით, მაუწყებელი ისწრაფვის დაიცვას: 

სიზუსტე -  დავადგინოთ სიმართლე და ზუსტად ავსახოთ მიმდინარე მოვლენები. დავეყრდნოთ უტყუარ ფაქტებს, ზუსტ მონაცემებს და სანდო წყაროებს. არ შევიყვანოთ შეცდომაში აუდიტორია შეუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებით. 

თანასწორობა – არ დავუშვათ ადამიანთა დისკრიმინაცია რელიგიური, ეთნიკური, რასობრივი, გენდერული თუ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით. 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით კი, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, უზრუნველყოს პროგრამების სარედაქციო დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა; სახელისუფლებო, პოლიტიკური, რელიგიური და კომერციული გავლენისაგან თავისუფლება; ამასთან, მაუწყებელმა პროგრამებში არ გამოხატოს თავისი აზრი და ასახოს საზოგადოებაში არსებულ მოსაზრებათა პლურალიზმი;

.........................................................................................................................................


მზია ამაღლობელის საქმე

„ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. მზია ამაღლობელი პოლიციამ პირველად კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, მოგვიანებით ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, მალევე მეორედ ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწნის გამო დააკავეს.  

ამაღლობელთან ადვოკატებს რამდენიმე საათის განმავლობაში არ უშვებდნენ. სახალხო დამცველის წარმომადგენელს კი მონახულობის დროს მან უთხრა, რომ არასათანადოდ მოეპყრნენ.

„ბათუმებელის“ ინფორმაციით, პირველი დაკავების შემდეგ აჭარის პოლიციის დეპარტამენტიდან გამოსულ მზია ამაღლობელს ახლობლები დახვდნენ, რომლებიც სამმართველოსთან მისი დაკავების შემდეგ მივიდნენ:

„მზია ამაღლობელი მის საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს ესაუბრებოდა, რა დროსაც პოლიციამ დაკავების ახალი ტალღა დაიწყო. უწყვეტ, ლაივ კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ უმიზეზოდ დააკავა ჯერ ერთი პირი, შემდეგ კი მეორე. ორივე დაკავებული მზია ამაღლობელის ახლობლები იყვნენ.

პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებების გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დაიწყო, დაიწყო ჭყლეტა და სწორედ ამ დროს დააკავეს მზია ამაღლობელი“.

როგორც გამოცემა წერს, მზია ამაღლობელის დაკავების პროცესში ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე პირადად მონაწილებდა. „ბათუმელების“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში დგებუაძე ამაღლობელის შესახებ ამბობს: „სისხლით... ბო*იშვილი ვიყო სისხლით დავიჭერ... ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.

ბათუმელები/ნეტგაზეთის 13 იანვრის განცხადებით, „სანამ დეტალებზე არ საუბრობს დაცვის მხარე, “ქართული ოცნების” პროპაგანდისტებმა მიმართეს თავიანთ ჩვეულ ტაქტიკას და გაავრცელეს რამდენიმეწამიანი ვიდეოკადრები კონტექსტის გარეშე ამაღლობელის რეპუტაციის შესალახად. თუმცა TV ფორმულა-ს ვიდეოკადრები აჩვენებს დაკავებამდე სიტუაციას, სადაც ნათლად ჩანს, როგორ ქოლავენ ამაღლობელს პოლიციელები ძირს და აწვებიან მხრებზე. ამაღლობელმა ასევე განაცხადა პოლიციის უფროს დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ დაკავების შემდეგ“. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ