საქართველო
კატეგორია - საქართველო
Bm.ge-ის მთავარ რედაქტორი და BMGTV-ის ჟურნალისტი, თელარა გელანტია, 12 სექტემბერს საქართველოს მთავრობის სხდომის პრეკონფერენციაზე არ შეუშვეს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტის განცხადებით, რომ საჯარო უწყების მხრიდან მსგავსი ქმედება დაუშვებელია და ამძიმებს ჟურნალისტების მიმართ არსებულ მტრულ გარემოს.

რა მოხდა?

“ბიზნეს მედია საქართველოს” ინფორმაციით, 14:00 საათზე დანიშნული სხდომის გასაშუქებლად BMGTV-ის ჯგუფი წავიდა, მაგრამ მთავრობის ადმინისტრაციაში არ შეუშვეს.

რას ამბობს თელარა გელანტია?

ჟურნალისტი მეათე წელია მთავრობის სხდომებს აშუქებს, თუმცა დღეს ადმინისტრაციაში არ შეშვების მიზეზად “ბევრი შეკითხვის დასმა” და “კოლეგების შეწუხება” დაუსახელეს.

  • “ოფიციალურ მიზეზად პრესსამსახურის თანამშრომელმა ნინო ცხადაძემ მითხრა, რომ თურმე წესებს ვარღვევ - ბევრ კითხვას ვსვამ და სხვა კოლეგებს ვაწუხებ და ა.შ. თან დაკვირვებაც აწარმოეს თურმე ჩემზე და ეს მოიფიქრეს (ვიცი, ნინო არაფერ შუაშია - უთხრეს და მითხრა) (BMG-იდან მარტო მე ამკრძალეს დღეს - სხვაზე არ აქვთ პრობლემა)”
  • “გონივრული ეჭვი მაქვს, მთავრობის ადმინისტრაცია გააღიზიანა ჩემმა სიუჟეტმაც (9 სექტემბერს გავიდა ეთერში) სადაც მოვყევით, როგორ ირღვევა კანონი და ორი წელია მთავრობის არცერთი განკარგულება არ გამოუქვეყნებიათ”, - წერს თელარა გელანტია სოციალურ ქსელში.

ფინანსთა მინისტრის და მთავრობის განმარტება

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში ამ მომენტისთვის ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. Bm.ge-ის ინფორმაციით, მომხდარს მედიის და მთავრობის პრესსამსახურის საერთო ჩატში მთავრობის თანამშრომელი გამოეხმაურა:
  • „ბევრჯერ გავაფრთხილეთ და ვთხოვეთ ინტერვიუს რეჟიმში აღარ დაესვა კითხვები, თუმცა, სამწუხაროდ, არ ითვალისწინებს ჩვენს თხოვნას. თქვენს ტელევიზიასთან არანაირი პრობლემა და პრეტენზია არ არის და დღეს ოპერატორს შეეძლო შესვლა. რაც შეეხება ჟურნალისტს, კიდევ ერთხელ გეუბნები, რომ არის ელემენტარული წესი რისი დაცვაც არ მეგონა თუ ასეთი რთული იქნებოდა მისთვის“

თელარა გელანტიას არ შეშვების მიზეზებზე ჟურნალისტებმა პრესკონფერენციაზე ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს ჰკითხეს. მინისტრი ამბობს, რომ “ არ ჰგონია ჟურნალისტის არ შეშვება კონკრეტულ რეპორტაჟს უკავშირდებოდეს”

მინისტრი ამბობს, რომ:
  • „არ ვიცი რამდენად არის ეს დასჯა, უბრალოდ ეს ინფორმაცია თქვენგან მივიღე. ბუნებრივია, ადმინისტრაცია გააკეთებს განმარტებას ამასთან დაკავშირებით, რატომ მოხდა ეს კონკრეტული ფაქტი.“
  • „ჩემთვის არასასურველი შეკითხვები არ არსებობს. ნებისმიერი შეკითხვა არის შეკითხვა, რომელზეც ბუნებრივია, ჩემი მოსაზრებები და პასუხები მექნება. მოვისმენთ ადმინისტრაციის განმარტებას და შემდგომ შეიძლება შეფასება.“


ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიიჩნია
, რომ მედიის მიმართ არათანაბარი მიდგომა დაუშვებელი და დისკრიმინაციულია.
  • მედიის როლი დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში შეუცვლელია, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელი თანაბარ პირობებში იყოს. 
  • ქარტია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, არ ჩააყენონ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში კრიტიკული მედიის წარმომადგენლები და შეუქმნან სათანადო სამუშაო პირობები.

ჟურნალისტების “დაბლოკვა”

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებები სამთავრობო უწყებაში ბრიფინგზე არ შეუშვეს.
  • ტელეკომპანია „პირველის“ გადამღები ჯგუფი 2021 წლის 8 დეკემბერს კულტურის მინისტრის, თეა წეულკიანის, ბრიფინგზე მეორედ არ შეუშვეს.
  • „პირველისა“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტები კულტურის სამინისტროში დაგეგმილ ბრიფინგზე არ შეუშვეს 22 ნოემბერსაც.
  • 11 ნოემბერს კი “ტვ პირველის”, “მთავარი არხისა” და “ფორმულას” ჟურნალისტები იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ვერ მოხვდნენ.
კატეგორია - საქართველო

რა ხდება?

ტელეკომპანია "იმედის" მფლობელმა ირაკლი რუხაძემ, გადაცემაში "ნოესთან" უპასუხა კითხვებს, მის მიმართ სანქციების დაწესების მოთხოვნის შესახებ. მისი თქმით, არხის მფლობელის სტატუსმა პოლიტიკაში გახვია.

რატომ არის საინტერესო ეს თემა?

ტელეიმედის მესაკუთრე ირაკლი რუხაძე ერთ-ერთია, რომლის სანქცირებასაც უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის სააგენტო ითხოვს. განცხადება უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამიამ გაავრცელა. რუხაძე, ამავე სიაში შეყვანილ სხვა ბიზნესმენებთან ერთად, "ივანიშვილის რეჟიმის დამფინანსებლად" არის მოხსენიებული.

რუხაძის სანქცირებას "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარიაც მოითხოვს და ტელევიზიის მეპატრონეს "ოლიგარქიული მმართველობის ერთ-ერთ საყრდენს" უწოდებს. ხოშტარიას, რუხაძის წინააღმდეგ, სამი არგუმენტი მოჰყავს. ამბობს, რომ რუხაძე აკონტროლებს:

  • საბანკო სექტორს;
  • პროპაგანდისტულ მედიას ("იმედი", GDS, "მაესტრო");
  • ღიად ეწინააღმდეგება სანქციების რეალიზებას მათ შორის, საბანკო სექტორში.

რას ამბობს რუხაძე?

არხის მფლობელი მისი დასანქცირების მოთხოვნას ტელეკომპანია "იმედის" პოლიტიკურ გავლენას უკავშირებს.

"იმედმა" იმაზე მეტად გამხვია პოლიტიკაში, ვიდრე მინდა ვიყო გახვეული. როცა "იმედი" ასეთი რეიტინგული არხია, და “ქრონიკას” ქვეყნის მეოთხედი უყურებს, გინდა-არ გინდა, ეს გრევს პოლიტიკაში, იწვევს უამრავ ვნებათაღელვას”.

უფრო დეტალურად

  • საბანკო სექტორზე:

რუხაძისთვის ეს ბრალდება "სიგიჟის იქითაა" და სანქციის მოთხოვნის რეალური მიზეზი "იმედის" მფლობელობაა.

  • სანქციებზე:

მედიაჰოლდინგის მფლობელი ამბობს, რომ ამერიკის მოქალაქეა და "ბევრად მაღალ დონეზე იცავს კომპანიებს, ვიდრე საშუალო ქართული კომპანია".
  • “პროპაგანდისტულ მედიაზე”

რუხაძე ამაყობს, რომ "იმედის" მფლობელია, თუმცა არ უკვირს, რომ ბევრს არ მოსწონს "იმედი", განსაკუთრებით — "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედ, ან ყოფილ წევრებს.

"იმედი", რა თქმა უნდა, შენს [ნაციონალური მოძრაობის] წინააღმდეგ იქნება, რაც რა თქმა უნდა, შენ არ მოგეწონება. არ მოგეწონება "იმედი" რომ არსებობს საერთოდ."


რა უნდა ვიცოდეთ?

  • 2021 წლის 5 აგვისტოს “იმედის” დამაარსებლის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა გაავრცელა განცხადება, საიდანაც გაირკვა, რომ "იმედის" საკუთრების უფლება გადაეცა Hunnewell Partners-ის მიერ კონტროლირებად კომპანიას.
  • ირაკლი რუხაძე Hunnewell Partners-ის მფლობელია, შესაბამისად, მედიაჰოლდინგი “იმედიც” მის მფლობელობაში გადავიდა.
  • არხმა, მფლობელის შეცვლიდან მალევე, 2021 წლის 18 ოქტომბერს, გაავრცელა განცხადება, რომელშიც თქვა, რომ წინასაარჩევნოდ საგანგებო რეჟიმზე გადადის, რადგან "ვერ დაუშვებენ ნაციონალური მოძრაობის რევანშს".
  • "იმედი", სხვადასხვა კვლევებში და მათ შორის, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პოსტ-საარჩევნო პერიოდის კვლევაში მოხსენიებულია როგორც ხელისუფლებისადმი მიკერძოებული ტელევიზია. 
  • ირაკლი რუხაძის პოლტიკური საჯარო განცხადებები თანხვედრაშია მმართველი პარტიის — "ქართული ოცნების" ნარატივთან. მაგალითად, გადაცემაში “ნოესთან” მან გაიმერა “ქართული ოცნების” მესიჯბოქსი, რომ დღეს “მთავარი საფრთხეა ომში არ ჩაგვითრიონ”.
  • რუხაძე ასევე ამბობს, რომ სანამ "იმედი" არსებობს, გამოიყენებს ყველა ლეგალურ მეთოდს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ვერ დაბრუნდეს ხელისუფლებაში.
კატეგორია - საქართველო
ევროკავშირი საქართველოს 5 ივლისის ძალადობის დამნაშავეების მართლმსაჯულებისთვის გადაცემისკენ მოუწოდებს.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის შემდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

რას წერია განცხადებაში მედიაზე?

ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა, 2021 წლის 5 ივლისის თბილისი პრაიდის მარშის კონტექსტში, მედია-პროფესიონალების წინააღმდეგ ძალადობის ეფექტიანი და ეფექტური გამოძიება და პრევენციული ზომების გაძლიერება.

  • ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ყველა დამნაშავის მართლმსაჯულებისთვის გადაცემისკენ და ამავდროულად, აღნიშნა ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.

ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსადმი მხარდაჭერა ჰიბრიდული და კიბერ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში.

  • ამ კონტექსტში ევროკავშირმა შეშფოთება გამოხატა გაზრდილ ანტი-დასავლურ დეზინფორმაციასა და რიტორიკასთან დაკავშირებით, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას.

კონტექსტი


2021 წლის 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები მედიის 53 წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დაშავებულებს შორის იყო ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.

ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების დასჯას უშედეგოდ ითხოვს მედია, არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება. თუმცა, ამ დრომდე არც ერთი ორგანიზატორი პასუხისგებაში მიცემული არ არის.
კატეგორია - საქართველო
ისრაელის თავდაცვის ძალებმა აღიარა, რომ პალესტინელ-ამერიკელი ჟურნალისტი, შირენ აბუ აკილი, მათი მხრიდან გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.

ისრაელის მხარემ მომხდარის შიდა გამოძიების შედეგები 5 სექტემბერს გამოაქვეყნა.

რა მოხდა?

2022 წლის 11 მაისს, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ჯენინში, ისრაელის უსაფრთხოების ძალების მიერ მოწყობილი ოპერაციის გაშუქებისას “ალ-ჯაზირას” ერთი ჟურნალისტი მოკლეს, ერთი კი - დაჭრეს.

მოკლულ ჟურნალისტს შირინ აბუ აკლის პრესის ნიშნის მქონე ჯავშანჟილეტი ეცვა, ის 51 წლის იყო.

ამ თემაზე: ისრაელის რეიდის დროს „ალ-ჯაზირას“ რეპორტიორი მოკლეს

რას ამბობს ისრაელის მხარე?

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში წერია, რომ შეუძლებელია დადგინდეს სროლის წყარო, რომელმაც ჟურნალისტი მოკლა, თუმცა, დიდი ალბათობით, კორესპონდენტს შემთხვევით ისრაელის თავდაცვის ძალების იარაღიდან გასროლილი ტყვია მოხვდა.
  • ისრაელის არმია მომხდარში მონაწილე ჯარისკაცების მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას არ დაიწყებს.
  • ისრაელის მხარე განმარტავს, რომ მათი ჯარისკაცები მხოლოდ “შეიარაღებულ ტერორისტებად” იდენტიფიცირებულ პირებს უმიზნებდნენ და არ არსებობს ეჭვი, რომ ტყვია სამოქალაქო პირს, კონკრეტულად ჟურნალისტს განზრახ ესროლეს.

“ალ-ჯაზირას” პასუხი

მოკლული ჟურნალისტის დამსაქმებელი მედიასაშუალება “ალ-ჯაზირა” ისრაელის თავდაცვის ძალების გამოძიებას გმობს და მიიჩნევს, რომ შემთხვევიდან 100 დღეზე მეტით ამ გამოძიების შედეგების დაგვიანება ჟურნალისტის მკვლელობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ემსახურება.
კატეგორია - საქართველო
რუსულ დამოუკიდებელ მედიასაშუალება “ნოვაია გაზეტას” მოსკოვის სასამართლომ ლიცენზია შეუჩერა და ამით, გაზეთის რუსეთში მუშაობა აკრძალა.

სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ერთი კვირით ადრე საბჭოთა კავშირის ბოლო ლიდერი, მიხეილ გორბაჩოვი გარდაიცვალა. გორბაჩოვი “ნოვაია გაზეტას” დაარსებას 1990-იან წლებში ნობელის პრემიით მიღებული თანხით დაეხმარა.

რა ხდება?

“ნოვაია გაზეტა” რუსეთის მედიის მარეგულირებემა ე.წ როსკომნადზორმა იმ დოკუმენტების წარუდგენლობაში დაადანაშაულა, რომელიც 2006 წელს გამოცემის მესაკუთრეების ცვლილებას ეხება. სასამართლომ გაზეთის ლიცენზია სწორედ ამ სარჩელის საფუძველზე შეაჩერა.

გაზეთის რედაქტორი დმიტრი მურატოვი მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებას “უსაფუძვლოსა” და “პოლიტიკურს” უწოდებს. მურატოვი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

“ნოვაია გაზეტას” ვებგვერდის ლიცენზიის გაუქმების საკითხს კი მოსკოვის სასამართლო კი მომდევნო კვირაში გადაწყვეტს.

კონტექსტი

  • "ნოვაია გაზეტა" კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიაა და მუქარის, ძალადობისა და მკვლელობების მიუხედავად დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას მაინც აგრძელებს.
  • რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთში მიღებული კანონმდებლობის გამო “ნოვაია გაზეტამ” გადარჩენის მიზნით ჯერ ომის გაშუქება, შემდეგ კი მთლიანად მუშაობა შეაჩერა.
  • გაზეთის დაფუძნებიდან დღემდე მისი 6 ჟურნალისტია მოკლული, მათ შორისაა ანნა პოლიტკოვსკაია.
  • დმიტრი მურატოვს გამოხატვის თავისუფლებისათვის გაბედული ბრძოლისათვის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გასულ წელს ფილიპინელ ჟურნალისტ მარია რესასთან ერთად გადასცეს. მურატოვს ნობელის პრემიის მინიჭება კრემლშიც მიულოცეს.
  • მოგვიანებით ჟურნალისტმა უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად მედალი აქუციონზე გაყიდა.
  • დმიტრი მურატოვი სიტყვის თავისუფლებას თავისი საქმიანობით რუსეთში ათწლეულებია იცავს. ის დამოუკიდებელი გაზეთის "ნოვაია გაზეტას" ერთ-ერთი დამფუძნებელია და მის რედაქტორად 1995 წლიდან მუშაობს.
კატეგორია - საქართველო
მედიაკოალიცია ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია განმარტოს რუსი ფოტოჟურნალისტის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის მიზეზი.

"მედიის ადვოკატირების კოალიცია" მზადაა, დაიცვას ვასილ კრესტიანინოვის ინტერესები, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს. 

კრესტიანინოვი საქართველოში 2021 წლის ნოემბრიდან ცხოვრობს. მას საქართველოში შემოსვლაზე უარი უკვე მეორედ უთხრეს.


რა ხდება?

2022 წლის 3 სექტემბერს რუსულენოვანმა გამოცემა The Insider-მა დაწერა, რომ ფოტოჟურნალისტი ვასილი კრესტიანინოვი, საქართველოში არ შემოუშვეს.

ვასილი კრესტიანინოვი Associated Press-სა და The Insider-ისთვის მუშაობს.

მედიაკოალიციის წარმომადგენელი ნათია კაპანაძე მედიაჩეკერთან ამბობს, რომ ვასილ კრესტიანინოვი დაინტერესებულია სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით.

რას ითხოვს მედიაკოალიცია?

  • კოალიციამ ჟურნალისტური საქმიანობის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.
  • ორგანიზაციამ უწყებისგან მოითხოვა ინფორმაცია რუსი ფოტოჟურნალისტის საქართველოში არშემოშვების მიზეზებთან დაკავშირებით.
  • კოალიციის თქმით, ფოტოჟურნალისტი დაინტერესებულია სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით და მას ორგანიზაცია — "უფლებები საქართველო" დაეხმარება.

რას ჰყვება რუსი ფოტოჟურნალისტი?

კრესტიანინოვი რუსულენოვან გამოცემასთან ამბობს, რომ:
  • თბილისში ვილნიუსიდან, ერევნის გავლით ბრუნდებოდა.
  • თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისთვის კითხვები არ დაუსვამთ.
  • მესაზღვრემ ფოტოჟურნალისტის პასპორტს ფოტო გადაუღო და "ზემდგომ პირებს გაუგზავნა".
  • ერთი საათის შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა უთხრა, რომ ერევნის თვირთმფრინავში უნდა დაბრუნებულიყო და პასპორტი ბორტგამცილებელს ისე გადასცა, რომ საქართველოში შესვლაზე უარის მიზეზები მისთვის არ განუმარტავს.


რა წერია დოკუმენტში?

ჟურნალისტის თქმით, ძალისხმევის შედეგად შეძლო იმ საბუთის მიღება, რომელშიც უარის მიზეზია მითითებული:

  • დოკუმენტის ფოტო ასლზე მონიშნულია პუნქტი — "არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს".
alt

  • რუსული გამოცემის თანახმად, ჟურნალისტი ქვეყანაში პირველად 2022 წლის 23 აგვისტოს არ შემოუშვეს.
  • კრესტიანინოვი, საქართველოში შემოსვლაზე უკვე მეორედ მიღებულ უარს, საქმიანობის გამო ზეწოლას უკავშირებს. როგორც ფოტოჟურნალისტი, სხვადასხვა დამოუკიდებელ გამოცემასთან თანამშრომლობს და პოლიტიკურ მოვლენებს აშუქებს სხვადასხვა ქვეყანაში.

კონტექსტი

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ კრემლის პოლიტიკის მიმართ კრიტიკულად განწყობილი რამდენიმე ჟურნალისტი და ბლოგერი არ შემოუშვეს. მათ შორის, საქართველოში შემოსვლაზე უარი მიიღო:
  • უკრაინელმა ჟურნალისტმა დიმიტრი გორდონმა
  • რუსული კრიტიკული ტელევიზიის, "დოჟდის" ჟურნალისტმა მიხეილ ფიშმანიმ
  • რუსმა ბლოგერმა ალექსეი რომანოვმა
  • და რუსული მედიასაშუალების „მედიაზონის” ჟურნალისტმა დავიდ ფრენკელმა.
კატეგორია - საქართველო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი ამბობს, რომ დაასახელებს იმ მედიასაშუალებებს, რომლებსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკონტროლებს.

რა ხდება?

სოსო გოგაშვილმა ციხიდან 2022 წის 2 სექტემბერს მორიგი წერილი გაავრცელა.
  • “საზოგადოებას მედიის საშუალებით მივაწვდი იმ ენჯეოების, მედიის, ექსპერტ-მპოსტავების და სხვათა სიებს, რომლებიც კონტროლდებიან და იმართებიან სუსის მიერ და ფინანსდებიან ქოცპარტიის შავი სალაროდან. ქვეყანა უნდა იცნობდეს "ГРУსული ოცნების სალოსებს" - წერს გოგაშვილი.

რას ამბობს სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი მედიაზე?

სოსო გოგაშვილმა ბოლო კვირების განმავლობაში მმართველი პარტიის მიმართ სხვა ბრალდებებთან ერთად ინფორმაცია მედიის შესახებაც გაავრცელა.

გოგაშვილმა 2022 წლის ივლისში თქვა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი მმართველი პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დავალებით “სუსის ზონდერებმა” გაიტაცეს, ჩანაწერები კი წაშალეს.

ამ თემაზე: სუს-ის მაღალჩინოსანი: მომთხოვეს მეთქვა, რომ აფგან მუხთარლიზე აღელვებულმა დავწერე
  • სოსო გოგაშვილმა 19 აგვისტოს დაწერა, რომ ტელეკომპანია “პოსტვ” სუს-ის სპეციალური დანაყოფია და მის შექმნაში თავადაც მონაწილეობდა.
ამ თემაზე: სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი: POSTV სუს-ის სპეციალური დანაყოფია

ვინ არის სოსო გოგაშვილი?

სოსო გოგაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილეა. ის 15 ივლისს დააკავეს და ბრალი 3 მუხლით წარუდგინეს:
  • სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
  • პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
  • სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
  • გოგაშვილს 18 ივლისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სოსო გოგაშვილის დაკავებამდე 2 დღით ადრე, 2022 წლის 13 ივლისს ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში მომღერალმა და ტელეწამყვანმა გია გაჩეჩილაძემ (“უცნობმა”) “მთავარი არხის” ჟურნალისტების საუბრის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა. მასში ჟურნალისტები წყაროსგან, სოსო გოგაშვილისგან მიწოდებულ მასალაზე საუბრობდნენ.

ამ თემაზე: “უცნობის” გავრცელებული ჩანაწერები - რა ირკვევა?
კატეგორია - საქართველო
“მთავარი არხი” ამბობს, რომ “ვანოს შოუს” მიერ არხის დატოვება მათს ინტერესებსა და გეგმებში არ შედიოდა, მაგრამ გადაცემის გუნდმა ასე გადაწყვიტა.

არხი “ვანოს შოუს” ტელეკომპანია “პირველზე” გადასვლის შემდეგ განცხადებას ავრცელებს და ახალ იუმორისტულ შოუს აანონსებს.

რა ხდება?

2022 წლის 1 სექტემბერს ტელეწამყვანმა ვანო ჯავახიშვილმა “მთავარ არხზე” ფინანსური კრიზისის გამო გადაცემა “ვანოს შოუს” დახურვისა და ახალი სეზონიდან ტელეკომპანია “პირველზე” გადასვლის შესახებ განაცხადა.

ტელეკომპანია “მთავარი” განმარტავს, რომ ფინანსური პრობლემების გამო “ვანოს შოუს გუნდისთვის დამაკმაყოფილებელი პირობების შექმნა ვერ შეძლეს.

რას ამბობს “მთავარი არხი” “ვანოს შოუს” გუნდზე?

ტელეკომპანიის განცხადებაში წერია, რომ მძიმე ფინანსური კრიზისის მიზეზით ივნისის შუა რიცხვებში არხი იძულებული გახდა დაეხურა მთავარი პავილიონი, სადაც იწერებოდა ან პირდაპირ ეთერში გადიოდა 12 არაპოლიტიკური გადაცემა.

  • არაპოლიტიკური გადაცემებიდან ყველამ მიიღო ერთნაირი შეთავაზება, რომ გადასულიყვნენ თვითდაფინანსებაზე, საჭიროების შემთხვევაში, შეეკვეცათ ხარჯები, მორგებოდნენ ალტერნატიულ, უფრო მცირე ზომის ლოკაციებს ეთერში გასასვლელად, შეეტანათ ცვლილებები გადაცემების ფორმატში, რასაც ყველა გადაცემა დათანხმდა.

მხოლოდ “ვანოს შოუს” გუნდმა თქვა, რომ ვერ შეძლებდა „მთავარი არხის“ ახალ რეალობაზე მორგებას და ამისთვის აუცილებელი ცვლილებების შეტანას გადაცემებში. “მთავარი არხის” ინფორმაციით, “ვანოს შოუს” გუნდს შემცირებული ზომის სტუდიის მოწყობა და სპონსორების მოძიებაში დახმარება შესთავაზეს, თუმცა მათ სხვა ტელეკომპანიისგან უკეთესი შეთავაზების გამო “მთავარი არხიდან” წასვლა გადაწყვიტეს.

  • “ჩვენ დღემდე გვაქვს მათი სახელფასო დავალიანება, ისევე, როგორც აბსოლუტურად ყველა თანამშრომლის, რომელიც დღემდე მუშაობს „მთავარ არხზე“ - ხშირად ანაზღაურების გარეშე - და მაინც არ ტოვებს კომპანიას…მათი წასვლა არხისთვის ნამდვილად დანაკლისია. ეს ჩვენს ინტერესებში და გეგმებში არ შედიოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ თვითონ გადაწყვიტეს ასე.”, - წერია “მთავარი არხის” განცხადებაში.

ახალი იუმორისტული გადაცემა “მთავარ არხზე”

ტელეკომპანია “მთავარმა არხში” ამბობენ, რომ „ვანოს შოუს“ გუნდის წასვლის გამო მუშაობა დავიწყეს ახალ იუმორისტულ შოუზე - ახალი გუნდითა და წამყვანით, რომლის ვინაობასაც მაყურებელი მალე გაიგებს.

  • “გადაცემა სწორედ იმ ახალი სტუდიიან გავა ეთერში, რომელზეც უარი თქვა „ვანოს შოუმ“ და ეყოლება ის სპონსორები, რომლებსაც ვთავაზობდით „ვანოს შოუს“.
  • “ნაკლები პოლიტიკა და მეტი იუმორი - ასეთი იქნება ჩვენი ახალი იუმორისტული შოუ, რომელიც ეთერში გავა, რა თქმა უნდა, იგივე დღეს, იგივე დროს და იგივე ადგილზე - ყოველ პარასკევს, 22:00 საათზე, „მთავარ არხზე“.
კატეგორია - საქართველო
თბილისის მერი კახა კალაძე ტელეკომპანია “პირველსა” და ტელეწამყვანს მაია მამულაშვილს ცილისწამებაში ადანაშაულებს.

ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას ინფორმაციით, კახა კალაძემ საქალაქო სასამართლოს სარჩელით 2022 წლის 20 ივნისს მიმართა და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 100 000 ლარი მოითხოვა.

სადავო განცხადება

კახა კალაძის ადვოკატის, დიმიტრი გაბუნიას განმარტებით, 5 ივნისს ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გადაცემა “დღის ამბებში” ტელეწამყვანმა მაია მამულაშვილმა ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, გასული ინფორმაცია - “კახა კალაძემ 60 მილიონი ერთერთი ტენდერიდან ჩაიდო ჯიბეში.”

კალაძის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ეს განცხადება ცილისწამებაა და მიზნად ისახავდა მხოლოდ თბილისის მერის დისკრედიტაციას.

კახა კალაძე ითხოვს:
  • პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფას
  • მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 100 000 ლარის დაკისრება მოპასუხეებისთვის

მოპასუხეები არიან “ტვ პირველი” და ჟურნალისტი მაია მამულაშვილი.

კალაძის ადვოკატი ამ ეტაპზე მოპასუხე მხარისგან წერილობით პასუხს ელოდება.

რას ამბობენ ტელეკომპანია “პირველში”?

“ტვ პირველის” განმარტებით, კახა კალაძის სარჩელის მიზეზი ტელეწამყვან მაია მამულაშვილის დასმული კითხვაა.

  • “ჟურნალისტმა დებატების დროს კახი კალაძის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების ციტირება მოახდინა, ახლა კალაძე ამის გამო 100 ათას ლარს ითხოვს.”
არხის განცხადებით, სარჩელი ტოვებს განცდას, რომ კალაძის მიზანი, მცირე შემოსავლის მქონე ტელევიზიების ფინანსური საქციებით დახურვის პირას მიიყვანაა.
კატეგორია - საქართველო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი ამბობს, რომ მოსთხოვეს ეთქვა, თითქოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის შესახებ სტატუსი აღელვებულმა დაწერა და ოფიციალური ცნობების გარდა სხვა ინფორმაციას არ ფლობს.

სოსო გოგაშვილმა 2022 წლის ივლისში თქვა, რომ აფგან მუხთარლი მმართველი პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დავალებით “სუსის ზონდერებმა” გაიტაცეს, ჩანაწერები კი წაშალეს.

რა ხდება?

გოგაშვილი ციხიდან 26 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მასთან ციხეში კომუნიკაცია სატელეფონო საუბრების შემდეგ “მისთვის სანდო პირის, ადვოკატის” დიმიტრი მჭედლიშვილის საშუალებით განაგრძო.

მისი თქმით, სწორედ დიმიტრი მჭედლიშვილმა გადასცა მოთხოვნა მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით:

  • “ადვოკატი დიმიტრი მჭედლიშვილი შემოვიდა ჩემთან მე-12 დაწესებულებაში, გამეცნო, მითხრა, რომ იგი ადრე მუშაობდა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, ის ქალაქგარეთ იმყოფებოდა, როცა დაურეკეს პროკურატურიდან და უთხრეს, რომ ჩამოსულიყო.”
  • “მან ასევე მითხრა, რომ ჩემთვის კარგად ნაცნობი იყო თუ როგორ მუშაობდა სისტემა. ჩემთვის სჯობდა, რომ დავთანხმებულიყავი მათ შემოთავაზებას და თან დასძინა, რომ ხომ ნახე FBI ტრამპის სახლში შევიდა და ჩხრეკა ჩაატარესო.”
  • “მე შიკრიკი უხეშად გავაჩერე და ვუთხარი, რომ არც მე არ ვიყავი ტრამპი და არც სუსი არის FBI, სჯობდა რაც დააბარეს ის ეთქვა ჩემთვის.”
  • “მან მითხრა, რომ მათი მოთხოვნა იყო, პირველ რიგში აფგან მუხთარლიზე უნდა მეთქვა, რომ მის შესახებ აღელვებულმა დავწერე ის სტატუსი და დამატებით ინფორმაციას არ ვფლობდი აღნიშნულის შესახებ, გარდა ოფიციალურად გავრცელებული ცნობებისა.”
  • “მე მას ვუთხარი, რომ გადაეცა ყველასთვის, რომ ჩემი პირობა იყო, ჩემი დაზარალებულად ცნობა, გაყალბებულ საქმეში გამართლება და ნამდვილი დამნაშავეების დასჯა. ამის შემდეგ მე მჭედლიშვილი აღარ მინახავს.”

სოსო გოგაშვილი ამბობს, რომ მისი “მე-3 ადვოკატი” დიმიტრი მჭედლიშვილი გაქრა. “კრიმინალებო! მჭედლიშვილი სერვერი არ არის, რომ წაშალოთ ან დაწვათ და გაეცით პასუხები საზოგადოებას.”, - წერს სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი.

რა ინფორმაციას ავრცელებს გოგაშვილი მედიაზე?

  • სოსო გოგაშვილმა 19 აგვისტოს დაწერა, რომ ტელეკომპანია “პოსტვ” სუს-ის სპეციალური დანაყოფია და მის შექმნაში თავადაც მონაწილეობდა.
ამ თემაზე: სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი: POSTV სუს-ის სპეციალური დანაყოფია

  • 26 ივლისს სოსო გოგაშვილმა დაწერა, რომ აფგან მუხთარლი მმართველი პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დავალებით “სუსის ზონდერებმა” გაიტაცეს, ჩანაწერები კი წაშალეს.
  • გოგაშვილის ცნობით, 29 ივლისს ციხეში შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაურეკა და სხვა პირობებთან ერთად აფგან მუხთარლის საქმეზე მისთვის სასურველი ჩვენების მიცემა მოსთხოვა.
  • “ვახტანგ გომელაურმა გადმომცა ივანიშვილის დანაბარები, თუ არ გავჩუმდებოდი და რასაც მეტყოდნენ იმას თუ არ გავაკეთებდი, მე გამანადგურებდნენ და ოჯახს ამომიწყვეტდნენ”- წერს გოგაშვილი.
ამ თემაზე: სოსო გოგაშვილი: შს მინისტრი მუხთარლის საქმეზე სასურველი ჩვენების მიცემას მთხოვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სოსო გოგაშვილთან სატელეფონო კავშირს უარყოფს და მის ყველა ბრალდებას “აბსურდსა” და “ტყუილს” უწოდებს.

ვინ არის სოსო გოგაშვილი?

სოსო გოგაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილეა. ის 15 ივლისს დააკავეს და ბრალი 3 მუხლით წარუდგინეს:
  • სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
  • პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
  • სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
  • გოგაშვილს 18 ივლისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სოსო გოგაშვილის დაკავებამდე 2 დღით ადრე, 2022 წლის 13 ივლისს ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში მომღერალმა და ტელეწამყვანმა გია გაჩეჩილაძემ (“უცნობმა”) “მთავარი არხის” ჟურნალისტების საუბრის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა. მასში ჟურნალისტები წყაროსგან, სოსო გოგაშვილისგან მიწოდებულ მასალაზე საუბრობდნენ.

ამ თემაზე: “უცნობის” გავრცელებული ჩანაწერები - რა ირკვევა?
კატეგორია - საქართველო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის გამო ერთი პირი დააკავა.

რა მოხდა?

ტელეკომპანია “ფორმულას” ინფორმაციით, არხის გადამღებ ჯგუფს თბილისში 24 აგვისტოს პირდაპირი ჩართვის დროს თავს დაესხნენ.

  • უცნობმა პირმა ჟურნალისტ რატი წვერავას მიკროფონი წაართვა, დანით სიცოცოხლის მოსპობით დაემუქრა და ოპერატორზე თავდასხმას ცდილობდა.
  • მომხდართან დაკავშირებით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ საგამოძიებო უწყებებს ფაქტის სწრაფად და ეფექტიანად შეისწავლისკენ, ხელისუფლებას კი ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იმავე დღეს გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

ვრცლად ამ თემაზე: “ფორმულა”: ჩვენს გადამღებ ჯგუფს პირდაპირი ჩართვის დროს თავს დაესხნენ
კატეგორია - საქართველო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

დეტალები

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უწყება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს დანაშაულში მხილებული პირის დადგენისა და დაკავების მიზნით.

  • გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობის მუქარით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს და ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ისჯება.

რა მოხდა?

ტელეკომპანია “ფორმულას” ინფორმაციით, არხის გადამღებ ჯგუფს თბილისში 24 აგვისტოს პირდაპირი ჩართვის დროს თავს დაესხნენ.

  • უცნობმა პირმა ჟურნალისტ რატი წვერავას მიკროფონი წაართვა, დანით სიცოცოხლის მოსპობით დაემუქრა და ოპერატორზე თავდასხმას ცდილობდა.
  • მომხდართან დაკავშირებით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ საგამოძიებო უწყებებს ფაქტის სწრაფად და ეფექტიანად შეისწავლისკენ, ხელისუფლებას კი ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდა.

ვრცლად ამ თემაზე: “ფორმულა”: ჩვენს გადამღებ ჯგუფს პირდაპირი ჩართვის დროს თავს დაესხნენ