საქართველო
კატეგორია - საქართველო
16 იანვარს, სააპელაციო სასამართლომ სასჯელის ვადა შეუმცირა 5 ივლისის ძალადობაზე მსჯავრდებულებს.

გადაწყვეტილება მოსამართლე მაია თეთრაულმა გამოაცხადა და რამდენიმე გადაწყვეტილებების შემთხვევაში, არგუმენტად სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილს დაეყრდნო — " დანაშაულთა ერთობლიობის დროს, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს."

საქართველოს პროკურატურა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენს. უწყებამ განცხადება გააცრცელა და თქვა, რომ განაჩენს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

მოკლედ
  • სააპელაციო სასამართლომ, 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულ 6 პირს სასჯელი შეუმცირა და ჯგუფურ ძალადობაში გაამართლა. თითოეულ მათგანს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
  • მათი სასჯელის მოხდის ვადა დაკავების მომენტიდან — 2021 წლის 12 ივლისიდან აითვლება.
ვინ არიან მსჯავრდებულები?
  • დავით კუტალაძე
  • თორნიკე დავლაშერიძე
  • გია გიგუაშვილი
  • ცოტნე ჩიხლაძეს
  • ოთარ გელაშვილი
  • აკაკი ნაკაშიძე

2022 წლის მარტში მოსამართლემ ისინი დამნაშავედ ცნო და 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

შსს-ს და პროკურატურის წარდგენილი მტკიცებულებების მიხედვით,
ამ ექვსმა პირმა, 2021 წლის 5 ივლისს, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, "ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ჯგუფურად იძალადა:
  • ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით,
ასევე
  • ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეწყვეტის მიზნით.

ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე ჯგუფური ძალადობისას დაზარალებულებს სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, დააზიანეს და გაანადგურეს მათი ტექნიკა და პირადი ნივთები. ასევე, დაარბიეს „თბილისი პრაიდის“ წევრების და მათი მხარდამჭერების სხვადასხვა სავარაუდო ადგილსამყოფელი.

დაზარალებულთა პოზიცია:

დაზარალებულთაგან 17 ჟურნალისტს, და მათ შორის - მირანდა ბაღათურიას, "ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორტის ილია თვალიაშვილის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იცავს.

სააპელაციოს გადაწყვეტილების შემდეგ, საია ამბობს, რომ:
  • ეს გადაწყვეტილება მედაზე "მოძალადე სიძულვილის ჯგუფების" დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერების კიდევ ერთ მაგალითია, "რაშიც უპირველესი როლი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურას მიუძღვით, როგორც გამოძიების წარმართვასა და ბრალის წარდგენაზე უფლებამოსილ ორგანოებს".
  • "პროკურატურის პოზიცია, რომ ის აპირებს განაჩენის გასაჩივრებას, მხარდაჭერილი უნდა იყოს იმითაც, რომ წარუდგინოს ბრალი დანაშაულის მთავარ ორგანიზატორებს, მათ შორის, ზურაბ მახარაძეს, შოთა მარტინენკოს, ირაკლი მარტინენკოს და გიორგი ქარდავას. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული განცხადება არ ტოვებს თანმიმდევრულობის განცდას".

კონტექსტი

5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები მედიის 53 წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების დასჯას შვიდ თვეზე მეტია უშედეგოდ ითხოვს მედია, არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება. თუმცა, ამ დრომდე არც ერთი ორგანიზატორი პასუხისგებაში მიცემული არ არის.

5 ივლისი საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში
  • 2022 წლის ივნისი: ევროპარლამენტში გამართული დებატებისას, 5 ივლისის მოვლენების მიხედვით, საქართველოში ჟურნალისტების უსაფრთხოების პრობლემებზე ისაუბრეს.
  • 2022 წლის აგვისტო: 5 ივლისის მოვლენები ევროკავშირის ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში მოხვდა.
  • 2022 წლის სექტემბერი: ევროკავშირმა საქართველოს 5 ივლისის ყველა დამნაშავის მართლმსაჯულებისთვის გადაცემისკენ მოუწოდა.
კატეგორია - საქართველო

რა ხდება?

10 იანვარს, ტელეკომპანია "დოჟდის" ეთერში, საერთაშორისო გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება "Bellingcat"-ის ხელმძღვანელმა ხრისტო გროზევმა თქვა, რომ პლატფორმა მზად არის, საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს შესთავაზოს დახმარება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის საქმის გამოძიებაში.

რას სთავაზობს გროზევი ქართველ სამართალდამცავებს?

  • მონაცემების გადამოწმებას საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით:
"მზად ვართ დაგეხმაროთ, თუ მათ [სამართალდამცავ უწყებებს] სურთ გაგვიზიარონ მონაცემები — საეჭვო ადამიანების ნებისმიერი გადაადგილება, საზღვრის გადაკვეთა და ყველაფერი, რაც მათი აზრით, საჭიროებს დამატებით გადამოწმებას“.
  • შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით, ამერიკელი ტოქსიკოლოგის დასკვნის მიხედვით:
"ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არსებობს ჰიპოტეზა მოწამვლის შესახებ. არსებობს მოტივიც: მიხეილ სააკაშვილი შედის იმ ადამიანების წრეში, ვინც "ГРУ"-ს (რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს) და "ФСБ" (რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის) და სხვა რუსული სამსახურების მტრების სიაშია".

ამასთან, გამომძიებელი ჟურნალისტი ამბობს, რომ:
  • Bellingcat-ში გაეცნენ ამერიკელი ტოქსიკოლოგის დასკვნას;
  • გაიარეს კონსულტაცია რუს ექსპერტებთან, ქიმიურ იარაღთან დაკავშირებით;
  • მივიდნენ დასკვნამდე, რომ დასაშვებია სააკაშვილის მძიმე მეტალებით მოწამვლის ვერსია.

რატომ დაინტერესდა Bellingcat-ი სააკაშვილის საქმით?

მიხეილ სააკაშვილის მიმართვის გამო. სააკაშვილის ოფიციალურმა ფეისბუკ გვერდზე 2023 წლის 4 იანვარს გამოქვეყნდა პოსტი, რომელშიც ხრისტო გროზევს დახმარება საჯაროდ სთხოვა.

"ამერიკული ლაბორატორიის და ცნობილი ნიუ იორკელი ტოქსიკოლოგის მიერ დადგინდა, რომ მარტში ვიყავი მოწამლული ციხეში", — წერს სააკაშვილი და გამომძიებელ ჟურნალისტს სთხოვს, მოწამვლის საქმესთან ერთად, ამ საკითხებით დაინტერესდეს:

  • გამოიძიონ რუსეთისა და რუსეთთან აფილირებული მოძრაობები საქართველოში;
  • გამოიძიონ რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული ფარული ოლიგარქიული სქემები.

"დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ არის საპოვნელი, რაც ასევე მნიშვნელოვანი იქნება ჩემი სიცოცხლის გადარჩენისთვის", — წერია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში.

რა ვიცით ხრისტო გროზევის შესახებ?

  • ხრისტო გროზევი არის ბულგარელი გამომძიებელი ჟურნალისტი, რომელიც Bellingcat-ს ხელმძღვანელობს.
  • 2022 წელს, რუსეთმა ის ძებნილთა სიაში დაამატა — რუსეთის შს სამინისტროს მიხედვით, გროზევი "სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით იძებნება".
რატომ?
ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია OVD-Info-ს ცნობით, ჟურნალისტის წინააღმდეგ საქმე რუსეთის არმიის შესახებ “ყალბი ამბების” გავრცელებას ეხება. უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთმა თავისი არმიის შესახებ “ყალბი ინფორმაციის” გავრცელების კრიმინალიზება დაიწყო.
მეტი ამ თემაზე ნახეთ აქ 

გამომძიებელ ჟურნალისტს არაერთი თემა აქვს გაშუქებული. მათ შორის, რუსეთის ჩართულობა საერთაშორისო კრიმინალში.
ასევე:
  • 2014 წელს მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდება აღმოსავლეთ უკრაინაში;
  • 2018 წელს სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლა გაერთიანებულ სამეფოში;
  • 2020 წელს ალექსეი ნავალნის მოწამვლა;
  • გროზევი რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ომის დანაშაულებს აშუქებს.

რა ვიცით Bellingcat-ის შესახებ?

Bellincgat მკვლევრების, გამომძიებელი და მოქალაქე ჟურნალისტების დამოუკიდებელი საერთაშორისო გაერთიანებაა, რომელიც თანამშრომლობს პროფესიონალებთან 20-ზე მეტ ქვეყანაში.

ისინი იძიებენ სხვადასხვა საკითხს, მათ შორის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, ქიმიური იარაღის გამოყენებს, კონფლიქტებს, ქიმიურ თავდასხმებს სირიაში და ა.შ.

"ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პუბლიკაციები მოიცავდა: მთავარი ეჭვმიტანილის იდენტიფიცირებას რუსეთ-უკრაინის საზღვართან, მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის, MH17-ის ჩამოგდებისას (*2014 წელი, ბორტზე 280 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი იმყოფებოდა), ასევე, სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილთა იდენტიფიცირებას", — ვკითხულობთ მათ ვებგვერდზე.

ჯილდოები

Bellingcat-ის საგამოძიებო ჯგუფმა სხვადასხვა დროს მრავალი პრიზი და ჯილდო მიიღო. მათ შორის:
  • ევროპის პრესის პრიზი ინოვაციისთვის 2017 წელს;
  • ევროპის პრესის პრიზი გამოძიებისთვის 2019 წელს;
  • ლონდონის პრესკლუბის ჯილდო ციფრული ჟურნალისტიკისთვის 2019 წელს;
  • პოლიტიკური კვლევების ასოციაციის ჯილდო წლის პოლიტიკური პოდკასტისთვის 2019 წელს.

ვინ აფინანსებთ?

Bellingcat დაფინანსებას გრანტის სახით იღებს, მათ შორის, ამ ორგანიზაციებისგან:
კატეგორია - საქართველო

რა ხდება?
  • მოსკოვში, ერთ-ერთ რესტორანში, საქართველოს მოქალაქე მოკლეს.
  • რესტორნის სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რომელშიც მკვლელობის მომენტი ჩანს, ქართული მედიასაშუალებების ნაწილმა 2022 წლის 9 იანვარს, ყოველგვარი რედაქტირების გარეშე გაავრცელა.
  • ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, განცხადებით მოუწოდა მედიას, თავი შეიკავოს აღნიშნული ჯადრების გავრცელებისგან, უკვე გავრცელებული ჩანაწერები კი ყველა პლატფორმიდან წაშალონ.
"აუცილებელია გაიმიჯნოს საზოგადოების მაღალი ინტერესი და ცნობისმოყვარეობა. აღნიშნული კადრების გავრცელება საზოგადოებისთვის დამატებითი ინფორმაციის მატარებელი არ არის და მხოლოდ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას შეიძლება ემსახურებოდეს", — წერია განცხადებაში.

რატომ არის ასეთი კადრების გავრცელება დაუშვებელი?
  • მკვლელობის ამსახველი მძიმე კადრების ჩვენებისას, მედიამ უნდა იფიქროს, რა გავლენის მოტანა შეუძლია მსგავსი შემზარავი გამოსახულების ჩვენებას დაზარალებულის ოჯახისა და ახლობლებისთვის.
  • კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესების თანახმად, მიზანშეწონილი არ არის დაზარალებულის, გვამის ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე.

რა შემთხვევაშია დასაშვები?

საერთაშორისო მედიის პრაქტიკაში მკვლელობის ამსახველი კადრების გაშუქების არაერთი მაგალითი არსებობს, თუმცა თითქმის ყველა მათგანს თავისი დასაბუთება აქვს.

მაგალითად,
  • 2020 წელს ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ამსახველი ვიდეო ძირითადი მტკიცებულება იყო ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში და ბრალდებული პოლიციელის სასამართლო პროცესზე და სისტემური რასიზმის პრობლემას წარმოაჩენდა.
  • მაღალი საჯარო ინტერესისა და გამოძიების მნიშვნელოვან საგანი იყო აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობის ამსახველი კადრების გავრცელებაც.
  • საზოგადოების მაღალი ინტერესი არსებობდა 2016 წელს თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობისა და 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის მძიმე კადრების გაშუქების დროსაც.
კატეგორია - საქართველო
5 იანვარს, ქართულმა ინტერნეტგამოცემების ნაწილმა, ყოველგვარი წყაროს გარეშე გაავრცელა გადაუმოწმებელი ინფორმაცია ლიზა ქისტაურის მკვლელობის შესახებ, რაც "ვირუსულად" გავრცელდა ინტერნეტში.

გამოცემები, "სასტიკი მკვლელობის შესახებ" იუწყებოდნენ ისე, რომ ამას არ ადასტურებდა არცერთი შესაბამისი წყარო, მაგალითად, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებები, ან ექიმი.

მოკლედ, რა ვიცით ამ დროისთვის?
  • 6 იანვარს [12:45 საათი], საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გვითხრა, რომ ბელგიის პოლიცია არ ადასტურებს ინფორმაციას, ბელგიაში მცხოვრები ლიზა ქისტაურის გარდაცვალების შესახებ.
  • 5 იანვარს, დღის ბოლოს, რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ლიზა ქისტაურის დედის, იზა არღვლიანის კომენტარი. "მე ვერ ვამბობ, რომ ჩემი შვილი მკვდარია, თქვენ როგორ შეგიძლიათ?", – მიმართა არღვლიანმა ქართულ მედიასაშუალებებს.
  • ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ განცხადებით მოუწოდა მედიას, თავი შეიკავოს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

"ამ ამბის შეფასებისასაც კი, მნიშვნელოვანია ხაზგასმა, რომ ვსაუბრობთ არა ფაქტზე, არამედ მედიის მიერ გავრცელებულ დაუდასტურებელ ინფორმაციაზე. არ არსებობს არცერთი ოფიციალური წყარო, რომელიც ქალის გარდაცვალებას ადასტურებს", — ამბობს ხატია ღოღობერიძე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარე.

ღოღობერიძე მიიჩნევს, რომ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებით, მედიამ დაივიწყა ინფორმაციის წარმოების მნიშვნელოვანი პრინციპი: არ ავნო —ზოგადად, ადამიანის გარდაცვალების შესახებ დადასტურებული ცნობის გავრცელებისასაც კი, მედიამ აუცილებლად უნდა შეიკავოს თავი, ვიდრე არ დარწმუნდება, რომ ახლობლები საქმის კურსში არიან.

"არავინ უნდა იგებდეს მედიიდან ამბავს საყვარელი ადამიანის გარდაცვალების შესახებ. კოლეგებს ვურჩევ-ხოლმე, წარმოიდგინონ, როგორ იგრძნობდნენ თავი მათ ადგილას? ზოგადად, ეს მიდგომა — წარმოიდგინო საკუთარი თავი სხვის ადგილას, ხშირად დაეხმარებათ მედიაპროდუქტის მომზადებაში", — ამბობს ღოღობერიძე.

პროფესიული სტანდარტების უგულებელყოფა
  • ლიზა ქისტაურთან დაკავშირებული, დაუდასტურებელი ინფორმაციის გაშუქებით, სულ რაღაც 2-3 წინადადებიან "ნიუსში", მედიების დიდმა ნაწილმა ერთდროულად რამდენიმე პროფესიული სტანდარტი დაივიწყა. მათ შორის ისიც, რომ თავი უნდა აარიდოს პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შელახვასაც.
  • გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებით, საზოგადოებისგან მძაფრი შეფასებების შემედეგ, მედიის დიდმა ნაწილმა ვებგვერდებიდან უკვე წაშალა თავდაპირველად გავრცელებული დაუდასტურებელი, გადაუმოწმებელი მასალა, თუმცა, ინფორმაციის ჩასწორების პროფესიული სტანდარტის დაცვის გარეშე. ანუ, მათ მკითხველისთვის არ დაუზუსტებიათ, რომ თავადვე იყვნენ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამავრცელებელი წყაროები.

როგორ უნდა მოიქცეს მედია, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ?

შესწორების სტანდარტის პროფესიული სახელმძღვანელოს მიხედვით,
  • ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ დაშვებულ შეცდომებზე და დროულად გაასწორონ უზუსტობები.
  • აუდიტორიამ უნდა იცოდეს რა გასწორდა, შესაბამისად ცხადად და მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული რა იყო არასწორი და რა არის სწორი.
  • მასალის ბოლოს შენიშვნის სახით უნდა მიეთითოს რა ეწერა მცდარ ვერსიაში.

სათაურის შეცვლის შემთხვევაში,
  • მედია უნდა დარწმუნდეს, რომ მასალის სათაური შესწორდა ყველა პლატფორმაზე, სადაც კი გაზიარებული იყო ინფორმაცია.
  • ყურადღება მიაქციოს ბმულის ფრაგმენტსაც (URL), რომელიც ხშირად სათაურის ანალოგია. ფაქტობრივი უზუსტობა იქაც ჩაასწორეთ.
პრობლემაა, რომ მედიების დიდმა ნაწილმა დაუდასტურებელი ინფორმაცია წაშალეს. რატომ?
  • მასალა, შესწორების ნაცვლად როგორც წესი, მაშინ შეიძლება წაიშალოს, როდესაც ინფორმაციის გამავრცელებელი ერთადერთი ღია წყაროა.
  • თუკი ინფორმაცია სხვების მიერაც არის გავრცელებული, მაშინ წაშლის ნაცვლად იმავე ბმულზე შესწორება სჯობს.
  • მასალის წაშლის შემთხვევაში სასურველია რედაქციამ ახსნას ამ გადაწყვეტილების მიზეზი.
კატეგორია - საქართველო
უკრაინის წინააღმედეგ რუსეთის ომის დაწყებამ მსოფლიო მედიაში ბევრი რამ შეცვალა, საქართველოში მედიაგარემო გაუარესდა, ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ კი ჟურნალისტიკაში ცვლილებები გამოიწვია. “მედიაჩეკერმა” ამ თემებზე 2022 წელს არაერთ ჟურნალისტთან და მედია ექსპერტთან ჩაწერა ინტერვიუ. წარმოგიდგენთ ყველაზე მნიშვნელოვან მონაკვეთებს წლის ინტერვიუებიდან.

ციფრული კომუნიკაციების გერმანელი მკვლევარი ლენარტ ჰოფედიტზი

ვიტყოდი, რომ 5-10 წელიწადში ჟურნალისტებს უფრო მეტად რედაქტორის ფუნქცია ექნებათ და ხელოვნური ინტელექტის შექმნილ პროდუქტს გააკონტროლებენ, შემოქმედებით ნაწილში მათი როლი შემცირდება, თუმცა საგამოძიებო ჟურნალისტიკისთვის მაინც ტრადიციული გაშუქება იქნება საჭირო.

კონტენტის 80% (ფოტო, ტექსტი, ვიდეო) შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნას, თუმცა ჟურნალისტმა (რედაქციამ) უნდა გადაწყვიტოს რა გამოაქვეყნოს და მიაწოდოს AI-ს სანდო წყაროები.

სრული ინტერვიუ წაიკითხეთ აქ - ხელოვნური ინტელექტის გავლენა მედიაზე - ინტერვიუ AI-ს მკვლევართან

“უკრაინსკა პრავდას” მთავარი რედაქტორი სევგილ მუსაიევა

ჩემს თავთან ერთგვარი შეთანხმება მაქვს, რომ თითოეულ ტრავმაზე ვიფიქრებ, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის დროს მივიღე. მაგრამ რთულია, რადგან ამ ომში ოთხი მეგობარი უკვე დავკარგე - მათ შორის, კოლეგები. ასეთ რამეს ვერასდროს შეეგუები. ეს სტატისტიკა არ არის, ვფიქრობ, თითოეული ისტორია, თითოეული ბედისწერა მნიშვნელოვანია.

სრული ინტერვიუ წაიკითხეთ აქ - “სიმართლე გეხმარება გამარჯვებაში” - ინტერვიუ უკრაინელ ჟურნალისტ სევგილ მუსაიევასთან

IWPR-ის კავკასიის რეგიონული დირექტორი, ბექა ბაჯელიძე

ომის შემდეგ იქნება გასაშუქებელი ზიანი, ზიანის მოცულობა. ჟურნალისტებს დასჭირდებათ მეტი გადამზადება. სამწუხაროდ, ცოტა ცინიკური დამოკიდებულებაა ტრეინინგების მიმართ. მაგრამ, როგორც იტყვიან ხოლმე ჯარისკაცები, უმჯობესია ვარჯიშის დროს დაღვარო სისხლი, ვიდრე - ომში. ამიტომ, ჯობია ისწავლო და შეცდომა დაუშვა სწავლის დროს, ვიდრე უშუალოდ სამუშაოს შესრულების დროს.

სრული ინტერვიუ წაიკითხეთ აქ - მედიის გამოწვევები ომში და ომის შემდეგ - ინტერვიუ ბექა ბაჯელიძესთან

მარგარიტა ლიუტოვა ტელეკომპანია „დოჟდის“ ყოფილი ჟურნალისტი

თითქოს საზღვარგარეთიდან უფრო ადვილია გაიგო, რა ხდება რუსეთში, ვიდრე თვითონ რუსებისთვის, ვინც ქვეყანაში ცხოვრობს, რადგან თითქმის ყველაფერი დაბლოკილია. ვინც ქვეყანაში ცხოვრობს, მათ ინფორმაციის მისაღებად დამატებითი ძალისხმევის გაწევა უწევთ.

სრული ინტერვიუ წაიკითხეთ აქ - ინტერვიუ "დოჟდის" ჟურნალისტთან - "რა მოსატანია ჩემი პრობლემები იმასთან, რასაც ხალხი უკრაინაში განიცდის"

“პირველი არხიდან” წამოსული ჟურნალისტი ქეთი თუთბერიძე

ვერც 2019 და ვერც 2020 წელს, 17 მაისს ჩვენ ვერ გავაკეთეთ სიუჟეტი ლგბტ თემის უფლებებზე. გვეუბნებოდნენ, „პროპაგანდად“ ჩაგვეთვლებაო.

მაუწყებელს მძიმე ცენზურის მრავალწლიანი პრაქტიკა აქვს გამოვლილი, მითუმეტეს წინა ხელისუფლების პირობებში და ზოგადად, უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომ ყველა დაბლოკილმა მასალამ იხილოს დღის შუქი.

სრული ინტერვიუ წაიკითხეთ აქ - მაუწყებელში მაღლაფერიძის გავლენა ძლიერდება - ინტერვიუ პირველი არხიდან წამოსულ ქეთი თუთბერიძესთან

საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხის” ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი გიორგი გვიმრაძე

.არ ვიცი, როგორ უნდა დავამტკიცო, რომ არ გვაქვს პოლიტიკური ზეწოლა. ჩვენ, თანამედროვე რეალობაში უკვე მივეჩვიეთ, რომ შენს წინააღმდეგ შეიძლება გაიჟღეროს ბრალდებამ, რომლის საწინააღმდეგოს მტკიცება უბრალოდ, შეუძლებელია. დაგაბრალებენ, რომ ხარ სპილო და უნდა ამტკიცო საპირისპირო. როცა საუბრობენ, რომ არსებობს ჩემ მიმართ ზეწოლა, როგორ დავამტკიცო საპირისპირო? შეგიძლიათ მითხრათ, რა შეიძლება იყოს თუნდაც ერთი ინსტრუმენტი, ჩემივე სიტყვის გარდა? ვინც ენდობა ჩემს სიტყვას, მას სჯერა კიდეც ამის.

სრული ინტერვიუ წაიკითხეთ აქ - მედიისგან ნაჩვენები სურათი არის ბნელი და მასში ყველა აქტორი ცუდია — გიორგი გვიმრაძე, პირველი არხის ახალი ამბების ბლოკის დირექტორი

ჟურნალისტი და აქტივისტი ნინია კაკაბაძე

ამ ხელისუფლებამ ჟურნალისტები აქცია პოლიტიკურ აქტორებად. არ ეკონტაქტებიან მედიას, რომლებიც არ მოსწონთ და მედიის წარმომადგენლები აქციეს თავიანთ მთავარ ოპონენტებად. უცხადებენ ბოიკოტს, არ პასუხობენ კითხვებზე, არ მიდიან გადაცემებში და, თავისდაუნებურად, ეს მედიასაშუალებები ხდებიან მათი ერთი-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე.

როდესაც არ გელაპარაკებიან, გდევნიან, შეურაცხყოფას გაყენებენ, წარმოუდგენელია იყო ნეიტრალური. ძალიან რთულია ამ პირობებში მუშაობა. ვფიქრობ, ყველაზე დიდი გამოწვევა მედიისთვის სწორედ ის იქნება, რომ დაიბრუნოს თავისი ფუნქცია.

სრული ინტერვიუ წაიკითხეთ აქ - მედიაგარემო 5 ივლისის ძალადობიდან ერთი წლის შემდეგ - ინტერვიუ ნინია კაკაბაძესთან

დეზინფორმაციის მკვლევარი და ჟურნალისტი ჯეინ ლიტვინენკო

პროპაგანდისა და დეზინოფმაციის გავრცელება ფინანსურად მოგებიანია, ხოლო სოციალური მედიის კომპანიებს არ აქვთ ამაზე სისტემური, ეფექტური რეაქცია. სანამ ეს არ მოხდება პრობლემა გაგრძელდება, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის აუდიტორია გაიზრდება, და უფრო და უფრო მეტად დაგვაზიანებს.

სრული ინტერვიუ წაიკითხეთ აქ - თუ არაფერი შეიცვალა, რთული წლები გველოდება - ინტერვიუ დეზინფორმაციის მკვლევრ ჯეინ ლიტვინენკოსთან

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ავალიშვილი

საკმაოდ რთულია ბალანსის დაცვა გამოხატვის თავისუფლებასა და პროპაგანდის აკრძალვას შორის, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, სწორედ ოკუპაციის ფაქტორის გამო, საქართველოს მოცემულობა ნებისმიერი სხვა ქვეყნის მაგალითისგან განსხვავებულია, სადაც დილემური იყო არჩევანი რუსული პროპაგანდისტული მედიის აკრძალვასა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვას შორის.

სრული ინტერვიუ წაიკითხეთ აქ - ოკუპირებული ქვეყნისგან, მორალურად გაუმართლებელია რუსული პროპაგანდის დაშვება — ლევან ავალიშვილი, IDFI

OC Media-ს თანადამფუძნებელი მარიამ ნიკურაძე

ფინანსური დამოუკიდებლობა ყოველთვის გამოწვევაა, რადგან არასდროს გვაქვს შეგრძნება, რომ მომდევნო ხუთი წელი კარგად ვიქნებით. სულ ვნერვიულობთ იმაზე, რომ რამე პრობლემა შეიქმნება. ასევე სულ გვაქვს პრობლემა, რომ არ არის საკმარისი კადრი, რადგან ყოველთვის ბევრი საქმეა, გადაწვის“ ზღვარზე ვართ. ძალიან ბევრი სამუშაოა. კარგი იქნებოდა, რომ მეტი კადრი გვყავდეს, მაგრამ ფინანსურად რთულია. ეს ყველაზე მეტად ონლაინ მედიების გამოწვევაა.

სრული ინტერვიუ წაიკითხეთ აქ - OC Media-ს 5 წელი - სირთულეები, გამოწვევები და გეგმები - ინტერვიუ მარიამ ნიკურაძესთან

“ინტერნიუსის” მედია ბიზნესის დირექტორი ჯეისონ ლამბერტი

გარანტირებულია, რომ ადრე თუ გვიან, მედიასაშუალებების გრანტები დასრულდება, ყველაზე კარგი, რაც გრანტით მხარდაჭერილ გამოცემებს შეგვიძლია უთხრათ არის: ახლა არის დრო ექსპერიმენტებისთვის, შექმნან ფინანსური გეგმები, სცადონ სიახლეები.

სრული ინტერვიუ წაიკითხეთ აქ - როგორ უნდა გაძლიერდეს მედია ფინანსურად - ინტერვიუ საერთაშორისო მედია კონსულტანტებთან

მედია მკვლევარი, ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი აირინ კოსტერა

რეალითი შოუებს აქვს დიდი რეიტინგი, მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებას ერთგვარ “საკვებს” აძლევენ სასაუბროდ. თუ გვსურს, რომ ტრადიციულ მედიასაც ჰქონდეს ასეთივე რეიტინგი, ადამიანებს უნდა ვესაუბროთ ისეთ თემებზე, რაც მათთვის ნაცნობია და ყოველდღიურ ცხოვრებაში აწუხებთ.

სრული ინტერვიუ წაიკითხეთ აქ - რეიტინგი საინფორმაციო ღირებულების წინააღმდეგ - ინტერვიუ მედია მკვლევარ აირინ კოსტერა მეიერთან
კატეგორია - საქართველო
გასულ ხუთ წელიწადში, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში საქართველოს პოზიციების დაღმასვლა ფართო სურათით გვიჩვენებს, როგორ უარესდება მედიაგარემო.

alt

2022 წელს, მედიასთან დაკავშირებით დანერგილი ზოგიერთი საკანონმდებლო, თუ სამარათლებრივი პრაქტიკა, არც 2023 წლის მიმართ აჩენს პოზიტიურ მოლოდინებს.
მაგალითად:
  • 2022 წელს ინიცირებული საკანონმდებლო პროექტები, რომელიც პირდაპირ, ან ირიბად არის კავშირში ჟურნალისტურ საქმიანობასთან, შესაძლოა, 2023 წელს ნეგატიურად აისახოს მედიაგარემოზე.
  • პრობლემურია სასამართლო პრაქტიკის ცვლილებაც, რომლითაც მტკიცების ტვირთი არა მედიასაშუალებაზე, არამედ ჟურნალისტზე გადადის, რაც დამატებით ზრდის წნეხს ჟურნალისტების მიმართ.
  • მდგომარეობას სულ უფრო ამძიმებს უმეტესწილად, ხელისუფლების გავლენიანი პირების აგრესიული და დამამცირებელი განცხადებები, რაც ზოგიერთ შემთხვევაში, ჟურნალისტებზე მოხშირებული თავდასხმების მაპროვოცირებელია.

2022 წელს, საქართველოში პრესის თავისუფლების ხარისხი გაუარესდა და მსოფლიო ინდექსში, 180 ქვეყანას შორის, მე-60-დან 89-ე ადგილზე გადაინაცვლა.
რატომ?
  • ეს მეტწილად, გასული წლის 5 ივნისს, მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელზე ძალადობამ გამოიწვია, რომლის ორგანიზატორები ქართულ მართლმსაჯულებას ამ დრომდე არ დაუსჯია.
საერთაშორისო ორგანიზაციის, "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (RSF) ანგარიშის მიხედვით, მდგომარეობა ამ ფაქტორებმა გააუარესა:
  • რეპორტიორებზე თავდასხმა;
  • მედიის მფლობელების ხშირი ჩარევა სარედაქციო შინაარსში;
  • დიდი მედიასაშუალებები ხშირად იცავენ მფლობელთა ინტერესებს;
  • მედიამფლობელების ხშირი მჭიდრო კავშირები პოლიტიკურ ლიდერებთან;
  • ხელისუფლება მედიის კრიტიკას პასუხობს ცენზურით, რეიდებითა და დაშინებით.

ორგანიზაცია "RSF" შეფასებაში მიუთითებს, რომ პრესის თავისუფლება, დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, საქართველოში კიდევ უფრო გაუარესებულია და ამ კუთხით, ისევ პრობლემურ ქვეყნებს შორისაა.
  • "ბოლო წლებში მედიის თავისუფლება სერიოზულად იზღუდება, რაც ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის ტენდენციის ნაწილია" — ასე შეაფასეს მსოფლიო პრესის ინდექსში საქართველოს პოზიციების ნეგატიური ცვლილება ევროპარლამენტარებმა.
  • “შეშფოთებით აღვნიშნავთ საქართველოში ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ეპიზოდების მზარდ რაოდენობას”, — განახცხადა ევროკომისარმა ვლადის დომბროვსკისიმ, ქართული მედიაგარემოს განხილვისას.

გარდა ამისა, "მედიაჩეკერის" დაკვირვებით, 2022 წელს, ძირითადი გამოწვევები იყო:

1. სასამართლო დავები მედიის მფლობელთა წინააღმდეგ.

  • მიმდინარე: თავდაცვის სამინისტროს სარჩელი "ფორმულას" დამფუძნებლისა და საკონტროლო პაკეტის მფლობელის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ.
არხის მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ დავა, რეალურად, ტელევიზიის ფინანსურად დაზიანებას ისახავს მიზნად. "წვრთნების საქმეზე" კეზერაშვილს, შესაძლოა, 5 მილიონი ევროს ზიანის ანაზღაურება დაეკისროს, რაც "ფორმულას" აქტივამდე მივა, "რადგან კეზერაშვილს, საქართველოში, ტელეკომპანიისა და სახლის გარდა, სხვა ქონება არ გააჩნია."
კეზერაშვილის საქმეზე სხდომა 2023 წლის 24 იანვრისთვის არის ჩანიშნული.
  • დასრულებული: ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის ე.წ. "ფულის გათეთრების" საქმე.
"ტვ პირველის" მფლობელი ვატო წერეთელი მიიჩნევდა, რომ პროკურატურის ბრალდება, თითქოს მისი მამა, ავთანდილ წერეთელი, ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს 2008 წელს ფულის გათეთრებაში ეხმარებოდა, უკავშირდებოდა ხელისუფლების სურვილს, შეექმნა პრობლემები კრიტიკული მედიისთვის. 3-წლიანი პროცესი 2022 წლის იანვარში დასრულდა. სასამართლომ სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა, "დანაშაულის ხანდაზმულობის გამო", ისინი არ დაუპატიმრებიათ.

2. "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაკავება

  • 2022 წლის 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას "რუსთავი 2"-ის საქმეზე, 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 2 ნოემბერს, გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც. 
გვარამიას დაპატიმრება კრიტიკულად შეფასდა:

3. "ოცნების" მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახის წევრების სასამართლო პროცესები კრიტიკული მედიებისა და კონკრეტული ჟურნალისტების წინააღმდეგ.

  • 2022 წელს, მმართველი გუნდის, ან მათი ოჯახის წევრების მიერ, “მთავარი არხის”, “ტვ პირველისა” და “ფორმულას” წინააღმდეგ, ცილისწამების ბრალდებით, სასამართლოში 28 სარჩელი შევიდა.
  • არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" შეფასებით, დროის მცირე მონაკვეთში კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სარჩელების სიმრავლე "აშკარად კოორდინირებულ ტენდენციაზე მიანიშნებს, რაც მედიის საქმიანობის შეზღუდვასა და დაშინებას ისახავს მიზნად.

დეტალურად:  მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესები კრიტიკული მედიის წინააღმდეგ

4. საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებმაც შესაძლოა, გაზარდოს სახელმწიფოს ჩარევა მაუწყებლების საქმიანობაში

  • საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით, "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებებით, სახელმწიფომ მედიაზე რეგულირების სფერო გაზარდა, რადგან მედია პროდუქტის შინაარსთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები, რომელიც კანონის მანამდე მოქმედი რედაქციით მაუწყებლების თვითრეგულირების ორგანოებში განიხილებოდა, ამიერიდან კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის უფლებამოსილებაშიც გადადის.
ინიციატორები, "ოცნების" დეპუტატები ამბობენ, რომ ეს ევროკავშირის დირექტივაა. მედიის სფეროს ექსპერტები კი სახელმწიფოს მხრიდან, კერძო მაუწყებლების საქმიანობაში ჩარევის რისკებს ხედავენ.

დეტალურად:  რა პრობლემა აქვს "მაუწყებლობის შესახებ" ახალ კანონპროექტს?

კანონპროექტი დასკვნას ვენეციის კომისიისგან ელოდება. "ოცნების" გადაწყვეტილება, უკრაინული კანონპროექტის ანალოგით დააკმაყოფილოს ევროკომისიის მოთხოვნა დეოლიგარქიზაციის შესახებ, კრიტიკულად შეფასდა, რადგან თავად კანონპროექტის ინიციატორები ამბობენ, რომ პროექტში გაწერილი კრიტერიუმებით "აქსიომაა", რომ ოლიგარქი ივანიშვილი კი არა, დავით კეზერაშვილია — ოპოზიციური არხის, "ფორმულას" დამფუძნებელი.

პრობლემაა ისიც, რომ ავტორებს კანონპროექტში არ დაუკონკრეტებიათ, რა ბედი ეწევა მედიას, თუ კანონი მის მფლობელს ოლიგარქად ცნობს.

დეტალურად: როგორ შეიძლება შეცვალოს "ფორმულას" მომავალი კანონმა "დეოლიგარქიზაციის შესახებ"

5. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის სადავო გადაწყვეტილებები

  • უპრეცედენტოდ მაღალი ჯარიმა ოპოზიციური არხების მიმართ
2022 წლის 23 აგვისტოს, კომისიამ, “ოცნების” საჩივრის საფუძველზე, “მთავარი არხი” 118 688 ლარით დააჯარიმა, ტელეკომპანია “პირველი” და “ფორმულა” კი წერილობითი გააფრთხილა. მედიაკოალიციამ, რომელიც 16 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, თქვა, რომ კომისიის გადაწყვეტილება არის პოლიტიკური, დაუსაბუთებელი და აუარესებს მედიაგარემოს.
  • ორმაგი სტანდარტი დეპუტატის მიერ, ტელევიზიის ფლობის მიმართ
2022 წლის ოქტომბერში, ტელეკომპანია "პოსტივის" საკონტროლო პაკეტი დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ იყიდა. კომუნიკაციების კომისიამ ამაში პრობლემას ვერ დაინახა, თუმცა, 2016 წელს, მსგავს შემთხვაში კანონდარღვევა დაადგინა, როდესაც დეპუტატ ნატო ჩხეიძეს არ მისცა ტელევიზიის ფლობის უფლება.

6. პოლიტიკური ცენზურის შესაძლო ფაქტები საზოგადოებრივ მაუწყებელებში

პირველი არხი:
  • 2022 წლის აპრილში, საზმაუს ბორდის თავმჯდომარედ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს. ვასილ მაღლაფერიძე მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტსაბჭოს წევრი იყო. ამან გააჩინა კითხვები არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის შესახებ.
  • მანამდე, 2022 წლის თებერვალში, "ახალი კვირის" წამყვანმა და ორმა რეპორტიორმა, გადაცემის დახურვის მიზეზად ცენზურა და არხზე "შავი სიების" არსებობის ფაქტორი დაასახელა. მაუწყებელმა ისინი გაათავისუფლა, რაც სახალხო დამცველმა უკანონოდ ცნო და არხს მათი აღდგენის მოთხოვნით მიმართა.
  • ქეთი თუთბერიძემ, პირველი არხის მიერ გათავისუფლებული ამ საკვირაო გადაცემის რეპორტიორმა, "მედიაჩეკერთან" ინტერვიუში თქვა, რომ მაუწყებელში ვასილ მაღლაფერიძის გავლენა გაძლიერდა. მისი თქმით, არხზე პოლიტიკური კონტროლი 2019 წლიდან გახშირდა. თუთბერიძე მიიჩნევს, რომ "ამ კონტროლის სისტემის ავტორი ვასილ მაღლაფერიძე იყო, ხოლო ზეწოლის გამტარი კი - საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ეკა შონია".

დეტალურად: ინტერვიუ პირველი არხიდან წამოსულ ქეთი თუთბერიძესთან

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი:
  • 2022 წელსაც გაგრძელდა სასამართლო დავა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილ დირექტორს, ნათია კაპანაძესა და, მაუწყებელს შორის. კაპანაძე იმპიჩმენტის შემდეგ, მაუწყებლის ბორდის მხრიდან მის მიმართ გამოცხადებული უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდა.
  • 2022 წლის ნოემბერში სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა. კაპანაძე მიიჩნევს, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება პოლიტიზებულია და სამართლებრივ ბრძოლას საერთაშორისო მექნიზმების გამოყენებით აპირებს.

7. თავდასხმები და მუქარები 2022 წელს — (არასრული ჩამონათვალი):

  • თებერვალში, "ფორმულას" რეპორტიორს, რატი წვერავას, 5 ივნისის საქმეზე ბრალდებული გიორგი ნასყიდაშვილი, სასამართლო დარბაზში დაემუქრა.
  • მარტში, თბილისსა და ზუგდიდში, "ფორმულას" და "მთავარი არხის" ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. თავდასხმიდან 1 თვეში, "მთავარი არხის" რეპორტიორებზე თავდასხმის ფაქტზე „ალტ-ინფოს“ ორი წევრი დააკავეს.
  • მაისში, ჟურნალისტ ვიკა ბუკიას მოკვლით დაემუქრნენ.
  • ივნისში, "ტვ პირველმა" განაცხადა, რომ მის ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიას უცნობმა პირებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
  • ივლისში, “ტვ პირველის” მფლობელმა ვატო წერეთელმა თქვა, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, “ოცნების” დეპუტატები თავს ჯგუფურად დაესხნენ. მმართველი გუნდი ამას „პროვოკაციაზე რეაქციით“ ამართლებდა.
  • ივლისში, გამოძიება დაიწყო "ტვ მონიტორინგის" თანამშრომლებისთვის უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. ტელევიზიის ჟურნალისტების თქმით, მათ "ალტ ინფოს" არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი წევრები და მხარდამჭერები დაესხნენ თავს.
  • აგვისტოში, "ფორმულას" გადამღებ ჯგუფს პირდაპირი ჩართვისას თავს დაესხნენ. ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე, 1 პირი დააკავეს.

8. "კრებსების საქმე" — დაზარალებული ჟურნალისტები

  • 2022 წელს, საქართველოს პროკურატურამ 42 ჟურნალისტი დაზარალებულად ცნო, თუმცა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა დახმარებისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიაომბუდსმენს" მიმართეს. ჟურნალისტების ინტერესებს იცავს კიდევ ერთი ორგანიზაცია — "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა.
  • საქმე ეხება სუსის შესაძლო უკანონო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ამსახველ ფაილებს, რომელიც მედიაში 2021 წელს გამოქვეყნდა.
  • ჟურნალისტების სარჩელები სტრასბურგშიც გაიგზავნა.

დეტალურად: ერთი წელი ჟურნალისტების ფარული მოსმენებიდან - რა შეიცვალა?

9. შემოსავლების კლება

  • ორგანიზაციის “რეპორტიორიები საზღვრებს გარეშე” შეფასებით, სარეკლამო ბაზრის განუვითარებლობა და დაფინანსების პრობლემა ერთ-ერთია იმ ფაქტორებს შორის, რომელიც არასახარბიელო მდგომარეობას ქმნის მედიისთვის საქართველოში.
  • 2022 წელს, საქართველოს პოპულარულმა კერძო მაუწყებლებმა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვანად დაკარგეს შემოსავლები მას შემდეგ, რაც 2022 წლის მარტში ამოქმედდა კანონი, რომელიც მაუწყებლებს აზარტული თამაშების რეკლამირებას უკრძალავს. არსებული მონაცემებით, საუბარია ჯამურად 40 მილიონ ლარზე, რომელიც სხვადასხვა ტელევიზიაზე ნაწილდებოდა.

დეტალურად: ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები შემცირდა

10. პრორუსული გავლენები ქართულ მედიაში და რუსეთის მიერ დაბლოკილი ქართული ვებგვერდები.

  • 2022 წლის მაისში დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვით, საქართველოში ღიად პროკრემლისტური სადეზინფორმაციო კამპანიის მთავარი პლატფორმა „ალტ-ინფოა“.
  • მათივე კვლევით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმი სოციალური მედიის პოპულარული პლათფორმების ქართულენოვან აუდიტორიაში.

ამ თემაზე: ოკუპირებული ქვეყნისგან, მორალურად გაუმართლებელია რუსული პროპაგანდის დაშვება — ლევან ავალიშვილი, IDFI
  • 2022 წლის აპრილში რუსეთმა დაბლოკა “ნეტგაზეთის” და „აქცენტის“ რუსულენოვანი გამოცემები. დაბლოკვამდე რამდენიმე დღით ადრე მათ რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოსგან გამაფრთხილებელი წერილები მიიღეს.

11. საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პრობლემა

  • სახელმწიფო სტრუქტურებიდან ინფორმაციის მიწოდების მაქსიმალური ვადა 10 დღითაა განსაზღვრული, თუმცა, ისინი ხშირად არღვევენ კანონით განსაზღვრულ ვადებს ან საერთოდ არ გასცემენ კონკრეტულ საკითხებზე ინფორმაციას.
საჯარო სამსახურების მსგავსი დამოკიდებულება აფერხებს: გადამოწმებული, ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას. ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას.
  • “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ანგარიშით, ყველაზე დახურულია კულტურის სამინისტრო — თეა წულუკიანის უწყება.
  • გახშირდა შემთხვევები, როდესაც საჯარო უწყება კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებებს არ აწვდის ინფორმაციას შეხვედრების და სხვადასხვა აქტივობის შესახებ, არ უშვებს პრესკონფერენციებზე. საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის პარალელურად, აღნიშნული პრობლემის მოგვარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია — აღნიშნულია "სამართლიანი არჩევნების" მიერ მომზადებულ კვლევაში.
  • 2022 წლის სექტემბერში, მთავრობის პრესკონფერენციაზე არ შეუშვეს BM.GE-ის მთავარი რედაქტორი თელარა გელანტია.
  • ამ ფაქტის შემდეგ, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ხელისუფლებას მოუწოდა, ჟურნალისტებს მისცენ მთავრობის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა.
კატეგორია - საქართველო
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ქარტიის პრიზი 2022-ის გამარჯვებულები გამოავლინა.

წელს, ქარტიის პრიზი შვიდ კატეგორიაში გაიცა:
  • სტატია/მულტიმედია სტატია ონლაინ მედიაში - ნინო თარხნიშვილი, რადიო თავისუფლება;
  • სიღრმისეული ან საგამოძიებო ნამუშევარი ონლაინ ან სატელევიზიო მედიაში - ნინო რამიშვილი, სტუდია მონიტორი;
  • ფოტო/ფოტორეპორტაჟი ონლაინ ან ბეჭდურ მედიაში - მარიან ნიკურაძე, OC media;
  • ბლოგი/მოსაზრება ონლაინ მედიაში - ევა ართმელაძე, ბათუმელები;
  • დამოუკიდებელი ინდივიდუალური კონტენტი სოციალურ მედიაში - თეონა ცხომელიძე;
  • ხალხის რჩეული - საუკეთესო ნამუშევარი რუსეთ-უკრაინის ომის თემატიკაზე - ბათუმელები, ეკა ქადაგიშვილი/ანანო ბაკურაძე (Movement);
  • ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქება - ნინო ბიძინაშვილი, ნეტგაზეთი. 

"ქარ­ტი­ის პრი­ზი", სა­ქარ­თვე­ლოს ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ქარ­ტი­ის ყო­ველ­წლი­უ­რი კონ­კურ­სი, წელს უკვე მე­ა­თედ ჩატარდა.
ორგანიზატორები ამბობენ, რომ ამ კონკურსის მი­ზა­ნია, ხელი შე­უ­წყოს ეთი­კუ­რი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბას და პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბის დამ­კვიდ­რე­ბას.
კატეგორია - საქართველო

რა მოხდა?
პარლამენტმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით, 81 ხმით დაუჭირა მხარი.

რას ნიშნავს ეს?
  • სახელმწიფომ გაზარდა რეგულირების სფერო მედიაზე;
  • მედია პროდუქტის შინაარსთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები, რომელიც კანონის ამ დრომდე მოქმედი რედაქციით მაუწყებლების თვითრეგულირების ორგანოებში განიხილებოდა, ამიერიდან კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის უფლებამოსილებაშიც გადადის.
შესაბამისად,
კანონის ამოქმედებით, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიენიჭა უფლება, განიხილოს მედია პროდუქტის შინაარსობრივი ნაწილი, რაშიც მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები ხელისუფლების მხრიდან, დამოუკიდებელი მედიების შინაარსში ჩარევის მაღალ საფრთხეს ხედავენ.

პროცესში გამოვლენილი ხარვეზები:
ხელისუფლების ექსკლუზიური მიდგომა, ინკლუზიურობის ნაცვლად

  • კანონში ცვლილებების ავტორი მმართველი გუნდია, მიზანი — ქართული კანონმდებლობის ევროდირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც 2014 წლის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილია.
  • ევროკავშირის მოთხოვნაა, ამ ნაწილში საქართველოს კანონის ევროდირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესი იყოს ინკლუზიური — ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, ცვლილებები მხარეების კონსენსუსით მოხდეს.
წერილი ევროპის საბჭოდან, რომელიც მთავრობამ უგულებელყო

  • ევროპის საბჭოს ექსპერტებმა, კანონპროექტის მესამე მოსმენით დამტკიცებამდე, საქართველოს პარლამენტს მიმართეს წერილით, რომლითაც სამუშაო პროცესის ვადა 2023 წლის 31 მაისამდე გაახანგრძლივეს.
  • წერილში საუბარია პროცესთან დაკავშირებულ პროგრესზეც, მაგრამ წერია, რომ ეს არ არის საკმარისი:
"მიუხედავად პროგრესისა, შეუძლებელია მივიჩნიოთ, რომ ამ დროისთვის საქართველო ასრულებს მას შესაბამისი დირექტივითა და ასოცირების შეთანხმებით დადგენილ პირობებში", — ნათქვამია ევროსაბჭოს ექსპერტების მიერ, 2022 წლის პირველ დეკემბერს გამოგზავნილ დოკუმენტში. ამის მიუხედავად, სამთავრობო გუნდმა პროცესი მაინც დაჩქარებულად წარმართა ისე, რომ არ დაელოდა ევროპის საბჭოს ექსპერტების საბოლოო დასკვნას.

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის", რომელიც 16 ორგანიზაციისგან შედგება, მიიჩნევს, რომ:
  • წერილში, ევროპის საბჭოს ექსპერტებმა, კანონპროექტის სადავო საკითხის შეფასებისას ქართული არასამთამთავრობო სექტორისა და მედიასაშუალებების მსგავსი პოზიცია ჩამოაყალიბეს.
  • მმართველმა გუნდმა არც მედიის საკითხებზე მომუშავე პროფესიული ჯგუფების მიერ, კანონპროექტის შინაარსში იდენტიფიცირებული რისკები გაითვალისწინა.
  • მხედველობაში არ მიიღეს "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე პარლამენტის წევრის, თამარ კორძაიას ალტერნატიული წინადადება.

"ამ კანონის მესამე მოსმენით დაჩქარებულად მიღება რეალურად, არ ისახავს მიზნად ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. არსებობს როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მომზადებული დასკვნები, რომელშიც ნათქვამია, რომ აღნიშნული კანონპროექტი ხელს შეუშლის და შეამცირებს გამოხატვის თავისუფლების სტანდარტს", — თქვა მარიამ გოგოსაშვილმა, ეთიკის ქარტიის დირექტორმა.

სხვა რა პრობლემები აქვს კანონს?
  • მედიის ადვოკატირების საკითხზე მომუშავე ორანიზაციები აქამდეც ხშირად აკრიტიკებდნენ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, შინაარსში ჩარევის მცდელობების გამო. კანონის ამ შინაარსით მიღებას კი განიხილავენ როგორც პოლიტიკურ იარაღს კრიტიკული მედიების მიმართ.
  • ჟურნალისტური თვითრეგულირება მნიშვნელოვანია, რადგან იცავს სარედაქციო დამოუკიდებლობას და სახელმწიფო კონტროლს ამცირებს.
  • კანონპროექტი ითვალისწინებს კომისიის სამართლებრივი აქტების დაუყოვნებლივ აღსრულებასაც, მიუხედავად იმისა, გასაჩივრდა თუ არა ისინი სასამართლოში, რაშიც, მედიის ექსპერტები კიდევ ერთ საფრთხეს ხედავენ.

კიდევ რა უნდა ვიცოდეთ?

  • კანონით გათვალისწინებულია სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდებისთვის პასუხის უფლების რეგულირებაც.
  • ცვლილება ასევე ითვალისწინებს მედია მომსახურების მიმწოდებლების მიერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების დაცვის გარანტიებს, სარეკლამო კომუნიკაციების განახლებულ წესებს და ვიდეოგაზიარების პლატფორმების რეგულირების შემოღებას.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ისკო დასენი, გელა სამხარაული, ლევან მგალობლიშვილი, გიორგი ამილახვარი, ბაია კვიციანი, ირაკლი მეზურნიშვილი, ქეთევან დუმბაძე და ბექა ოდიშარია.
კატეგორია - საქართველო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ამხილა.

რა მოხდა?

2022 წლის 9 ნოემბერს, “ფორმულას” ჟურნალისტი დავით ქურდაძე რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში ფულის გათეთრების სქემის შესახებ რეპორტაჟს ამზადებდა.

ტელეკომპანიის ცნობით, რუსეთიდან გადმორიცხულ თანხებზე კითხვის დასმის დროს, რუსეთის მოქალაქემ ავტომობილი ჟურნალისტს დააჯახა და ადგილიდან მიიმალა.

რას ამბობს გამოძიება?

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიებით დადგინდა, რომ “ფორმულას” ჟურნალისტი და ოპერატორი რუსეთის მოქალაქის ჩაწერას ცდილობდნენ. ბრალდებულმა ავტომობილი მის წინ მდგომ ჟურნალისტს განზრახ დააჯახა ფეხების არეში, რის შემდეგაც ჟურნალისტმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.

ბრალდება

2022 წლის 20 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის მიმართ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დაიწყო.

ეს მუხლის ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე, ან შინაპატიმრობით 6 თვიდან 1 წლამდე, ანდა ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
კატეგორია - საქართველო
“მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებების კანონპროექტს 19 დეკემბერს დარგობრივი ეკონომიკისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე მესამე მოსმენით მხარი დაუჭირეს.

მმართველი პარტიის მომზადებული კანონპროექტი 22 დეკემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე გავა.

რატომ არის თემა მნიშვნელოვანი?

ახალი კანონპროექტი ერთი მხრივ აფართოებს კომუნიკაციების კომისიის გავლენის სფეროს, მეორე მხრივ კი საშუალებას აძლევს მას, შევიდეს მედია პროდუქტის შინაარსობრივი ნაწილის განხილვაში.

კანონპროექტის ინიციატორები ამბობენ, რომ კანონპროექტი ევროკავშირის დირექტივას პასუხობს, მედიის სფეროს ექსპერტები კი რისკებს ხედავენ.

ახალი კანონპროექტი ტელევიზია, რადიოს, რეკლამის სფეროსა და “გამოძახებით მედია მომსახურებას” დაარეგულირებს.

მოკლედ და მარტივად — რა პრობლემა აქვს "მაუწყებლობის შესახებ" ახალ კანონპროექტს?
კატეგორია - საქართველო
საქართველოში ტელევიზორს 1956 წლიდან უყურებენ. აქედან, ათწლეულების მანძილზე, საყვარელი პროგრამის სანახავად ტელევიზორთან ზუსტ დროს უნდა ვყოფილიყავით, და თუ რაიმეს გამოვტოვებდით, მისი განმეორებითი ჩვენების იმედად გვიწევდა ყოფნა.

90-იანი წლების მიწურულს, ტექნოლოგიების განვითარებამ ტელეყურების კულტურაც შეცვალა, ჯერ შეერთებულ შტატებში, შემდეგ სხვა ქვეყანებში. საქართველოში მოგვიანებით — მეტწილად, 2010 წლიდან, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში IPTV ტექნოლოგიის (*ტელევიზიის გავრცელება ინტერნეტ პროტოკოლის ქსელებით) დანერგვამ პროგრამების დროში გადანაცვლებით ყურების შესაძლებლობა გააჩინა.

რას ნიშნავს IPTV ტექნოლოგია?

  • მარტივად: ეს საკაბელო ტელევიზიისა და სატელიტური მაუწყებლობის გაუმჯობესებული ალტერნატივაა, რადგან მაუწყებლობის ტრანზიტის ტრადიციული ტექნოლოგიები, ტელევიზორის მხოლოდ რეალურ დროში ყურების შესაძლებლობას იძლევა.
  • მათგან განსხვავებით, IPTV ტექნოლოგია, სხვა შესაძლებლობებთან ერთად, ვიდეოს მოთხოვნით მიწოდებას გულისხმობს და მუშაობს ისე, რომ შეძლო "დაპაუზება", დროში წანაცვლებით ყურება, ან ერთი არხის პროგრამიდან სხვა არხის პროგრამაზე ისე გადართვა, რომ უკან დაბრუნებისას იქიდან განაგრძო ყურება, სადაც შეწყვიტე.

რამდენად ხელმისაწვდომია გადახვევის ფუნქცია საქართველოში?

  • საქართველოში, აბონენტებმა IPTV ტექნოლოგიით სარგებლობა 2010 წლიდან დაიწყეს და წლის ბოლოს მათი რაოდენობა 13 000 იყო.
  • კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ანალიტიკური გვერდის მიხედვით, 2018 წლიდან დღემდე, ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით მზარდია.
  • 2022 წლის სექტემბრის მაჩვენებლით, მაუწყებლობის IPTV ტექნოლოგიით ტრანზიტის სერვისს საქართველოში 589,408 აბონენტი იყენებს.

წყარო: Comcom
მონაცემების წყარო: TMI

 

რამდენად პოპულარულია?

  • საქართველოში ტელევიზიებს მეტწილად, რეალურ დროში უყურებენ. შესაბამისად, ტელეყურების საერთო მონაცემებში, გადახვევით ყურების პროცენტი დაბალია.
  • ამ ფუნქციის გამოყენება შედარებით გაიზარდა კოვიდ 19-ის დროს ლოქდაუნისას, 2020-21 წლებში და 12-13% შეადგინა.
მონაცემების წყარო: TMI
მონაცემების წყარო: TMI

ასაკობრივი სეგმენტი

  • საქართველოს 7 დიდი ქალაქის — თბილისის, რუსთავის, გორის, ქუთაისის, ზუგდიდის, ბათუმისა და ფოთის მოსახლეობის მონაცემების მიხედვით, პროგრამებს გადახვევით ყველაზე მეტად, საშუალოდ, 41-დან 45 წლამდე მაყურებელი უყურებს .
მონაცემების წყარო: TMI
მონაცემების წყარო: TMI
 

რას უყურებენ?

  • 2018 წელს, გადახვევით ყურების მაჩვენებლებში მხატვრული ფილმები ლიდერობდა;
  • 2022 წელს, ისევე, როგორც ბოლო წლებში, პირველ ადგილზე სერიალებია, შემდეგ თოქ-შოუები და საინფორმაციო პროგრამები.
  • 2018 წლიდან დღემდე, გადახვევით ყურების პარამეტრით, ქართულ ტელესივრცეში ყველაზე პოპულარულია "ფორმულა კრეატივის" სატელევიზიო სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები".
მონაცემების წყარო: TMI
მონაცემების წყარო: TMI


ამ ფუნქციით, ყველაზე ხშირად უყურებენ ტელევიზიებს:
  • "იმედი", "მთავარი არხი", "GDS" და "რუსთავი 2".
  • TMI-ის მონაცემებით, 2022 წლის ოქტომბერში
პოპულარული არხების გადახვევით ყურების წილი ასეთია:

მონაცემების წყარო: TMI
მონაცემების წყარო: TMI

როგორ აისახა ეს ტექნოლოგია სატელევიზიო რეკლამის ჩვენებებზე?

ამ ტექნოლოგიამ კონფორტი შეუქმნა მაყურებელს, ტელე და სარეკლამო ინდუსტრიას კი — სირთულეები.

ძველებურად, აღარც პოპულარობაა სატელევიზიო შოუების წარმატების ერთადერთი გასაღები, რადგან თუ ამ პოპულარულ შოუებში მაყურებელი არ ნახავს რეკლამას, რეკლამის განმთავსებლებისთვის აღარ არსებობს მიზეზი ამ პროექტებში ფულის დასახარჯად.

შესაბამისად, მსოფლიოს მასშტაბით, სატელევიზიო აუდიტორიების შემსწავლელმა დიდმა კომპანიებმა დაიწყეს "ცოცხალი მაყურებლისა" და "დროში გადანაცვლებული აუდიტორიების" რეიტინგების განცალკევებულად დათვლა და ამ აუდიტორიებზე კომერციული რეკლამის განსხვავებული ფასების დადგენა.

  • მათ შორისაა გაყიდვების სახლი Video Research (იაპონია), რომელიც 1962 წლიდან სწავლობს და აანალიზებს სატელევიზიო აუდიტორიას. მათ ამ მიდგომას 2016 წლის შემდეგ მიმართეს.
  • მიდგომები და მონეტიზების გზები შეცვალა ამერიკულმა კომპანია "ნილსენმაც", რომელიც ახლა აუდიტორიას ითვლის არა ძველებურად, არამედ უკვე იმის გათვალისწინებით, ყოველდღიურად, რამდენ დროს ატარებენ ადამიანები ტელევიზორთან დაკავშირებულ მოწყობილობებთან, ისეთებთან, როგორიცაა: DVD/Blu-Ray მოწყობილობები, სათამაშო კომპიუტერთან და ინტერნეტთან დაკავშირებულ სხვა მოწყობილობებთან, და მათ შორის, სტრიმინგ-პლატფორმებთან (მაგ: ნეტფლიქსი, ჰულუ და ა.შ.), თუ "ჭკვიან ტელევიზორებთან". შემდეგ კი ამ მონაცემებს ადარებენ ტელევიზორის ტრადიციული ფორმით ყურებაში გატარებულ დროსთან.
  • თუმცა, 2019 წელს, კვლევითმა ცენტრმა Informs-მა (*ოპერაციების კვლევისა და მენეჯმენტის მეცნიერებათა ინსტიტუტი) ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვით, დროში წანაცვლებული ყურების ქცევას არ შეუმცირებია იმ მაყურებელთა რიცხვი, ვინც პირდაპირ ეთერში უყურებს ტელევიზიას და რომ პირიქით, ამ შესაძლებლობამ მაყურებელთა საერთო, ჯამური რაოდენობა გაზარდა.
  • იგივეზე მიუთითებს კარნეგი-მელონის კვლევითი უნივერსიტეტის 2019 წლის კვლევა.
  • საქართველოში, დიდ სარეკლამო კომპანია Butterfly Media-ს ვკითხეთ, დროში წანაცვლებული ყურების ფაქტორის გათვალისწინებით, მათაც შეცვალეს თუ არა მიდგომა რეკლამის განთავსებისას. რუსუდან ბერიანიძემ, კომპანიის მედია დირექტორმა გვითხრა, რომ ფასების დადგენა ამ კრიტერიუმით არ ხდება. კამპანიის დაგეგმვისას ხელმძღვანელობენ პარამეტრებით, რომელიც დაფუძნებულია რეიტინგების ჯამურ მაჩვენებელზე. იგულისხმება იმ წუთების რეიტინგების ჯამი, რომელშიც კონკრეტული სარეკლამო რგოლი გავიდა.
კატეგორია - საქართველო
საქართველო პირველად მოხვდა "ჟურნალისტა დაცვის კომიტეტის" ყოველწლიურ ანგარიშში დაპატიმრებული ჟურნალისტების შესახებ.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

"საქართველო ბოლო დრომდე ცნობილი იყო როგორც ქვეყანა, დემოკრატიული მიდგომებით, ის ამ ანგარიშში პირველად ხვდება ტელევიზიის ჟურნალისტის, ნიკა გვარამიასთვის 3,5 წლიანი პატიმრობის მისჯის გამო." - წერია ანგარიშში.

რა ხდება მსოფლიოში?

2022 წელი მსოფლიოში ჟურნალისტების დაპატიმრებებით რეკორდული იყო. წელს ასეთი 363 შემთხვევა დაფიქსირდა.

2022 წელს ჟურნალისტების დაპატიმრებების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ირანში, ჩინეთში, მიანმარში, თურქეთსა და ბელარუსშია.

კონტექსტი

  • 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ „მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ საქმეზე 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
  • სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
  • საქალაქო სასამართლომ გვარამია დამნაშავედ ცნო „რუსთავი 2-სთვის“ 7 მილიონი ლარის ზიანის მიყენების საქმეზეც და ამ ნაწილში სასჯელის ზომად 50 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
  • მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტს “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებენ.
  • ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში ღრმა შეშფოთება გამოხატა სააპელაციო სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების შესახებ და თქვა, რომ მისი პატიმრპბა რისკის წინაშე აყენებს ქვეყნის მომავალს.