4 მაისს ტელეკომპანია „პოსტვ“-იმ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „კეზერაშვილმა რევოლუციის ფული
საქართველოში ნინო დარასელს და ნინო დვალს გამოატანა“.
მასალაში წერია, რომ დვალმა და დარასელმა საზღვარი 4
მაისს, გამთენიისას გადმოკვეთეს და ქვეყანაში რამდენიმე მილიონი
შემოიტანეს.
„პოსტვ“-ის ტელეკომპანია „იმედიც“ მიჰყვა და მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში წამყვანმა, თეა სიჭინავამ მაყურებელს ამცნო: „გავრცელებული ინფორმაციით, დავით კეზერაშვილი მიმდინარე აქციებს სხვადასხვა გზით აფინანსებს. მსჯავრდებულმა ექსთავდაცვის მინისტრმა თანხების ტრანსპორტირებისთვის რამდენიმე ადამიანი შეარჩია. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ამ მიზნით კეზერაშვილთან ლარნაკაში იმყოფებოდნენ: ნინო დვალი, ნინო დარასელი და ნანუკა ჟორჟოლიანი. "ქრონიკამ" ეს ინფორმაცია მათთან გადაამოწმა. ამ თემაზე კითხვებმა ისინი გააღიზიანა. ნინო დვალმა კი ირონიული პასუხი აირჩია.“
გავრცელებული ინფორმაცია, რომელსაც თეა სიჭინავა ეყრდნობა, ალბათ, "პოსტვ"-ის მიერ გამოქვეყნებული ამბავია.
როგორც ირკვევა, 4 მაისს, გამთენიისას საქართველოს საზღვარი "პოსტვ"-ის მიერ დასახელებულ არცერთ პირს არ გადმოუკვეთავს. მიუხედავად იმისა, რომ ნინო დვალი და ნინო დარასელი მეგობრები არიან, ისინი ლარნაკაში ერთ პერიოდში და ერთად არ წასულან. დვალი მეგობრებთან ერთად ლარნაკაში 24-29 აპრილის პერიოდში იმყოფებოდა. დარასელი კი ლარნაკას 3-6 მაისს ოჯახის წევრებთან ერთად სტუმრობდა. ის კუნძულიდან სხვა ქვეყანაში გაფრინდა და საქართველოში ჯერ არ დაბრუნებულა.
ნინო დარასელი ჟურნალისტი და საჯარო პირია, ამიტომ შესაძლებელია, მედიის სამიზნედაც ქცეულიყო, რასაც მოქალაქე ნინო დვალზე ვერ ვიტყვით.
"პოსტვ"-იმ და "იმედმა" დარასელი და დვალი ერთმანეთს მხოლოდ მათი მეგობრობის გამო დააკავშირა და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ისინი კანონის საწინააღმდეგო ქმედებაში დაადანაშაულა.
"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" 1-ლი და მე-3 პრინციპის მიხედვით, "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია" და "ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია". მე-11 პრინციპით კი, ჟურნალისტმა ერთ-ერთ უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად ფაქტის განზრახ დამახინჯება უნდა მიიჩნიოს.
"მედიაჩეკერმა" დარასელსა და დვალს ჰკითხა, რას უკავშირებდნენ მსგავსი ინფორმაციის გავრცელებას.
ნინო დვალი: „რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი პარლამენტარის ცოლის სტატუსზე საკმაოდ არასასიამოვნო კომენტარი გავაკეთე. მტკიცებით ფორმაში, რასაკვირველია, ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ვინაიდან ჩემს ამ გაუგებრობაში მოხვედრას სხვას ვერაფერს ვუკავშირებ, ლოგიკური დასკვნაა, რომ ამ სახით იყარა ჯავრი ჩემზე მისმა პარლამენტარმა მეუღლემ.“
ნინო დარასელი: "მართალი გითხრა, ამდენი დღეა ვფიქრობ, რა შეიძლება გამხდარიყო მსგავს აბსურდში მოყოლის მიზეზი და პასუხი არ მაქვს. აქტიური და მგრძობიარე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ ყოველთვის ვიყავი და ახლა არ ვიცი, რითი გავხდი სახელისუფლო მეზღაპრეების ახალი ზღაპრის მთავარი გმირი. რამდენადაც სასაცილოა ეს ამბავი, იმდენად საშიშიცაა. ასე ნებისმიერი აბსურდი შეიძლება, სრულიად ცარიელ ადგილზე შეთხზან და ხალხს შეასაღონ როგორც ფაქტი. ალბათ, სწორედ ეს არის რუსული კანონის არსიც და მსგავსი ელის ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს, ვინც მეტნაკლებად აქტიურია და ვინც თუნდაც ამ კანონის მიღებას ეწინააღმდეგება. სამწუხაროდ, იმაზე საშიში ყოფილა სიტუაცია, ვიდრე მეგონა. ესაა სწორედ თანამედროვე 37 წლების რუსეთი, საბჭოთა კავშირი, სადაც ჩვენი დაბრუნება სურთ. იმედი მაქვს, ამ ფაქტმა ჯერ კიდევ შემორჩენილი ხელისუფლების მხარდამჭერებიც დააფიქრა. დღეს ასეთი მეთოდით ჩვენ დაგვიკაკუნეს, ხვალ მათაც მიადგებიან. მე არც 2012 წლამდე შემშინებია პროტესტის და არც ახლა მეშინია, თუმცა, ამათ ხელში ჩავარდნილი ქვეყნის მომავალი და ჩვენც იმ მომავალში ნამდვილად მაშინებს“.
როგორც ნინო დვალი "მედიაჩეკერთან" საუბრისას ამბობს, მართლმსაჯულების მიმართ დაბალი ნდობის მიუხედავად, ის სამართლებრივი დავის დაწყებას მაინც გეგმავს: „ვამზადებ და შემაქვს სასამართლოში „იმედისა“ და „პოსტვ“-ის წინააღმდეგ სარჩელი ცილისწამებაზე, სადაც მოვითხოვ გამოიძიონ, ვინ მიაწოდა აღნიშნული ინფორმაცია ტელევიზიებს.“